ლარის კურსი - გარე და შიდა ფაქტორები, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა

Ketevan Adeishvili - 24.06.2016

საქართველოში მიმდინარე ბოლოდროინდელმა მაკროეკონომიკურმა პროცესებმა არა მხოლოდ ქვეყნის მასშტაბით დიდი ყურადღება მიიქცია იმდენად, რამდენადაც დიდია მათი გავლენა, როგორც ქყვენის თითოეულ მოქალაქეზე, ასევე ქვეყნის მთლიან ეკონომიკასა და მისი განვითარების მსვლელობაზე.

ეროვნული ვალუტის დევალვაციამ ინტენსიური ხასიათი 2015 წლის ბოლო კვარტალში მიიღო. პრობლემის გარშემო მითქმა - მოთქმა და დისკუსიები დღემდე არ წყდება, რადგან ყველასათვის ცხადია იმ ეკონომიკური წნეხის სიდიდე, რომელიც ამ რამდენიმე თვის განმავლობაში მთლიანად ქვეყანასა და მოსახლეობას დააწვა. საზოგადოების დიდი ნაწილი სკეპტიკურადაა განწყობილი ვალუტის კურსის ბოლოდროინდელი დაწევის, და არა გამყარების მიმართ. შეფასებები და პროგნოზები კეთდება არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, ეკონომისტების თუ დაინტერესებული პირების მიერ, რომლებიც თავიანთ შეხედულებებსა და მიდგომებს აცნობენ საზოგადოებას, ხოლო ხელისუფლება ვერც უწინ, როდესაც ეროვნული ვალუტის კურსი საკმაოდ მაღალი ტემპებით მიიწევდა წინ, და ვერც ახლა, ვერ ხედავს საგანგაშოს მომდინარე და გასულ მოვლენებში, და ამბობს, რომ სიტუაცია მის კონტროლს ექვემდებარება. თუმცა, რეალობა სხვა დასკვნების გამოტანის ეფექტს ქმნის.

საზოგადოების სხვადასხვა ფენებში განხვავებულია კურსის ასეთი ცვლილების მიზეზების შესახებ დასკვნები. ნაწილი კომპეტენტური პირებისა მიიჩნევს, რომ ამოსავალი წერტილი გარე ფაქტორებში უნდა ვეძებოთ, კერძოდ კი მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკურ ვარდნაში, სავალუტო ჩავარდნებსა და ნავთობის ფასის ზრდაში, ნაწილი კი ხელისუფლებასა და ეროვნულ ბანკს სდებს ბრალს მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობის საქართველოზე გავლენის ფონზე უმოქმედობასა და უუნარობაში. ასევე, არსებობს მოსაზრება, რომ საბიუჯეტო ხარჯები არაეფექტურად ნაწილდება, ხოლო საბიუჯეტო სახსრების დიდი ნაწილი იფლანგება, რაც ინფლაციას განაპირობებს. და ბოლოს, ერთ - ერთ მიზეზად სახელდება სებ - ის ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის არასწორი და საეჭვო გადაწყვეტილებები და სებ - ის არასათანადო მართვა, რის შესახებაც არაერთი კვლევის შედეგი თუ შეფასება გაცხადდა.

რეალურად, საზოგადოების სხვადასხვა ნაწილის მოსაზრებები ცალსახად არ იძლევა ამომწურავ პასუხს. საჭიროა უფრო ღრმა ანალიზი მონაცემებისა და პროცესებისა, რაც სწორი დასკვნების გამოტანის საშუალებას მოგვცემს. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ეროვნული ვალუტის დევალვაციის პროცესში თავი იჩინა როგორ შიდა, ისე გარე ფაქტორებმა და ამასთანავე, არც ერთი მათგანი არ ყოფილა ცალსახად და დამოუკიდებლად ლარის გაუფასურების მიზეზი. დავიწყოთ გარე ფაქტორების განხილვით. რომ გადავხედოთ ბოლო პერიოდში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, მაგალითად თურქეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, კანადის, საბერძნეთის, სომხეთისა და სხვ. ქვეყნების სავალუტო მონაცემებს, ასევე ზოგად მდგომარეობას, ნათლად დავინახავთ რიგ მნიშვნელოვან პრობლემებს, რომელთა წინაშეც ეს ქვეყნები დგანან. ჩვენ ვიცით, რომ აღნიშნული სახელმწიფოები დიდი ხანია მჭიდროდ თანამშრომლობენ საქართველოსთან. ყველასათვის ცხადია, რომ საბერძნეთის, თურქეთისა და კანადის ტერიტორიაზე საქართველოს შრომისუნარიან მოქალაქეთა დიდი ნაწილია გადინებული. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ქვეყანაში გზავნილების სახით არც თუ ისე მცირე მასის უცხოური ვალუტის შემოდინებას უზრუნველყოფენ. ხოლო მას შემდეგ, რაც აღნიშნულ „დამსაქმებლებს“ ეკონომიკურად „გაუჭირდათ“, ცხადია, საქართველოში შემომავალმა ფულადმა ნაკადებმაც მკვეთრად იკლო.

მხედველობაში უნდა მივიღოთ გასული წლების ქვეყნის პოტენციალი საგარეო ვაჭრობაში. სტატისტიკური ინფორმაცია აჩვენებს, რომ 2014 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, წინა წლების ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, ექსპორტირებული საქონლის მოცულობამ თანდათან იკლო და აღნიშნული ტენდენცია 2016 წლის დასაწყისშიც გრძელდება. ეს კი, თავისთავად, ინფლაციის მაჩვენებელზეც აისახება. რაც შეეხება იმპორტს, 2015 წლის განმავლობაში იმპორტირებულმა საქონელმა 7726661 ათასი აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 5523027 ათასი აშშ. დოლარით აღემატება იმავე წლის ექსპორტირებული საქონლის ოდენობას. აღნიშნული მონაცემები, მიუხედავად იმისა, რომ იმპორტირებული საქონლის მოცულობა გასულ წლებთან შედარებით კლების ტენდენციით ხასიათდება, ბადებს კითხვას - ხომ არ იქონია გავლენა იმპორტ-ექსპორტის ამგვარმა თანაფარდობამ ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე? თუმცა, ეროვნული ბანკის განცხადებით „ინფლაციის ზრდის განმსაზღვრელი კვლავ მიწოდების მხარეს მოქმედი ფაქტორებია. კერძოდ, გაცვლითი კურსის გაუფასურებით გამოწვეული წარმოების შუალედური ხარჯების გაძვირება და ცალკეულ იმპორტირებულ საქონელზე ფასების ზრდაა“, თუმცა, რამდენად შეიძლება მხოლოდ ეს ფაქტორი ჩავთვალოთ მიზეზად, სადავო საკითხია და ამასთანავე, ეროვნული ბანკის ამგვარი განცხადება სრულიად არ პასუხობს დასმულ კითხვას.

საინტერესოა ინვესტიციების მოცულობა 2014-2015 წლებში: 2015 წელს (წინასწარი მონაცემებით) მისმა მოცულობამ 1351 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 6 პროცენტით აღემატება 2014 წლის წინასწარ შედეგებს და 23 პროცენტით ნაკლებია ამავე წლის დაზუსტებულ მონაცემებზე. ცხადია, ეს მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ 2015 წელს შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, სხვა ფაქტორებთან ერთად, ეროვნული ვალუტის გაუფასურების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი იქნებოდა.

ყურადღებას იქცევს საბიუჯეტო მაჩვენებლებიც. გასული წლების მონაცემებს შორის ყველაზე საინტერესოა 2014 წელი, როდესაც 2013 წლის გარდამეტის შემდეგ, ბიუჯეტი დეფიციტური აღმოჩნდა 44788.7 ათასი ლარის ოდენობით, მიუხედავად იმისა, რომ მიღებულმა შემოსავლებმა რამდენადმე გადააჭარბა გეგმით გათვალისწინებულს. აქ უნდა ვიგულისხმოთ, რომ მმართველმა ორგანომ აღნიშნული გარღვევა სახელმწიფო ვალის მეშვეობით დაფარა, რაც თავისთავად, დიდად არ არგებდა ქვეყნის მაკროეკონომიკურ მდგომარეობას. საპირისპიროდ, 2015 წელს რამდენადმე განმეორდა 2013 წლის მდგომარეობა და საბიუჯეტო შემოსავლებმა ისევ გადააჭარბა ფაქტობრივ ხარჯებს 12500.9 ათასი ლარის ოდენობით. რაც შეეხება 2016 წლის ბიუჯეტის შესრულებას, ორი თვის - იანვრისა და თებერვლის - მდგომარეობით, შემოსულობებმა შეადგინა წლიური გეგმის 12%, რაც გასული წლის ამავე მაცვენებელზე იგივე 12%-ის ტოლი ოდენობითაა მეტი (156 მლნ. ლარით), გადასახდელების მაჩვენებელი კი წლიური გეგმის 14%-ს შეადგენს და გასული წლის ამავე მაჩვენებელს 10%-ით აღემატება, რაც 128 მლნ. ლარის ტოლია. აღნიშნული არცთუ სახარბიელო მონაცემები აჩენს ეჭვს, რომ განმეორდება 2014 წლის გარღვევა, რაც თავისთავად ქმნის სავალუტო კრიზისის გამძაფრების მოლოდინს. თუმცა, ეს მხოლოდ 2 თვის მონაცემებია და ჯერ კიდევ შესაძლებელია, მოვლენები სხვაგვარად განვითარდეს, იმის საპირისპიროდ, ვიდრე საზოგადოება ელის.

შემდეგ პუნქტში შევეხები რეფინანსირების განაკვეთს, რომელის მაჩვენებელმაც ბოლო რამდენიმე დღეა 50 პუნქტით დაიკლო. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი გარკვეული პერიოდის განმავლობაში 8%-ზე შეინარჩუნა. განაკვეთის 8%-მდე გაზრდა მას შემდეგ მოხდა, რაც აღმოჩნდა, რომ საქართველოს საბანკო სექტორს ბაზრის ძირითადი ნაწილი უკავია და საჭირო გახდა სებ-ის გარკვეული ჩარევა მიმდინარე პროცესების დასარეგულირებლად, რათა ეს არახელსაყრელი დისბალანსი დაერღვია. დღეისათვის, ცხადია, რომ საბანკო სექტორის როლი და გავლენა საქართველოს ეკონომიკასა და მაკრო გარემოზე საკმაოდ დიდია და აქედან გამომდინარე, ეს უკანასკნელნი საბანკო სექტორში მიმდინარე ყოველი პროცესის მიმართ ძალიან მგრძნობიარენი არიან. ამიტომ, როდესაც ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 7.5%-მდე დაწევას აქვს ადგილი, აქვე ჩნდება მეორე მნიშვნელოვანი კითხვა: იმ პირობებში, როდესაც საბანკო სექტორის როლი ასე დიდია ქართულ ეკონომიკაში, როდესაც ფულის მასის უდიდესი ნაწილი სწორედ საბანკო სექტორში ბრუნავს, და იმის გათვალისწინებით, რომ ეროვნულმა ვალუტამ, თუმცა არასტაბილურად, მაგრამ ახლახანს დაიწყო გამყარება, ხომ არ ექნება ადგილი ბანკების მიერ, მათგან დამოუკიდებლად, სავალუტო კრიზისისთვის ხელშემწყობი ნაბიჯების გადადგმას? - საინტერესოა, როგორია სებ-ის მიდგომები ამასთან დაკავშირებით და რა ბერკეტებს გამოიყენებს ის, რომ ლარის კურსმა ისევ ბოლოდროინდელ ნიშნულს არ მიაღწიოს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რეფინანსირების სესხების მოცულობა 2013 წლიდან მოყოლებული დღემდე, ეტაპობრივად იზრდება. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ზრდის ტენდენცია გაგრძელდა, დაწეული განაკვეთის ფონზე, ბანკებისთვის დომინანტური მდგომარეობა არათუ შენარჩუნდება, არამედ კიდევ უფრო გამყარდება და საეჭვოა, ამან გარვეული გავლენა ისევ არ იქონიოს ეროვნული ვალუტის კურსის შემდგომ ფორმირებაზე.

დავუბრუნდეთ ბიუჯეტის საკითხს. აქ ჩნდება მოსაზრება, რომ საბიუჯეტო სახსრების არ ნაწილდება ეფექტურად და ეს მოსაზრება სრულიად სამართლიანია იმდენად, რამდენადაც ამის ფიქრის საფუძველს ბიუჯეტის გარშემო არსებული მონაცემები გვაძლევს. გავითვალისწინოთ, რომ მომგებიანი და სწორი მიდგომაა არა ბიუჯეტის დიდი მოცულობა, არამედ ისეთი დაგეგმვა, რომელიც მაქსიმალურად ეფექტიანად გადაანაწილებს ხარჯებს. ეჭვს იწვევს სამინისტროების სიმრავლე, რომლებიც დღეს საქართველოში მოქმედებენ. მათი რაოდენობა დღეს 20-ს აღემატება, რაც დასავლური გამოცდილებისაგან შორსაა. განვითარებული და ასევე განვითარებადი ქვეყნები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტად შეკვეცონ სამინსტროები და მეტად ეფექტურად გადაანაწილონ ფუნქციები, რაც თავისთავად უმცირებს მათ საბიუჯეტო სახსრებს და გამორიცხავს ფულის არამიზნობრივ ხარჯვას. არამიზნობრივი ხარჯვა კი გარე ფაქტორებისაგან დამოუკიდებლად, სხვა შიდა პროცესებთან ერთად იწვევს მაკრო გარემოს მოშლასა და მონეტარულ არასტაბილურობას. ვფიქრობ აუცილებელია ქვეყანაში მოხდეს სამინისტროთა შეკვეცა და რეორგანიზაცია და საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინოს დასავლელი პარტნიორების გამოცდილება, რათა ქვეყანაში არ ხდებოდეს საბიუჯეტო სახსრების ხელოვნური, არამიზნობრივი ფლანგვა.

ქვეყანაში სავალუტო კრიზისის ფონზე, ეროვნული ბანკის ბერკეტები ცოტა არ იყოს, საეჭვო იყო. სებ-ის პრეზიდენტი, ბატონი ქადაგიძე ამბობდა, რომ საგანგაშო არაფერი იყო, საქართველოს ფინანსთა მინისტრი კი აცხადებდა, რომ კურსის დაწევას უნდა ველოდოთ. ამ დროის განმავლობაში კი, სანამ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი და მთავრობის წევრები პოზიტიურ განცხადებებს აკეთებდნენ და მიიჩნევდნენ, რომ კურსი მალე დასტაბილურდებოდა, ეროვნული ვალუტის გაუფასურების მაჩვენებელი რეკორდულ ნიშნულს მიუახლოვდა. საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით, ამაში დამნაშავე სწორედ ბატონი ქადაგიძეა, მაგრამ რამდენად ახლოსაა ეს მოსაზრება სიმართლესთან, რთული სათქმელია. თუმცა, არც იმის თქმა შეიძლება გადაჭრით, რომ მან რაიმე რეალური საშუალება გამოიყენა ინფლაციის შესაკავებლად. გაჩნდა აზრი, რომ აუცილებელი იყო რეზევების გახსნა, თუმცა სებ-ის ხელმძღვანელმა ეს ბერკეტი არ გამოიყენა და დაელოდა მოვლენების განვითარებას. გარდა ამისა, ჩნდება ეჭვი, რომ სებ-ს შეეძლო საგარეო ფაქტორების გავლენის ფონზე დაწყებულ ინფლაციას შეშველებოდა ევროპის მსოფლიო ბანკისაგან სესხის აღებით, თუმცა მან არც ეს შესაძლებლობა გამოიყენა და ლარის კურსი „ბედს მიანდო“. მოგვიანებით, სებ-ის პრეზიდენტის შეცვლისთანავე, ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო. ეს გამოიწვია იმან, რომ ქადაგიძის შეცვლას დაემთხვა მეზობელი ქვეყნებიდან გზავნილების მოცულობის ზრდა და ასევე, თურქეთიდან, არაერთი ტერაქტის გამო, ტურისტების გადმოდინება. მომენტალურად გაიზარდა ტურისტების რაოდენობა საქართველოში, რომელთა დიდი რაოდენობა რუსია. ეს იმას ნიშნავს, რომ თურქეთის რუს ტურისტთა უდიდესი ნაწილი იცვლის დასასვენებელ ადგილს და ინაცვლებს საქართველოში, ამაც ბევრად შეუწყო ხელი საქართველოს მონეტარული მდგომარეობის დასტაბილურებას.

საქართველოს ტურისტული რესურსის ათვისებების ასეთი მზარდი ტენდენცია გრძელდება და არსებობს ბევრად მეტი მოცულობის ტურისტის შემოდინების მოლოდინი, რაც, ცხადია, დადებითად აისახება ჩვენს ეკონომიკაზე.

მიუხედავად იმისა, რო ეროვნული ვალუტა ამჟამად ბევრად უფრო კარგ მდგომარეობაში იმყოფება, ვიდრე დაახლოებით ერთი თვის წინ, მაინც რჩება გარკვეული ეჭვები: შეძლებს თუარა ეროვნული ბანკი კურსის შენარჩუნებას; რა ბერკეტებს გამოიყენებს სებ-ის ახალი პრეზიდენტი და რას უნდა ველოდოთ მისი ხელმძღვანელობისგან; რა გავლენას მოახდენს გაზრდილი გადმორიცხვები ლარის კურსზე სხვა თანაბარ პირობებში, თუ სხვა ფაქტორებმაც არ შეუწყვეს ხელი მის გამყარებას და ა.შ. და ბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ ყველაფრის გათვალისწინებით, აუცილებელია ეროვნული ვალუტის არა უბრალოდ გამყარება, არამედ მისი დასტაბილურება. ეს იქნება გარანტია იმისა, რომ საქართველო ღია ეკონომიკის პირობებში ინვესტორებისათვის საინტერესო და სანდო იყოს.

ბოლო პერიოდში საინტერესო მიდგომები აქვს მთავრობას ეკონომიკის განვითარების მიმართ და ამ მხრივ გარკვეული ნაბიჯებიც გადაიდგა. მისასალმებელია საგადასახადო რეფორმის დანერგვა, რომელიც ესტონურ მოდელს ემყარება. არნიშნული ცალსახად ხელს შეუწყობს ბიზნესის სტიმულირებასა და მათთვის საგადასახადო წნეხის შემსუბუქებას, რაც ჯერ ერთი, უკვე მოქმედ ბიზნესებს მისცრმს გაზრდა - განვითარების საშუალებას, და მეორეს მხრივ ხელს შეუწყობს ინვესტორების მოზიდვას, რომლებიც პრიორიტეტს თავისუფალ ბაზარს ანიჭებენ. ამასთანავე, ასეთი რეფორმის სემდეგ საბაზრო სისტემამ უნდა შექმნას მიმზიდველი გარემო ადგილობრივი სტარტაპებისთვისაც.
მთავრობამ გააჟღერა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უახლოეს პერიოდში მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, მოხდება ბიზნეს პროექტების დაფინანსება. ეს გახლავთ უკვე დაწყებული კამპანიის გაგრძელება, რომლის პირველი ეტაპიც 2014 წლის აპრილში დასრულდა. აღნიშნული იმის გარანტი უნდა იყოს, რომ ქვეყნის მწარმოებლურობა გაიზრდება და ეს თავისთავად და პირდაპირ გამოიხატება ეკონომიკურ ზრდაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ წელს პირველად, ლონდონის საფონდო ბირჟაზე გავიდა სამი ქართული კომპანია, რომლებმაც ბაზარზე თავიანთი ფასიანი ქაღალდები განათავსეს. მიუხედავად იმისა, რომ სამივე მათგანი საქართველოს წამყვანი კომპანიებია, რომლებიც ისედაც მოწინავე პოზიციებს იკავებენ და დანარჩენებზე ბევრად უფრო რეიტინგულები არიან, არ გავქვს საფუძველი აღნიშნული ფაქტი უარყოფითად შევაფასოთ. უბრალოდ, აუცილებელია გზის გახსნა სხვა ფირმებისთვისაც, რომლებიც გაზრდიან კონკურენციას და მეტ სარგებელს მოუტანენ ქვეყანას.

აღვნიშნავ კავკასიის საინვესტიციო ფონდის შექმნის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის, რომლის აღნიშვნაც ნამდვილად ღირს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის განხილვისას. ფონდის სამუშაო ადგილი არის თბილისი, ხოლო ძირითადი მიხანია დაფინანსდნენ ის დამწყები მეწარმეები სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში, რომლებიც ბიზნესის დასაწყებად სესხს ვერ იღებენ ბანკებისგან. რა თქმა უნდა, ეს გვაძლევს პოზიტიური მოლოდინებისა და ეკონომიკური ზრდის მოლოდინის საბაბს.

და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი ბოლოდროინდელი მოვლენაა საქართველოსთვის სავიზო ბარიერების მოხსნა ევროპის ქვეყნების მიმართულებით. საზოგადოება ამ მხრივაც დადებითად არის განწყობილი და არის დიდი მოლოდინი იმისა, რომ ღია ეკონომიკისა და თავისუფალი ვაჭრობის პირობებში ქვეყანა მოახერხებს განვითარებასა და ზრდას. ამასთანავე, ასოცირების ხელშეკრულება იმის გარანტიას მისცემს საქართველოს, რომ არსებული სავაჭრო ბარიერები გადალახოს და შეუერთდეს საერთაშორისო ბაზარს. აღნიშნული ასევე არის გარანტია იმისა, რომ ქვეყანამ შეძლოს ინვესტორებისა და სავაჭრო პარტნიორების შემოდინება, თავისუფალი სავაჭრო გარემოს შექმნა და ლიბერალური საგადასახადო სივრცის ფორმირება, რაც აუცილებელი პირობაა სწრაფი განვითარებისთვის.

აღნიშნული ფაქტები ცხადია, იმის მანიშნებელია, რომ მთავრობის მიერ იდგმება გარკვეული ნაბიჯები ეკონომიკური ზრდის მისაღწევად. ეს ნაბიჯები არც თუ ისე უმნიშვნელოა, პირიქით, ბოლო პერიოდში ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტებთან ერთად, ბევრი სხვა პოზიტიური პროცესის მხილველიც გახდა ქართული საზოგადოება და აუცილებელია იმის აღნიშვნა, რომ ხელისუფლება დგამს პოზიტიურ და ქვეყნისთვის სასარგებლო ნაბიჯებს. მათი გავლენა არც თუ ისე გრძელვადიან პერიოდში, ვფიქრობ, ყველასათვის საგრძნობი უნდა იყოს.

  1. საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები 
  2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემები 
  3. საქარველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური ინფორმაცია 
  4. საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ოფიციალურ ვებ - გვერდზე განთავსებული ოფიციალური ინფორმაცია