„რუსეთი გააძლიერებს საქართველოს წინააღმდეგ „ჰიბრიდულ ომს“ და „რბილი ძალის“ გამოყენებას“

ზაალ ანჯაფარიძე - 08.12.2017

ექსპერტის პროგნოზი

2017 წლის 4 დეკემბერს, დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ზაალ ანჯაფარიძემ, „ინტერპრესნიუსთან“ საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე საუბრისას განაცხადა: „რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი პრაქტიკულად ყველამ წინასწარ იცის. ამავე დროს ვიცით ისიც, რომ ამ დროისათვის რუსეთს კიდევ უფრო მძიმედ დააწვება ახალი დასავლური სანქციების წნეხი, რასაც ძალიან უარყოფითი ზეგავლენა ექნება რუსეთის ეკონომიკაზე. როდესაც რუსეთმა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ აგრესია განახორციელა ბარელი ნავთობის ფასი 100 აშშ დოლარს აჭარბებდა, დღეს 64 დოლარია. მომავალ წელს ექსპერტები 40 დოლარს პროგნოზირებენ. რუსეთში კარგად ესმით, რომ რომელიმე მეზობლის მიმართ აგრესიის შემთხვევაში, სანქციები გამკაცრდება და ეკონომიკური ზრდის ის პირქუში პროგნოზი, რასაც რუსეთის ეკონომიკის სამინისტრო აკეთებს, კიდევ უფრო გაუარესდება და შეიძლება თავად რუსეთში გახდეს დესტაბილიზაციის წყარო.  ვფიქრობ, არჩევნების შემდეგ რუსეთის ძირითადი საზრუნავი არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნება და დასავლეთთან ურთიერთობების დალაგება იქნება, რის გაკეთებასაც პუტინი დღემდე წარუმატებლად ცდილობს.  თუმცა, მეორე მხრივ, რუსეთი კვლავ გამძაფრებულად რეაგირებს საქართველოს და ევროატლანტიკური სტრუქტურების თანამშრომლობის ზრდაზე. შესაბამისად, საქართველოსადმი რუსული საფრთხეების ტიპი და მასშტაბი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დიდი იქნება რუსეთში საქართველოდან მომავალი საფრთხის განცდა, რომელზედაც ისინი ჩათვლიან, რომ რეაგირება უნდა მოახდინონ. სავარაუდოდ, რუსეთი თვალსაწიერ მომავალში გააძლიერებს საქართველოს წინააღმდეგ „ჰიბრიდულ ომს“ და „რბილი ძალის“ გამოყენებას.  რუსეთი ყველანაირად შეეცდება დასავლეთში შექმნას განცდა, რომ საქართველოს ინტეგრაცია ნატოსა და ევროკავშირში მათთვის უფრო მეტად პრობლემა იქნება ვიდრე სარგებელი. შესაბამისად, არ არის გამორიცხული პროვოკაციები კონფლიქტის ზონებში, ასევე ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში“.

არგუმენტირებული შეფასება

დასკვნა