ბიუჯეტის შემცირება აფხაზეთში და რუსეთის სტრატეგიული პრობლემა

Administrator - 26.09.2016

17 დეკემბერი, 2015

ზოგჯერ მცირე ინფორმაცია ბიუჯეტის შემცირების შესახებ, ბევრ რამეს ავლენს ძალაუფლების საერთაშორისო ბალანსთან დაკავშირებით


რეალობის განხილვას ვიწყებთ ამბით ისეთი ადგილიდან, რომელზეც ბევრს არ სმენია: - აფხაზეთი!..

აფხაზეთი, - საქართველოს რესპუბლიკის ნაწილი იყო, მაგრამ გამოეყო, ისევე როგორც ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონი 1990-იან წლებში. ორივე რეგიონს ან რუსეთის ნაწილად დარჩენა სურდა, ან მათით მანიპულირებდნენ, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესულიყვნენ - ვერსია დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის მოუსმენთ.

აფხაზეთი, არასდროს ყოფილა რუსეთის მიერ ოფიციალურად ანექსირებული, ასე რომ რუსეთსა და საქარველოს შორის არის მოქცეული. საერთაშორისო მასშტაბით ცნობილია, როგორც საქართველოს ნაწილი. რუსეთი მას ეპყრობა როგორც მეგობრულ, ავტონომიურ რესპუბლიკას, მაგრამ პრაქტიკულად, აფხაზეთი, რუსეთის დე-ფაქტო ნაწილია.

აფხაზეთი, - კავკასიის ნაწილია, კავკასიის რეგიონი კი ისტორიულად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის. სამი იმპერია იყო ერთად კავკასიაში: ოსმალები (ახლა თურქები), სპარსელები (ახლა ირანი) და რუსები (კვლავ რუსები). რუსებისთვის კავკასია იყო და რჩება ბუფერად მასსა და თურქებს შორის. კავკასიის რეგიონი, იყოფა ორ ზონად: ჩრდილოეთი და სამხრეთი კავკასია. ჩრდილოეთ ნაწილი, სახელწოდებით მაღალმთიანი კავკასია, რჩება მნიშვნელოვან ბარიერად, რუსეთსა და სამხრეთ კავკასიას შორის. სამხრეთ კავკასია, არის ხიდი შავ და კასპიის ზღვებს შორის, მისი ჩრდილოეთ ნაწილი კი წარმოადგენს რუსეთის სამრეწველო და სოფლის მეურნეობის ცენტრალურ ნაწილს. თუ რუსეთი მთლიანად დაკარგავს კავკასიას, ისინი ამ მნიშვნელოვანი რეგიონის დაცვას ვერ შესძლებენ.

1991 წლის შემდეგ, საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი გახდნენ დამოუკიდებელნი და დომინირებენ სამხრეთ კავკასიაში. რუსები კვლავ აკონტროლებენ ჩრდილოეთ კავკასიას. კავკასიონი კი ბუნებრივი და ფასდაუდებელი საზღვარია მათ შორის, როგორც თავდაცვის ბოლო ხაზი რუსეთის არამდგრადი ფედერაციისთვის. სამხრეთ კავკასიაში განვითარებული მოვლენები, მათ საფრთხედ აღიქვეს - სინამდვილეში კი გავლენის სფეროს დაკარგვა არ სურდათ.

2008 წელს, რუსების აღქმით, საქართველო, შეერთებული შტატების გავლენის ქვეშ ექცეოდა და ხდებოდა პოტენციური ბაზა, ანუ, მათი თავდაცვის ბოლო ხაზს საფრთხე ემუქრებოდა. პასუხად, რუსები საქართველოში შეიჭრნენ საომრად და მათი არმია დაამარცხეს.

სტრატეგიულად, ეს ნიშნავდა რუსეთის, როგორც ძლიერი ძალის დაბრუნებას, რაც ახლა ახლო აღმოსავლეთშიც გრძელდება. ტაქტიკურად, ამ საქციელით, ამერიკელებსა და ქართველებს დაანახა არა მხოლოდ თავისი ძალაუფლება, არამედ თავისი შემწყნარებლობის საზღვარიც. საქართველო ვერ გახდებოდა შეერთებული შტატების ბაზა და განსაკუთრებით, აფხაზეთი ვერ გახდებოდა საქართველოს ნაწილი.

დღევანდელი აფხაზეთი იწყება დასავლეთ საქართველოს შავი ზღვის სანაპიროდან და მიჰყვება კავკასიის დასავლეთ კიდეს, ზღვის გასწვრივ. იგი ესაზღვრება სოჭს, სადაც ოლიმპიადა ჩატარდა. თუ საქართველო, ბუფერია თურქული და ირანული ძალის წინააღმდეგ, მაშინ აფხაზეთი, საქართველოს წინააღმდეგ არის ბუფერი და სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთისათვის.

რუსეთმა მნიშვნელოვანი რესურსები მიუძღვნა აფხაზების დამოუკიდებლობის და რუსების მიმართ კმაყოფილების შენარჩუნებას. ამიტომ არის მნიშვნელოვანი აფხაზეთის ფინანსთა მინისტრის, ამრა კვარანძიას განცხადება ბიუჯეტის შემცირების შესახებ დაახლოებით 134-დან, 74 მილიონ დოლარამდე. ამ შემცირების მიზეზად, რუსების მხრიდან დაფინანსების მნიშვნელოვანი კლება დაასახელეს.

რუსეთის დახმარება, 71 მილიონი დოლარიდან, დაახლოებით 6 მილიონ დოლარამდე შემცირდა. ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ უწყებათშორისმა კომისიამ, 23 დეკემბერს მოსკოვში განიხილა შემცირება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ შემცირებამ უკვე საკმაოდ დააზარალა აფხაზების ბიუჯეტი, ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან ერთი კვირით ადრე, არაფერი შეიცვლება.

უნდა ვაღიარო, რომ აფხაზეთის ბიუჯეტის პრობლემებით დაინტერესებული ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ძალიან მაინტერესებს შემდეგი:

რუსეთი აგრესიული ხდება თავის პერიფერიაზე - კავკასია, სტრატეგიულად მნიშვნელოვანია რუსებისთვის და 2008 წელს, მათ იქ იომეს საკუთარი ინტერესების დასაცავად.

რუსების აზრით, აფხაზეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და იქ სტაბილურობის შენარჩუნება, კრემლის პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს. ამის მიუხედავად, მათ მაინც შეამცირეს მხარდაჭერა, მართალია რუსეთისთვის უმნიშვნელო, მაგრამ აფხაზეთისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი რაოდენობით. არ არსებობს დაძაბულობის საფუძველი, რომ გვეფიქრა რუსეთი აფხაზეთს სჯის, ან ამისთვის მიზეზი აქვთ.

ამას ერთი ახსნა აქვს, რომ რუსები, კრიტიკულ მდგომარეობაში არიან ფინანსურად და სტრატეგიული მნიშვნელობის მიუხედავად, უბრალოდ ვერ ახერხებენ ყველა თავისი ვალდებულებისა და ინტერესის დაფინანსებას!..

ამჟამად რუსები, თავისი შეიარაღების და სამხედრო სფეროს გაუმჯობესებით არიან დაკავებულნი, უმკლავდებიან უკრაინასა და სირიას და ეს ყველაფერი ნავთობის ფასების დაცემის ფონზე, რაც გადამწყვეტია არა მხოლოდ მათი ეროვნული ბიუჯეტისთვის, არამედ მთლიანად რუსეთის ეკონომიკისთვისაც.

არის მომენტები, როცა თანხის რაოდენობა, რომელიც ჩვეულებრივ, ზოგიერთისთვის შეუმჩნეველი იქნებოდა, მნიშვნელოვანი ხდება. თუკი რუსეთის გეგმა არის აფხაზეთის მხარდაჭერის შემცირება, მათ ამას მიაღწიეს. რუსეთში ყველა სფეროში ამცირებენ ბიუჯეტს, თავდაცვის ხარჯების გარდა.

ეს ააშკარავებს რუსეთის ხელისუფლების პრობლემას. მათ შეუძლიათ სამხედრო ძალების განთავსება სირიაში პოლიტიკური მიზეზებით და ამერიკის მთავრობის იმედად, ხოლო ძირითადი სახელისუფლებლო მედია, მათი ჩართულობის მნიშვნელობას გააზვიადებს. მათ თვითმფრინავების შედარებით მცირე რაოდენობა გააგზავნეს, რომლებიც ამერიკელების იქ ყოფნამ შეაჩერა და მიაღწიეს იმას, რაც სურდათ - ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას.

ფაქტია, რომ რუსების სტრატეგია უსაფუძვლოა: ისინი ამცირებენ ფულს, რომელიც საჭიროა იმ რეგიონის სტაბილიზაციისთვის, რომლის გამოც წავიდნენ ომში, რომელიც მათი აზრით გამართლებული იყო. ამას მხოლოდ მაშინ აქვს ახსნა, თუ რუსები ჩიხში არიან ნავთობის ფასების გამო, თანაც იმაზე უარესი ფორმით, ვიდრე შეიძლებოდა ვინმეს ეფიქრა. ეს კი ნიშნავს, რომ ამერიკელების სტრატეგიამ გაიმარჯვა, თუ მათ სურთ საკუთარი უპირატესობის გამოვლენა.

ამერიკელების ზეწოლამ რუსეთის ბიუჯეტზე 1980-იან წლებში, როდესაც ნავთობის ფასი კვლავ შემცირდა და რუსებს მოუწიათ საკუთარი ფულადი სახსრების თავდაცვის ბიუჯეტში გადამისამართება, ნაწილობრივ განაპირობა რუსების დასუსტება. შესაძლოა რაღაც მსგავსი განმეორდეს ახლაც.

ზოგჯერ მცირე ინფორმაცია აფხაზეთის მსგავს ადგილებზე ბიუჯეტის შემცირების შესახებ, ბევრს ამბობს საერთაშორისო ძალაუფლების ბალანსთან დაკავშირებით. ეს ერთ-ერთი ამ შემთხვევათაგანია. ეს არ ცვლის ჩვენს აღქმას, რუსეთის ეკონომიკა ჩიხშია. ეს უბრალოდ წარმოდგენას გვიქმნის, თუ რამდენად უჭირთ და როგორ შეიზღუდა მათი სტრატეგია მნიშვნელოვან ადგილებში.


ავტორი: ჯორჯ ფრიდმანი - სტრატეგიული ანალიზისა და პროგნოზირების სააგენტოების - "stratfor" და "geopoliticalfutures" დამფუძნებელი.