ერდოღანის თანამშრომლობა ქემალისტებთან

Administrator - 13.01.2017

27 ოქტომბერი, 2016

პოლიტიკური მოვლენებისას, თურქეთის სამხედრო ლიდერები იშვიათად ჩანან საჯარო გამოსვლებში, მაგრამ 7 აგვისტოს, გენერალი ჰულუსი აკარი, ქვეყნის გენერალური შტაბის უფროსი, ფორმაში გამოწყობილი გამოჩნდა სტამბულში, მილიონზე მეტ ადამიანთან შეხვედრისას, პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან, პრემიერ მინისტრ ბინალი ილდირიმსა და თურქეთის ოპოზიციის ლიდერებთან ერთად. მან, მქუხარე ტაშის თანხლებით, მადლობა გადაუხადა თურქეთის მოქალაქეებს ივლისის გადატრიალების მცდელობის ჩახშობისათვის და შეკრებილ ხალხს განუცხადა, რომ ამ შემთხვევის უკან მდგარი მოღალატეები მკაცრად დაისჯებიან.

აქციაზე მყოფი ხალხის, სამხედრო და არჩეული თანამდებობის პირების ერთიანობა, კონტრასტში იყო ივლისის არეულობის სისხლიან სურათებთან, სადაც ჩანდა, თუ როგორ სჯიდა ხალხი ჯარისკაცებს ლინჩის წესით და როგორ აწამებდნენ პოლიციელები გენერლებს. მან, აგრეთვე, ხაზი გაუსვა თურქეთის მთავრობასა და სამხედროებს შორის ურთიერთობაში მიმდინარე ტრანსფორმაციას.

ერდოღანი ცდილობს ორი კონფლიქტური იმპერატივის დაბალანსებას თურქეთის შეიარაღებულ ძალებში. ერთი მხრივ, პრეზიდენტმა, დასუსტებული არმია უნდა აქციოს ძლიერ და პატივცემულ ინსტიტუტად, რომელიც უსაფრთხოების პრობლემებთან გამკლავებას შეძლებს, ქურთული სეპარატიზმიდან დაწყებული, ისლამური სახელმწიფოს ტერორიზმით, ანუ ISIS-ით დასრულებული. მეორე მხრივ, მან უნდა დაიმორჩილოს სამხედრო ძალა.

ამ მოთხოვნების დაბალანსებისას, იგი დამოკიდებული იქნება საკუთარ ისლამისტურ მთავრობასა და საერო ულტრა-ნაციონალისტურ ელემენტებზე. ეს იქნება ქორწინება გამორჩენისათვის, რომელიც, საბოლოოდ, ანკარასა და ქურთისტანის მშრომელთა პარტიას შორის (PKK) მშვიდობის შანსებს შეამცირებს და შესაძლოა, წაახალისოს თურქეთი, რომ ჩამოშორდეს დასავლეთსა და ჩინეთს, ხოლო ირანსა და რუსეთს დაუახლოვდეს.

ერდოღანის ახალი ალიანსი

სამხედრო ძალა, როგორც თურქეთის სეკულარიზმის მფარველი, არასდროს ენდობოდა პოლიტიკოსებს საკმარისად, რომ სრულად დამორჩილებოდა მათ. აქამდე, პოლიტიკაში მომხდარი სამხედრო ინტერვენციები -1960, 1971, 1980 და 1997 წლებში - მიზნად ისახავდა რესპუბლიკის დაცვას იმისგან, რასაც გენერლები, თურქი პოლიტიკოსების მავნე ზრახვებად მიიჩნევდნენ. თურქული საზოგადოების თვალში, სამხედრო ძალა, დიდი ხნის განმავლობაში სარგებლობს პრივილეგირებული სტატუსით, როგორც მუსტაფა ქემალ ათათურქის საერო თურქულ ერ-სახელმწიფოზე მსოფლმხედველობის დამცველი.

ისტორიულად, სამხედრო ძალა, ფუნქციონირებდა სამოქალაქო ზედამხედველობის გარეშე: ყოველი გადატრიალების შემდეგ, გენერლები რწმუნდებოდნენ, რომ მათ გააფართოვეს საკუთარი ავტონომია ახალი კანონებისა და წესების შემოღებით. შედეგად, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) მმართველობისასაც კი, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში, გენერლების გავლენა შეამცირა, სამხედროები კვლავ სარგებლობდნენ დამოუკიდებლობის მნიშვნელოვანი დონით.

ბოლო თვეების განმავლობაში, ერდოღანის ამოცანა იყო, მოეშორებინა ეს ავტონომია სახელის გატეხის გარეშე. გადატრიალების მცდელობის შემდეგ, კვირების განმავლობაში, ხელისუფლებამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტროლს დაუქვემდებარა სანაპირო დაცვა, ჟანდარმერია და შიდაუსაფრთხოების ძალა და არმია, ხოლო ავიაცია და საზღვაო ფლოტი, - თავდაცვის სამინისტროს.

ანკარამ დახურა თურქეთის სამხედრო სკოლები და გაატარა რეფორმები, რათა შეიარაღებულ ძალებში შესვლა შეძლებოდათ იმამ ჰატიფის სკოლების კურსდამთავრებულებს, რომლებიც არიან სახელმწიფოს მიერ დასაქმებული მქადაგებლები. ერდოღანს, ასევე, სურს, გენერალური შტაბის უფროსი, პრეზიდენტის უწყების პირდაპირი კონტროლის ქვეშ დააყენოს და დააარსოს სისტემა, რომელშიც პრეზიდენტი წყვეტს მაღალი რანგის სამხედრო დაწინაურებებსა და დანიშვნებს.

გადატრიალების მცდელობის შემდეგ შემოღებული და ოქტომბერში გაგრძელებული საგანგებო კანონმდებლობის სისტემა, ერდოღანის მიერ ეფექტურად კონტროლირებულ მმართველ პარტიას ნებას რთავს, გაატაროს მსგავსი სტრუქტურული რეფორმები ნამდვილი სასამართლო და საკანონმდებლო ზედამხედველობის გარეშე.

ეს ნაბიჯები, თურქეთს დაეხმარება, დაამყაროს სრული სამოქალაქო კონტროლი სამხედრო ძალაზე. გარდა ამისა, ისინი ძირს გამოუთხრიან შეიარაღებულ ძალებს და მათს პოლიტიზებას მოახდენენ. ერდოღანის წმენდამ, რომელშიც ათასობით სამხედრო პერსონალი და თურქეთის გენერლების თითქმის ნახევარი მოყვა, არმია დაასუსტა. ამავდროულად, სავარაუდოა, რომ ეს ნაჩქარევი ცვლილებები, გაანადგურებს ბიუროკრატიას, რაც გამოიწვევს დაყოფასა და კონკურენციას წოდებებში.

გრძელვადიან პერსპექტივაში, ერდოღანის გეგმამ, ჩართოს კონსერვატიზმი და ისლამი სამხედრო ძალაში და მისი ინსტიტუტები შეავსოს მთავრობის ლოიალისტებით, შეიძლება, ოფიცერთა კორპუსის პოლიტიზება გამოიწვიოს და არმიის დეპროფესიონალიზაცია. ამჟამად, სამხედრო ძალა ამ ცვლილებებთან დასაპირისპირებლად ან დამოუკიდებლობის სხვაგვარად შესანარჩუნებლად, ძალიან სუსტია. ეს ფაქტი ცხადი გახდა აგვისტოში, სირიაში თურქეთის სამხედრო ინტერვენციით. ერდოღანის მოწოდებისადმი, რამდენიმე წლიანი წინააღმდეგობის შემდეგ. რომ ჩარეულიყო სირიის ომში, - ამჯერად, არმია უსიტყვოდ დაემორჩილა მის მოთხოვნას ერთგულების დასამტკიცებლად.

მოკლევადიან პერსპექტივაში, არმიის დასამორჩილებლად, მისი ეფექტურობის უზრუნველყოფასთან ერთად, ერდოღანისთვის ყველაზე ნათელი გზა იქნება მის ყველაზე სეკულარულ წევრებთან თანამშრომლობა: ქემალისტებთან, რომელთა დემონიზაციასაც ერდოღანი ახდენდა 2002 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ამ ჯგუფთან თანამშრომლობის გარეშე, რომელთა წევრებიც არიან არმიის ყველაზე მრავალრიცხოვან და პროფესიონალთა შორის, ერდოღანის მთავრობას გაუჭირდება მის მიერ გათავსუფლებული ათასობით სამხედროს ჩანაცვლება.

ქემალისტების პერსპექტივიდან, ერდოღანთან თანამშრომლობას თავისი დადებითი მხარე აქვს: იგი შეძლებდა არმიის შელახული რეპუტაციის აღდგენასა და ძირითადი იდეოლოგიის დაცვას უფრო მეტი თავდასხმისაგან, ამ ეტაპზე მაინც.

მთავრობის ნარატივმა, რომლებიც გადატრიალებას მთლიანად მართავდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებზე დაყრდნობილი, კლერიკალი ფეთჰულაჰ გიულენის მიმდევრები, ხელი უნდა შეუწყოს ამ თანამშრომლობას, რადგანაც ძალადობაში ქემალისტების როლი დაფარა.

რასაკვირველია, გულენისტები, ოფიციალურად, იყვნენ არმიაში გადატრიალების მცდელობამდე, მაგრამ მათი უმეტესობა, 2002 წლის შემდეგ დაინიშნა თანამდებობაზე, როდესაც ხელისუფლებაში AKP მოვიდა. შედეგად, ისინი დაინიშნენ საშუალო დონის თანამდებობებზე, ძირითადად, პოლკოვნიკისა და მის ქვემოთ დონეებზე. გადატრიალების მცდელობაში ჩართული გენერლებისა და ადმირალების რიცხვი ისევე, როგორც ზოგიერთი ქემალისტი ოფიცრის აღიარებები, ეწინააღმდეგება მთავრობის მიერ გადატრიალების მცდელობის მხოლოდ გულენისტებისათვის დაბრალებას.

ორივე, სამოქალაქო ლიდერებიც და არმიაც, გააგრძელებს ქემალისტების შეთქმულებაში ჩართულობის უარყოფას, თუმცა, დამნაშავედ მხოლოდ გულენისტების დასახელებამ, საფუძველი ჩაუყარა ე.წ. მწვანე-ქემალისტთა ალიანსს მთავრობასა და არმიას შორის. ამ პარტნიორობის პირობები ნათელია: არმია დაემორჩილება ისლამისტურ მთავრობას, და მოკლევადიან პერსპექტივაში, ერდოღანი, გაძლიერების საშუალებას მისცემს ქემალისტებს.

უკვე არსებობს ნიშნები იმისა, რომ ეს ალიანსი, ფორმას იღებს.

გადატრიალების მცდელობის შედეგად, ქემალისტთა ათი მსჯავრდებული პოლკოვნიკი დაწინაურდა ბრიგადის გენერლისა და კონტრ-ადმირალების პოზიციებზე. (ანტი ქემალისტთა სასამართლოებში, რომლებსაც ერდოღანის მხარდაჭერით აქეზებდენ გულენისტი პოლიციელები, პროკურორები და მოსამართლეები, ჩართულნი იყვნენ ულტრასეკულარისტი სამხედრო პირები და სხვა მოღვაწეები, რომელთაც თურქეთის არჩეული ხელისუფლების ძირის გამოთხრის დაგეგმვაში ედებათ ბრალი.) უკანასკნელ თვეებში მთავრობის წარმომადგენლებმა თურქეთის ერთიანობის სიმბოლოდ არაერთხელ გამოიყენეს ათათურქი და სამხედრო ქემალისტებმა მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადეს არჩეულ ხელისუფლებას. ათათურქის პორტრეტი AKP-ის შტაბ-ბინიდანაც კი გადმოკიდეს.

თუმცა, მწვანე-ქემალისტთა ალიანსის დიდი ხნით შენარჩუნება რთული იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ერდოღანმა გულენისტები განტევების ვაცად აქცია, მას კვლავ აწუხებს ქემალისტების მოწყობილი გადატრიალება. უფრო მეტიც, ორივე მხარეს ღრმად განსხვავებული ხედვა აქვს ქვეყნისა და არმიის მომავლათან დაკავშირებით.

ქემალისტებს მიაჩნიათ, რომ თურქეთის მიმდინარე ქაოსის მოსაგვარებლად საჭიროა სეკულარული პრინციპების დაბრუნება. ერდოღანი, რომელიც შიშობს, რომ მსგავსმა გამოსავალმა გენერლებს შესაძლოა არასწორად მიანიჭოს უფლებები, ხელს უწყობს არმიის სრულ დაქვემდებარებას და კონსერვატივიზმისა და ისლამის ეტაპობრივ შესვლას წოდებებში. ამიტომ, ერდოღანის ძალისხმევასთან დაკავშირებით, მოახდინოს არმიის რესტრუქტურიზაცია, მოსალოდნელია კონფლიქტი. თუმცა, ახლა, მთავრობა და სამხედრო ორიენტირებულნი იქნებიან თავიანთ საერთო მტრებზე და თურქეთის საგარეო პოლიტიკის ფორმირება, დამოკიდებული იქნება დასავლეთის მიმართ მათი საერთო უკმაყოფილებით, განსაკუთრებით შეერთებული შტატების მიმართ, რომელიც, მათი აზრით, უფლებამოსილებას აძლევს გულენისტ და ქურთ მებრძოლებს.

ევრაზიისაკენ მობრუნება

ერდოღანსა და გენერლებს შორის ალიანსის გავლენა პირველად PKK-სთან კონფლიქტში იქნება საგრძნობი. მას შემდეგ, რაც 2015 წლის ივლისში, დაარღვიეს თურქეთსა და ამ ჯგუფს შორის დადებული ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ბრძოლაში დაიღუპა 1700 ადამიანზე მეტი და ლტოლვილად იქცა 350 000 ადამიანზე მეტი. ერდოღანმა ნაციონალისტური მხარდაჭერის მოსაპოვებლად PKK-ს წინააღმდეგ ესკალაციის პოლიტიკა გაატარა.

ანკარასა და PKK-ს შორის განახლებული მოლაპარაკებების პერსპექტივები არასახარბიელოა და უფრო ბუნდოვანი გახდება მწვანე-ქემალისტთა ალიანსის დროს. სამხედრო ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა PKK-სთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს და ერდოღანი გენერლების მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად ამ ჯგუფის წინააღმდეგ იბრძოლებს. თავის მხრივ, სამხედრო კამპანიას მისი შელახული საჯარო იმიჯის აღსადგენ საშუალებად ხედავს.

სავარაუდოა, რომ მწვანე-ქემალისტთა ალიანსი, თურქეთს, დასავლეთს ჩამოაშორებს. ბოლო თვეების განმავლობაში, თურქეთში ანტიდასავლურმა განწყობამ ყველა დროის უმაღლეს დონეს მიაღწია, ძირითადად იმიტომ, რომ ხელისუფლებასა და თურქების უმრავლესობას სჯერა, რომ შეერთებულმა შტატებმა, რომლის მუდმივი მცხოვრებიც არის გიულენი, დიდი როლი ითამაშა გადატრიალების მცდელობაში.

ანტიამერიკანიზმი მძლავრად არის სამხედროს ფარგლებშიც, განსაკუთრებით ერგენეკონის სასამართლო პროცესების შემდეგ: თურქი პროკურორები სამიზნეში ძირითადად გიულენის მოწინააღმდეგე გენერლებს იღებდნენ, რომლებიც მხარს უჭერდნენ თურქეთის სტრატეგიული ორიენტაციის ამერიკიდან ჩინეთისაკენ, ირანისა და რუსეთისაკენ მიმართვას. სამხედროს ფარგლებში ეს გენერლები იყვნენ ჯგუფის წევრები, რომელთაც ევრაზისტები შეიძლება, ეწოდოთ - ხროვა, რომლის მტრული დამოკიდებულება შეერთებული შტატების მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა სასამართლო პროცესების დროს, რადგანაც ეჭვობდნენ, რომ ვაშინგტონმა გიულენი გამოიყენა ნატოს კრიტიკოსებისაგან არმიის დასაცავად.

ახლა, სამხედრო გადატრიალების შემდეგ, არმიის ევრაზისტები დაბრუნდნენ. ქემალისტთა ათი პოლკოვნიკი, რომლებიც ერგენიკოს ფარგლებში დააპატიმრეს და ივლისის ძალადობის შემდეგ დააწინაურეს, ამ სტრატეგიული ოპერაციის მხარდამჭერები არიან. ივლისის შემდეგ, ერდოღანის ხელისუფლებამ აგრეთვე დაითხოვა დასავლური განათლების მქონე რამდენიმე ასეული მაღალი რანგის სამხედრო პერსონალი, რომლებიც ნატოსთან ერთად მსახურობდნენ ევროპასა და შეერთებულ შტატებში.

ნატოს შტაბ-ბინაში, ბელგიაში, თურქეთის დანიშნულ 50 სამხედრო თანამშრომელთაგან, ოქტომბრის დასაწყისში მხოლოდ ცხრა დარჩა. იმ დროს, როდესაც გიულენის ექსტრადაციის მოთხოვნაზე ანკარასა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობა მაღალია და ანკარა და მოსკოვი კავშირებს აღადგენენ, მწვანე-ქემალისტთა ალიანსი, სავარაუდოდ, უფრო დიდ წარმატებას მოიპოვებს.

მწვანე-ქემალისტთა ალიანსის შედეგად, ალბათ, მივიღებთ უფრო ნაციონალისტურ, გაბოროტებულ, ავტოკრატულ და ანტიდასავლურ თურქეთს. ლიბერალური დემოკრატიის ან პროდასავლური პოლიტიკის არ სჯერა როგორც ერდოღანის კონსერვატიულ რელიგიურ ხელისუფლებას, ისე არმიის ულტრა-სეკულარისტთა ნაწილს. პირიქით: ნაციონალიზმი, ანტიდასავლური უკმაყოფილება და თურქეთის სუვერენიტეტის ძლიერი ერთგულება, არის მათი გაერთიანების მთავარი ფაქტორები.

იმ შემთხვევაში, თუ იარსებებს გამოსავალი PKK-სთან კონფლიქტიდან და არ მოხდება გიულენის ექსტრადაცია, ეს ტენდენციები გაუარესდება. მხოლოდ იმის იმედი შეიძლება გვქონდეს, რომ ისინი, ვინც 14 ივლისს ტანკების წინააღმდეგ იდგნენ, დაიცავენ დემოკრატიასა და სეკულარიზმს ამ ტენდენციებისაგან.

პ.ს. 10 დეკემბერს, თურქეთის მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ, „სამართლიანობის და განვითარების პარტიამ“ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი შეიტანა, რომელიც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის უფლებამოსილების გაფართოებას გულისხმობს.

ამ ცვლილებების მიღების შემთხვევაში თურქეთი საპრეზიდენტო რესპუბლიკა გახდება საფრანგეთის მსგავსად. საკონსტიტუციო რეფორმის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ის ერთი ადამიანის ხელში მთელი ძალაუფლების კონცენტრაციას გამოიწვევს.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში, ქვეყანაში მასობრივი დაპატიმრებები გაგრძელდება, რაც 2016 წლის 15 ივლისის სამხედრო ამბოხების შემდეგ თურქეთში მიმდინარეობს.


ავტორები: გონულ ტოლი (შუა აღმოსავლეთის ინსტიტუტის თურქეთის კვლევების ცენტრის დამფუძნებელი დირექტორი) და ომერ ტასპინარი (სამხედრო კოლეჯის ეროვნული უსაფრთხოების პროფესორი)