აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის შეფასება - რა მიმართულება შეიძლება აირჩიოს ქვეყანამ?

თეონა გელაშვილი - 26.12.2015

შესავალი

კავკასიის რეგიონს ხშირად მოიხსენიებენ გეოპოლიტიკური ჭადრაკის დაფად, რომელზეც დიდ ძალთა ინტერესები ერთმანეთს ეჯახება. შედეგად, ისედაც რთული ადგილობრივი პროცესები კიდევ უფრო მწვავდება და რეგიონის პატარა სახელმწიფოებს უწევთ პოლიტიკური მანევრირება.

დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან აზერბაიჯანის ბედი მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული მმართველი რეჟიმის ბუნებაზე და როგორც მეზობლებთან, ისე საერთაშორისო თუ რეგიონალურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე. საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებში განსაკუთრებით გამოიყოფა ისეთი საკითხები, როგორებიცაა, მაგ.:

  • სომხეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა;
  • რეგიონის ქვეყნებთან მშვიდობიანი და ორმხრივ სარგებლიანობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბება;
  • ევროპულ და ტრანსატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია და სხვა (AZERBAIJAN IN THE INTERNATIONAL ARENA 2011).
საგარეო პოლიტიკის განსხვავებული პრიორიტეტები

აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკა უკანასკნელი ოცდახუთი წლის განმავლობაში შეიძლება შევაფასოთ, როგორც დაბალანსების პოლიტიკა და გამოვყოთ რამდენიმე ეტაპი:
  1. 1992-1993 წლებში ახალი ხელისუფლება საგარეო პოლიტიკას აფუძნებდა ექსტრემალურად იდეალისტურ და ნაციონალისტურ პრინციპებზე. „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტი“ ელჩიბეის ხელმძღვანელობით ცდილობდა დასავლეთთან ინტეგრაციას, რუსეთი და ირანი კი მოწინააღმდეგე ძალებად აღიქმებოდა.
  2. 1990-იანი წლების შემდეგ დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მცდელობა კიდევ უფრო გაიზარდა. ჰეიდარ ალიევის მთავრობა ინტენსიურად იყენებდა ეუთოსა და ევროპის საბჭოს ფორუმებს საკუთარი ქვეყნის სასარგებლოდ.
  3. 2003 წლის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტის პოსტი ილჰამ ალიევმა დაიკავა, ევროპულ ინსტიტუტთა მნიშვნელობა აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკაში შემცირდა. ამას მოწმობს მისი სიტყვები: „ევროპა არ გველოდება ხელგაშლილი და აზერბაიჯანის შესვლა ევროკავშირსა თუ ნატოში არასოდეს ყოფილა შესაძლებელი” (Shirinov 2012). მიზეზი არის ის, რომ „ჰეიდარ ალიევი იყო პოლიტიკოსი, ხოლო ილჰამ ალიევი არის ბიზნესმენი. შესაბამისად, ეს უკანასკნელი ქვეყანას მართავს, როგორც კომპანიას“ (Shirinov 2012).
ორმხრივი თანამშრომლობა

სომხეთი

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. 1991-1994 წლების ომის შედეგად სომხეთმა მთიან ყარაბაღთან ერთად აზერბაიჯანის შვიდი სხვა რეგიონის ოკუპაცია მოახდინა. ამჟამად სომხეთი ინარჩუნებს არაღიარების პოლიტიკას, თუმცა ეს ტერიტორიები ფინანსურად და ადმინისტრაციულად სწორედ მასზე არიან დამოკიდებულნი. აზერბაიჯანი თანახმაა მთიანი ყარაბაღი ავტონომიურ რეგიონად ცნოს, მაგრამ სომხეთი ამ მოსაზრებას არ იზიარებს. მოლაპარაკებას კონფლიქტთან დაკავშირებით ხელმძღვანელობს მინსკის ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა ეუთოს ეგიდით 1994 წელს (Mazziotti, M., Sauerborn, D. & Scianna, B.M. 2013), მაგრამ მნიშვნელოვანი შედეგი დღემდე ვერ იქნა მიღწეული.

თურქეთი

1991 წლიდან მოყოლებული აზერბაიჯანის უახლოესი მოკავშირე ეჭვგარეშეა, რომ თურქეთია. ქვეყნები ეთმანეთთან დაკავშირებულნი არიან ეკონომიკური, პოლიტიკური, თუ სოციალური პროექტებით და ხშირად მათ მოიხსენიებენ, როგორც „ერთი ერი, ორი სახელმწიფო“ (ბრეკი 2015). აზერბაიჯანი უზრუნველყოფს თურქეთის დაახლოებას ცენტრალურ აზიასთან. მათი სამხედრო თანამშრომლობა გამოვლინდა ჯერ კიდევ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დროს, როდესაც თურქეთმა აზერბაიჯანის მხარდაჭერის ნიშნად გამოუცხადა ბლოკადა სომხეთს და ჩაკეტა მასთან საზღვარი. გარდა ამისა, თურქეთი, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა, ცდილობს ხელი შეუწყოს აზებაიჯანის სამხედრო ძალების მაღალ დონეზე მომზადებას, რამაც შემდგომში ნატო-აზერბაიჯანის თანამშრომლობა უნდა გაამარტივოს.

საქართველო

ყოფილ საბჭოთა სივრცეში მდებარე ქვეყნების კეთილმეზობლური ურთიერთობა ძირითადად ეფუძნება ეკონომიკურ თანამშრომლობას, რაც მოქმედ ენერგეტიკულ პროექტებში გამოიხატება (მაგ. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის მილსადენები, სამხრეთ-კავკასიური გაზსადენი). თუმცა, მნიშვნელოვანია ასევე ეთნკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის რიცხოვნობა საქართველოში. თანამშრომლობის სამომავლო განვითარებაზე ზემოქმედებს რუსეთიც. 2008 წელს, როდესაც ამ უკანასკნელმა განახორციელა თავდასხმა საქართველოზე, მართალია, აზერბაიჯანის ხელისუფალთ არ გაუკეთებიათ ოფიციალური განცხადება საქართველოს მხარდასაჭერად, თუმცა, ქვეყანას აღმოუჩინეს მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარება. მეზობელთა სამომავლო პარტნიორობაზე მეტყველებს 2015 წლის 9 ნოემბერს ქ. თბილისში ილჰამ ალიევის მიერ ნათქვამი სიტყვები „ორი ქვეყნის ურთერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და ჩვენ ერთობლივად განვახორციელებთ იმ პროექტებს, რომლებიც დაწყებული გვაქვს“ (Republic of Azerbaijan Ministry of Foreign Affairs n.d.).

რუსეთი

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თითოეულმა წევრმა ქვეყანამ განიცადა სირთულე რუსეთთან ურთიერთობაში, რაც აზერბაიჯანისათვის ყარაბაღის კონფლიქტში რუსეთის, როგორც სომხეთის მხარდამჭერი ქვეყნის ჩართულობაში გამოვლინდა. სიტუაცია 2000-იანი წლების შემდეგ გამოსწორდა, როდესაც რუსეთის ეკონომიკურმა თუ სამხედრო ინვესტიციებმა აზერბაიჯანში 1990-იანი წლების ნიშნულს 17-ჯერ გადააჭარბა. ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობა მოიცავს საგანმანათლებლო და საწვრთნელ ღონისძიებებთან ერთად იარაღით ვაჭრობასა და საჯარისო დახმარებას. აზერბაიჯანულ პოლიტიკაში ოჯახური კლანების როლით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პრეზიდენტ ალიევის ქალიშვილის გათხოვებამ აზერბაიჯანული წარმოშობის რუს ბიზნესმენზე ქვეყნები კიდევ უფრო დააახლოვა.

აზერბაიჯანი მართალია რჩება დსთ-ს წევრ სახელმწიფოდ, თუმცა არ უერთდება აღნიშნული ორგანიზაციის ეგიდით შექმნილ გაერთიანებებს. ამით ის გარკვეულად ცდილობს შეინარჩუნოს ბალანსი - ჰქონდეს სტაბილური ურთიერთობა რუსეთთან და მიაღწიოს გარკვეულ პოზიტიურ შედეგებს ყარაბაღის კონფლიქტში.

ირანი

აზერბაიჯანის ურთიერთობები ირანთან საკმაოდ გართულებულია, რაც პირდაპირ კავშირშია ბირთვულ პროგრამასთან. ამის მიუხედავად, აზერბაიჯანმა დააფიქსირა საკუთარი პოზიცია 2005 წლის ანტი-აგრესიულ პაქტში, სადაც მკაფიოდ განაცხადა, რომ მისი ტერიტორია არასოდეს იქნება გამოყენებული ირანის წინააღმდეგ.

ირანთან არსებული დავის უდიდესი ნაწილი დაკავშირებულია იქ მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობასთან, რომლებიც ირანის მოსახლეობის 20%-ს შეადგენენ. სიტუაციას ამწვავებს ის ფაქტიც, რომ ირანი ცდილობს რეგიონში წამყვანი პოზიციის დაკავებას და ამისათვის მაგ. ამარაგებს სომხეთს ენერგიით. ამას ემატება მისი დაუკმაყოფილებლობა კასპიის ზღვის რესურსთა განაწილებით და სეკულარული გავლენის მოხდენის მცდელობით მის სამეზობლოში. აზერბაიჯანსა და ისრაელს შორის დადებულმა სამხედრო შეთანხმებამ კი გამოიწვია მათი მედია საშუალებების დაპირისპირება, რაც დაგვირგვინდა ელჩის უკან, ირანში გახმობით. მათი ორმხრივი ურთიერთობები კვლავ მწვავე ფაზაშია.

ამერიკის შეერთებული შტატები

აშშ-მ გახსნა საკუთარი საელჩო აზერბაიჯანში ქვეყნის დამოუკიდებლობიდან ერთი თვის თავზე, განჭვრიტა რა მისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, რომ აღარაფერი ვთქვათ კასპიის ზღვის რესურსებსა და პოტენციურ სატრანსპორტო გზებზე.

თავის მხრივ, აზერბაიჯანი ამგვარ პროექტებში ჩართვით იმედოვნებს, რომ დასავლურ ბაზრებზე შესვლა ქვეყანას მოგებას მოუტანს. უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანათა თანამშრომლობა გასცდა ენერგეტიკისა და ეკონომიკის ფარგლებს და მოიცვა სოციალური და კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამებიც. აზერბაიჯანისათვის, როგორც უსაფრთხოების კუთხით არასტაბილური ქვეყნისათვის, აშშ-სგან მიღებული სამხედრო დახმარება, რაც გამოიხატება თავდაცვის საშუალებებით, აღჭურვილობითა თუ წვრთნებით უზრუნველყოფაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მაგრამ არსებობს არაერთი ისეთი საკითხი, რომელიც ქვეყნებს შორის დაძაბულობას ზრდის. ასეთია ყარაბაღის კონფლიქტი, სადაც აშშ-ს დამოკიდებულება მნიშვნელოვანწილად განპირობებულია ქვეყანაში მცხოვრები სომხური დიასპორით.

ისრაელი

აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს ელემენტს ისრაელთან სტრატეგიულ ურთიერთობათა გაღრმავება წარმოადგენს. სამხედრო თანამშრომლობა, რომელიც ჯერ კიდევ 1990-იან წლებში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დროს დაიწყო, გადაიზარდა სრულმასშტაბიან უსაფრთხოებაზე დაფუძნებულ კავშირში. ამაში მოიაზრება ინფორმაციის და მონაცემთა გაცვლა, შეიარაღებულ ძალებსა და მათ მოდერნიზაციასთან დაკავშირებული წვრთნები, იარაღისა და ტყვია-წამლის მიწოდება და სხვ.

აღსანიშნავია, რომ ებრაულ თემს ყოველთვის მტკიცე კავშირი ჰქონდა აზერბაიჯანთან და იქ არასოდეს დაფიქსირებულა ანტისემიტიზმის თუნდაც უმნიშვნელო გამოვლინება. მათი მოკავშირეობის დამადასტურებელი ფაქტი ისრაელის მიერ აზერბაიჯანულ ბაზარსა და ინფრასტრუქტურაში ჩადებული ინვესტიციებია. გარდა ამისა, ქვეყანა აზერბაიჯანული საწვავის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორია.

მრავალმხრივი თანამშრომლობა

რეგიონალურ დონეზე განვითარებისა და ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის პარალელურად, აზერბაიჯანმა გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები საერთაშორისო არენაზე საკუთარი სტატუსის დამკვიდრების კუთხით.

1993 წელს გაეროს უშიშროების საბჭომ (ოთხი რეზოლუცია - 822, 853, 874 და 884), მოგვიანებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ და ევროპარლამენტმა მიიღეს მხარდამჭერი რეზოლუციები, რომლებშიც დაგმეს აზერბაიჯანის ტერიტორიების ოკუპაცია და მოითხოვეს ტერიტორიის დემილიტარიზაცია.

ნატო

ნატოს ინტერესი სამხრეთ კავკასიის და კერძოდ აზერბაიჯანის მიმართ განსაკუთრებით გაიზარდა 2000-იანი წლების დასაწყისში, რაც განპირობებული იყო ნატოს წევრ სახელმწიფოთა გააქტიურებით ერაყსა და ავღანეთში. ორგანიზაცია აზერბაიჯანთან თანამშრომლობს ინდივიდუალური პარტნიორობის შეთანხმების ფორმატით, რომელშიც მოიაზრება სამხედრო რეფორმები და ეფექტური სახელმწიფო ინსტიტუტების ფორმირება სამხედრო და უსაფრთხოების სფეროებში. თუმცა, საინტერესოა ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანი შეუერთდა 2011 წელს Non-Alied Movement-ს რითაც განაცხადა, რომ ნატოსთან თანამშრომლობა მისთვის სრულებითაც არ წარმოადგენს ალიანსში გაწევრიანების წინაპირობას. აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანი რჩება ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის მონაწილე თუმცა, სამხედრო ნეიტრალიტეტის შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის.

ევროკავშირი

აზერბაიჯანის ურთიერთობა ევროკავშირთან ინტენსიური 2007 წლის გაფართოების შემდეგ გახდა. აზერბაიჯანი გაერთიანებისათვის წარმოადგენს დამაკავშირებელ რგოლს ახლო აღმოსავლეთთან და თამაშობს მნიშვნელოვან როლს ევროპის ენერგოუსაფრთხოების საკითხში, როგორც „კასპიის რეგიონალურ ენერგეტიკულ პროექტთა მთავარი პარტნიორი“ (Jarosiewicz 2014).

აზერბაიჯანი ევროკავშირთან თანამშრომლობს აღმოსავლეთ პატნიორობის ფორმატში, რაც მოიცავს ეკონომიკურ, პოლიტიკური თუ საგანმანათლებლო სფეროებს, მაგრამ ბაქოს მიზანი არ არის გაერთიანებაში გაწევრიანება. მის მიზანს გრძელვადიანი სტრატეგიული თანამშრომლობა წარმოადგენს. ევროკავშირს კი „არ აქვს არანაირი ბერკეტი აზერბაიჯანის სამართავად, ვინაიდან ქვეყნის მთავრობას საქართველოს, სომხეთის ან უკრაინის ხელისუფალთაგან განსხვავებით არ სჭირდება ფინანსური დახმარება“ (Jarosiewicz 2014).

შეჯამება და პროგნოზი

განხილულმა ორმხრივმა თუ მრავალმხრივმა ურთიერთობებმა დაგვანახა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან აზერბაიჯანი ცდილობდა, შეენარჩუნებინა დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა. ამ დრომდე ქვეყნის მმართველი ელიტა ახერხებს ითანამშრომლოს როგორც რეგიონის ურთიერთდაპირისპირებულ ქვეყნებთან, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მაგრამ თუ მხედველობაში მივიღებთ რეგიონალურ თუ საერთაშოისო დონეზე მიმდინარე პროცესებს, არ არის გამორიცხული, მათ მოუწიოთ რომელიმე major power-ის „ბანაკში“ გადანაცვლება.

თუკი მსჯელობას ამ კუთხით წარვმართავთ, ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ აზერბაიჯან-ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობები ნაკლებ პერსპექტიულია და ამაზე მეტყველებს შემდეგი:

2015 წლის სექტემბერში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება: „საჭიროა გადაიხედოს (აზერბაიჯანის) ურთიერთობა ევროკავშირთან, რაც გამოწვეულია ამ უკანასკნელის ანტი-აზერბაიჯანული და ანტი-ისლამური გამოვლინებებით“ (Merabishvili 2015). ამ სიტყვებიდან არც თუ ისე ძნელია ამოვიკითხოთ ევროპისადმი მისი უარყოფითი დამოკიდებულება. თავის მხრივ, ევროკავშირიც აგრძელებს აზერბაიჯანის „გაკიცხვას“ (თუმცა, მსუბუქი ფორმით) ქვეყანაში მიმდინარე არადემოკრატიული მოვლენების გამო. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ჟურნალისტის, ხადიჯა ისმაილოვას, დაპატიმრება. დაკავების ოფიციალურ მიზეზად დასახელდა მისი მონაწილეობა არაკანონიერ ბიზნეს- გარიგებებში, გადასახადებიდან თავის არიდებასა და თანამდებობის არამიზნობრივ გამოყენებაში. თუმცა, რეალური მიზეზი ისაა, რომ ეს უკანასკნელი აზერბაიჯანის მმართველ ელიტას ქრთამის აღებასა და კორუფციაში ამხელდა.

ევროპარლამენტის წევრების მოწოდებაც გაერთიანებისადმი, იქნეს გამოძიებული აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და მისი ოჯახის მიმართ არსებული ბრალდებები კორუფციაში მათ მონაწილეობასთან დაკავშირებით, მიგვანიშნებს, რომ ბაქო ნაკლებად იქნება მონდომებული გააღრმაოს ურთიერთობები ევროკავშირთან. მეტიც, ოფიციალურმა ბაქომ გადადო ევროკომისიის ვიზიტი სექტემბერში, რომელიც
„სტრატეგიულ თანამშრომლობასთან“ დაკავშირებით უნდა ჩატარებულიყო.

ევროკავშირთან ურთიერთობის შემდგომ საფეხურზე გადასვლას სხვა არაერთი საკითხი აფერხებს. მათ შორის აღსანიშნავია ის, რომ აზერბაიჯანს ამ ეტაპზე არ სურს და არც შეუძლია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების (DCFTA) გაფორმება ორი მიზეზის გამო, პირველი - ქვეყანა არ არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) წევრი, და მეორე - ვინაიდან მისი გაფორმება თავისთავად გულისხმობს ბაზრის ლიბერალიზაციას და კერძო ბიზნესის ხელშეწყობას, საფრთხე შეექმნება აზერბაიჯანის მონოპოლიზირებულ ეკონომიკას, რომლის უდიდესი წილი მაღალჩინოსანთა ხელშია და რომლებიც ამას არ დაუშვებენ.

2011 წელს აზერბაიჯანი შეუერთდა Non-Aligned Movement-ს, რომლის ერთადერთი წევრი ევროპის რეგიონიდან ბელარუსია. ასეთი ნაბიჯით მან აჩვენა, რომ ნაკლებადაა დაინტერესებული გახდეს დასავლეთის ნაწილი. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ძალიან ხშირად მთავრობის წარმომადგენელთა და თავად პრეზიდენტის განცხადებებში გვხვდება ისეთი ფრაზები, როგორიცაა მაგ. „დასავლეთის დამღუპველი/გამხრწნელი ზეგავლენა“ (Merabishvili 2015), ხოლო თავად ქვეყანა 180 სახელმწიფოს შორის 162-ე ადგილზეა პრესის თავისუფლების ხარისხის მიხედვით (2015 წლის World Press Freedom Index), შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ სტრატეგიულ ბრძოლაში აზერბაიჯანისათვის, ამ ეტაპზე, რუსეთია დაწინაურებული.

ვინაიდან აზერბაიჯანისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მთიანი ყარაბაღია, შესაძლოა მან სამომავლო მოკავშირედ აირჩიოს რუსეთი რომელთან ურთიერთობაც ამ კონტექსტში უფრო სარგებლიანია. მაგრამ აქ ჩნდება კითხვა, რამდენად აწყობს რუსეთს კონფლიქტის მოგვარება? რადგან ეს აძლევს მას აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკაზე გარკვეული ზეგავლენის მოხდენის საშუალებას. „მინსკის ჯგუფის“ მუშაობა შედეგს ვერ იღებს, რაც დასტურდება კიდეც 2015 წლის 19 დეკემბერს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების - ილჰამ ალიევისა და სერჟ სარქისიანის შეხვედრის შემდეგ (შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში), სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედუარდ ნალბანდიანის განაცხადებით: „სამწუხაროდ, ორი მხარის დამოკიდებულება საკითხისადმი არ ემთხვევა ერთმანეთს“ (Radio Free Europe 2015).

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აზერბაიჯანისათვის საკმაოდ რთულია გადაწყვეტილების მიღება და მისთვის ჩვეული ბალანსის დაცვა. მაგრამ ჩემი ვარაუდით, თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ასეთმა მიდგომამ ამ დრომდე ვერ მოაგვარა ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა (ყარაბაღის კონფლიქტი), საჭიროა სხვა მიმართულებით მოქმედება.

აზერბაიჯანის მმართველმა ელიტამ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ის ბერკეტები, რომელსაც იგი ევროკავშირთან მიმართებით ფლობს. დავიწყოთ იქიდან, რომ ქვეყანა სტრატეგიული მდებარეობით გამოირჩევა. იმავდროულად, აზერბაიჯანული ნავთობი და გაზი ევროპის ქვეყნებისათვის ენერგომომარაგების დივერსიფიცირების და რუსეთზე დამოკიდებულების შემცირების, ამ ეტაპზე, უალტერნატივო საშუალებაა. თუკი აქ მხედველობაში მივიღებთ თურქეთის ჩართულობასაც, ქვეყნის, რომელიც აზერბაიჯანისათვის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ახლო მოკავშირეა, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ მათი თანამშრომლობა პროექტში (ტრანს-ანატოლიური გაზსადენის პროექტი - TANAP) მონაწილე ყოველი მხარისათვის მომგებიანია. აღნიშნული პროექტი ძირითადი დამაკავშირებელია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სამხრეთის გაზის კორიდორისა, რის შედეგადაც უნდა მოხდეს კასპიის ზღვის ენერგო რესურსებით ევროპის მომარაგება. შედეგად, შესუსტდება როგორც ევროკავშირის დამოკიდებულებას რუსეთზე, ისე ამ უკანასკნელის ზეგავლენა აზერბაიჯანზე.

ოპონენტებმა შესაძლოა ამტკიცონ ის, რომ ენერგო რესურსებზე შემცირებული ფასები არც თუ ისე სახარბიელოს ხდის ევროკავშირთან ამ კონტექსტში თანამშრომლობას თუმცა, აქ გასათვალისწინებელია შემდეგი - თუკი აზერბაიჯანის ვალუტის სიმყარეზე დიდ ზეგავლენას ახდენს გლობალური მასშტაბით ენერგო ფასების შემცირება და ცენტრალური ბანკის 21 დეკემბრის მონაცემებით, მანათი აშშ დოლართან მიმართებით 48%-ით გაუფასურდა (1.04 მანათიდან 1.55 მანათამდე (Radio Free Europe 2015)), ეს ასევე აისახება რუსეთზეც, რადგან მისი გავლენა მსოფლიო პოლიტიკაზე, სწორედ რომ ენერგო რესურსების ფლობითა და მისგან მიღებული შემოსავლებით განისაზღვრება. ამიტომ, თუკი რუსეთი ეტაპობრივად დაკარგავს საკუთარ სიძლიერეს გლობალური მასშტაბით, ეს თავისთავად დააყენებს ეჭვქვეშ აზერბაიჯანისათვის რუსეთთან ახლო ურთიერთობის ქონის აუცილებლობას. ასე რომ, ამგვარმა, ერთი შეხედვით, ხელისშემშლელმა ფაქტმა ევროკავშირთან ურთიერთობაში, შესაძლოა დადებითი შედეგიც კი მოუტანოს ქვეყანას.

მგონია, რომ აზერბაიჯანის პასიურობა ევროკავშირთან დაახლოებაში განპირობებულია ქვეყნის მმართველი ელიტის შიშით, ვინაიდან გაერთიანების მიერ შეთავაზებული და ასოცირების შეთანხმებაში გაწერილი პოლიტიკური რეფორმების გატარება ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას გამოიწვევს. აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესებში, საბოლოოდ საშიშროების წინაშე დააყენებს მთავრობას და შესაძლოა განმეორდეს კიდეც უკრაინაში მომხდარი ევრომაიდანის სცენარი. თუმცა, არსებობს მეორე, ჩემი აზრით, უფრო დიდი საფრთხე, რომელიც მას გადაწონის - ეს არის ბაქოს დაახლოება კრემლთან. ეს კიდევ უფრო რისკისშემცველია და ალიევმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ზედმეტმა დამოკიდებულებამ ჩრდილოელ მეზობელზე შესაძლოა შეამციროს მისი კონტროლი საკუთარ ქვეყანაზე და მართვის სადავეები სწორედ ვლადიმერ პუტინის ხელში აღმოჩნდეს.

ამიტომაც, აზერბაიჯანის ჩართულობა ევროკავშირთან ურთიერთობაში კიდევ უფრო აქტიური უნდა იყოს. მას სჭირდება ევროკავშირი რომ დააბალანსოს რუსეთი და - პირიქით.

  • Aslanlı, Araz. "AZERBAIJAN - RUSSIA RELATIONS:IS THE FOREIGN POLICY STRATEGY OF AZERBAIJAN CHANGING?" 2010.
  • "azembssy." 10 10, 2013. http://www.azembassy.ge/ (accessed 12 8, 2015).
  • "AZERBAIJAN IN THE INTERNATIONAL ARENA." Administrative Department of the President of the
  • Republic of Azerbaijan, 2011.
  • Fall, Chair: Sir Brian, interview by President, Republic of Azerbaijan HE Ilham Aliyev. Foreign Policy
  • Challenges for Azerbaijan (July Monday 13, 2009).
  • Jarosiewicz, Aleksandra. Azerbaijan – a growing problem for the West. Warsaw: Center for Eastern
  • Studies, 2014.
  • Jarosław Ćwiek-Karpowicz . Aleksandra Gawlikowska-Fyk . Dariusz Kałan. Russia in the South Caucasus: Conflict Management and Business with Oligarchs. The Polish Institute of International Affairs, 2015.
  • Kakachia, Kornely K. CaucasusAnalytical Digest No. 77. Bremen: orschungsstelle Osteuropa, Bremen and
  • Center for Security Studies, Zürich, 2015.
  • Kamran Ismayilov, Konrad Zasztowt. Azerbaijan’s Risky Game between Russia and the West. The Polish
  • Institute of International Affairs, 2015.
  • Lili Di Puppo, Iris Kempe, Matthias Neumann, Robert Orttung, Jeronim Perović. Caucasus Analytical Digest No. 24. Analitical , Bremen: Heinrich Böll Stiftung, Forschungsstelle Osteuropa, Bremen and Center for Security Studies, Zürich, 2011.
  • Makili-Aliyev, Kamal. Azerbaijan’s Foreign Policy: Between East and West ... IAI WORKING PAPERS, Rome: Istituto Affari Internazionali, 2013.
  • Mazziotti, M., Sauerborn, D. & Scianna, B.M. Multipolarity is key: Assessing Azerbaijan's foreign policy.
  • CESD Working Papers, Center for Economic and Social Development, 2013.
  • Republic of Azerbaijan Ministry of Foreign Affairs . http://www.mfa.gov.az/en (accessed 12 7, 2015). Shirinov, Rashad. Azerbaijan’s Foreign Policy: Seeking a Balance. Analytical Paper, Baku: Caucasus
  • Analytical Digest, 2012.
  • Zasztowt, Konrad. Azerbaijan and the EU: Prospects for Partnership Beyond Energy. Strategic File, The
  • Polish Institute of Interational Affairs, 2015.
  • ბრეკი, დავით. ივერია.ბიზ. 07 15, 2015. http://iveria.biz/1412--.html (accessed დეკემბერი 5, 2015)