რატომ ეცემა ნავთობის ფასები და რა გავლენა ექნება მას საქართველოზე

Guram Ptskialadze - 27.01.2016

გამოქვეყნდა observer.com_ზე

მსოფლიო ბაზარზე კვლავ გრძელდება ნავთობზე ფასების კლება. ლონდონის ბირჟაზე 6.7 %-ით შემცირდა “ბრენტის“ მარკის ნავთობის ღირებულება და ბარელზე შეადგინა 28,94 დოლარი. ამგვარი პრეცედენტი ბოლოს დაფიქსირდა 2004 წლის თებერვალში, როდესაც WTI (West Texas Intermediate)-ის მარკის ნავთობის ფასი გაიაფდა  5,38%-ით  და ბარელზე 29.52-მდე დავიდა. 15 იანვრის მონაცემებით, ერთ უნცია ოქროდ შესაძლებელია 36 ბარელი ნავთობის ყიდვა, ბოლო ათი წლის განმავლობაში კი საშუალოდ 15 ბარელის შეძენა შეიძლებოდა.

ნავთობზე ფასების ვარდნა უარყოფითად აისახება აშშ-ის კომპანიებზე. ბოლო 15 თვის განმავლობაში ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე დაეცა 70%-ით, რაც ზრდის ამერიკული ნავთობ-მომპოვებელი კომპანიების გაკოტრების რისკს.

იურიდიული ფირმის, Haynes & Boone-ის ინფორმაციით, 30 - ზე მეტი მცირე ამერიკული კომპანია გაკოტრდა და მათმა საერთო დავალიანებამ გადააჭარბა 13 მილიარდ დოლარს. საკონსალტინგო ფირმის, Cowen & Co-ს პროგნოზით კი, ამერიკულ კომპანიებს სანავთობო კრიზისის გამო 2014 წელთან შედარებით ბიუჯეტის შემცირება 51%-ით მოუწევთ.

„უოლ სთრით ჟურნალის“ ცნობით, თუ ერთი ბარელი ნავთობი ეღირება 30 აშშ დოლარი, 2017 წლისთვის გაკოტრდება ამერიკული ნავთობკორპორაციების დაახლოებით ერთი-მესამედი.

„შავ ოქროზე“ ფასების მკვეთრ ვარდნას, რომელიც განსაკუთრებით გამძაფრდა გასული წლის დეკემბერში, აქვს რამდენიმე მიზეზი. ანალიტიკოსთა თქმით, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შემცირებული მოთხოვნის ფონზე ნავთობის გადაჭარბებული მარაგები და მიწოდებაა.

ფასების შემცირება ნავთობზე უკავშირდება ჩინეთის წამყვან საფონდო ბირჟებზე ინდექსების ვარდნასაც, რამაც სხვა ქვეყნებშიც გამოიწვია პანიკა, რადგან დღეს მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ ნავთობის სიდიდით მეორე მომხმარებელი ქვეყანა არის ჩინეთი. ის მოიხმარს ნავთობის მსოფლიო მარაგის 12 %-ს, თუმცა მისი მხრიდან მოთხოვნის შემცირებამ (Barclay-ს მიხედვით, გასულ წელს ის საშუალოდ ყოველდღე 510,000 ბარელ ნავთობს მოიხმარდა, ყველაზე პოზიტიური გათვლებით კი 2016 წელს მისი მოხმარება 300,000 ბარელით განისაზღვრება) ფასებზე გავლენა იქონია. .

„ჩინეთი წლების განმავლობაში ნავთობის ერთ-ერთი მთავარი მომხმარებელი იყო და თუკი მას გამოვრიცხავთ, ცვლილებები საკმაოდ ნეგატიური იქნება“, – აღნიშნა აბჰიშეკ დეშპანდემ, „Natixis“-ს მთავარმა სანავთობო ანალიტიკოსმა.

სანავთობო კრიზისის კიდევ უფრო გაუარესება ირანზე სანქციების მოხსნასაც უკავშირდება. დასავლეთსა და ირანს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ამ უკანასკნელმა მხოლოდ ე.წ. მშვიდობიანი ატომი უნდა განავითაროს. ირანს მართლაც მოუხსნეს სანქციები, მას დასავლეთში გაყინული აქტივები დაუბრუნეს, რაც შეადგენს 50 მლრდ დოლარს  და საშუალება ექნება, დღეში ექსპორტზე დამატებით 500 000 ბარელი ნავთობი გაიტანოს. ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ირანზე სანქციების მოხსნა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის დაცემის გაგრძელებასაც გამოიწვევს, რაც საშუალებას მისცემს, თავისი წილი ნავთობი მსოფლიო ბაზარზე გამოიტანოს მაშინ, როცა ნავთობის მიწოდება მის მოთხოვნაზე მაღალია.

გაერო-ს საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს განცხადებით, ირანისთვის სანქციების მოხსნის საკითხი განიხილა მას შემდეგ, რაც სააგენტომ წარადგინა ანგარიში იმის შესახებ, რომ ირანმა ნამდვილად შეასრულა ბირთვულ პროგრამზე აღებული ვალდებულებები.

„ამჟამად ირანის ბაზარზე დაბრუნებისთვის ცუდი დროა შერჩეული და, შეიძლება ითქვას, თავად ირანისთვისაც“, – მიიჩნევს „Phillip Futures“-ის ანალიტიკოსი. ირანის მიმართ სანქციების მოხსნის შედეგად, სრულიად შესაძლებელია ერთ ბარელ ნავთობზე ფასი 20-25 დოლარამდე დავარდეს.

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მიწოდების მოთხოვნაზე გადაჭარბების პარალელურად, მოთხოვნა-მიწოდებას შორის სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა  ჩინეთის მხრიდან მოთხოვნის შემცირებამ.

ფასების ვარდნის კიდევ ერთი განმაპირობებელი ფაქტორია აშშ-ის ჭარბი ნავთობის მარაგების არსებობა. ნედლ ნავთობზე ფასების შემცირების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი გამყარებული დოლარია, რაც პროდუქციაზე ფასებს ამცირებს. გამომდინარე იქიდან, რომ საქონლის ფასი მსოფლიო ბაზარზე, ძირითადად, დოლარებშია, ამერიკული ვალუტის გამყარების პირობებში მისი ფასი მცირდება.

სკეპტიციზმის საბაბს ნავთობის ფასების კიდევ უფრო ვარდნაზე ისიც აღვივებს, რომ ინდოეთისა და ჩინეთის გარდა, მოთხოვნის გაზრდა სხვა ქვეყნების მხრიდანაც არ ჩანს. ევროპა, სავარაუდოდ, 2015 წელთან შედარებით, ნავთობზე მოთხოვნას არ გაზრდის, მსგავსად აშშ-სა, რომელსაც საკუთარი მარაგიც საკმარისად აქვს.

ახლო აღმოსავლეთში, გასული წლისგან განსხვავებით (როცა საწვავის მოხმარება გაიზარდა), სავარაუდოდ, მძღოლები შეამცირებენ საწვავის მოხმარებას, რადგან მთავრობამ ფასები გაზარდა ქვეყნის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. ამდენად, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მოთხოვნის გაზრდა არ იგეგმება.

სიტუაციას კიდევ უფრო ამძაფრებს OPEC-ის დამოკიდებულება, რომელიც ფასების სტაბილიზაციას თავის თავზე არ იღებს, ეს ყოველივე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სიტუაციის დარეგულირებას. ნავთობზე ფასების დაცემა გარკვეულწილად პოზიტიურად უნდა აისახოს საქართველოზე, რადგან ქვეყანა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტიორია და მისი უფრო დაბალ ფასში შეძენა ეკონომიკისთვის მოიტანს დადებით შედეგებს. შემცირდება საწვავის ფასი, რაც ქვეყნიდან სავალუტო გადინების შეზღუდვას გამოიწვევს. თუმცა, დოლარის გამყარების შემთხვევა ქართულ ვალუტაზე უარყოფითად აისახება.

საქართველო მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული თავის ორ სავაჭრო პარტნიორზე, აზერბაიჯანსა და რუსეთზე, რომლებიც ნავთობის დიდი მწარმოებელი აქტორებია და ფასების შემცირებით გამოწვეული მდგომარეობა დადებითად მათზეც არ იმოქმედებს. მეზობელი ქვეყნებიდან ხორციელდება პირდაპირი ინვესტიციები, მთლიანი ფულადი გზავნილების დაახლოებით ნახევარზე მეტი მოდის რუსეთზე, ამასთან, ისინი ქართული საექსპორტო ბაზრის მნიშვნელოვანი მოთამაშეებიც არიან. შესაბამისად, თუ ნავთობის დაბალი ფასი რუსეთსა და აზერბაიჯანზე უარყოფითად იმოქმედებს, ეს საქართველოზეც სათანადოდ აისახება.