რუსეთის „რბილი ძალა“ და ქართული საზოგადოება

Archil Kvelashvili - 22.06.2016

ბოლო ხანებში ბევრს საუბრობენ რუსეთის „რბილ ძალაზე“, როგორც საქართველოს პრო-დასავლური კურსისთვის საფრთხის შემცველ გარემოებაზე. პოლიტიკური პროცესების ბევრი მიმომხილველი ხშირად იყენებს ამ არც თუ ისე მკაფიო მნიშვნელობის მქონე ტერმინს სათანადო განმარტების გარეშე და მას ისე წარმოაჩენენ, როგორც ხელშესახებ, კარგად დამკვიდრებულ ფენომენს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში, რომლის რეალურობაც თითქოსდა უკვე ეჭვგარეშე იყოს.

შესაბამისად, საჭიროა შეძლებისდაგვარად გამოიყოს ის მომენტები, რომლებიც ინდიკატორებად გამოდგებიან რუსული „რბილი ძალის“ არსებობა-არარსებობისა და მითუმეტეს ქართულ საზოგადოებაზე მისი ზემოქმედების დასანახად.

თავად ტერმინი „რბილი ძალა“ 90-იანი წლების დასაწყისში დაამკვიდრა ამერიკელმა ავტორმა ჯოზეფ ნაიმ, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების ნეოლიბერალური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მან „რბილი ძალა“ განსაზღვრა, როგორც სახელმწიფოს უნარი, ფლობდეს დადებითი იმიჯს სხვა სახელმწიფოების/საზოგადოებების თვალში და ამ იმიჯის წყალობით მოახდინოს მათზე პოლიტიკური ზეგავლენა „ხისტი ძალის“ ისეთი ინსტრუმენტების გამოყენების გარეშე, როგორებიცაა სამხედრო ძალა ან ეკონომიკური გავლენა. ნაის მიხედვით, ამა თუ იმ ქვეყნის რბილი ძალის ინსტრუმენტები სამი კატეგორიად შეიძლება დავყოთ, - „მისი კულტურა (იმ შემთხვევაში, როდესაც ის მიმზიდველია სხვებისთვის), პოლიტიკური ღირებულებები (რომლის მიხედვითაც ქვეყანა ხელმძღვანელობს შიდა და საგარეო პოლიტიკაში) და მისი საგარეო პოლიტიკა (თუ იგი წარმოჩინდება ლეგიტიმურად და გააჩნია მორალური ავტორიტეტი)“ (Nye 2004, 11).

კულტურაში ნაი მოიაზრებს მასობრივ კულტურას, რომელიც მოსახლეობის ფართო მასებშია დამკვიდრებული და არა მაღალ კულტურას (ლიტერატურა, ფერწერა, და ა. შ.), რომელიც უფრო კულტურული ელიტების საკუთრებაა. „კულტურა განისაზღვრება როგორც ღირებულებებისა და პრაქტიკის ერთობლიობა, რომელთაც საზოგადოებისთვის გარკვეული მნიშვნელობა გააჩნიათ“ (იხ. იქვე). ამ კატეგორიის მიხედვით ალბათ არსებობს მნიშვნელოვანი თანხვედრა რუსეთის და საქართველოს მოსახლეობის კულტურასა და ღირებულებებში, რადგან ორივე შემთხვევაში სახეზეა კონსერავატიულ-ტრადიციონალისტური განწყობების დომინირება. შესაძლოა ეს მივიჩნიოთ რუსეთის რბილი ძალის ზემოქმედების ფაქტორად ქართულ საზოგადოებაზე, თუმცაღა დამაეჭვებელია ის გარემოება, რომ კულტურული ღირებულებების თანხვედრა უცილობელ ასახვას პოვებდეს მოსახლეობის პოლიტიკურ ხედვებზე. როგორც ნაი აღნიშნავს, „კოკა-კოლის და ბიგ-მაკის სიყვარული ისლამურ სამყაროში სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იქ ხალხს შეერთებული შტატებიც უყვართ“ (Nye 2004, 12).

რაც შეეხება ჯოზეფ ნაის მიერ ფორმირებულ ორ დანარჩენ კრიტერიუმს, პოლიტიკურ ღირებულებებს და საგარეო პოლიტიკას, ამ მხრივ უფრო ნაკლებად სავარაუდოა მათი რბილი ძალის ეფექტურ მექანიზმებად განხილვა რუსეთთან მიმართებაში. საქართველოს ბევრი მოქალაქისთვის რუსეთი არის შედარებით ნაცნობი სივრცე კულტურულ-ლინგვისტური თვალსაზრისთ, თუმცა ეს არ ქმნის მოსახლეობაში რუსეთის, როგორც სახელმწიფოს დადებითი იმიჯის ჩამოყალიბების უცილობელ წინაპირობას, განსაკუთრებით ორ ქვეყანას შორის არსებული მძიმე სამხედრო-პოლიტიკური კრიზისებიდან გამომდინარე.

პუტინის მიერ იდეოლოგიურ პლატფორმად გამოცხადებულ რელიგიურ-კონსერვატიულ ღირებულებებს ბევრი მიიჩნევს თანამედროვე რუსეთის რბილი ძალის ყველაზე თვალსაჩინო ინსტრუმენტად. ანდრეი ციგანკოვი, ავტორი 2014 წელს გამოცემული წიგნისა „რუსეთი და დასავლეთი ალექსანდრედან პუტინამდე“ რუსული პოლიტიკური მსოფლმხედველობის სამ ძირითად ქვაკუთხედს გამოყოფს. ესენია, პირველი, სუვრენეულობა, ანუ რუსეთის ცივილიზაციური განსხვავებულობა; მეორე, ძლიერი და პროტექციონისტული სახელმწიფო და მესამე, ჩვენ შემთხვევაში ყველაზე საინტერესო პრინციპი, ლოიალურობა იმ ძალების მიმართ, რომლებიც რუსეთის ღირებულებებს იზიარებენ. „ყველა აღნიშნული მომენტი, მეტ-ნაკლებად გულისხმობს მართლმადიდებლური სარწმუნოების, რუსული მართმადიდებელი ეკლესიის და ზოგადად, მართლმადიებელი ქრისტიანების დაცვას გლობალური მასშტაბით. ვლადიმერ პუტინმა მოკლედ განმარტა რუსული ღირსების კოდექსი 2005 წელს ათონის მთაზე ვიზიტისას, როდესაც რუსეთი პარასლავნაია ძერჟავად, ანუ მართლმადიდებლურ ძალად გამოაცხადა“ (Petro 2015).

ამგვარი სპირიტუალისტურ-მესიანისტური ხედვების წინა პლანზე წამოწევა ხაზს უსვამს რუსეთის მმართველი ელიტების მისწრაფებას, თავიანთი სახელმწიფო დასავლეთის ალტერნატიულ და ამავდროულად ტოლფას ძალად წარმოაჩინონ. დასავლურ ლიბერალურ, სეკულარულ ღირებულებეს დაუპირისპირონ ნაციონალისტური და კონსერვატიული ღირებულებები, რომლის მთავარ საყრდენადაც რუსეთი მოიაზრება. როგორც პუტინმა განაცხადა, „დასავლეთის ლიდერებმა სეკულარული მსოფლმხედველობით და ქრისტიანობის უარყოფით მიაღწიეს ადამიანური ღირსების დაკარგვას“ (Speedie 2015). რუსული პოზიციიდან დასავლეთი განიხილება დეკადენსის და მორალური კრიზისის ფაზაში მოყოფი ცივილიზაციად, ხოლო ამის საპირისპიროდ რუსეთი ინარჩუნებს ევროპაში მივიწყებული ქრისტიანულ მორალს და გლობალური მასშტაბით მზადაა თავის გარშემო შემოიკრიბოს მისი ღირებულებების გამზიარებელი ძალები. ამგვარ ძალებში შეიძლება მოხვდნენ ევროპული რადიკალი მემარჯვენე პოლიტიკური პარტიები, რომელთა იდეოლოგიური სიახლოვე რუსეთთან აშკარაა, ასევე პოსტ-საბჭოთა სივრცის ზოგიერთი სახელმწიფოები. ამ მიდგომას, ანუ რეგიონული თუ გლობალური მასშტაბით თანამოაზრეების რუსეთის გარშემო შემოკრების იდეას თავად პუტინმა პოლიკულტურალიზმი უწოდა. პოლიკულტურალიზმი აღიარებს თითოეული კულტურის უნიკალურობას, თუმცა მნიშვნელობას ანიჭებს მათთვის დამახასიათებელ რაიმე საერთო, გამაერთიანებელ ღირებულებას, რითაც იგი განსხვავდება მულტიკულტურალიზმისგან.

აქედან გამომდინარე, ერთი შეხევით, ჩნდება განცდა, რომ საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელისთვისაც მკაფიო რელიგიურ-ტრადიციონალისტური განწყობებია დამახასიათებელი, სწორედ იმ საერთო ღირებულების მატარებელია, რაც პუტინის პოლიკულტურალიზმშია ნაგულისხმევი. შესაბამისად, შესაძლოა დავუშვათ, რომ რუსეთის ეს გზავნილები მისაღები შეიძლება აღმოჩნდეს ბევრი ქართველისთვის და რუსეთის სახელმწიფოსა და პოლიტიკისადმი ლოიალური განწყობა დაამკვიდროს.

თუმცაღა, მთელი რიგი გარემოებები მიანიშნებენ, რომ ეს მთლად ასე არ არის. პირველ რიგში კი სოციალური გამოკითხვების შედეგები. CRRC-ის (კავკასიის რესურსების კვლევის ცენტრი) მიერ NDI-სთვის (საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტი) 2015 წლის აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვების შედეგები ამ მიმართულებით საკმაოდ საინტერესო და წინააღმდეგობრივ შედეგებს ააშკარავებს. შეკითხვა იყო შემდეგი: - „რომელ მოსაზრებას ეთანხმებით, იმას, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციით (ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებით) თუ იმას, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების ჩამოყალიბების სანაცვლოდ უარს იტყვის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე“ (Public Attitudes in Georgia, August 2015)? მიღებული შედეგი, მთლიანობაში, მოსალოდნელი იყო - გამოკითულთა 45 % დასავლეთთან ინტეგრაციას უჭერს მხარს, 30 % რუსეთთან ინტეგრაციას დასავლეთთან დაახლოებაზე უარის თქმის სანაცვლოდ, დანარჩენი 25 %-მა კი არ იცის ან უარს ამბობს პასუხზე.

როგორც ვხედავთ, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მომხრეთა პროცენტული რაოდენობა მნიშვნელოვნად, 15 %-ით აჭარბებს რუსეთთან დაახლოების მომხრეთა რაოდენობას.

სოციალური გამოკითხვების თემას თუ გავაგარძელებთ, საკმაოდ საინტერესო შედეგს მივიღებთ, თუკი გამოკითხულთა მთლიან ოდენობს დავაჯგუფებთ იმ დასახლებების ტიპისა და და ეთნიკური მიკუთვნებადობის ნიშნით, რომელშიც სახლობენ და განეკუთვნებიან გამოკითხული რესპოდენტები, - დედაქალაქის მოსახლეობა, სხვა ურბანული დასახლებების მოსახლეობა, სოფლის მოსახლეობა და ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობა. ამგვარი შეფარდების შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ თბილისის მოსახლეობის ნახევარზე მეტი, 55 % მხარს უჭერს დასავლეთთან ინტეგრაციას და მხოლოდ 25 % ემხრობა რუსეთს.

დანარჩენ ურბანულ დასახლებებში ასევე მაღალია დასავლეთთან ინტეგრაციის მომხრეთა ოდენობა - 51 %.

ამ კვლევის მიხედვით, საერთო შედეგებისგან საკმაოდ განსხვავებული სურათი იკვეთება ცალკე აღებული სოფლის მოსახლეობის და ეთნიკურად არა-ქართველი მოსახლეობის შემთხვევაში. სოფლად დასავლეთთან ინტეგრაციისა (38 %) და რუსეთთან ინტეგრაციის (39 %) მომხრეთა რიცხვი თანაბრდება. დანარჩენ 23 %-ს არა აქვს პასუხი ან უარს ამბობს პასუხზე.

თანაბარი შედეგები იდება ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობის შემთხვევაშიც - 30 % დასავლეთთან ინტეგრაციის მომხრე და 29 % რუსეთთან დაახლოების მომხრე. ეთნიკურად არაქართველების შემთხვევაში საგრძნობლად მაღალია იმ რესპოდენტთა რაოდენობა - 42 %, რომელიც უარს ამბობს ან არ გააჩნია პასუხი.

შედეგიდან გამომდინარე აშკარად იკვეთება ის გარემოება, რომ სოფლის მოსახლეობის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ ნაკლებად ანტაგონისტურია. იგივე შეიძლება ითქვას ეთნიკურად არაქართველ მოსახლეობაზეც.

სოფლად, სადაც სოციალურ-ეკონომიკური ვითარება საგრძნობლად უარესია ქალაქთან შედარებით, მოსახლეობა ნაკლები ენთუზიაზმით არის განწყობილი დასავლეთის მიმართ. ამის მიზეზების გამორკვევას ცალკე კვლევა სჭირდება, თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სოფლის მოსახლეობისა და ეთნიკური უმცირესობებისთვის რუსეთი შესაძლოა ასოცირდებოდეს პროდუქციის გასაღების ყველაზე რეალურ შესაძლებლობასთან.

ჩემი აზრით, ეს შედეგი არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ სოფლის მოსახლეობის საგრძნობი ნაწილი პრო-რუსული საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის მატარებელია. საქმე იმაშია, რომ მძიმე სოციალურ პირობებში მყოფ მოსახლეობას, რაღა თქმა უნდა, აქვს სურვილი ჰქონდეს პირდაპირი წვდომა და პროდუქციის გატანის შესაძლებლობა გეოგრაფიულად უახლოესი მეზობლის ბაზარზე, როგორც ეს 1990-იანი წლების მიწურულამდე ხდებოდა. ამგვარ შედეგებში მოულოდნელი არაფერია და საკმაოდ ლოგიკურიცაა. შესაბამისად, ყოვლად უპასუხისმგებლო და არაადეკვატურია ზოგიერტი პოლიტიკოსისა და ანალიტიკოსის ბრალდებები და მოსახლეობის ერთგვარ კოლაბორაციონიზმში დადანაშაულება, მხოლოდ იმის გამო რომ მათ ღირსეულ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში ცხოვრება სურთ. შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს მრავალი მოქალაქის მოტივაცია, მოხდეს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, უფრო მეტად ეკონომიკურ-რაციონალურ გათვლებს ეფუძნება და არა რაიმე იდოლოგიურ სოლიდარობას პუტინის მთავრობის მიმართ.

საქართველოში რუსული რბილი ძალის პოტენციალი მნიშვნელოვნად შეზღუდულია, რადგან სახეზე გვაქვს ამავე სახელმწიფოს ხისტი ძალის დესტრუქციული შედეგები ახლად მომხდარი ომის, ტერიტორიების ოკუპაციის თუ დევნილი მოსახლეობის სახით. რუსეთის პოლიტიკის ეს ნეგატიური შედეგები საეჭვოა გადაფაროს კულტურულ-რელიგიური სიახლოვის მომენტებმა.

საქართველოში რუსული პროპაგანდისტული ტელე-არხებისა და ვებ-საიტების ფუნქციონირებას ბევრი შემფასებელი ასევე საგანგაშოდ აფასებს, თუმცა ასევე ნაკლებად სავარაუდოა მათ სრულფასოვანი კონკურენცია გაუწიონ ქართულ მედია-საშუალებებს. ამასთან ერთად, რუსული ენის კარგად მცოდნეთა რაოდენობა ქართველ ახალგაზრდებში თანდათან კლებულობს.

ასევერ, „რუსულ რბილ ძალას საქართველოში არ ძალუძს დააბალანსოს ევროპული პროექტები, როლმებიც ბევრად ფართო მასშტაბისაა და უფრო პროფესიონალურადაა იმპლემენტირებული“ (Makarychev 2016).

ზემოთ აღწერილი გარემოებებიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ რუსული ე. წ. რბილი ძალის შესაძლებლობები საქართველოში საკმაოდ გადაჭარბებულია და ახლო მომავალში მოსახლეობის საგარეო პოლიტიკური პიორიტეტების ცვლილების ალბათობა ნაკლებია. მართალია, საქართველოში არსებობენ ძალები, ძირითადად მემარჯვენე-კონსერვატიული იდოლოგიის მატარებლები, რომლებიც რუსეთთან დაახლოებას ადვოკატირებენ, რასაც საქართველოს სტრატეგიული ინტერესებით ასაბუთებენ, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ისინი ამ ეტაპზე საკმაოდ მარგინალიზებულნი არიან პოლიტიკური პროცესებისგან.

  1. Nye, Joseph. 2004. Soft power: The Means of Successes in World politics. New York: Public Affairs
  2. Makarychev, Andrey. 2016. The Limits of Russian Soft Power in Georgia. Ponras Eurasia. January 01
  3. Petro, Nicolai. 2015. “Russia’s Orthodox Soft Power”. Carnegie Council for Ethics in International Affairs. March 23
  4. Rukhadze, Vasil. 2016. Russia’s Soft Power in Georgia: How Does It Work? The Jamestown Foundation. February 19
  5. Speedie, David. 2015. “Soft Power”: The values that Shape Russian Foreign Policy. Carnegie Council for Ethics in International Affairs. July 30
  6. The Caucasus Research Resource Center (CRRC). ბოლოს ნახულია 20. 04. 2016