აშშ-ს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნები - მოლოდინები საქართველოსთვის

Mariam Gvamichava - 19.04.2016

ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ დროისათვის მიმდინარეობს პრაიმერები - შიდაპარტიული არჩევნები, რომელიც 2016 წლის ნოემბერში აშშ-ს ახალი პრეზიდენტის არჩევით დაგვირგვინდება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, საქართველოს სამომავლო ინტეგრაცია ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში დიდად არის დამოკიდებული აშშ-ს პრეზიდენტის ახალ ადმინისტრაციაზე. აღსანიშნავია, რომ რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ჯორჯ ბუშ-უმცროსის ადმინისტრაცია (2001-2009 წწ.) საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას აქტიურად უჭერდა მხარს (Goodenough 2014). რაც შეეხება აშშ-ს ამჟამინდელ პრეზიდენტს, ბარაკ ობამას, იგი მოერიდა რუსეთის აშკარა პროვოცირებას, ამიტომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხზე საუბარს მეტ-ნაკლები სიფრთხილით ეკიდებოდა. უფრო მეტიც, 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ, ობამას ადმინისტრაციამ რუსეთთან ურთიერთობების დასალაგებლად ე.წ. გადატვირთვის პოლიტიკას - Reset policy - მიმართა (Tani 2015), რომლის გამოც ოპონენტები ობამას ახლაც მწვავედ აკრიტიკებენ. ალბათ, ყველას გვახსოვს 2012 წელს სამხრეთ კორეაში გამართული ბირთვული სამიტიც, სადაც შემთხვევით ჩართული მიკროფონის წყალობით, მთელმა მსოფლიომ გაიგონა, როგორ დაჰპირდა ობამა დიმიტრი მედვედევს, რომ მეორე ვადით არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მისი ადმინისტრაცია რუსეთის მიმართ „უფრო მეტ მოქნილობას გამოიჩენდა“ (MacAskill 2012). მოგვიანებით, 2014 წელს, პრეზიდენტობის მეორე ვადის პერიოდში, ობამამ ბრიუსელში გააკეთა განცხადება, რომლის თანახმადაც, უახლოეს მომავალში საქართველოს (და უკრაინის) ნატო-ში მიღება არ იგეგმებოდა (Goodenough 2014). ტექნიკური თვალსაზრისით, პრეზიდენტმა სრული სიმართლე თქვა, ვინაიდან საქართველოს არ გააჩნია ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმა, ე.წ. MAP-ი, მაგრამ პრეზიდენტის პოზიცია რუსეთთან „გადატვირთვის პოლიტიკის“ ჭრილში იქნა აღქმული და ცხადია, სტრატეგიული პარტნიორის მსგავსმა განცხადებამ საქართველოში იმედგაცრუება გამოიწვია.

აღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით, აშშ-ს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ჩვენთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. საპრეზიდენტო კამპანიაში ამ დროისათვის დემოკრატებიდან ორი კანდიდატი მონაწილეობს: ბერნი სანდერსი და ჰილარი კლინტონი, ხოლო რესპუბლიკელებიდან ბრძოლას შემდეგი კანდიდატები განაგრძობენ: ტედ კრუზი, ჯონ კეისიკი და დონალდ ტრამპი.

აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო დებატებში კამათის საგანი ხშირად უკრაინის კრიზისი ხდება. რასაკვირველია, დასავლეთმა უკრაინის საკითხის გადაწყვეტაში აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს, მაგრამ ქართულ საზოგადოებაში იმედგაცრუება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ნაკლებად ხვდება კანდიდატების ყურადღების ცენტრში. ამ თვალსაზრისით, საინტერესო პოლიტიკურ ფიგურას წარმოადგენდა მარკო რუბიო, პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი; იგი მარტის

თვეში საპრეზიდენტო კამპანიას გამოეთიშა, მაგრამ ახალგაზრდა ამერიკელი პოლიტიკოსი საქართველოში პოპულარობით სარგებლობდა, ვინაიდან თავის გამოსვლებში ყურადღებას უთმობდა საქართველოს თემასაც. მაგალითად, 13 თებერვლის წინასაარჩევნო დებატებისას რუბიომ ტელეკომპანია CBS-ის პირდაპირ ეთერში აღნიშნა, რომ აშშ-ს უმნიშვნელოვანეს ამოცანას ევროპელი მოკავშირეების დახმარება წარმოადგენს და აქცენტი პუტინის აგრესიული საგარეო პოლიტიკის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპირებაზე გააკეთა (Schleifer 2016). მართალია, რუბიოს გაპრეზიდენტების თეორიული შანსიც აღარ არსებობს, თუმცა, ბუნებრივია, ჩვენთვის მისი საგარეო პოლიტიკის ე.წ. აჯენდა სავსებით მისაღები იყო.

იმისათვის, რომ კარგად გავიაზროთ, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა საქართველოზე, საჭიროა, ინდივიდუალურად განვიხილოთ ამ დროისათვის კამპანიაში დარჩენილი პრეზიდენტობის კანდიდატების საგარეო პოლიტიკის ხედვა.

რესპუბლიკელი კანდიდატები


ტედ კრუზი. ტეხასის სენატორი, ტედ კრუზი, ღირსეულ კონკურენციას უწევს დონალდ ტრამპს, რომელიც მიუხედავად რასისტული და ქსენოფობიური რიტორიკისა, ამერიკელ ამომრჩეველში შთამბეჭდავი მხარდაჭერით სარგებლობს. კრუზი მწვავედ აკრიტიკებს რუსეთს, ვლადიმერ პუტინს „მჩაგვრელ დიქტატორს“ უწოდებს (Cohen 2016) და აცხადებს, რომ მისი გაპრეზიდენტებისშემთხვევაში, აშშ დაიცავს აღმოსავლეთ ევროპას რუსეთის გავლენისაგან და გააგრძელებს ანტი-სარაკეტო სისტემების დამონტაჟებას აღმოსავლეთ ევროპაში. როდესაც ობამას ადმინისტრაციამ რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგებისა და „გადატვირთვის პოლიტიკის“ ფარგლებში პენტაგონის გეგმაზე უარი განაცხადა, - რაც პოლონეთისა და ჩეხეთის ტერიტორიაზე ანტი-სარაკეტო კომპლექსის განლაგებას ისახავდა მიზნად და რომელსაც გააფთრებით ეწინააღმდეგებოდა რუსეთი, - ევროპელ ლიდერებში იმედგაცრუებას ჰქონდა ადგილი (Luke Harding 2009).

აღსანიშნავია, რომ კრუზს ობამასგან განსხვავებული პოზიცია უჭირავს ევროპელ მოკავშირეებთან მიმართებაში; ევროპაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში კრუზი აღმოსავლეთ ევროპის გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე სასაუბროდ შეხვდა პოლონეთის თავდაცვის მინისტრს, ტომაშ სიემონიაკს (Sacirbey 2015), რაც გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ კრუზის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, იგი აღმოსავლეთ ევროპელ მოკავშირეებთან ურთიერთობის გაღრმავებაზე გააკეთებს აქცენტს, თუნდაც რუსეთის პროვოცირების ხარჯზე. მართალია, კრუზს ჯერჯერობით საქართველოზე აქცენტები არ გაუკეთებია, მაგრამთუ კრუზისეულ ხედვას გავითვალისწინებთ, მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, საქართველოს მეტი შესაძლებლობა ექნება, წინ წამოსწიოს ოკუპაციის პრობლემა და სტრატეგიული პარტნიორისგან უფრო აქტიური მხარდაჭერა მოითხოვოს.

ჯონ კეისიკი. ოჰაიოს შტატის გუბერნატორი, ჯონ კეისიკი, პრეზიდენტობის კიდევ ერთი რესპუბლიკელი კანდიდატი, იზიარებს ტედ კრუზის პოზიციას პუტინის აგრესიის შეკავების პოლიტიკასთან დაკავშირებით (Scanlon 2015), თუმცა, როგორც პოლიტიკური კონსულტანტები თანხმდებიან, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მომავალ პრაიმერებსა და კოკუსებში კეისიკმა რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციისთვის საჭირო დელეგატების რიცხვი მოიპოვოს.

დონალდ ტრამპი. რაც შეეხება დონალდ ტრამპს, რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის ყველაზე სკანდალურ ფიგურას, ერთი რამის თქმა დანამდვილებით შეიძლება: ტრამპი სულაც არ იზიარებს მოსაზრებას, რომ მსოფლიო რუსეთის შეკავების აუცილებლობის წინაშე დგას. პირიქით, ტრამპი რუსეთის პრეზიდენტის მიმართ სიმპათიებით არის გამსჭვალული. ტრამპის თქმით, პუტინი ნამდვილი მსოფლიო ლიდერია და მას შეუძლია, რუსეთის პრეზიდენტთან საერთო ენა გამონახოს; რაც შეეხება პუტინს, მან გასული წლის დეკემბერში, ტრამპს „ნიჭიერი ადამიანი“ უწოდა (Bershidsky 2016). ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ტრამპი და პუტინი ერთმანეთის მიმართ მართლაც კეთილად განეწყვნენ. ავტორიტეტული ამერიკული სამაუწყებლო სააგენტო, CNN, თავის ერთ-ერთ ონლაინ სტატიაში პუტინისა და ტრამპის ურთიერთობას გამოეხმაურა და მას „საერთაშორისო ძმაკაცობა“ უწოდა (Diamond 2015). აქვე, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტრამპი მნიშვნელობის ღირსადაც არ ხდის იმ ფაქტს, რომ პუტინის ადმინისტრაციის პირობებში იდევნებიან რუსი ჟურნალისტები და პოლიტიკური დისიდენტები (Diamond 2015), რაც მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული, ფუნდამენტური უფლებების დაცვა ტრამპის დღის წესრიგში არ დგას. აღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე, ჩნდება კითხვა: რა სიკეთეს მოუტანს საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატები, რომლის უმაღლესი მთავარსარდალი პუტინთან პარტნიორობით და თბილი ურთიერთობების დამყარებით იქნება დაინტერესებული?

თუ გავითვალისწინებთ ტრამპის დამოკიდებულებას ნატოს მიმართ, ალბათ, გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში ნატოში გაწევრიანების შანსები საქართველოსთვის მინიმუმამდე დავა. სანამ მოსალოდნელ სცენარებს გავაანალიზებთ, რამდენიმე ფაქტორი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ; ამერიკელ მილიარდერს მიაჩნია, რომ ნატო არცთუ ისე ეფექტური, „დრომორჭმული“ ორგანიზაციაა და რომ აშშ-მ ნატოს დაფინანსება საგრძნობლად უნდა შეამციროს (Gregory 2016). აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ტრამპი, ძირითადად, „ევროპის პრობლემას“ უწოდებს (Bershidsky 2016). „უკრაინის პრობლემა ნატოს წევრ სხვა სახელმწიფოებს უფრო ეხება და არა ჩვენ,“ აცხადებს ტრამპი, „მიუხედავად ამისა, უკრაინის პრობლემების მოგვარება ჩვენ გვევალება. სად არის ამ დროს გერმანია და რატომ არ ეხმარება უკრაინას?“ (Gregory 2016) თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტებს, რომ სწორედ გერმანიისა და საფრანგეთის განხორციელებული მოლაპარაკებების შედეგად მივიღეთ მინსკის შეთანხმება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, და რომ ევროკავშირი უკრაინას წლებია, მილიარდობით დოლარით ეხმარება, რბილად რომ ვთქვათ, ტრამპს წარმოდგენაც კი არ აქვს, რა ხდება ევროპის კონტინენტზე (Barker 2016). ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, მისი გულგრილი და ინდიფერენტული დამოკიდებულება საგარეო ვითარებისადმი ვლადიმერ პუტინს საშუალებას მისცემს, უფრო თამამად იმოქმედოს რუსეთის გეოპოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად. ტრამპის სახით, ჩვენ მივიღებთ აშშ-ს პრეზიდენტს, რომელიც ნატოს მნიშვნელობას ეჭქვეშ აყენებს, ევროპაში მიმდინარე მოვლენებს იზოლაციონისტის პოზიციიდან უყურებს, - რაკი მიაჩნია, რომ ევროპის პრობლემები ევროპელებმა უნდა გადაწყვიტონ, - და, ყველაფერთან ერთად, „საერთაშორისო ძმაკაცობას“ ამყარებს ვლადიმერ პუტინთან. ტრამპის გაპრეზიდენტება სავარაუდოდ, აშშ-ს იზოლაციონისტად აქცევს, რაც გამორიცხავს უკრაინის საკითხის გაადაწყვეტაში აშშ-ს მინიმალურ მონაწილეობას; აშშ-ს მხრიდან უკრაინის მიმართ ინტერესის დაკარგვა კი დომინოს ეფექტით გამოიწვევს საქართველოს მარტო დარჩენას რუსეთის გეოპოლიტიკური ამბიციების პირისპირ სამხრეთ კავკასიაში. საბოლოო ჯამში, საერთაშორისო არენაზე აშშ-ს როლის შემცირებამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას არა მხოლოდ საქართველოს და უკრაინას, არამედ ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოებსაც.

დემოკრატი კანდიდატები


ბერნი სანდერსი. ვერმონტის შტატის სენატორსა და პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატს, ბერნი სანდერსს, თავის საპრეზიდენტო კამპანიაში ნატოს გაფართოება პრიორიტეტული საკითხების ნუსხაში არ შეუყვანია, რადგან იგი ცალსახად მიიჩნევს, რომ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება მხოლოდ რუსეთის უმიზეზო გაღიზიანებას უწყობს ხელს. აღსანიშნავია ისიც, რომ სანდერსს დიდი ხანია, აღნიშნული პოზიცია უკავია; ჯერ კიდევ 1996 წელს, იგი აქტიურად ეწინააღმდეგებოდა პოლონეთის, ჩეხეთისა და უნგრეთის ნატოში მიღებას (საბოლოოდ, აღმოსავლეთ ევროპის ეს სამი ქვეყანა ნატოში 1999 წელს გაერთიანდა, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტის პოსტი დემოკრატ ბილ კლინტონს ეჭირა). აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ სანდერსი ნატოს მოქმედების არეალით უკმაყოფილოა, და საერთოდაც, გასული წლის ნოემბერში ახალი სამხედრო ორგანიზაციის შექმნის ინიციატივით გამოვიდა, რომელშიც რუსეთიც უნდა გაერთიანდეს და დასავლეთთან ერთად დაამარცხოს 21-ე საუკუნის უდიდესი საფრთხე - ტერორიზმი (Barker 2016). სანდერსი, პრაქტიკულად, ევროპაში ახალი წესრიგის შემოტანას გვთავაზობს, რაც ალბათ მეტისმეტად იდეალისტური ხედვაა, ვინაიდან არსებული საერთაშორისო ვითარების პირობებში რთულია, წარმოვიდგინოთ ისეთი საერთაშორისო სამხედრო ალიანსი, სადაც რუსეთი დასავლეთის ქვეყნების მხარდამხარ გაწევრიანდება და გვერდზე გადადებს თავის გეოპოლიტიკურ ამბიციებს აღმოსავლეთ ევროპასთან მიმართებაში. არარსებულ ორგანიზაციასთან დაკავშირებული ბუნდოვანი გეგმები რომ გვერდზე გადავდოთ, შეგვიძლია, ერთი რამ დანამდვილებით ვთქვათ: სანდერსის გაპრეზიდენტება ჩვენთვის არცთუ ისე ხელსაყრელი სამომავლო სცენარია; სანდერსმა უკვე არაერთხელ დააფიქსირა, რომ რუსეთის „გაღიზიანება“ არ უღირს და აღნიშნული მიზეზით იგი ნატოში საქართველოს, უკრაინის, მაკედონიისა და მონტენეგროს (ჩერნოგორია) შესაძლო წევრობას მტკიცედ ეწინააღმდეგება (Barker 2016). შესაბამისად, სანდერსს ე.წ. „საქართველოს მეგობარი“ ამერიკელი პოლიტიკოსების რიცხვში, სამწუხაროდ, ვერ მოვიაზრებთ.

ჰილარი კლინტონი. ჰილარი კლინტონი უკვე წლებია, პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწევა და მისი მუშაობის გამოცდილება საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ალბათ, პრეზიდენტობის ამჟამინდელი ყველა კანდიდატის კვალიფიკაციას რამდენჯერმე აღემატება. კლინტონს საკმაოდ შთამბეჭდავი ბიოგრაფია აქვს; გარდა იმისა, რომ კლინტონი აშშ-ს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან იურისტად ითვლება, იგი 1993-2001 წლებში აშშ-ს პირველი ლედი გახლდათ, ხოლო 2001-2009 წლებში მას აშშ-ს სენატორის პოზიცია ეკავა (Caroli, http://www.britannica.com 2016). ჩვენთვის მისი ბიოგრაფიის განსაკუთრებით მნიშვნელოვან ნაწილს 2009-2013 წლები წარმოადგენს, როდესაც ჰილარი კლინტონს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანამდებობა ეჭირა. მიუხედავად კლინტონის პოპულარობისა და მრავალწლოვანი პოლიტიკური გამოცდილებისა, რთულია დარწმუნებით განვაცხადოთ, რომ აშშ-ს მომდევნო პრეზიდენტი სწორედ ის გახდება. არსებობს გარკვეული ფაქტორები, რამაც კლინტონი, შესაძლოა, თეთრი სახლისკენ მიმავალ გზაზე დააბრკოლოს. ვინც აშშ-სთან დაკავშირებულ ახალ ამბებს თვალყურს ადევნებს, ეცოდინება, რომ 2012 წლის ბენღაზის ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა ჰილარი კლინტონს დაეკისრა (Hatuqa 2012). გარდა ამისა, ჰილარი გაეხვა ე.წ. „ი- მეილების სკანდალში,“ როდესაც გაირკვა, რომ თავისი სამსახურებრივი საქმიანობისას იგი პირად ელექტრონულ ფოსტას იყენებდა, რასაც შესაძლოა, აშშ-ს კიბერ-უსაფრთხოება გარკვეული საფრთხის წინაშე დაეყენებინა (Zurcher 2015). ეს ის ფაქტორებია, რამაც შესაძლოა, ამერიკელი ელექტორატი კლინტონის საწინააღმდეგოდ განაწყოს, მაგრამ ჩვენ კლინტონის პრეზიდენტობის ალტერნატივას საქართველოს პერსპექტივიდან ვუყურებთ. ამ ეტაპზე, ჩვენთვის იმის ცოდნა უფრო მნიშვნელოვანია, თუ რას მოგვიტანს ჰილარი კლინტონის ადმინისტრაცია, ვიდრე იმ ბრალდებების განხილვა, რომელსაც ყოფილ სახელმწიფო მდივანს ოპონენტები უყენებენ.

ერთი შეხედვით, შესაძლოა, ჰილარი საქართველოსთვის არცთუ სასურველი კანდიდატი ჩანდეს, ვინაიდან მისი სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდი ზუსტად ემთხვევა პრეზიდენტ ობამას „გადატვირთვის“ პოლიტიკას რუსეთთან. საზოგადოებას კარგად ახსოვს ჰილარი კლინტონისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის 2009 წლის შეხვედრა ჟენევაში, როდესაც ჰილარი კლინტონმა ლავროვს სიმბოლური საჩუქარი გადასცა: ყვითელი პატარა ყუთი, წითელი ღილაკით, რომელზე ხელის დაჭერითაც ორი ქვეყნის წარმომადგენელმა რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების „გადატვირთვა“ სიმბოლურად აღნიშნა (Reuters 2009). თუმცა, სანამ ნაადრევ დასკვნებს გამოვიტანდეთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2009 წელს კლინტონი, როგორც დიპლომატი, ასრულებდა თეთრი სახლის მიერ მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ჩვენ კი, მოცემული მომენტისთვის, უნდა შევაფასოთ კლინტონის, როგორც აშშ-ს მომავალი პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის ხედვა, განსაკუთრებით მისი დამოკიდებულება საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპასთან მიმართებაში, რომელსაც, რეალურად, „გადატვირთვის“ პოლიტიკასთან არცთუ ბევრი აქვს საერთო.

დავიწყოთ იმით, რომ კლინტონი უკვე წლებია, აქტიურად უჭერს მხარს საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებას. ჯერ კიდევ 2008 წელს, სენატორის ამპლუაში მყოფი კლინტონი აშშ-ს სენატის რეზოლუციის თანაავტორი იყო, რომლის თანახმადაც საქართველოს და უკრაინას უნდა მიეღოთ ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა - MAP-ი (https://www.congress.gov 2008); 2008 წლის ბუქარესტის სამიტს, რომელზეც საქართველოს MAP-ის გადაცემაზე უარი უთხრეს, იმედგაცრუებული კლინტონი განცხადებით გამოეხმაურა. 2010 წელს, როდესაც კლინტონი უკვე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ამპლუაში ეწვია საქართველოს, მან ცალსახად განაცხადა, რომ არ სცნობს რუსეთის პოზიციას, რომლის თანახმადაც საქართველო თითქოსდა რუსეთის გავლენის სფეროს წარმოადგენს და დაადასტურა აშშ-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ (bbc.com 2010).

თუ აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატებს პრაგმატული თვალით შევხედავთ, დავასკვნით, რომ მათ შორის ყველაზე ოპტიმალურ ფიგურას საქართველოსთვის სწორედ ჰილარი კლინტონი წარმოადგენს. განსხვავებით სხვა კანდიდატებისაგან, იგი უკვე წლებია, ცალსახად ემხრობა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს პრო-დასავლური ორიენტაციის მიმართ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კლინტონი უპირისპირდება იმ პოლიტიკოსებს (თუნდაც, სანდერსს), რომელთაც საქართველოს გამო რუსეთის პროვოცირება არ უღირთ. გარდა ამისა, ჰილარი კლინტონი არაერთხელ არის ნამყოფი არამარტო საქართველოში, არამედ სამხრეთ კავკასიაშიც და შესანიშნავად ერკვევა რეგიონში მიმდინარე მოვლენებისა და გამოწვევების მნიშვნელობაში. გაპრეზიდენტების შემთხვევაში, კლინტონს შეუძლია, რუსეთთან ურთიერთობისას გამოიყენოს ის გამოცდილება, რომელიც მან აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პოსტზე მუშაობისას შეიძინა. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ კლინტონი პუტინის კრიტიკას არ ერიდება და მიაჩნია, რომ რუსეთმა თავის აგრესიულ სამეზობლო პოლიტიკას ბოლო უნდა მოუღოს. თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სწორედ ეს ფაქტორები გამოარჩევს კლინტონს აშშ-ს პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებისაგან და გვაძლევს საშუალებას, იგი აშშ-ს პრეზიდენტის პოსტზე ჩვენთვის ყველაზე მისაღებ ფიგურად განვიხილოთ.

როგორც საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა თანხმდება, ნატოს წევრობა საქართველოს სუვერენიტეტის შენარჩუნების აუცილებელი პირობაა; მართალია, ნატოში ჩვენი გაწევრიანება მხოლოდ აშშ-ზე არ არის დამოკიდებული (ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს საქართველოს MAP-ი გერმანიამ და საფრანგეთმა დაუბლოკეს), მაგრამ მნიშვნელოვანია, მივიღოთ ევროპის დაცვაზე ორიენტირებული აშშ-ს პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაცია, რომელიც მეტ-ნაკლებად უზუნველყოფს ჩვენს უსაფრთხოებას და საქართველო-ნატოს ურთიერთობას სტაგნაციის ფაზაში არ შეიყვანს. საქართველოში ხშირად გავიგონებთ პესიმისტურ რიტორიკას, რომ თურმე, საქართველოს ან უკრაინის გამო დასავლეთი რუსეთთან ურთიერთობას არ გაიფუჭებს. კარგი იქნება, თუ გავითავისებთ, რომ რუსეთი არც ისეთი მოუწყვლადია, როგორც გარედან ჩანს; პირველ რიგში, არავინ დაობს იმაზე, რომ რუსეთის შემოსავლები კოლოსალურად არის დამოკიდებული ნავთობსა და ბუნებრივ გაზზე; მსოფლიო ბაზარზე ენერგორესურსების ფასის ვარდნამ კი უკანასკნელ ხანებში სერიოზული პრობლემები შეუქმნა რუსეთის ეკონომიკას და გამოიწვია ქვეყნის ეროვნული ვალუტის - რუბლის გაუფასურებაც. ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ხელს უწყობს გეოპოლიტიკური სიტუაციაც, კერძოდ, 2014 წლის ყირიმის   ანექსიისა   და დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების შემდეგ რუბლის ღირებულება, პრაქტიკულად განახევრდა (Andrianova 2016). გარდა ამისა, რუსეთს სირიაში სამხედრო ოპერაციების განხორციელება მილიონობით აშშ დოლარი დაუჯდა, რომ არაფერი ვთქვათ ყირიმის ანექსიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდასაჭერად დახარჯულ თანხებზე (TOMKIW 2016). ზემოთთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ თანმიმდევრული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, დასავლურ სამყაროს ხელთ აქვს ბერკეტები, რომლებითაც შესაძლებელია, რუსეთი მოექცეს იზოლაციაში და იძულებული გახდეს, გადახედოს თავის ნეო-იმპერიალისტურ ამბიციებს..