გამყარებული დოლარი: გამარჯვებულები და დამარცხებულები

Administrator - 28.12.2016

17თებერვალი, 2015

ევროპის ცენტრალური ბანკი იაპონიის ბანკის პოლიტიკას იზიარებს საპროცენტო განაკვეთის უკიდურესად დაბალი დონის შესანარჩუნებლად, დოლარი კი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გამყარდება.

ცვლილებების უმეტესობის მსგავსად, დოლარის გაზრდილი ღირებულების შედეგადაც არსებობენ როგორც გამარჯვებულები, ისე დამარცხებულები. ამერიკელი მომხმარებლებისა და შვებულების ევროპაში გატარების მსურველთათვის, ეს წყალობაა. მეორე მხრივ, მომავალში შეიძლება, დამღუპველი იყოს იმ ამერიკელებისთვის, რომლებიც მრეწველობაში ეძებენ სამსახურს, რადგანაც ამერიკული ექსპორტის ფასი იმატებს, ხოლო იმპორტი - იაფდება.

გამყარებული დოლარი შეერთებული შტატების ეკონომიკის აღდგენის ძლიერების ანარეკლია, მაგრამ, ამავე დროს, მიზეზი ევროზონისა და იაპონიის ეკონომიკების დასუსტებისა. გლობალურ ეკონომიკაში, მნიშვნელოვანია გაცვლითი კურსის ფართო სავაჭრო შეწონილ ზომებზე ფოკუსირება, რომელიც ასახავს ამერიკის სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის შესაბამისობას.

ასე რომ, ის ფაქტი, რომ რუსეთის რუბლმა თავისი ღირებულების ნახევარი დაკარგა ამერიკულ დოლართან მიმართებაში, ამერიკის ეკონომიკისათვის უმნიშვნელოა, რადგანაც რუსეთთან მინიმალური ვაჭრობა აქვს. განსხვავებული მდგომარეობაა ევროსა და იენთან, რადგან შეერთებულ შტატებს, იაპონია და ევროპა მიაჩნია მთავარ სავაჭრო პარტნიორებად. ინფლაციის განსხვავებების გათვალისწინებით, სავაჭრო შეწონილი დოლარი 2011 წლის შემდეგ 30%-ით გაიზარდა, მაგრამ ბევრად ქვევით არის 1985 და 2002 წლის პიკებისგან.

ამერიკა და ჩინეთი გამოირჩევიან ვალუტის ყველაზე მაღალი რევალვაციის გამოცდილებით. იაპონია უდიდესი გაუფასურების მოწმეა. გასული სამი წლის განმავლობაში, რაც პრემიერ მინისტრი შინზო აბეს მთავრობა ცდილობს იაპონიის ეკონომიკის გაახალგაზრდავებას, იენის ღირებულება, დაახლოებით, 30%-ით დაეცა. გასულ წელს, ევრო დოლართან მიმართებაში თითქმის 20%-ით დაეცა, მაგრამ რეალურად, მისი სავაჭრო შეწონილი შემცირება ამის ნახევარი, ანუ 10%-ზე ნაკლებია, რადგანაც მისი სავაჭრო პარტნიორების ვალუტის ღირებულებამაც იკლო.

სავალუტო კურსს, ძირითადად, მიწოდება და მოთხოვნა განსაზღვრავს, მაგრამ მათი ცვალებადი ღირებულებების წინასწარმეტყველება ძალიან რთულია. იმის გათვალისწინებით, რომ უცხოური ვალუტა სასურველია სხვა ქვეყნების საქონლისა და მომსახურების შესყიდვის მიზნით, სავალუტო კურსი ასახავს განსხვავებებს ქვეყნის ბიზნესსაქმიანობაში და ფასების ინფლაციის ზომებს, ექსპორტისა და იმპორტის მოთხოვნის ძირითად განმსაზღვრელებს.

კაპიტალის საერთაშორისო ბაზრების ღიაობის ზრდასთან ერთად, სავალუტო კურსი უფრო მეტად ასახავს განსხვავებებს საინვესტიციო შესაძლებლობებში და მათზე, ხშირად გავლენას ახდენს ფინანსურ ბაზრებზე განვითარებული მოვლენები. ეს ცვლილება, განსაკუთრებულად ცხადად ჩანს ბოლო წლებში, რაც ფინანსურ პოლიტიკაში ისეთი ინოვაციები, როგორიცაა სასესხო ვალდებულებების ფართომასშტაბიანი შესყიდვები, ე.წ. „რაოდენობრივი შემსუბუქება“, ასახავს ფინანსური პოლიტიკის შერბილებული პოზიციის მომავალში გაგრძელებას, რომელმაც შეიძლება ძლიერი ზეგავლენა მოახდინოს ვალუტის კურსზე.


ავტორი: ბერი ბოსვორსი - ბრუკინგსის ინსტიტუტის საერთაშორისო ეკონომიკის მკვლევარი