ჰილარი კლინტონის საგარეო პოლიტიკის საწყისები

Administrator - 21.10.2016

18 ოქტომბერი, 2016

კანდიდატს თავისი სტრატეგია არ შეუცვლია საერთაშორისო სისტემაში ცვალებადი რეალობის საპასუხოდ

ეს არის არჩევნები, რომელშიც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მიუხედავად ამისა, როგორც ამჟამად მაინც ჩანს, ჰილარი კლინტონი შეერთებული შტატების მომავალი პრეზიდენტი იქნება. ამ ეტაპზე, ჩვენ შეგვიძლია, სამყაროს რეალური გამოწვევებიდან გამომდინარე, ვიკითხოთ, - თუ როგორი შეიძლება იყოს კლინტონის საგარეო პოლიტიკა მისი გამარჯვების შემთხვევაში. ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, ვინაიდან გასულ საღამოს ვიყავი სადილზე, სადაც იყვნენ უცხოეული დიპლომატები და ყველა უცნაურად შეპყრობილი ჩანდა ამ კითხვით.

მისი საგარეო პოლიტიკის გასაგებად მნიშვნელოვანია, გავიგოთ ამერიკის სტრატეგიის ევოლუცია საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ. კლინტონი არის ადამიანი, რომელსაც სწამს იმ შეხედულებების, ფასეულობებისა და ილუზიების, რომლებიც დომინირებდა ამერიკის პოლიტიკაში 1991 წლიდან 2008 წლამდე. იმ მსოფლიოს გაგებით, ჩვენ შევძლებთ, გავიგოთ კლინტონის მთავარი შეხედულებები და შემდეგ განვიხილოთ, რამდენად განვითარდა ისინი. კლინტონი წარმოადგენს ამერიკულ და გლობალურ კონსენსუსს, რომელიც გაჩნდა ცივი ომის დასრულების შემდეგ.

1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ, არსებობდა საერთო მოსაზრება, რომ უკან, წარსულში დარჩა ომითა და უნდობლობით სავსე მსოფლიო. ეს ნორმალურია, როდესაც გლობალური კონფლიქტი სრულდება. ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ, გამარჯვებული ძალები ვენის კონგრესზე შეხვდნენ და ორი რამ განაცხადეს:

პირველი, - რომ ნაპოლეონის მოწინააღმდეგე გამარჯვებული კოალიცია დაიკავებდა მის ადგილს და გააკონტროლებდა სიმშვიდეს.

მეორე - რომ არ არსებობდა ფუნდამენტური განსხვავებები ამ კოალიციის პარტნიორებს შორის.

მსგავსი ვარაუდები გამოთქვეს პირველი მსოფლიო ომის შემდეგ „ერთა ლიგაში“. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი შეიქმნა „გაერთიანებული ერების ორგანიზაცია“ და გამარჯვებული კოალიციის წევრები, უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრებად იქცნენ.

დიდ ომებს იგებენ კოალიციები და არა - ცალკეული სახელმწიფოები. არსებობს ილუზია, რომ ამ ქვეყნების საერთო ინტერესები, ომის დროს გაგრძელდება მშვიდობის შესანარჩუნებლად. წამყვანი ძალები ჩაახშობენ ახალ კონკურენტებს და ერთადერთი აუცილებელი რამ - სისტემაში დისციპლინის შენარჩუნება იქნება. ომი არის მოძველებული და გამოუსადეგარი, ხოლო ერთადერთი, რასაც მნიშვნელობა აქვს, არის სარგებლობა ეკონომიკური კეთილდღეობით, რომელიც გამარჯვების თანმდევია. ამ მანუგეშებელი ილუზიის პერიოდები, შესაძლოა, ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს, როგორც ნაპოლეონის ომების შემდეგ მოხდა, ან რამდენიმე თვე, როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

იგივე მოხდა ცივი ომის დასრულების შემდეგ: ამერიკასა და პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს მტკიცედ სწამდათ, რომ ცივ ომში გამარჯვებული კოალიცია და შექმნილი ინსტიტუტები, მშვიდობას დაამყარებდნენ. ნატო, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და სხვები, ისევე როგორც საბჭოთა კავშირის მოწინააღმდეგე ერების კოალიცია, რომელიც იყენებდა ამ ინსტიტუტებს, დაამყარებდა სამუდამო მშვიდობას და ისტორია ბედნიერ დასასრულს მიუახლოვდებოდა.

მხოლოდ ორი დავალება არსებობდა: ერთი - დაქუცმაცებული საბჭოთა იმპერიის ინტეგრირება უსაფრთხოებისა და ეკონომიკის დასავლურ სისტემასთან. მეორე - ურჩი კრიტიკული ერები.

როდესაც ერაყი ქუვეითში შეიჭრა, შეერთებულმა შტატებმა, ურჩი სადამ ჰუსეინის დასასჯელად უამრავი ქვეყანა შეკრიბა, მათ შორის ზოგიერთი ყოფილი კომუნისტური ქვეყანა, და ეს გააკეთა რუსეთის ან ჩინეთის რეაქციების გაუთვალისწინებლად. ამერიკის შეერთებული შტატები დომინირებდა გლობალურ კოალიციაში, კოალიციაში კი იყო თანამოაზრეობა და ერაყის მსგავს მცირე გამღიზიანებლებს ერთობლივად გაუმკლავდებოდა.

ასეთი იყო მსოფლიო, რომელშიც პრეზიდენტ ბილ კლინტონის ადმინისტრაცია შევიდა. მან დაინახა მსოფლიო, რომელიც ჯორჯ ბუშმა შექმნა, როგორც მსოფლიოს მუდმივი მდგომარეობა და ორიენტირებული იყო შემდგომ საერთო ეკონომიკურ და სოციალურ ინტეგრაციაზე. მან გააგრძელა ცივი ომის ინსტიტუტების მუშაობა და ჩაერთო წყვეტილ სამხედრო მოქმედებებში, ძირითადად, ჰუმანიტარული მიზნებით (თუმცა, არა ყველა შემთხევაში) რაც კოალიციის მმართველობისთვის ადეკვატური იყო. მოცემულ ეტაპზე სამხედროს ყოლის რეალური მიზეზები მხოლოდ ესენი იყო.

ბუშმა ეს დაიწყო 1992 წელს სომალში ინტერვენციით, სადაც შეერთებული შტატების პირდაპირი ინტერესები მინიმალური იყო, მაგრამ შიდა ქაოსმა შიმშილობა გამოიწვია. ბილ კლინტონმა აითვისა ეს პოზიცია და გააგზავნა ძალები ჰაიტში, რათა დაემხო შესამჩნევად არასასიამოვნო მთავრობა და ლიბერია. მან დაბომბა ერაყი ოპერაციაში „უდაბნოს მელა“, რათა ხელი შეეშალა ბირთვული იარაღის განვითარებისათვის, წამოიწყო ომი სერბეთის წინააღმდეგ კოსოვოში მასობრივი მკვლელობების თავიდან ასაცილებლად, და როდესაც ჯგუფი, სახელწოდებით „ალ ქაიდა“, თავს დაესხა შეერთებული შტატების საელჩოებს აღმოსავლეთ აფრიკაში და USS Cole-ს, განახორციელა საეჭვო ეფექტურობის მქონე საპასუხო დარტყმები.

კლინტონის ადმინისტრაციის შეხედულებით, იგი ხელმძღვანელობდა მსოფლიო კოალიციას გლობალური კონსენსუსის სამართავად. არც ერთი ამ საკითხთაგანი არ წარმოადგენდა მნიშვნელოვან საფრთხეს, მაგრამ ყველა მათგანი საჭიროებდა გამკლავებას. პატარა გამღიზიანებლები მოსალოდნელია, რომ უფრო მნიშვნელოვანი გახდეს და მცირე ძალისხმევით შესაძლოა მათი კონტროლი.

ესენი მეორეხარისხოვანი საკითხები იყო. ძირითადი საკითხი იყო გლობალური ეკონომიკური ზრდის მართვა. 1990-იანი წლები ფართომასშტაბიანი განვითარების პერიოდი იყო და ვარაუდობდნენ, რომ გაზრდილი ვაჭრობა და საერთაშორისო ინვესტიცია ამ ზრდას უკვდავყოფდა და შექმნიდა მშვიდობიან, აყვავებულ მსოფლიოს. აქედან გამომდინარე, კლინტონის ადმინისტრაციის ძირითადი ინტერესი საერთაშორისო ეკონომიკის შექმნა იყო. ეს ათწლეულის სტრატეგიული საკითხი იყო, ყველაფერი დანარჩენი კი - მეორეხარისხოვანი.

კლინტონის ადმინისტრაცია, „ალ-ქაიდას“ მნიშვნელოვან საფრთხედ არ აღიქვამდა. ეს იყო კიდევ ერთი გამაღიზიანებელი ტერორისტული ჯგუფი, რომელსაც შეეძლო პრობლემების გამოწვევა, მაგრამ არა ისტორიის მიმართულების შეცვლა. ის რუსეთსაც დახურულ საკითხად მიიჩნევდა. მიუხედავად განვლილი კატასტროფული ათწლეულისა, კლინტონის ადმინისტრაცია ფიქრობდა, რომ რუსეთი, სტრატეგიული კონკურენტი არ გახდებოდა და ლიბერალური დემოკრატის როლს მოირგებდა. რაც შეეხება ჩინეთს, გაზრდილი გლობალური ინტეგრაცია, უბრალოდ, გაზრდიდა მის კეთილდღეობას და ეს კეთილდღეობა, ჩინეთის ლიბერალიზაციას გამოიწვევდა.

არსებობდა სამი მოსაზრება:

პირველი - ჩვენ შევედით ეპოქაში, რომელშიც არაფერი შეაფერხებდა ეკონომიკურ ზრდას.

მეორე - რომ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად მსოფლიო უფრო და უფრო ლიბერალური იქნებოდა.

მესამე - რომ გაზრდილი ლიბერალიზმი მიგვიყვანდა საერთაშორისო ჰარმონიამდე და არავის ენდომებოდა მისთვის ზიანის მიყენება. შედეგად, „ალ-ქაიდას“ გაზრდა არ მიიჩნიეს მთავარ საკითხად და მის გასანადგურებლად უკიდურესი ზომები არ იქნა მიღებული.

პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ამ საგარეო პოლიტიკის ძირითადი კონცეფციები მიიღო. უცნაურია, მაგრამ 11 სექტემბერმა, ამერიკის ეროვნული სტრატეგიის საფუძვლები არ შეცვალა. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად შოკისმომგვრელი იყო 11 სექტემბრის თავდასხმები, ალ-ქაიდასთან ბრძოლამ (თუმცა ის ცენტრალური იყო), არ შეცვალა ფუნდამენტური ვარაუდები მსოფლიოს მუშაობასთან დაკავშირებით.

ეკონომიკური ზრდა და ინტეგრაცია, ძირითად საკითხებად დარჩა; ბრძოლა, კოალიციის გარშემო ჩამოყალიბდა და წარმოებული ომი, რაღაც გზით ჰუმანიტარული ინტერვენციის კონცეფციას დაემთხვა. თუმცა, კოალიცია, რბილად რომ ვთქვათ, დაძაბული გახდა. ომი გაძლიერდა და ჰუმანიტარული სივრცე, ბრძოლის რეალობას შეეჯახა... მაგრამ დარჩა რწმენა, რომ არ არსებობდა თანასწორი ძალა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს ემუქრებოდა და რომ გლობალური ეკონომიკური ინტეგრაცია, შეუთავსებელი არ იყო ისლამურ სამყაროში მზარდ ომთან.

არსებობდა კიდევ ერთი მოცემულობა. ჰუმანიზმმა და კოალიციებისადმი რწმენამ გამოიწვია შეერთებული შტატების უცნაური პოზიცია მოკავშირეების მიმართ. ლიბერალური დემოკრატიისადმი ერთგულება ისეთივე ღრმა იყო ლიბერალ ჰუმანისტებში, როგორც ნეოკონსერვატორებში. ორივე წამოიწყებდა ომს მის გამო და ორივე მოსთხოვდა მოკავშირეებს გაყოლას. აქედან გამომდინარე, კოალიცია შეამცირა არა მხოლოდ წარუმატებლობებმა, არამედ იმ ერების გამოგდებამაც, რომლებიც შეერთებულ შტატებს სჭირდებოდა მოკაშირეებად, მაგრამ არ შეესაბამებოდა მის სტანდარტებს.

ამის დიდი ნაწილი 2008 წელს განადგურდა. აგვისტოში, რუსებმა ქართველებთან ომი წამოიწყეს, რაც ცხადყოფდა, რომ რუსეთმა ისტორიაში ის ადგილი არ დაიკავა, რომელიც ამერიკელებს ჰქონდათ განზრახული.

სექტემბერში, Lehman Brothers-მა მარცხი განიცადა. მსოფლიო აღარ წარმოადგენდა პოსტ-ცივი ომის მსოფლიოს. ფუნდამენტური სამხედრო-პოლიტიკური გამოწვევები იყო შეერთებულ შტატებში, არა ეგზისტენციალური, მაგრამ სერიოზული. მუდმივ კეთილდღეობაზე წარმოდგენები დასუსტდა, რაც ურთიერთკავშირებმა 2008 წლის ინფექცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაავრცელა.

იდეა, რომ ჩინეთი გახდებოდა უფრო აყვავებული, უფრო ლიბერალური და საერთაშორისო კონფლიქტით არ იქნებოდა დაინტერესებული, მცდარი აღმოჩნდა. ორი ახალი, თავდაჯერებული მეტოქე, რუსეთი და ჩინეთი, კონკურენციას უწევდა მსოფლიოს ამერიკულ გაგებას, რადგანაც აშშ ჩაეფლო ერაყსა და ავღანეთში. ისლამური სახელმწიფოს გამოწვევა გავრცელდა, დაწყებული უფრო ძლიერი და თავდაჯერებული თურქეთიდან, ისლამური სახელმწიფოს მცდელობამდე, აეშენებინა სახალიფო და საუდის არაბეთში ეკონომიკურ კრიზისამდე.

სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ინტერვენცია ლიბიაში ჰილარი კლინტონის მხარდაჭერით, რადგანაც ეს იყო პოსტ-ცივი ომის სამყაროს უკანასკნელი ამოსუნთქვა. მუამარ კადაფი აშკარად მკვლელი იყო და შეეძლო ხოცვა-ჟლეტის მოწყობა. ჰილარი კლინტონი დაეთანხმა მოსაზრებას, რომ შეერთებული შტატები მორალურად ვალდებული იყო, ეს არ დაეშვა. არსებობდა თეორიები, რომ ეს ეხებოდა ნავთობს ან ურანს ან რაიმე სხვას და ეს დაემთხვა მსოფლიოს კონცეფციას.

მაგრამ ეს იყო მსოფლიო 11 სექტემბრის შემდეგ და კორუმპირებული ტირანი შესაძლოა, იმაზე უკეთესი ყოფილიყო, ვიდრე ის, რამაც წარმატება მოუტანა. კადაფის განადგურება ლიბერალებს ძალაუფლებას არ მოუტანდა, მაგრამ გამოიწვევდა მებრძოლი მეტოქე პოლიციელებისა და ოპორტუნისტული ჯიჰადისტების ზრდას. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეძლო მტრის შეიარაღებული ძალების განადგურება, მაგრამ ერის ჩამოყალიბება - ახალი საზოგადოებების შექმნა ძველის ნანგრევებზე - აღარ იყო ის, რასაც ამერიკა კარგად ახერებდა.

ჰუმანიტარული ინტერვენცია ილუზია იყო. ჩარევის შემდეგ ტანჯვა უფრო ხშირად იმაზე უარესი იყო, ვიდრე მანამდე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ერთ სივრცეში ამერიკული ძალების აზრთა სხვადასხვაობამ, დაასუსტა ამერიკა სხვა სივრცეებშიც და ეს აღარ იყო ფუფუნება, რომელსაც ამერიკა შესწვდებოდა, რუსეთისა და ჩინეთის ძალასა და ინტერესებთან კონკურენციისას.

ჰილარი კლინტონი ინტერვენტია, მაგრამ მისი ინტერვენციონიზმი შეიქმნა ბილ კლინტონის დროს, როდესაც თითოეული ინტერვენცია იყო დამოუკიდებელი, არ იყო დაკავშირებული რეგიონალურ კრიზისთან, და არ ზემოქმედებდა გლობალურ ბალანსზე. ნაწილობრივ ჰუმანიტარული ინტერვენციის კონცეფციით მართული, ნაწილობრივ კი - ქვეყნების შეცვლის ამერიკული ძალის არასწორი შეფასებით, ლიბიას შედეგი ჰქონდა. ჰილარი კლინტონის ინტერვენციისადმი მხარდაჭერა ლიბიაში, ამართლებს სტრატეგიული რეალობის მსოფლმხედველობას, რომელიც აღარ არსებობს. ამავე გაგებით, ამას, წინ უძღოდა მსოფლიო ეკონომიკაზე მისი წარმოდგენა 2008 წელს - ის ეფუძნებოდა ვარაუდს, რომ ეკონომიკა და ამერიკული ღირებულებები უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე პოლიტიკური და სამხედრო საკითხები და ამავე ვარაუდით, კეთილდღეობა და ინტეგრაცია იმავე პროცესის ნაწილი იყო.

სახელმწიფოებრივ წყობაზე საუბრისას, ჰილარი კლინტონზე ფიქრი მცდარი არ არის, მაგრამ არასაკმარისია. სახელმწიფოებრივი წყობა, რომელმაც შესანიშნავად იმუშავა ადრეული 1980-იანი წლებიდან 2008 წლამდე, ვერ მოერგო ახალ რეალობას. მისი იდეოლოგია, ბიზნეს მოდელები და მოლოდინები იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს მსოფლიო, არ ადაპტირდა ახალ რეალობასთან, რომელიც მან შექმნა. ეს არ არის გასაკვირი. ამ გზით წარიმართება მოვლენები.

ჰილარი კლინტონი, ჯერ კიდევ, ფიქრობს, რომ პოსტ-ცივი ომის მსოფლიო, ნაფლეთებად არის ქცეული, მაგრამ შესაძლოა მისი უკან დაბრუნება. ზოგიერთ ადამიანს სჯეროდა „ერთა ლიგისა“ და „ვენის კონგრესის“, დიდი ხნის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც მათს არსებობას რაიმე მნიშვნელობა უკვე აღარ ჰქონდა.

მას, როგორც ტაქტიკოსს, შესაძლოა ეს ესმოდა და განხილვის საფუძველზე სხვაგვარად იქცეოდა. მაგრამ როგორც სტრატეგი, იგი ვერ ხედავდა სტრატეგიული ცვლილების საჭიროებას. რთულია, უარი თქვა მსოფლიოზე, რომელიც მუდმივი გეგონა, მაშინაც კი, როცა ის მსოფლიო აღარ არსებობს. და ეს იქნება ჰილარი კლინტონის პრეზიდენტობის რთული ნაწილი. იგი არის დისციპლინირებული და თანამიმდევრული, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მისი ხაფანგია.

მისი დილემის გასაგებად, წარმოიდგინეთ ცივი ომის კონსერვატორი მეომარი, რომელიც ფუნქციონირებას ცდილობს პოსტ-ცივი ომის სამყაროში, ან ჰიტლერთან და სტალინთან საქმის მქონე ვერსალის ერთგული პიროვნება.

ჰილარი კლინტონის გამოწვევა იქნება სტრატეგიულად და სულიერად ამ სამყაროსთან შეგუება. მსოფლიო რეალობა შეიცვალა. დონალდ ტრამპმა ვერ შეძლო პოლიტიკის ძირითადი რეალობის გაგება. თქვენი მტრები, სულ მცირე, ისეთივე მკაცრნი და დაუნდობელნი არიან, როგორც თქვენ. გამარჯვების შემთხვევაში, ჰილარი კლინტონისთვის, გამოცდა იქნება ის, მიხვდება თუ არა ამას, რაც შეიძლება ფართო მასშტაბით.


ავტორი: ჯორჯ ფრიდმანი