"საქართველო ნატოში. პასუხი სკეპტიკოსებს"

ლაშა ბერძენიშვილი - 10.01.2016

აბსტრაქტი

საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანება.  ამ  ორგანიზაციაში შესვლით ქვეყანა ცდილობს საიმედოდ უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოება და დემოკრატიული გზით განვითარება. ნატო-ს ძირითადი ამოცანაა წევრი ქვეყნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით, რომელიც ეფუძნება ხელშეკრულების მეხუთე მუხლს.

შესავალი

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სწრაფვა ნატოსკენ ეფუძნებოდეს ოპტიმალურ შეფასებას, ვინაიდან დღევანდელ სამყაროში არ არსებობს უსაფრთხოებისა და წარმატებული განვითარების უპირობო გარანტია. განსაკუთრებით ისეთი პატარა და მოწყვლადი ქვეყნისთვის, როგორიცაა საქართველო. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს არ ვეძებოთ გზები და საშუალებები, რომლებიც გვიქადის განვითარებისა და უსაფრთხო მომავლის უკეთეს პერსპექტივას. მსგავსი განვითარება შესაძლებელია მხოლოდ დემოკრატიულ სამყაროში. ნატოში ინტეგრაცია კი ამ მიზნის განხორციელების უალტერნატივო წინაპირობაა.

ნატო-საქართველოს ურთიერთობას საფუძველი ჩაეყარა 1992 წელს. თანამშრომლობა გაღრმავდა 1994 წელს საქართველოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამისა (PFP), და 1999 წელს პროგრამის დაგეგმვისა და ანალიზის პროცესში (PARP) ჩართვის შემდგომ.  2002 წელს პრაღის სამიტზე საქართველომ გააკეთა ოფიციალური განაცხადი ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, აღნიშნული თარიღიდან იწყება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი. 2004 წლის „ვარდების რევოლუციის” შემდეგ  ეს პროცესი უფრო გაღრმავდა, კერძოდ საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, რომელთანაც NATO-მ ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის IPAP-ის ფორმატში დაიწყო თანამშრომლობა. 2006 წელს ალიანსის გადაწყვეტილებით დაიწყო “ინტენსიური დიალოგი გაწევრიანების საკითხებზე" (ID). საქართველოს მიერ IPAP-ისა და ID-ის ფარგლებში თანამშრომლობის პროცესში მიღწეული პროგრესის საფუძველზე, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა.

ასევე მნიშვნელოვანია ბუქარესტის სამიტის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც ამყარებენ საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხს. კერძოდ, 2009 წელს საქართველომ უმასპინძლა NATO\PfP წვრთნებს "Cooperative Longbow & Lancer 2009", რომელიც გაიმართა 14 ქვეყნის მონაწიელობით, ხოლო ერთი წლის შემდეგ მოხდა საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი გახსნა.  2011 წელს შემუშავებულ კომუნიკეში საართველო მოხსენიებულ იქნა, როგორც ნატოს პარტნიორი ასპირანტი ქვეყანა. ამავე წელს ქ. ბერლინში, პირველად მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია. 2014 წლის სამიტზე კი საქართველო აღიარეს ასპირანტ ქვეყნებს შორის ნატოსთან ყველაზე თავსებად პარტნიორად და მიიწვიეს „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორების“ჯგუფში. ხოლო გასული წლის მაისში განხორციელდა ამერიკული სამხედრო აღჭურვილობის დისლოკაცია საქართველოში, სამხედრო წვრთნის Noble Partner-ის ფარგლებში.

ნატომ არერთხელ დაადასტურა, რომ ის ერთგულია ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების. ეს კიდევ ერთხელ გაახმოვანა 2012 წლის ჩიკაგოს სამიტზე, სადაც  გაჟღერდა, რომ ჩიკაგოს სამიტი იქნებოდა ბოლო სამიტი გაფართოების გარეშე (მონტენეგროს მაგალითი). ალიანსი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. თავის მხრივ, საქართველო ცდილობს მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. კერძოდ, საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების (ISAF) ოპერაციასა და სხვა საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით.

ამ ფონზე, ქვეყნის შიგნით არსებობენ ძალები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ან სკეპტიკურად არიან გამწყობილი საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ პარესპექტივაზე. მათ მიაჩნიათ, რომ არ ღირს რუსეთის გაღიზიანება. ეს მაშინ როცა რუსეთი ღიად აფიქსირებს გავლენის სფეროებს. ჩრდილოელი მეზობლისგან განსხვავებით, ნატო თავისი ღირებულებებით ბუნებრივი ორიენტირია მცირე ქვეყნისთვის, რომლისთვისაც ძვირფასია სუვერენიტეტი და დემოკრატიული ფასეულობები. ამავდროულად, დასავლეთი გვევლინება შემაკავებელ ძალად, რომელსაც ძალუძს წინ აღუდგეს რუსეთის ამბიციას. ამის ნათელი გამოხატულებაა 2008 წლის აგრესია საქართველოს მიმართ და მიმდინარე პროცესები უკრაინაში. ორივე შემთხვევაში დასავლეთის ინტერვენციის შედეგად რუსეთმა ვერ მიაღწია თავის მიზანს; ვერ აიძულა ეს ქვეყნები, უარი ეთქვათ სუვერენიტეტსა და სახელმწიფოებრიობაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ ნატოს გაფართოების პროცესი არ წარმოადგენს საფრთხეს არცერთი ქვეყნისთვის. ის მიზნად ისახავს საერთო დემოკრატიული ღირებულებების ჩამოყალიბებას, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ სწორედ პუტინის მმართველობის პერიოდში მოხდა ნატოს მნიშვნელოვნად გაფართოება, როდესაც ბალტიის სახელმწიფოები გაწევრიანდნენ ალიანსში.

მნიშვნელოვანია, რომ ევროპული არჩევანი ეს არის ქვეყნის ბუნებრივი არჩევანი, ერის ისტორიული იდენტობიდან გამომდინარე. სწორედ ამიტომაცაა, რომ რეფერანდუმის შედეგად მოსახლეობის 77% მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. რეალობა კი ასეთია, პოსტ საბჭოთა ქვეყნები, რომლებმაც ევროპული და ჩრდილოატლანტიკური არჩევანი გააკეთეს ცხოვრობენ უფრო მეტად სტაბილურ, უსაფრთხო, ეკონომიკურად განვითარებებულ სამყაროში. სწორედ ნატოს თავდაცვის ქოლგის ქვეშ მოხერხდა უპრეცედენტოდ მაღალი სტაბილურობის, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციის მიღწევა.

დასკვნა

შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია მკაფიოდ განსაზღვრული და თანმიმდევრული პროდასავლური კურსის გატარება, ვინაიდან მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესების შედეგად იღება ისტორიული შესაძლებლობების ფანჯარა დროის გარკვეულ მონაკვეთში და თუ მოცემულ მომენტში ქვეყანა არ ვითარდება სწორი მიმართულებით, არ აქვს ერთმნიშვნელოვანი პოზიცია და მკვეთრად მიმართული საგარეო ვექტორი, ის ხელიდან უშვებს ამ შესაძლებლობას.