ნაციონალიზმი, შეერთებული შტატები და ციკლური კრიზისი

Administrator - 23.01.2017

2 იანვარი, 2017

მომავალ წელს, ამერიკის შეერთებული შტატები გლობალურ სისტემაში ზედმეტად დომინანტურ გეოპოლიტიკურ ძალად დარჩება და სათავეში დონალდ ტრამპი იქნება. ამერიკის პოლიტიკური სისტემის ცენტრში მისი მმართველობის გარდამტეხი წერტილი იქნება საყურადღებო სვლა ნაციონალიზმისაკენ.

როგორც 2017 წლის ჩვენს პროგნოზში არის განმარტებული, ნაციონალიზმის ზრდა გლობალური ტენდენციაა და 2008 წლის ფინანსური კრიზისის სამი კრიტიკული შედეგიდან ერთ-ერთია, რომელიც ძირითად როლს ითამაშებს 2017 წელს, გეოპოლიტიკის ჩამოყალიბებაში (დანარჩენი ორი არის ეკონომიკური სტაგნაცია და არასტაბილურობა ექსპორტზე დამოკიდებულ ქვექნებში). ეს ზრდა გამოიწვია ინტერნაციონალური მოდელის უარყოფამ, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ჰქონდა გავლენა.

ევროპის მსგავს ადგილებში, მარტივია იმის დანახვა, თუ რატომ კარგავს ინტერნაციონალიზმი კეთილგანწყობას. შეერთებული შტატებისათვის ეს ნაკლებად თვალსაჩინოა. ევროკავშირმა დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა პოლიტიკასა და რეგულაციებს, რომლებიც პრიორიტეტულს ხდიდა ევროკავშირის გადარჩენას ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებით და ეს არსებითად წარმოშობს ინტერესთა კონფლიქტს ბლოკსა და წევრ ქვეყნებს შორის.

ეს გაამძაფრა 2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა. წევრი ქვეყნები ხედავდნენ, თუ როგორ უარესდებოდა მათი ეკონომიკა და მოქმედების საშუალებას არ აძლევდა ბრიუსელი, რომელიც ნელა მოქმედებდა და დროებით გადაწყვეტილებებს სთავაზობდა.

ევროკავშირისაგან განსხვავებით, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა პასუხისმგებელი არ იყო რომელიმე რეგიონალურ ბლოკსა და საერთაშორისო ძალებზე. და მაინც, ევროკავშირის მსგავსად, მომავალ წელს, შეერთებულ შტატებშიც ნაციონალიზმის ზრდა იქნება. ჩვენი პროგნოზის მიხედვით, შიდაზეწოლა იქნება ამერიკის საგარეო პოლიტიკაში, რამდენიმე ადგილას, სადაც პრეზიდენტს სიტყვა ეკუთვნის.

ჩვენს პროგნოზში ნაჩვენებია, თუ როგორი გავლენა ექნება ამას საგარეო პოლიტიკაზე, აქ კი განვმარტავთ შეერთებულ შტატებში ნაციონალიზმის ზრდის ნაკლებად თვალსაჩინო გამომწვევ ძალებს.

კრიზისის პერიოდები

ისტორიულად, ამერიკაში გარკვეული ტიპის შიდაკრიზისი, დაახლოებით, ყოველ 50 წელიწადში მეორდება. წიგნში - „შემდეგი 100 წელიწადი“ - განხილულია განვლილი კრიზისებისა და მათი გადაჭრის გზების ბუნება. დაარსების შემდეგ, შეერთებული შტატები ეკონომიკური და სოციალური კრიზისის წინაშეა, ყოველ 50 წელიწადში - უკანასკნელი დაიწყო 1980 წელს, რონალდ რეიგანის არჩევის შემდეგ.

კრიზისის დაწყებამდე დაახლოებით ათი წლით ადრე, ახალი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები ჩნდება. ტრამპის არჩევა არ ნიშნავს კრიზისის დადგომას, მაგრამ მოასწავებს 2020 წლებში მოსალოდნელ კრიზისს.

ამერიკის შეერთებული შტატების წინაშე დღეს არსებული შიდაეკონომიკური პრობლემა არის საშუალო კლასში მსყიდველობითი უნარის შემცირება. ჩვენი გამოთვლების თანახმად, საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანის საწყისი ანაზღაურება - გადასახადებისა და საშემოსავლოს დაბეგვრას დაქვემდებარებული თანხებისა და დამსაქმებლების მიერ მოწოდებული ჯანდაცვის გათვალისწინებით - თვეში შეადგენს, დაახლოებით, $ 3 600-ს. მიმდინარე საპროცენტო განაკვეთების გათვალისწინებით, ეს საკმარისია სახლისა და მანქანის შესაძენად და მათს შესანარჩუნებლად, დანაზოგების გარეშე.

ქვედაფენის მუშაკი თვეში გამოიმუშავებს, დაახლოებით, $ 2 000-ს გადასახადებისა და დამსაქმებლის მიერ გათვალისწინებული ჯანდაცვის გარეშე. ეს ადამიანი ბინის ქირაობაზე მეტს ვერ შესწვდება. ერთი თაობის უკან, საშუალო კლასის წევრებს შეეძლოთ არა მხოლოდ სახლის ყიდვა, არამედ პერიოდული შეღავათებითა და შვებულებებით სარგებლობა.

პოლიტიკური ცვლილებები

იმ ძირითად ჯგუფებში, რომლებზეც ყველაზე მეტად იმოქმედა მსყიდველობითი უნარის შემცირებამ, არის თეთრი მუშათა კლასი. მიუხედავად იმისა, რომ იგი ქვეყანაში ერთადერთი უმსხვილესი ეთნიკური და სოციალური ჯგუფია, განიცდის მნიშვნელოვან ნაკლებობას პოლიტიკურ წარმომადგენლობაში.

ახალი გარიგების კოალიციის მიერ გავლებული პოლიტიკური პარტიების საზღვრების მიხედვით, დემოკრტიული პარტია წარმოადგენს მუშებს, ხოლო რესპუბლიკური პარტია -ზედა საშუალო კლასს. მაგრამ საარჩევნო ცვლილებამ, რომელიც 1960-იან წლებში დაიწყო სამხრეთით, პარტიებს შორის კულტურული ომები გამოიწვია და დემოკრატიულმა პარტიამ ურთიერთობა გაწყვიტა თავის ერთ-ერთ ბაზისებთან: ქარხნისა და საწარმოოს მუშებთან, რომელთაც კოლეჯის ხარისხები არ აქვთ.

მიზანშეწონილია მოლოდინი, რომ ეს უკმაყოფილება დემოგრაფიულ ამომრჩეველთა ქცევაზე იქონიებს გავლენას. ტრამპმა ეს გონივრულად გამოიყენა არჩევნებში გასამარჯვებლად. უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსი - არ არის აუცილებელი, იყოს ტრამპი - რომელიც წარმატებით მიუდგებოდა ამ ჯგუფს, ძლიერი კანდიდატი იქნებოდა ნოემბრის არჩევნებში.

შეერთებულ შტატებში ნაციონალიზმის ზრდა ასახავს ფაქტს, რომ ხანგრძლივ ეკონომიკურ დისფუნქციას გარდაუვალი პოლიტიკური შედეგები მოჰყვება. ეს შედეგები გადამწყვეტ როლს თამაშობს სოციალურ-ეკონომიკური კრიზისისა და გლობალური სტაგნაციის განვითარებაში. 1991 წლიდან 2008 წლამდე, მიღებული სიბრძნე იყო, რომ რაც უფრო ეფექტურია ექსპორტიორი ერი, მით უფრო ძლიერია მისი ეკონომიკა. სინამდვილეში, ექსპორტიორები ძლიერნი არიან, მოთხოვნის შესაბამისად.

2008 წლის ფინანსური კრიზისი დაუპირისპირდა ძირითად იდეებს, რომლებიც თავისუფალი ვაჭრობის უპირატესობებს უწყობდა ხელს. კრიზისის დანარჩენი ორი ძირითადი შედეგი იყო მოწინავე ინდუსტრიულ ქვეყნებში ეკონომიკური სტაგნაცია და ექსპორტზე დამოკიდებულ ქვეყნებში გაზრდილი არასტაბილურობა და დაუცველობა. პოსტ-კრიზისული, ექსპორტზე დამოკიდებული ეკონომიკები აღარ იყვნენ ძლიერები, ისინი დასუსტდნენ და დაუცველები გახდნენ.

თავისუფალი ვაჭრობის როლი

თავისუფალმა ვაჭრობამ უნდა დაამტკიცოს, რომ ღირებულია, რადგანაც პროტექციონიზმი - ნაციონალიზმის ეკონომიკური გამოხატულება - ძალას იკრებს. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიო სავაჭრო დონეებში შემცირება აღნიშნეს და ივარაუდეს, რომ ვაჭრობის ზრდასა და მშპ-ის ზრდას შორის პირდაპირი კორელაცია არსებობს.

ვაჭრობასა და მთლიან შიდა პროდუქტს შორის ურთიერთობა ნათელია, მაგრამ რეალურად, არავინ იცის, რა არის ეს ურთიერთობა. შეერთებული შტატების საერთაშორისო სავაჭრო კომისიის (USITC) 2008 წლის კვლევამ დაასკვნა, რომ „ყველა ემპირიული ანალიზი“ ადასტურებს კავშირებს - მაგრამ არცერთი ემპირიული ანალიზი არ მიუთითებს მიზეზობრიობის მდებარეობას. USITC, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ გაურკვეველია, ვაჭრობის ლიბერალიზაცია განვითარებად ქვეყნებს ეხმარება, თუ ვნებს.

ვაჭრობასა და პროტექციონიზმს შორის ბალანსი მთავარი პოლიტიკური საკითხია ამერიკაში, მისი დაარსების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატების ეკონომიკა შედარებით დაცულია ექსპორტის შემცირებისაგან - რომლის ანგარიშზეც მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 12.6%-ია - კრიზისმა ადგილი შექმნა სავაჭრო ურთიერთობების გადაფასებისათვის.

ეს სავაჭრო მოლაპარაკებები პირდაპირ კავშირშია შეერთებულ შტატებში შემცირებულ მსყიდველობით უნარსა და ცხოვრების დონესთან დაკავშირებულ დებატებთან. ეროვნული მოლაპარაკებების მთავარი საკითხები გახდა სამსახურების დაკარგვასთან დაკავშირებული შეკითხვები, რასაც უკავშირებენ თავისუფალ ვაჭრობას, გლობალური კონკურენტუნარიანობით გამოწვეულ შემცირებულ ხელფასებსა და ადგილობრივად წარმოებული პროდუქტის საბაზრო წილის დაკარგვას.

მოლოდინი

როდესაც პირადი ინტერესი დავის ცენტრალური წერტილი გახდება, სავარაუდოდ, საზოგადოებისა და პოლიტიკის სხვა ასპექტებშიც გავრცელდება. ეკონომიკურ გადარჩენასთან დაკავშირებული დისკუსია გადაიზრდება უფრო დიდ ეროვნულ კითხვებში, დაკავშირებული საემიგრაციო პოლიტიკასთან, საზღვარგარეთ სამხედრო ვალდებულებებთან, ვაჭრობის შეთანხმების პირობებსა და საგარეო დახმარებებთან.

გარდა ამისა, მოსახლეობა იმ გზას აირჩევს, რომელიც საუკეთესო პირობებით უზრუნველყოფს. დღეს, ნაციონალიზმი უფრო და უფრო მიმზიდველია. მათთვის, ვისაც 2008 წლის კრიზისის გადატანა მოუხდათ, ინტერნაციონალიზმმა არა მხოლოდ ვერ გადაჭრა მსოფლიოს ამჟამინდელი პოლიტიკური, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კრიზისები, არამედ ინტერნაციონალიზმი ამ პრობლემების მიზეზიც არის.

თუმცა, შეერთებულ შტატებში ნაციონალიზმისაკენ სწრაფვა არ უნდა გავაზვიადოთ. ამერიკაში, გლობალურ დონეზე, ნაციონალიზმი შესაძლოა, მარტივი ტრიუმფით არ დასრულდეს, მაგრამ ეს მოითხოვს ინტერნაციონალიზმის განახლებას ისე, რომ ეფექტურ ალტერნატივად გამოჩნდეს. ტრამპის არჩევა ამ ხანგრძლივი პროცესის პირველი ნაბიჯია.

საომარი შემთხვევების გარდა, ამერიკის საგარეო პოლიტიკაში ცვლილებები სწრაფად არ ხდება. შეერთებულ შტატებში შიდადაძაბულობაა და ეს აუცილებლად აისახება მის საგარეო პოლიტიკაზე, რაც ვრცლად განვმარტეთ ჩვენს 2017 წლის პროგნოზში.


ავტორები: ჯორჯ ფრიდმანი და ელისონ ფედირკა