„დაბალი აქტივობა უმრავლეს რეგიონში წარმოშობს მეორე ტურის აუცილებლობას“

ვახტანგ ძაბირაძე - 15.11.2017

ექსპერტის პროგნოზი

2017 წლის 11 ივლისს, პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ,  „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე საუბრისას განაცხადა: „ვფიქრობ, რომ ამომრჩევლის აქტივობა იქნება დაბალი, რაც უმრავლეს რეგიონში, მათ შორის თბილისშიც, წარმოშობს მეორე ტურის აუცილებლობას, საბოლოო ჯამში „ქართულ ოცნების“ სრულმასშტაბიანი წარმატება ეჭვგარეშეა“.

არგუმენტირებული შეფასება

ცესკოს ინფორმაციის თანახმად, 21 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა 1 570 563 ადამიანმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა 45.65%-ია. რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას ადგილობრივი თვითმმართველობის წინა არჩევნებში: 2014 წლის 15 ივნისს გამართულ არჩევნებში 1 485 372-მა (43.31%) ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, 2010 წლის არჩევნებში - 1 740 652-მა (49%) ადამიანმა. 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კი მონაწილეობა 1 515 944-მა ადამიანმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა 47.29%-ია.

აღნიშნული მონაცემების საფუძველზე, 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების რაოდენობა, წინა წლების მონაცემებთან შედარებით, არც რაოდენობრივად და არც პროცენტულად მნიშვნელოვნად დაბალი არ აღმოჩნდა.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2017 წლის 21 ოქტომბერს გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ქართულმა ოცნებამ, ქვეყნის მასშტაბით, ხმების 55.79% დააგროვა. რაც შეეხება თვითმმართველი ქალაქის/თემის მერის არჩევნებს, თიანეთისა და ოზურგეთის გარდა, ყველგან „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა. ამასთან, 12 ნოემბერს გაიმართა თვითმმართველი ქალაქის ქუთაისის და თვითმმართველი თემების ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთისა და მარტვილის მერების 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური.

დასკვნა

ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძის პროგნოზი - „ვფიქრობ, რომ ამომრჩევლის აქტივობა იქნება დაბალი, რაც უმრავლეს რეგიონში, მათ შორის თბილისშიც, წარმოშობს მეორე ტურის აუცილებლობას, საბოლოო ჯამში „ქართულ ოცნების“ სრულმასშტაბიანი წარმატება ეჭვგარეშეა“ – არ გამართლდა პროგნოზის არც ერთ შემადგენელ ნაწილში. შესაბამისად, სააგენტოს მიერ შემუშავებული სისტემის თანახმად, ექსპერტის პროგნოზი არის არასწორი.