რუსეთი, შეერთებული შტატები და დონალდ ტრამპი

Administrator - 08.12.2016

14 ნოემბერი, 2016

შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კამპანიის დროს მუდმივად იყო საუბრები რუსეთისა და მისი პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შესახებ. პუტინი სასიამოვნოდ საუბრობდა დონალდ ტრამპზე, ტრამპი კი — პუტინზე. მართლაც, არსებობს ტრამპის მხარდამჭერების პატარა ფრაქცია, რომლებიც აღფრთოვანებულნი არიან პუტინით, ძლიერი ლიდერობისა და გეიუფლებებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით მისი პოზიციის გამო. ისინი მას აღიქვამენ არა ყოფილ კომუნისტად, არამედ, დასავლური ცივილიზაციის დამცველად.

შეერთებულმა შტატებმა, ასევე, განაცხადა, რომ რუსეთის დაზვერვამ სცადა, ტრამპს არჩევნებში დახმარებოდა დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტისა და ჰილარი კლინტონის კამპანიის თავმჯდომარის, ჯონ პოდესტას ელექტრონული ფოსტების გატეხვით.

ახლა ეს ყველაფერი გაკეთებულია. რუსეთი არის რუსეთი, ამერიკა კი ამერიკა, და სერიოზული საკითხები უნდა გადაწყდეს. დასაწყისისთვის, ჩვენ უნდა გავიგოთ, რა რეალური საკითხები არსებობს შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის. საკითხების შუაგულში კი უკრაინა არის.

რუსეთის ხედვით, შეერთებულმა შტატებმა კიევში აჯანყება მოაწყო, რომელმაც კანონიერად არჩეული ხელისუფლება განდევნა. აშშ აცხადებს, რომ მას არ მოუწყვია გადატრიალება, არამედ მხარს უჭერდა უკრაინაში კორუმპირებული მთავრობის წინააღმდეგ მყოფ ადამიანის უფლებათა აქტივისტებს. რუსეთის თქმით კი, არსებული ხელისუფლება არანაკლებ კორუმპირებულია.

სახელმწიფო უსაფრთხოების დავა

უკრაინის ხელისუფლებაში ცვლილების შემდეგ, რუსეთმა ყირიმზე კონტროლი მოიპოვა და აჯანყების გაღვივება სცადა აღმოსავლეთუკრაინაში. იგი უკრაინის სამხედრო ძალამ შეაჩერა, მაგრამ არ გაანადგურა. ამერიკელები ბრალს სდებდნენ რუსებს, რომ უკრაინის შიდასაქმეებში ერეოდნენ. რუსეთმა კი უპასუხა, რომ შეერთებულ შტატებს უტიფარი პრეტენზიები ჰქონდა.

გარდა ამისა, რუსები აღნიშნავდნენ, რომ ისტორიულად, ყირიმი რუსეთის ნაწილი იყო და უკრაინას 1960-იან წლებში გადაეცა. რუსებს, აგრეთვე, ჰქონდათ ხელშეკრულება უკრაინასთან, რომელიც ნებას რთავდა, ეკონტროლებინა საზღვაო ბაზა სევასტოპოლში, ყირიმში. ეს ბაზა მნიშვნელოვანია რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის. კიევში ანტირუსული მთავრობის დროს, რუსეთი იცავდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თავის უფლებებს.

რაც შეეხება აჯანყებას აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთი ამბობს, რომ ეს ძირითადად რუსული რეგიონია, რომლის უფლებებიც უგულებელყო უკრაინის მთავრობამ. მან განაცხადა, რომ მოძრაობაში არ იყო ჩართული ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს დასაარსებლად, როგორც მრავალ ქვეყანაში აკეთებდნენ ეთნიკური რეგიონები.

შეერთებული შტატები ამტკიცებდა, რომ რუსები არა მხოლოდ შეიარაღებას უზრუნველყოფდნენ და მართავდნენ აჯანყებას, არამედ ქვეყანაზე სამხედრო ჩანაფიქრი ჰქონდათ. ასე რომ, ამერიკამ და ევროპამ სანქციები დაუწესეს რუსეთს. რუსეთი კი სანქციების მოხსნას მოითხოვდა.

ეს ყველაფერი შეიძლება, გაერთიანდეს ორ ბრალდებად. რუსეთი აცხადებდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აფინანსებდა აქტივისტებს, რომლებიც უფლებათა დამცველ ჯგუფებად აჩვენებდნენ თავს, რათა მოეხდინათ იმ ქვეყნის დესტაბილიზირება, რომლის კონტროლიც სურდათ. იგი ამტკიცებდა, რომ ამერიკის მიზანი პროამერიკული რეჟიმების დამყარება იყო.

შეერთებული შტატები კი აცხადებდა, რომ რუსები შინაგანად უფრო რეპრესიულები ხდებოდნენ და უბრუნდებოდნენ საბჭოთა კავშირში არსებულ დიქტატურას. ამერიკისათვის ეს ეროვნული სუვერენიტეტისა და ლიბერალური დემოკრატიის საკითხი იყო. შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამასა და კლინტონის დაჟინება, რომ ეს იყო შეერთებული შტატების ჩართულობის მიზეზი, ემთხვეოდა ობამას ადმინისტრაციის შიშს, რომ პუტინი ცდილობდა საბჭოთა კავშირის აღდგენას ახალი იდეოლოგიით. თითოეული ამტკიცებდა, რომ მეორე იყო აგრესიული და ჰეგემონი.

ისტორიული ბუფერი

გასათვალისწინებელია კიდევ ერთი ფაქტი. რუსეთი არსებობას თითქმის სამი საუკუნის განმავლობაში აგრძელებს სტრატეგიული სიღრმის წყალობით. ისტორიულად, ბალტიისპირეთის, ბელორუსიისა და განსაკუთრებით, უკრაინის კონტროლი, აუცილებელი იყო რუსეთის არსებობისათვის. ამ ბუფერული ზონის გარეშე, ნაპოლეონი, კაიზერ ვილჰელმ II და ადოლფ ჰიტლერი რუსეთს გაანადგურებდნენ.

ამიტომ, შეერთებული შტატების ნაბიჯი უკრაინაში ფუნდამენტალური გამოწვევა იყო რუსეთის სტრატეგიული ინტერესებისათვის (რუსებს ნაკლებად აღელვებდათ ევროპელები). გარდა ამისა, იმის გამო, რომ ამერიკამ ამის შესახებ იცოდა, უფრო მეტად ჩანდა, რომ ამერიკელები ცდილობდნენ თავად რუსეთის დესტაბილიზაციას. პროამერიკული მთავრობა (ამერიკელების მიერ გაწვრთნილი და მომარაგებული ძალები) არ იყო მისაღები უკრაინაში.

გასული საუკუნის განმავლობაში, ამერიკის შეერთებულ შტატებს თანმიმდევრული და არსებითი სტრატეგიული ინტერესი ჰქონდა. თუ მთელი ევროპა გაერთიანდებოდა ერთ წამყვან ძალად, ეს საფრთხეს შეუქმნიდა შეერთებული შტატების არსებობას. რუსეთის ბუნებრივი რესურსები და ცოცხალი ძალა, გაერთიანებული დასავლეთ ევროპის ტექნოლოგიასა და ორგანიზაციასთან, აღემატებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ძალას. ამერიკის სახელმწიფო უსაფრთხოება დამოკიდებული იყო ზღვების კონტროლზე, რაც ამერიკელებს კომერციის საშუალებას აძლევდა და თავიდან იცილებდა უცხოელების შემოსვლას. ერთადერთი ძალა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალასთან დაპირისპირებას შეძლებდა, არის ერთიანი ევროპა.

ამერიკა, 1917 წელს, ჩაერია პირველ მსოფლიო ომში, როდესაც აღმოჩნდა, რომ გერმანელებმა დაამარცხეს რუსეთი და ამარცხებდნენ საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს, მთლიანი ევროპის გასაკონტროლებლად. შეერთებული შტატები იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში, რათა თავიდან აეცილებინა გერამანიის მიერ ევროპის კიდევ ერთი დაპყრობა. ცივი ომი დაიწყო საბჭოთა კავშირის გამარჯვებისა და ევროპის გაერთიანების თავიდან ასაცილებლად. ამერიკის შეერთებულ შტატებს თავიდან უნდა აეცილებინა რუსეთის პოტენციურ ჰეგემონად გამოჩენა.

ორი გეოპოლიტიკური იმპერატივი უკრაინაში შეეჯახა ერთმანეთს, ადამიანის უფლებებზე, ეროვნულ სუვერენიტეტსა და იმპერიალიზმის ბრალდებებზე დებატებით შენიღბულნი. მთელი ამ ხმაურის მიღმა, რეალობა იყო ის, რომ რუსეთს ამერიკის შეერთებული შტატების ქმედებები უკრაინაში, შეეძლო, მიეჩნია მცდელობად, დაემახინჯებინა ან გაენადგურებინა რუსეთი. აშშ-ს ეშინოდა, რომ რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი უკრაინით, რუსეთი შეძლებდა საკუთარი გავლენის გავრცელებას ყოფილ სახელმწიფო-სატელიტებზე და იქიდან, ევროპის ცენტრზე.

დებატები სხვა რამეებზე შეიძლებოდა, ყოფილიყო. ზოგჯერ, პოლიტიკური ლიდერები ვერ აცნობიერებენ ფსონებს და განაგრძობენ მოქმედებისა და პასუხის ავტომატურ გზას. ზოგჯერ, მათ საკითხი საკმაოდ ნათლად ესმით. ორივე შემთხვევაში, ისევე, როგორც ეკონომიკაში, გეოპოლიტიკაშიც არსებობს უხილავი ხელი. პუტინმა უარყო ადამიანთა უფლებების ბრალდებები და დაინახა ამერიკელების მცდელობა, რუსეთი თავდაცვის უუნარო გაეხადათ. შეერთებულმა შტატებმა კი უარყო რუსეთის ბრალდება, რომ მან დაარღვია უკრაინის ეროვნული სუვერენიტეტი და ორიენტირებულია პოტენციურ საფრთხეზე, რომლის შექმნაც შეუძლია რუსეთს ევროპისათვის.

შეერთებულმა შტატებმა დაიწყო პოლონეთსა და რუმინეთთან თანამშრომლობა თავდაცვითი ხაზის ასაშენებლად. რუსეთმა კი ძვირადღრებული პროცესი უფრო ძლიერი სამხედრო ძალის შესაქმნელად. შემდეგ ნავთობის ფასები დაეცა და რუსეთი კიდევ უფრო საშინელი სიტუაციის პირისპირ აღმოჩნდა.

რუსეთმა, 1992 წლის შემდეგ, ვერ შეძლო თანამედროვე ეკონომიკის განვითარება. იგი, საუდის არაბეთის მსგავსად, დარჩა ენერგიის ექსპორტრიორი. ხოლო როდესაც ნავთობის ფასი დაეცა, რუსები ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ. საბჭოთა კავშირი დაიშალა, 1980-იან წლებში თავდაცვის ხარჯების ზრდასა და ენერგიის ფასების კლებასთან ერთად. რუსეთი კვლავ ეგზისტენციალური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა.

პუტინს, პირველ რიგში, უნდა შეენარჩუნებინა ეროვნული მორალი. უნდა დაემტკიცებინა, რომ მიუხედავად ეკონომიკური პრობლემებისა, მან რუსეთი დიდ ძალად აქცია. მას, სამხედროს მხრივ, ისეთი მდგომარეობა არ ჰქონდა, რომ უკრაინაში ომი ეწარმოებინა, მაგრამ შეეძლო, ძლიერი გამოჩენილიყო. საზღვრებთან ახლოს ამერიკისა და ევროპის საგანგებო საავიაცო და სამხედრო წვრთნებში ჩართვამ გაზარდა რუსეთის ძალაუფლების შეგრძნება სახლსა და საზღვრებს გარეთ.

ეს ხსნიდა რუსეთის სირიაში ჩართვას, რომელსაც არანაირი სტრატეგიული მნიშვნელობა არ ჰქონია რუსებისათვის. შეერთებულ შტატებს მარტივად შეეძლო, მოეხდინა იზოლირება ან გაენადგურებინა საზღვაო ბაზა, ბაშარ ალ-ასადი კი არაფერს ნიშნავდა პუტინისათვის. მაგრამ სირიაში ინტერვენცია პუტინს საშუალებას აძლევდა, შეერთებული შტატების მსგავსად ჩართულიყო… ადგილას, სადაც იყო შეტაკების დიდი ალბათობა, მაგრამ მცირე შანსი, რომ მომხდარიყო. პუტინს სჭირდებოდა დრო მისი სამხედროს განსავითარებლად, ან ნავთობის ფასების ზრდა, ან ორივე. არცერთი ხდებოდა სწრაფად.

არაოფიციალური დაზავება მოხდა უკრაინაში. კიევის ხელისუფლება დარჩა ადგილზე, რუსეთს ჰქონდა დაკავებული ყირიმი და აღმოსავლეთით ბრძოლა შემცირდა, თუმცა მუდმივ დონეს ინარჩუნებდა. რეალობა შედგა. პუტინისათვის, ეს არ იყო არაკეთილგონივრული საფუძველი შეთანხმებისათვის.

ურთიერთომომგებიანი შეთანხმება

ოფიციალური შეთანხმება აღიარებს უკრაინის ამჟამინდელ ხელისუფლებას და მიიღებს მის დასავლურ ორიენტაციას. აგრეთვე, შეზღუდავს შეერთებული შტატების სამხედრო დახმარებასა და ჯარებს უკრაინაში. რუსები გაიყვანენ ამბოხებულების მხარდამჭერებს, მაგრამ მათ მიენიჭებათ ავტონომიის ხარისხი. ყირიმი იქნება გადადებული საკითხი (ან ერთ-ერთი სამარადისო დიმპლომატიური პროცესი, რომლის მეშვეობითაც გამოჩნდება, რომ პრობლემა გადაიჭრა, რეალურად, მისი გადაჭრის გარეშე).

ფაქტობრივად, უკრაინა იქნება განეიტრალიზირებული, რუსეთი წავა დიდ დათმობებზე და შეერთებული შტატები არ იქნება შეშფოთებული, რუსეთის დასავლეთისკენ გადადგმული ნაბიჯის გამო. თუ რომელიმე მხარე დაარღვევს შეთანხმებას, საპასუხოდ დრო იქნება. უკრაინა დიდია. პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ობამას ადმინისტრაცია კმაყოფილი იყო არაფორმალური რეალობით და არ ჰქონდა სურვილი, პუტინი გამარჯვებული გამოჩენილიყო.

პუტინი ამ ნაბიჯს მისი ჩამოგდების სურვილად აღიქვამდა. შესაძლოა, ადმინისტრაციას ამის სურვილი ჰქონდა, მაგრამ რუსეთის უნდობლობა სიჩქარის ნაკლებობასთან ერთად, ნიშნავდა დაუსრულებელ საუბრებს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ჯონ კერისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შორის - წინსვლის გარეშე.

პუტინის ტრამპით დაინტერესება გამომდინარეობს საგარეო საქმეებში ტრამპის ინტერესის ნაკლებობისა და მისი გულგრილობისგან, შექმნას ლიბერალური დემოკრატია მთელს მსოფლიოში. ტრამპის არგუმენტი არის ის, რომ ამერიკას სჭირდება მნიშვნელოვანი ინტერესი გარკვეულ ტერიტორიაზე ჩასარევად. ამ პოზიციის გათვალისწინებით, იგი, სავარაუდოდ, აღიარებს, რომ რუსეთის ჰეგემონია ევროპაში მიუღებელია, მაგრამ არ გეგმავს ასე ადრე და ღრმად ჩარევას რუსეთის ინტერესებში მყოფ რეგიონში. ტრამპისათვის, უკრაინის ნეიტრალიზაცია მისაღები იქნება.

კამპანიის ყბედობისა (რომელშიც ტრამპმა იმაზე მეტი წვლილი შეიტანა, ვიდრე მისი სამართლიანი წილია) და ორმხრივ საჯარო ბრალდებებსა და კონტრ-ბრალდებებს მიღმა, ამერიკასა და რუსეთს შორის არსებული სიტუაციის ახსნა შესაძლებელია. ურთიერთშეთანხმების საფუძველი ამ ახსნიდან გამომდინარეობს. რეალობა ის არის, რომ რუსეთს არ შეუძლია უკრაინის დაპყრობა და არც ამერიკას შეუძლია დაცვა. სანამ რუსები არ ბრუნდებიან კარპატის მთებზე და შეერთებული შტატები არ მიდის მდინარე დნესტრის აღმოსავლეთით, განგაშის ზარების დარეკვა საჭირო არ არის. ორივე მხარემ იცის, რომ მომავალში კონფლიქტი მოსალოდნელია, მაგრამ ახლა არც ერთი არ არის მზად.

ტრამპისა და პუტინის აზროვნების გარკვევა ადვილი არ არის. მისწრაფებები მძვინვარების ფენებს ქვეშ არის დამარხული. მაგრამ განზრახვა იმაზე ნათელია, ვიდრე ბევრს ჰგონია. ეს იქნება სწრაფად მოპოვებული წარმატება ორივე მხარისათვის და გააძლიერებს ორ სუსტ პოლიტიკურ ხელს.


ავტორი: ჯორჯ ფრიდმანი