ლტოლვა და ზიზღი საბჭოთა კავშირისადმი საქართველოში

Administrator - 20.01.2017

წერილი თბილისიდან

თბილისში, მარცხენა სანაპიროზე, არის საქათველოს, როგორც ათწლეულების განმავლობაში საბჭოთა კავშირის საგუშაგოს, ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად თვალსაჩინო მემკვიდრეობა. მდინარე მტკვართან, დატვირთული გზის გასწვრივ, ღია ცის ქვეშ, არის დიდი ბაზარი, სადაც საბჭოთა კავშირის მეორადი ინსტრუმენტები იყიდება. ამ ადგილას შეგიძლიათ, იპოვოთ ყველაფერი, დაწყებული რუსული ჟანგიანი ხერხითა და ქანჩის გასაღებებით, დამთავრებული 70 წლის მოტორებით, რომლებიც მეტროს სადგურებში ესკალატორებს ამოძრავებდა. ეს არის არა საგნების კოლექციების შესაგროვებლად, არამედ პრაქტიკული გამოყენებისათვის, მიუხედავად იმისა, კიდევ არსებობს, თუ არა რაიმე სენტიმენტალური ამ თავისუფალი ბაზრის შესახებ, რომელიც, ასე რომ ვთქვათ, კომუნისტურ წარსულს ყიდის. ეს უდავოდ არის უნიკალური ფანჯარა, სადაც ჩანს, თუ როგორ ხედავს ყოფილი საბჭოთა კავშირის მოქალაქეების ერთი ჯგუფი საბჭოთა კავშირს მისი დაშლიდან მეოთხედი საუკუნის შემდეგ.

ჯაბა ნაკაშიძე მოზარდი იყო, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და ცივი ომისა და საქარველოში ეკონომიკური კრიზისის მომსწრე გახდა. „საბჭოთა კავშირი არ იყო ცუდი“, მითხრა მან, „მაგრამ ჩვენთვის კარგს არაფერს აკეთებდა. მას რომ ჩვენთვის რაიმე კარგი გაეკეთებინა, დამოუკიდებლობა არ გვენდომებოდა“.

ჩვენ ვისაუბრეთ მისი ჯიხურის, საბჭოთა კავშირის უამრავი გარემონტებული მექანიზმის უკან, რომელსაც 2000-იანი წლების შემდეგ ყიდის. ნაკაშიძე ჯიხურის რამდენიმე მეპატრონეთაგან ერთ-ერთი იყო, რომლის სიტყვიერი პორტრეტიც შევადგინე და გავესაუბრე რამდენიმე თვის წინ, ბაზრის შესახებ მულტიმედიური დოკუმენტური ფილმისათვის. მიმდებარე ქუჩის გამო ელიავად ცნობილი ბაზარი 1990-იან წლებში გაჩნდა, საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი წლების ქაოსსა და არეულობაში, როდესაც ქვეყანა განადგურებული იყო სეპარატისტული კონფლიქტისა და სამოქალაქო ომის გამო. ის, რაც დაიწყო რამდენიმე დახლით, რომელიც საბჭოთა კავშირის იარაღებს ყიდდა და სადაც დღიური მუშების დაქირავება იყო შესაძლებელი, გადაიზარდა მაღაზიების დიდ ანსამბლად, რადგანაც იმ დროს სამუშაო არ იყო და სამრეწველო ნარჩნების გადამუშავება აუცილებელი იყო. 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველო პოლიტიკურად და ეკონომიკურად სტაბილური გახდა, რა დროისთვისაც ბაზარი განმტკიცდა.

ელიავა ტურისტული ბილიკისაგან შორს არის, მაგრამ თბილისის ყველა მაცხოვრებელმა იცის. მოდური ადგილიც კი გახდა, სადაც დიზაინერები იყრიან თავს საბჭოთა კავშირის ძველი სანათებისა და სხვა ატრიბუტების საყიდლად, რათა თავიანთ ინტერიერს რეტრო სტილი შესძინონ. ახლა უკვე მეტ ადამიანს შეუძლია თანამედროვე ხელსაწყოების შეძენა, მაგრამ ბაზარი კვლავ არის უფრო იაფი, თუმცა უფრო მძიმე და ხმაურიანი, არჩევანისათვის წარსულიდან. ასობით ადამიანი მუშაობს იქ, რადგანაც ელიავა მაგნიტი გახდა შედარებით პატარა ქალაქების გაჭირვებული ხალხისათვის, რომლებიც სამუშაოს ეძებენ. ბაზრის ბევრი მოვაჭრეა დასავლეთ საქართველოს მანგანუმის მომპოვებელი ქალაქიდან, ჭიათურიდან, სადაც ადგილობრივმა ეკონომიკამ მარცხი განიცადა, მას შემდეგ, რაც მასალის მოთხოვნა შემცირდა საბჭოთა კავშირის გარანტირებული შესყიდვების დაკარგვის შედეგად. მაგრამ იქ მომუშავე მოვაჭრეებს ჰქონდათ იმედი, რომ ელიავა იქნებოდა უკეთესობისაკენ მიმავალ გზაზე მდგარი სადგური და ბევრი იმედგაცრუებულია, რომ კვლავ იქ არის, ზოგიერთ შემთხვევაში ორი ათწლეულის შემდეგაც.

გლობალური პოპულისტური აჯანყების ბოლო წელს, ამ გამყიდველებმა გამოხატეს იმავე სახის მღელვარება და პრეტენზიები, როგორიც დასავლეთში იმ ხალხმა, ვინც ხმა მისცა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას და თეთრ სახლში ტელევიზიის ვარსკვლავი წაახალისა. მაგალითად, ნაკაშიძე გამწარებულია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლიდან წლების შემდეგ, კვლავ „კომუნისტურ ჯართს“ ყიდის. იგი ჩამოსულთაგან ერთ-ერთია, რომელიც დასავლეთ საქართველოში იზრდებოდა მანამ, სანამ ეკონომიკურმა გაჭირვებამ არ აიძულა თავის ოჯახთან ერთად თბილისში გადმოსვლა. მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლისა და თანმდევი არეულობის გამო სკოლისათვის ბევრი დრო არ ჰქონდა. „მე კარგი განათლება არ მიმიღია“, განაცხადა მან და რთული იყო სხვა სამსახურის პოვნა. ამასთანავე, მოსკოვის მმართველობის დასრულების შემდეგ, საქათველოს ეკონომიკა ძალიან ცვალებადი იყო და მკვეთრი შემცირებებისა და იმედის მომცემად სწრაფი ზრდის პერიოდებს გადიოდა.

ნაკაშიძის პრო-დასავლური საქართველოსი მთელი გულით არ სწამს; იგი ღელავს, რომ ქვეყნის კულტურული ტრადიციები საფრთხის ქვეშ არის. ამავდროულად, მას სერიოზულად აღიზიანებს მოსკოვის წარსული და ახლანდელი ინტერვენცია და სურს, რომ საქართველო ნატოსა და ევროკავშირს შეუერთდეს. თუმცა, დასავლეთი ცვალებადი მეგობარია. ევროპა წევრობას დაჰპირდა თავის ყველაზე განსაკუთრებულ კლუბებს, მაგრამ ახლა მათ გაურკვევლობაში ამყოფებს. მას აშინებს საკუთარი ამომრჩეველის უარყოფითი რეაქციები, რადგანაც ევროპის გაფართოება არაპოპულარული გახდა, და დაძაბულობის გაზრდის რისკი რუსეთთან, რომელმაც 2008 წელს, საქართველოში შეჭრის შემდეგ ნათელი გახადა, რომ საქართველოს ნატოს წევრობისკენ სწრაფვა წითელი ხაზის გადაკვეთა იყო.

ბაზარი, აგრეთვე, არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ, იპოვოთ ღრმად ფესვგადგმული ნოსტალგია საბჭოთა კავშირისადმი - კერძოდ, მისი დასაქმების, ჯანდაცვისა და სხვა ძირითადი საჭიროებებისადმი. მარინა ესებუა თითქმის ათი წელია საჭმელსა და სიგარეტს ყიდის ელიავაზე. მან განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის დროს მისი ცხოვრება ბევრად სტაბილური იყო. მასსა და მის ქმარს ჰქონდათ საიმედო სამსახურები ფაბრიკაში და როგორც საბჭოთა კავშირის მოქალაქეებს, უფასო ჯანდაცვა. დღეს საქართველოში ბევრად უკეთესი სამედიცინო მომსახურებაა, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაიხდით - ეს კი ბევრად აღემატება მის შესაძლებლობებს. „ჩვენ არ ვიცოდით, რა იყო სიღარიბე“, თქვა საბჭოთა კავშირში თავის ცხოვრებაზე. „მაგრამ ჩემმა შვილებმა იციან“. მას სურს, რომ საქართველო თავისი გოლიათი მეზობლის მეგობარი იყოს.

„როგორც ჩანს, ახლა ყველას ამერიკასთან სურს ახლოს ყოფნა“, დასძინა მან, „მაგრამ მე რუსეთს შევეჩვიე“. ეს არის უმცირესობის, მაგრამ სულ უფრო და უფრო პოპულარული შეხედულება. საქართველოს არარეგულარული ეკონომიკური საქმიანობა კი ამყარებს შეხედულებას, რომ წარსული უკეთესი იყო. ყოფილი საბჭოთა კავშირის უმეტესი ქვეყნის მსგავსად, საქართველომაც მკვეთრი შემცირება განიცადა. მაგრამ სწრაფად აღორძინდა 2000-იან წლებში, ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2004 წლიდან 2007 წლამდე წლიური მშპ-ის, საშუალოდ, ათ პროცენტიანი ზრდით, რაც გაააქტიურა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ლიბერალიზაციის რეფორმებმა. თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში, ზრდამ კიდევ ერთხელ განიცადა მარცხი და ორ- თუ სამპროცენტიანი გახდა, რაც ნაწილობრივ, დააზიანა უკრაინაში ქმედებების გამო რუსეთზე დაწესებულმა დასავლური სანქციების რეგიონალურმა გავლენამ ისევე, როგორც შიდასამთავრობო გადაწყვეტილებებმა.

„საბჭოთა კავშირის დაშლას პატარა ეიფორია მოჰყვა“, სკეპტიკური ღიმილით აღიარა ვაჟა ჯამაგიძემ. „თითქოს დამოუკიდებლობა კარგი იქნებოდა ჩვენთვის“. იგი ნაკაშიძესთან ახლოს მუშაობს, ონკანებსა და წყალსადენი სისტემის სხვა მასალებს ყიდის. მაგრამ მისი თქმით, დემოკრატიამ და კაპიტალიზმმა მხოლოდ „ანარქია და ჭუჭყი“ მოიტანა და ეშინია, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ტრადიციების დეგრადირებას ახდენს ისეთი „დასავლური იდეები“, როგორიცაა: ლგბტ ადამიანების უფლებები. რა თქმა უნდა, ეს არის კარგად დამკვიდრებული, პოპულისტური თავშეკავება მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში, რასაც აგულიანებს მოსკოვის იერიში ე.წ. გეი პროპაგანდის წინააღმდეგ.

შესაბამისად, გასაკვირი არ იყო, როდესაც ჯამაგიძემ მითხრა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და მმართველობის მისი მებრძოლი სტილის მომხრეა. მაგრამ, ასევე, უყვარს „რკინის ლედი“, ბრიტანეთის ყოფილი მინისტრი, მარგარეტ ტეტჩერი. მე აღვნიშნე, რომ იგი ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის ახლო მოკავშირე იყო საბჭოთა კავშირის მოწინააღმდეგე დასავლურ ალიანსში. „მაგრამ ძლიერი“, განაცხადა მან ტეტჩერზე და ხაზის გასასმელად მუშტი შეკუმშა. მეზობელ ჯიხურთა მეპატრონეები ბუზღუნით დაეთანხმნენ.

შეერთებული შტატების არჩევნების შემდეგ, რამდენიმე ჯიხურში მომუშავე შემხვდა, ვინც დონალდ ტრამპს გულშემატკივრობდა. მათ მოსწონდათ, რაც მის შესახებ ესმოდათ საქართველოს ტელევიზიით და „ელიტაზე“ მისი თავდასხმები. ერთ-ერთი მოვაჭრის თქმით, მას შეერთებული შტატების პრობლემებზე „ობიექტური ხედვა“ გააჩნია. ჯამაგიძე, თავის მხრივ, კმაყოფილი იყო ტრამპის პუტინისადმნი მეგობრული ურთიერთობების დაწების მცდელობით. ისევე, როგორც სხვაგან, აქაც იხვეჭს სახელს ტრამპის მმართველობის სტილი, განსაკუთრებით მათ შორის, ვისაც გაუჭირდა პოსტსაბჭოთა საქართველოში განვითარება.

ამ კატეგორიას მიეკუთვნება ბაზრის კიდევ ერთი თანამშრომელი, ფრიდონი (რომელსაც არ სურდა, მისი გვარი გამომეყენებინა). ის არის 48 წლის ენერგიული კაცი, რომელიც ნახევარ განაკვეთზე მუშაობს და ელექტროძრავებს ყიდის. ფრიდონი მხარს უჭერდა საქართველოს ძალისხმევას, გამხდარიყო დასავლური სტილის. მაგრამ საბჭოთა კავშირის დასრულების შემდეგ, არასდროს ყოფილა სათანადო სამსახურით უზრუნველყოფილი და თავის ახალგაზრდა ოჯახის გამო მომავალი ძალიან აწუხებს. მან მითხრა: „მძულდა საბჭოთა კავშირი, მაგრამ ახლა ჩემი თავისუფლება მძულს“.


ავტორი: ენდრიუ ნორსი (BBC-ის ყოფილი კორესპონდენტი, ჟურნალისტი)