რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება - გავლენა საქართველოზე

Elene Tskhvariashvili - 22.06.2016

რუსეთ-თურქეთის კონფლიქტი რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებით არ დაწყებულა (2015 წლის 24 ნოემბერს თურქეთმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი SU-24 საჰაერო სივრცის დარღვევისთვის ჩამოაგდო). 2015 წლის ზაფხულიდან, ზედაპირული თანამშრომლობის მიუხედავად, დაძაბულობის ფონი მაინც არსებობდა. ამ ორმა სახელმწიფომ თურქული ნაკადის გაყვანასთან დაკავშირებით ვერ მიაღწია სამთავრობათშორისო ხელშეკრულების გაფორმებას. არის მხოლოდ მემორანდუმი რუსულ „გაზპრომსა“ და თურქულ კომპანიას შორის. თურქეთმა თვითმფრინავის ჩამოგდებით რუსეთი გააფრთხილა. რაში მდგომარეობდა მიზანი? თურქეთს უნდოდა პირველ რიგში, რუსეთის ავიაციის მოქმედების შეჩერება, სირიიდან გასვლა და ამით ახლო აღმოსავლეთის პრობლემების „მოგვარებაზე“ აშშ-სთვის პრივილეგიის მიცემა და რეგიონში მისი როლის გაზრდა. ცხადია, თვითმფრინავის ჩამოგდებამ კიდევ უფრო გაამწვავა ამ ორ სახელმწიფოს (რუსეთ-თურქეთს) შორის ურთიერთობა. შედეგად, რუსეთმა თურქეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესა და პარალელურად თურქეთმა თავის მოსახლეობას რუსეთში გამგზავრებაზე თავის შეკავება ურჩია. რუსეთი და თურქეთი ეკონომიკურად იმდენად არიან ერთმანეთზე დამოკიდებულნი, რომ ესკალაცია არავისთვის იქნება მომგებიანი.

რუსეთის მხრიდან მწვავე განცხადებები მიუთითებს, რომ მოსკოვი თავს შეურაცხყოფილად გრძნობს. მაგრამ რუსეთმა იცის, რომ „თურქეთს გააჩნია იმის უნარი, რომ ერთის მხრივ, ჩამოაგდოს სხვა ქვეყნის თვითმფრინავი, რომელიც მის საჰაერო სივრცეს არღვევს და შემდეგ, მზად იყოს, პასუხი გასცეს ნებისმიერ შემდგომ გართულებას“.1

როგორც ცნობილია თურქეთი ნატოს წევრი სახელმწიფოა 1952 წლიდან.2 იგი სამხედრო პოტენციალით მხოლოდ აშშ-ს ჩამოუვარდება. თურქეთს შავსა და ხმელთაშუა ზღვაზე ჰყავს ძლიერი სამხედრო ფლოტი, თანამედროვე თავდაცვის სისტემები და უძლიერესი არმია. „მოკლედ, თურქეთს საკმარისი სამხედრო ძალა გააჩნია იმისთვის, რომ მასთან შეიარაღებული კონფლიქტი არავის სურდეს. ეს კი რუსეთს კარგად ესმის“.

მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ არ არის გამორიცხული სირიის გარშემო საერთაშორისო დაძაბულობა კვლავ გამწვავდეს. რადგან რუსეთი ბაშარ-ასადის მომხრეთა რიცხვს მიეკუთვნება, თურქეთი კი - ასადის მოწინააღმდეგეთა რიგებს. თუმცა, აღსანიშნავია, აგრეთვე, რომ ამ ეტაპზე რუსეთი ვერ გაბედავს და ომს ვერ დაუწყებს ნატოს წევრ თურქეთს, მაგრამ არავინ იცის, როგორ განვითარდება მომავალში სცენარი. მსოფლიოსთვის ცნობილია, რომ ისტორიულად რუსეთს ბევრჯერ დაურღვევია პირობა და ახლაც იგივე განმეორდა: 2016 წლის 29 იანვარს რუსეთმა სირიის საზღვართან ახლოს თურქეთის საჰაერო სივრცე კვლავ დაარღვია. თუმცა, ოფიციალურმა მოსკოვმა ეს ფაქტი უარყო. აქედან გამომდინარე, არც შემდგომშია გამორიცხული იგივე ფაქტი კვლავ განმეორდეს. შესაბამისად, პროცესების გამწვავების მოლოდინი მაინც არსებობს. დიპლომატიამ უნდა იმუშაოს ძალიან ინტენსიურად.

ბოლო დროინდელი მოვლენები ცხადყოფს, რომ სიტუაცია ნაწილობრივ მაინც განიმუხტა. ამ კონფლიქტის კიდევ უფრო გაღრმავება არავის ინტერესში არ შედის. ვითარების განმუხტვის ერთ-ერთ მაგალითს რუსეთის მიერ სირიის ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალების გარკვეული ნაწილის გაყვანა წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ რუსეთ-თურქეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებიც დაიწყოს.

ჩვენ რას მოგვიტანს ორი დიდი მეზობლის დაპირიპირება? რა შედის საქართველოს ინტერესში? უნდა გვწყინდეს თუ გვიხაროდეს?

საქართველოსთვის ეს ორი ქვეყანა მთავარი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის. შესაბამისად, მათ შორის დაპირისპირებას აუცილებლად ექნება გავლენა საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

ამ ორი სახელმწიფოდან ერთ-ერთი - რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობას ებრძვის, ხოლო თურქეთი საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეა. როგორ უნდა მოიქცეს საქართელო? გართულების პოტენციალი არსებობს და ის, რომ ჩვენ ამ ორ ქვეყანას შორის ვართ, რასაკვირველია, რისკებს შეიცავს. საქართველომ თავი უნდა შეიკავოს მკვეთრი განცხადებებისგან-მითუმეტეს, როდესაც ეს ხელისუფლების წევრებს ეხება. ზოგიერთის პოზიცია არ ნიშნავს იმას, რომ მთავრობას იგივე პოზიცია უკავია. ზემოაღნიშნულ რეალობაში ძალიანაც რომ გვინდოდეს ჩვენ მთავარი წამყვანი ძალა (ჰეგემონი) ვერ ვიქნებით. თუმცა, ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო ყოველთვის ვიქნებით თავად მძლავრი სახელმწიფოების ინტერესების ქვეშ.

არსებობს იმის საფრთხე, რომ გაძლიერდეს რუსეთის მხრიდან თურქეთზე ზეწოლა. რისთვისაც დასჭირდეს საჰაერო, საზღვაო სივრცე და შეიარაღების/ტექნიკის გადასატანად საქართველოს ტერიტორიის გამოყენება.

არ არის გამორიცხული, რომ რუსეთმა გაამაგროს ის სამხედრო ბაზები, (გიუმრის)3 რომელიც თურქეთთან ახლოს მდებარეობს და საქართველო გამოიყენოს სამხედრო კონტიგენტის ტრანსპორტირებისათვის. ამით იგი საქართველოში დაამყარებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე კონტროლს. ეს ფაქტი კი სავარუდოდ, სამხედრო დაპირისპირების გარეშე არ ჩაივლის. ისტორიულად, რუსეთი საქართველოს ტერიტორიას, როგორც იმპერიის ნაწილს ყოველთვის იყენებდა სამხრეთის შეტევების განსახორციელებლად. თუმცა, დღეისათვის ამის ალბათობა ძალიან დაბალია.

არ უნდა დაგვავიწყდეს აგრეთვე, ისიც, რომ თურქეთის, როგორც ჩვენი ერთ- ერთი უმსხვილესი პარტნიორის ეკონომიკური კრიზისი ჩვენც „დაგვარტყამს“. ამ პოლიტიკური კრიზისის გამო თურქული ლირა დავარდა. ლირის ვარდნის ტრაექტორია ფაქტიურად გაიმეორა ლარის ვარდნის ტრაექტორიამ. ჩვენ ამ პროცესს რადიკალურად ვერ შევცვლით. გასათვალისწინებელია აგრეთვე ისიც, რომ ამ დაძაბულ სიტუაციაში ორ დიდ ქვეყანას შორის მყოფი პატარა საქართველო ორიენტირებული უნდა იყოს მხოლოდ იმაზე, როგორ შეინარჩუნოს რეგიონში მშვიდობა. რადგან სიმშვიდის და სტაბილურობის გარეშე ეკონომიკური პროექტების განხორციელება ძალიან რთული იქნება.

2015 წელს 9 თვის განმავლობაში, თურქეთში რუსეთიდან 3 მილიონზე მეტი ტურისტი ჩავიდა. ამავე პერიოდში რუსეთიდან თურქეთში 6 მილიარდი დოლარის სამხედრო პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა. ეკონომიკური კრიზისი შეამცირებს ქართველი მოქალაქეების მიერ როგორც რუსეთიდან, ისე თურქეთიდან საქართველოში განხორციელებულ ფულად გზავნილებს. თურქეთსა და რუსეთში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე დამოკიდებულია საქართველოს ეკონომიკა და შესაბამისად ლარის სტაბილურობაც. გამომდინარე აქედან, ზემოაღნიშნული იქნება ახალი რისკ -ფაქტორი ჩვენი ქვეყნისათვის. (სტატისტიკის მიხედვით, 2015 წლის 10 თვეში რუსეთიდან შემოვიდა 359 მილიონი დოლარი, რაც მთელი გადარიცხვების 40%-ია, ხოლო თურქეთიდან 58 მილიონი დოლარი (7%))4.

რუსეთ-თურქეთის კონფლიქტი უარყოფით გავლენას მოახდენს მათ ენერგეტიკულ თანამშრომლობაზეც, რაც საქართველოსაც შეეხება, თუმცა, რა დოზით და როგორ, მომავალი გვიჩენებს.

ამ კონფლიქტურ სიტუაციაში, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, შესაძლოა, საქართველომ სარგებელიც ნახოს. გარკვეულწილად რუსი ტურისტების ნაკადის შემცირება თურქეთში, ჩვენთან შეიძლება ზრდით აისახოს.

რუსეთში თურქული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შეტანა შემცირდება (ემბარგოდან გამომდინარე), რის შედეგადაც გაიზრდება მოთხოვნა ჩვენს პროდუქციაზე. ასევე, თუკი რუსეთი შეამცირებს გაზის ექსპორტს თურქეთში, მაშინ ბუნებრივია, თურქეთი ახალი გზების ძიებას დაიწყებს და თუკი არჩევანს აზერბაიჯანზე გააკეთებს, საქართველოსაც სარგებელი გაუჩნდება. რაც უფრო მეტი გაზი გავა ჩვენს ტერიტორიაზე, მით უფრო მომგებიანი იქნება ჩვენთვის.

და ბოლოს, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა ბევრი ქვეყნის ინტერესს წარმოადგენს. შესაბამისად, ჩვენს ქვეყნას რთულ ვითარებაში უხდება ყოფნა. შესაძლოა, არა თუ მდგომარეობის გაუარესება, არამედ - ერთი არასტრატეგიული ნაბიჯის გადადგმაც კი ქვეყნისთვის სავალალო აღმოჩნდეს.

  1. ბადრიძე გიორგი, “რუსეთი, თურქეთი და საქართველო“; 01.12.2015
  2. The historic document confirming Greece and Turkey joining NATO
  3. კომახია მამუკა, „თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა და სამხრეთ კავკასია“
  4. ფულადი გზავნილები ქვეყნების მიხედვით - საქართველოს ეროვნული ბანკი, 2010-2016 წწ