„ოპოზიციას მეორე ტურის დანიშვნა არ გაუჭირდება“

გია ხუხაშვილი - 14.11.2017

ექსპერტის პროგნოზი

2017 წლის 3 მაისს, ექსპერტმა გია ხუხაშვილმა მოახლოებული არჩევნებზე „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას განაცხადა: „დღეს არსებული ვითარების გათვალისწინებით, სწორედ რესურსების წყალობით თბილისში დომინანტი ისევ მმართველი გუნდი იქნება, ოპოზიციას კი მეორე ტურის დანიშვნა არ გაუჭირდება, მაგრამ შემდეგ მინიმალური შანსი დარჩება. „ნაცმოძრაობის“ ერთ და მეორე ფრთას („ევროპულ საქართველოს“) არა აქვთ გამარჯვების რესურსი. თბილისელ ამომრჩეველს „ქართულ ოცნებასთან“ პრეტენზია კი აქვს, მაგრამ არც „ნაცმოძრაობა“ და არც „ევროპული საქართველო“ უყვარს. თუმცა, მათი რესურსი მეორე ტურისთვის საკმარისი იქნება. ეს ნიკა მელიამ ერთხელ უკვე მოახერხა და არც ოქტომბერში გაუჭირდება, რასაც ვერ ვიტყვი „ევროპული საქართველოს“ შესაძლო კანდიდატ ელენე ხოშტარიაზე“.

არგუმენტირებული შეფასება

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2017 წლის 21 ოქტომბერს გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, დედაქალაქში ამომრჩეველთა აქტივობამ 43% შეადგინა.

დედაქალაქის მერის არჩევნებში 13 კანდიდატი იღებდა მონაწილეობას, რომელთაგან 12 პარტიული, ხოლო 1 დამოუკიდებელი კანდიდატი იყო. ამომრჩეველთა 51.12%-მა (204 061) ხმა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს მისცა (იხ. გრაფიკი 1). შესაბამისად, დედაქალაქის მერის ვინაობა არჩევნების პირველივე ტურში გაირკვა და მეორე ტურის დანიშვნა საჭირო აღარ გახდა.

გრაფიკი 1

დასკვნა

ექსპერტ გია ხუხაშვილის მიერ გაკეთებული პროგნოზის ერთი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ოპოზიციურ ძალებს არჩევნებში გამარჯვების შანსი არ ჰქონდათ, გამართლდა, თუმცა მცდარია პროგნოზის მეორე ნაწილი, სადაც ექსპერტი აღნიშნავს, რომ - „ოპოზიციას მეორე ტურის დანიშვნა არ გაუჭირდება“.

შესაბამისად, ექსპერტის მიერ გაკეთებულ პროგნოზში გამართლების წილი შეადგენს 50%-ს.