გაჭირვების ჟამი რუსეთის რეგიონალური სტაბილურობისათვის

Administrator - 02.12.2016

22 სექტემბერი, 2016

კრემლი ქვეყნის ერთიანობის შესანარჩუნებელ გზებს ეძებს ეკონომიკასთან ბრძოლის ფონზე

რუსეთის მთავრობამ ახლახან გამოაცხადა, რომ რთული ფისკალური ბიუჯეტის გათვალისწინებით, შედარებით ღარიბი რეგიონების დასახმარებლად, რეგიონთაშორისი საბიუჯეტო გადარიცხვების გაზრდას გეგმავს. რუსეთის რეგიონებმა დაინახეს, რომ უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, მათი ვალი იზრდებოდა და მოსკოვის მიერ შეთავაზებული იაფი სესხების მიუხედავად, მივიდნენ კომერციულ ბანკებში სესხებისა და ობლიგაციებისათვის, რათა ვალის სანაცვლოდ, მიეღოთ ნაღდი ფული და მომსახურება.

რუსეთის უზარმაზარი გეოგრაფია ყოველთვის პრობლემა იყო მისი მმართველებისათვის. ქვეყანაში არსებული კლიმატის გამო, მისი დიდი ფართობი არაპროპორციულად არის დასახლებული. რუსეთის მოსახლეობის უმეტესობა, 50-ე პარალელის ჩრდილოეთით ცხოვრობს, რომელიც კანადის მთავარ დასახლებულ ცენტრებზე უფრო ჩრდილოეთით არის, რაც სასოფლო-სამეურნეო წარმოებას მწირს ხდის. მოსახლეობის სიმჭიდროვისა და ურბანიზაციის დონე უფრო მაღალია დასავლეთ რეგიონებში, სადაც უფრო დიდი კომერციული განვითარებაა სამდინარო მარშრუტებთან მათი ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით. ამ ფაქტორების გამო, დრამატულად განსხვავდება ერთმანეთისაგან სასოფლო და საქალაქო რუსეთი და აღმოსავლეთი და დასავლეთი რეგიონები. ეს განსხვავებები საკმაოდ პრობლემატურია ეკონომიკური კრიზისის დროს.

გასაკვირი არ არის, რომ რუსეთის რეგიონებს ვალი აქვთ - მაგრამ რადგან რუსეთი განიცდის მეორე ეკონომიკურ რეცესიას 10 წელზე ნაკლებ პერიოდში, სოციალური პრობლემები გაიზარდა. მართალია, რეგიონებმა დამოუკიდებლად უნდა მართონ თავიანთი ბიუჯეტები, მაგრამ ჩვეულებრივ, ფედერალური მთავრობა ეხმარება ეკონომიკური სიძნელეებისაგან თავის დაღწევაში. მაგრამ ახლა, მთავრობამ დაინახა შემოსავლების კლება ნავთობის ფასების შემცირების შემდეგ, იმის გათვალისწინებით, რომ საბიუჯეტო შემოსავლების 50 პროცენტზე მეტი ნავთობის ექსპორტიდან მოდის. მოსალოდნელია, რომ მომავალ წელს, რუსეთმა ამოწუროს მისი ერთ-ერთი სარეზერვო ფონდი ნავთობის შემოსავლების შემცირების გამო.

ამ თვის დასაწყისში, რუსეთის ეკონომიკის განვითარების სამინისტრომ გამოაქვეყნა მომავალი სამი წლის ეკონომიკური პროგნოზი, რომელიც ზრდის სუსტ ტემპს - 3%-ზე ნაკლებს გვიჩვენებს ორივე განხილულ სცენარში. ზრდის განმსაზღვრელი კიდევ ერთი ძირითადი ფაქტორი არის ინფლაცია, რომელსაც გავლენა ექნება რიგით რუსებზე. ანგარიშების საწერად რიცხვები დიდებულია, მაგრამ რუსეთის ჩვეულებრივი მოქალაქისათვის რეალური მნიშვნელობა მსყიდველობით უნარს აქვს.

რუსეთის ფედერალური სახელმწიფოს სტატისტიკის სამსახურმა განაცხადა, რომ აგვისტოში, სუფთა შემოსავალი 9.3 პროცენტით დაეცა, წლიური თვალსაზრისით - ეს არის ყველაზე მკვეთრი ვარდნა 2009 წლის აგვისტოდან, ზუსტად მსოფლიო ფინანსური კრიზისის შემდეგ. ზოგიერთმა რუსმა წამოიწყო საკვების გაზიარების პროგრამა, რათა შეაგროვონ საკვები რესტორნებიდან და გაუნაწილონ მათ, ვისაც სჭირდებათ, რადგან გაჭირვებული ოჯახების რაოდენობა იზრდება. იმის მიუხედავად, რომ ასეთი ანგარიშები შემაშფოთებელია, შიმშილი და საკვების შეზღუდული მიწოდება რუსეთისთვის ისტორიული თემაა. ქვეყნის კლიმატის გამო, მიწის მხოლოდ 13% გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით. ქვეყნის სატრანსპორტო ქსელი არ იძლევა საშუალებას, რომ ფერმერებმა დროულად გააგზავნონ თავიანთი პროდუქტები ქალაქში.

გარდა ამისა, ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც ქვეყნის განვითარების მოდელი დაფუძნებულია ინდუსტრიალიზაციაზე, რომელიც დამოკიდებულია ბუნებრივი რესურსების დამუშავებაზე. თუმცა, რუსეთში ბუნებრივი რესურსებით მდიდარ ტერიტორიებზეც მოსახლეობის სიმჭიდროვე იმაზე მაღალია, ვიდრე დანარჩენ ქვეყანაში და ძალიან მოწყვლადია ეკონომიკური არამდგრადობისა და სასაქონლო ფასებისადმი. აპრილში, მსოფლიოს ბანკმა განაცხადა, რომ დაახლოებით, 3.1 მილიონი რუსი ჩამოვიდა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ და ასე გაგრძელდება.

ამიტომ ასეთი ეკონომიკა, ქვეყანაში სოციალური სტაბილურობის დასუსტებას მოასწავებს. რუსული კვლევითი ჯგუფის, „ლევადა ცენტრის“ მიერ გამოქვეყნებული უკანასკნელი გამოკითხვა გვიჩვენებს, რომ მოსახლეობის 34 პროცენტი მთავრობას ადანაშაულებს მოქალაქეთა არაადეკვატურ სოციალურ დაცვაში. მძიმე ეკონომიკური პირობების გამო, ქვეყანაში არასტაბილურობის პოტენციური ზრდის გათვალისწინებით, ამ წლის დასაწყისში, კრემლმა დაიწყო ეკონომიკური რეფორმის პროგრამების ძებნა, მაგრამ მას შემდეგ, რაც 19 სექტემბერს, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, არც ერთი განცხადება არ გაკეთებულა. თუმცა, იყო მინიშნებები, რომ ახალი საგადასახადო სისტემა დაინერგება და რომ პენსია, შესაძლოა, კვლავ ინდექსირებული იყოს ინფლაციის დონეზე.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პარტიამ, „ერთიანმა რუსეთმა“, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა არჩევნებში, პრეზიდენტი თავის მიმართვაში შეეხო ქვეყნის ეკონომიკურ სირთულეებს და მიუთითა რეფორმებზე, რომლებიც უნდა განხორციელდეს. 2016-2019 წლებში ბიუჯეტის კანონპროექტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ მთავრობის სხდომაზე, 13 ოქტომბერს. ნავთობპროდუქტის მწარმოებელთა, როსნეფტისა და ბაშნეფტის პრივატიზება განიხილება მთავრობის ბიუჯეტისათვის მეტად საჭირო ფულის გასაზრდელად მიუხედავად იმისა, რომ ორივე კომპანიას უჭირს სასურველ ფასად მყიდველის პოვნა.

თავდაცვის ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებული დისკუსიები თვეებია გრძელდება. აქედან გამომდინარე, უახლოეს თვეებში არაპოპულარული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, რადგანაც კრემლმა, ადრე თუ გვიან, ეკონომიკურ სიტუაციას უნდა მიხედოს, თანაც, ახლოვდება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები.

ამავე დროს, მოსკოვმა ყურადღებით უნდა იმოქმედოს, რათა უზრუნველყოს არასტაბილურობის დაბალი დონე. რეგიონებში, წლის დასაწყისიდან მიმდინარეობს საპროტესტო აქციები. მათ შორის, აპრილში, არეულობა იყო ქალაქ სმოლენსკში, რადგან მოსახლეობა უკმაყოფილო იყო კომუნალური ხარჯების ზრდით, ასევე, - ტრაქტორებისა და სატვირთო მანქანების საპროტესტო კოლონა ყუბანიდან, რომელიც მოსკოვში შევიდა აგვისტოში. რეგიონალური არეულობის მზარდ საფრთხეზე დაკვირვების შემდეგ, პუტინი აშენებს უსაფრთოხების აპარატს ქვეყნის მასშტაბით კონტროლის გასაზრდელად.

იანვრის შემდეგ, სამართალდამცავ და უსაფრთხოების სექტორებში ჩვენ ვხედავთ უმაღლესი დონის ცვლილებებს, რასაც შედეგად, მოჰყვა წამყვან თანამდებობებზე დანიშნული პუტინის ლოიალისტების განახლებული, უფრო ახალგაზრდა დაცვა. ამავე დროს, პუტინმა აპრილში გამოაცხადა ახალი ეროვნული გვარდიის ფორმირება, რომლის მეშვეობითაც პირდაპირი კონტროლი აქვს ორ არსებით პროცესზე: დაზვერვის ყოლა რეგიონებში შესაძლო არეულობისათვის და ნებისმიერი პროტესტის დასრულება.

გარდა ამისა, რუსეთის გაზეთი „კომერსანტი“ 20 სექტემბერს იტყობინება, რომ რუსეთი აღადგენს სახელმწიფოს უშიშროების სამინისტროს, რომელიც უშიშროების ფედერალურ სამსახურს აერთიანებს საგარეო დაზვერვის სამსახურთან და დაცვის ფედერალური სამსახურის ერთეულების უმრავლესობას, რომლებიც თვალყურს ადევნებენ ქვეყნის მთავარ მმართველებს. სამინისტრო ამოქმედდება 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე და სავარაუდოდ, მისი ერთ-ერთი ფუნქცია იქნება კორუფციის ამოძირკვა სამართალდამცავ ორგანოებში. კორუფცია არის საარჩევნო კამპანიის საკითხი პუტინისთვის და ფენომენი, რომელიც უდავოდ უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის სტრუქტურულ განვითარებაზე. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, რომელსაც კრემლი მართავს, ექნება პოლიტიკური ფუნქციებიც იმის გათვალისწინებით, რომ კრემლს სჭირდება ქვეყანაზე მტკიცე კონტროლის შენარჩუნება.

რუსეთს გაჭირვების ჟამი უდგას - ყველაფერი ადასტურებს ჩვენს პროგნოზს, რომ რუსეთი სერიოზული კრიზისის წინაშე იქნება 2020 წლისათვის. კლებადი საქმიანი აქტივობის მქონე ეკონომიკისა და მზარდი სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო შეზღუდული ვარიანტებით, გაიზრდება საფრთხე პუტინისთვის. რუსული გეოპოლიტიკის საფუძვლები მოითხოვს, რომ მან რუსეთი ერთიანი უნდა შეინარჩუნოს. იგი მიიჩნევს, რომ მაკონტროლებელი უსაფრთხოების სტრუქტურები არის ქვეყნის ერთიანობისა და მისი მმართველობის ქვეშ შენარჩუნების გასაღები. ამავდროულად, მისი ძალისა და ეკონომიკის დასუსტებასთან ერთად, გაიზრდება რუსეთის არაპროგნოზირებადობა, განსაკუთრებით, ძირითად სტრატეგიულ სასაზღვრო რეგიონებში, როგორიცაა უკრაინა, კავკასია და შავი ზღვა.


ავტორი: ანტონია კოლიბასანუ