რა ამოძრავებს პუტინს და რა უნდა მოიმოქმედოს დასავლეთმა

Administrator - 15.02.2017

13 იანვარი, 2017

რედაქტორის შენიშვნა: ეს ნაწილი, ნებართვის მიღების შემდეგ, ადაპტირებულია ფიონა ჰილისა და კლიფორდ გადის წიგნიდან, „ბატონი პუტინი: აგენტი კრემლში.“ (ბრუკინგსის ინსტიტუტის პრესა, 2015). წიგნში, მათი მიზანი იყო პასუხი გაეცათ კითხვებისთვის, თუ ვინ არის რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერე პუტინი და რა ამოძრავებს მას. ავტორებმა აღნიშნეს, რომ შეერთებულ შტატებში რუსეთთან დაკავშირებული კომენტარები პუტინის შესახებ რამდენიმე პოტენციურად ძალიან საშიშ მცდარ შეხედულებას ემყარება. ამჟამად, ეროვნული ყურადღების წინა ხაზზე რუსეთი და ამერიკის შიდა საქმეებში მისი მონაწილეობაა, ამიტომ მათი ანალიზი ასეთი დროული და მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა. ქვევით წიგნის მცირედ ადაპტირებული ამონაწერია.

ამ წიგნში, ჩვენ შევეცადეთ გვეპასუხა კითხვებზე, თუ ვინ არის ბატონი პუტინი და რა ამოძრავებს იმის გასაკეთებლად, რასაც აკეთებს. ჩვენ დაწერილზე დაყრდნობით, განვიხილავთ, რა ვისწავლეთ და მასთან გასამკლავებლად რა რჩევების გაცემა შეგვიძლია. 2014 წელს რუსეთსა და დასავლეთს შორის უკრაინასთან დაკავშირებულმა კონფლიქტმა დაგვარწმუნა, რომ კრიზისის ზოგიერთ დამკვირვებელს პუტინის შესახებ რამდენიმე, პოტენციურად ძალიან საშიში მცდარი წარმოდგენა აქვს. ისინი ადამიანების იმ კატეგორიაში ერთიანდებიან, რომლებიც შესაფერისად არ აფასებენ მას რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტში, ხოლო სხვებში - გადაჭარბებულად აფასებენ ან მისი შეზღუდვები არ ესმით. პირველ რიგში, დასავლეთში ბევრმა სათანადოდ ვერ შეაფასა პუტინის სურვილი, იბრძოლოს იმდენი ხანი და იმდენად ულმობლად (და ბინძურად), რამდენადაც თავისი მიზნების მისაღწევად არის საჭირო. ვლადიმერ პუტინი ყველა შესაძლო მეთოდს გამოიყენებს და დაუნდობელი იქნება. მეორეც, დასავლეთის დამკვივებლებმა მისი, როგორც სტრატეგის უნარები სწორად ვერ შეაფასეს. პუტინი არ არის უბრალო ტაქტიკოსი, როგორც ამას ბევრი ამბობს. იგი ფიქრობს სტრატეგიულად და ამ ფიქრების განხორციელებაში დასავლეთის ლიდერებთან შედარებით დიდი უპირატესობა აქვს. თუმცა, ჩვენ ხშირად ვერ ვაფასებთ, რამდენად სახიფათოდ ესმის პუტინს ჩვენი - ჩვენი მოტივები, ჩვენი მენტალიტეტი და ასევე, ჩვენი ღირებულებები. მხოლოდ იმის შეფასებით, თუ როგორ გვხედავს პუტინი ჩვენ, შევძლებთ მისი ქმედებების ლოგიკის გაგებას - ლოგიკის, რომელსაც მიჰყვება - და შესაბამისად, გავიგებთ, რა სურს, კურსი საით აქვს აღებული უკრაინასა და ევროპისა და ევრაზიის სხვა ქვეყნებში...

პირველ რიგში, ვლადიმერ პუტინი სერიოზულად უნდა აღიქვან. იგი ყველა დაპირებასა და მუქარას აასრულებს - თუ პუტინი ამბობს, რომ რაიმეს გააკეთებს, ე.ი. იგი მზად არის, რომ გააკეთოს. და იგი ამის გაკეთების გზას იპოვის, გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მეთოდს. პუტინის ბიოგრაფიული მასალებიდან ვიცით, რომ... მას და მის კრემლის გუნდს სურდათ ადგილობრივ და საერთაშორისო აუდიტორიას ქუჩის პატარა სკანდალურ მებრძოლად მიეჩნიათ (პატარა ყაჩაღი მაშა გესენის პორტრეტში „ადამიანი სახის გარეშე“). ამ ადრეულ მასალებში გამოქვეყნებული ყველა ამბავი ჩეჩნეთში მეორე ომის დაწყების შემდეგ ხდება. მაგრამ განკუთვნილი იყო მომავალი მოვლენებისთვისაც. მისი მიზანი იყო აღენიშნა, რომ თუ ვლადიმერ პუტინი ბრძოლას დაიწყებს, იგი ბოლომდე იბრძოლებს. იგი გააგრძელებს ბრძოლას, მაშინაც კი, თუ სცემენ (როგორც ბავშვს), ან თავის პოზიციას (რუსეთის ოფიციალური ლიდერის) რისკის ქვეშ აყენებს ან პოტენციურად თვითმკვლელობის ტოლფასი მისიის დაწყება მოუეწევს (როგორც მისმა მამამ გააკეთა მეორე მსოფლიო ომის დროს). შესაძლოა, ვლადიმერ პუტინი მსხვერპლი იყოს - სხეულის აგებულებით პატარაა, ოპონენტებზე სუსტი ჩანს, 1990-იან წლებამდე ყოველთვის მეორეხარისხოვანი და არაშესამჩნევ პოზიციებზე იყო - მაგრამ ამას და სხვა ატრიბუტებს თავის სასარგებლოდ იყენებს.

ვლადიმერ პუტინი არის მებრძოლი და სურვაივალისტი

მოკლედ, ვლადიმერ პუტინი არის მებრძოლი და სურვაივალისტი. თუ გამარჯვებისათვის იქნება საჭირო, არ დანებდება და ბინძურად იბრძოლებს. იგი ბავშვობაშიც არ დანებდა ლენინგრადის ეზოებში. არ დანებდა ჩეჩნეთში. არ დანებდება უკრაინასა და რუსეთის სხვა მეზობელ ქვეყნებში. ვლადიმერ პუტინის ქუჩის წესები არსებითად საშინაო და საგარეო პოლიტიკაშიც ვრცელდება. მოიპოვეთ ნდობა და არ დაიხიოთ უკან, სანამ უპირატესობას არ მოიპოვებთ. მას შემდეგ, რაც თქვენი მოწინააღმდეგე დაგნებდებათ და თქვენს ტერიტორიასა და პირობებს გამოაცხადებთ, შეგიძლიათ ურთიერთობები აღადგინოთ და სვლა განაგრძოთ - შემდეგ ორთაბრძოლამდე. მიუხედავად იმისა, მართალია თუ არა ყველა ის ამბავი, რომელსაც პუტინი და მისი გუნდი ყვებიან მისი ბავშვობის ჩხუბების შესახებ, გარკვეულ ჭეშმარიტებას სძენს პუტინის ვარჯიშები საბრძოლო ხელოვნებაში. ამას შემოჰყას სხვა განზომილებაც. პუტინმა ადრეულ ასაკში დაიწყო ძიუდო და შედარებით უხეში რუსული ვარიანტი, სახელად სამბო. ძიუდომ პუტინს ბრძოლასთან უფრო დისციპლინირებული და რიტუალური მიდგომა ჩამოუყალიბა. დაეხმარა საკუთარი სისუსტეების გადალახვაში, მისი ზომისა და ძალის თვალსაზრისით. ძიუდომ ქუჩის ბავშვი ცემა-ტყეპიდან ფორმალურ მატჩებზე გადაიყვანა. მან ჩამოუყალიბა ადეკვატური თვითშეფასება და ტექნიკა ხალიჩაზე უფრო დიდ, ძლიერ ოპონენტებთან თავის დასაცავად.

საშინაო და საგარეო პოლიტიკაში, პუტინი მუდმივად აფასებს და იკვლევს თავისი ოპონენტების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ სისუსტეებს. ამ სისუსტეების გამომჟღავნებისათვის ნიქსონის „შეშლილი თეორიას“ იყენებს - იგი ეხმარება რეაქციების შეფასებაში: ისინი თვლიან, რომ მე საშიში და არაპროგნოზირებადი ვარ, როგორ რეაგირებას მოახდენენ ამაზე? შედეგად გაუწონასწორებული გავხადე და უკანა ფეხებზე დგანან? შემდეგ პუტინი ამოწმებს, გულისხმობენ თუ არა მისი ოპონენტები იმას, რასაც ამბობენ - მზად არიან საბრძოლველად, თანაც ბოლომდე? თუ არა, მაშინ მათ ცარიელ მუქარებს გამოიყენებს დაბრკოლების შესაქმნელად, დასაშინებლად, შესაზღუდად და დასამარცხებლად. თუ ისინი ბრძოლისათვის მზად არიან და მოწინააღმდეგეები ჯობნიან ან ამარცხებენ, მაშინ არასტანდარტულ სვლებს მიმართავს, რომლებიც მათ თავდაცვას გაუმკლავდება, ასე რომ, მას ჭკუაში მოტყუება შეეძლება. ძიუდოში გამარჯვება შესაძლებელია მაშინაც კი, თუ თქვენს ოპონენტზე პატარა ხართ და რამდენიმე ინდივიდუალურ რაუნდში დამარცხდებით.

ამის უმეტესობას პუტინის პრეზიდენტად გახდომის შემდგომი მოვლენები ადასტურებს. როგორც ჩვენს წიგნში აღვნიშნეთ, პუტინის ყველა ტაქტიკა, სახლშიც და საზღვარგარეთაც, მიმართულია ოპონენტის წინააღმდეგ უპირატესობის მოპოვებისაკენ - იქნებიან ისინი ოლიგარქები და ოპოზიციის წარმომადგენლები რუსეთში, თუ დასავლეთის ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციები. ტაქტიკური უპირატესობის მაქსიმალურად გასაზრდელად, პუტინი და კრემლი ძალიან ბევრს მუშაობენ, რათა რაც შეიძლება შეუვალი და არაპროგნოზირებადი გახდეს. პუტინთან კავშირი მკაცრად შეზღუდულია. ფრთხილად არჩევენ მის იმიჯს. მისი გარეგნობა და საჯარო განცხადებები უაღრესად გაკონტროლებული და კარგად მომზადებულია. ისინი გათვლილია მაქსიმალური ეფექტისათვის, რადგანაც მისი აუდიტორია ყველა სიტყვას ჩაუღრმავდება - რათა იპოვოს რაიმე მინიშნება, თუ რას ფიქრობს ან რა შეიძლება მოიმოქმედოს. როდესაც ჩანს, რომ შეტყობინება თანხმობის გარეშეა წარდგენილი, მათ თან ახლავს შესაფერისი სადეზინფორმაციო ღონისძიებები. კრემლი სიჩუმისა და შეტყობინების მხრივ თითქმის სრულ ერთიანობას ინარჩუნებს. ეს ყველაფერი შეგნებულად ართულებს პოლიტიკური ოპონენტის (ისევე, როგორც გარე ანალიტიკოსისა და ბიოგრაფის) სამუშაოს. ვლადიმერ პუტინი გარეშე პირთათვის არის და უნდა იყოს უცნობი. მათი მიზანია ყველას დაბნევა.

სახიფათოდ მცდარია მოსაზრება, რომ პუტინი არის ოპორტუნისტი, საუკეთესო შემთხვევაში იმპროვიზატორი, მაგრამ არა სტრატეგი

ეს წიგნში განხილულ ზოგიერ მოვლენაში შეინიშნება. მაგალითად, 2008 წელს, საქართველოში, პუტინმა დასავლეთი თვალთმაქცობაში ამხილა მეგობრების გვერდით არყოფნის გამო - რასაც აგვისტოს ომის შემდგომ თბილისში ვიზიტისას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, კონდოლიზა რაისი დაჰპირდა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს. პუტინი იმ მნიშვნელობის გათვალისწინებით, რაც მისი აზრით, ბუშის ადმინისტრაციამ საგარეო პოლიტიკაში მიანიჭა საქართველოს, ფიქრობდა, რომ შეერთებული შტატები საქართველოსთვის მზად იყო შეიარაღებული ბრძოლისათვის და არა უბრალოდ რიტორიკულად ბრძოლისათვის. მოსკოვი მზად იყო ნატოსთან მოსალოდნელი ბრძოლისათვის. ავტორებთან პირადი შეხვედრებისას, ბევრი რუსი მოხელე ყვებოდა 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის უსაფრთხოების წრეებში არსებული დაძაბულობის შესახებ. მათ ისაუბრეს რუსეთის სამხედრო ძალებში არსებულ შიშზე, რომ შეერთებული შტატები და ნატო შურს იძიებდნენ და საქართველოს ჯართან ერთად ნატოს ძალებთან დაპირისპირებაც მოუწევდათ. მოსკოვში შვებით ამოისუნთქეს, როდესაც შეერთებული შტატები და ნატო საქართველოს სამხედრო ძალებით არ დაეხმარნენ, ხოლო ევროკავშირი, საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის აქტიურობით შუამავლობდა ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებას. რა თქმა უნდა, ნატო კვლავ მნიშვნელოვანი საბრძოლო ძალა იყო, მაგრამ მას არ ჰქონდა პოლიტიკური სურვილი, ებრძოლა ალიანსის გარეთ მყოფი პარტნიორებისათვის და მეხუთე მუხლის ჩარჩოსათვის - მაშინაც კი, თუ ეს პარტნიორები (როგორც საქართველოს შემთხვევაში) ნატოს ძალებთან ერთად იბრძვიან ავღანეთსა და ერაყში. პუტინი მიხვდა, რომ შეერთებული შტატების უსაფრთხოების პრიორიტეტები სხვა რამეზე იყო ორიენტირებული. დასავლეთს ევროპასა და ევრაზიაში რუსეთის შეკავება მარტივად სურდა. ამერიკის შეერთებული შტატები, ნატო და ევროკავშირი გააკეთებდენ ყველაფერს, რაც კი შეეძლოთ, კიდევ ერთი სამხედრო დაპირისპირებისა და ევროპაში „მესამე მსოფლიო ომის“ თავიდან ასაცილებად.

თუმცა, პუტინის გადმოსახედიდან, შესაძლოა დადგეს დრო, როდესაც ამერიკისა და ნატოსათვის პრიორიტეტები შეიცვლება. თუ ასეა, იგი ყველაზე საშინელი სცენარით იფიქრებს. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რადგან გაბატონებული შეფასების საპირისპიროდ, პუტინი სტრატეგიული მგეგმავია. სახიფათოდ მცდარია მოსაზრება, რომ პუტინი არის ოპორტუნისტი, საუკეთესო შემთხვევაში იმპროვიზატორი, მაგრამ არა სტრატეგი. პუტინი ფიქრობს, გეგმავს და მოქმედებს სტრატეგიულად. მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ ხაზგასმით, პუტინისათვის სტრატეგიული დადგეგმვა არის გაუთვალისწინებელი დაგეგმვა. არ არსებობს ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი გეგმა, არსებობს სტრატეგიული მიზნები და მათ მისაღწევად უამრავი გზა. ვითარებაზეა დამოკიდებული, ზუსტად როგორი იქნება მისი შემდგომი ნაბიჯი ამ მიზნისაკენ. ასევე დამოკიდებულია, თუ როგორი რეაგირება ექნება მის მოწინააღმდეგეს.

პუტინს დღესაც იგივე პრიორიტეტები აქვს, რაც 1999 წლის დეკემბერში, პრეზიდენტობის დასაწყისში ჰქონდა. მისი დიდი სტრატეგიული მიზნები იყო რუსეთის ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა - რაც მჭიდროდ არის დაკავშირებული და მეტწილად განუყოფელია მისი და მისი სისტემის ინტერესებისაგან. როგორც რუსეთის პრეზიდენტი, პუტინი მზად არის რუსეთის პოზიციის აღსადგენად, გასაერთიანებლად და დასაცავად. როგორც „რუსეთის კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი“, პუტინის ამოცანა არის ძირითადი აქტივების დაცვა ეკონომიკური სისტემისა, რომელსაც ის აკონტროლებს და მისი შიდა წრე მართავს. ორივე შემთხვევაში, პუტინმა უნდა გაარკვიოს, როგორ დაგეგმოს აწმყო და მომავალი ეკონომიკური და პოლიტიკური გაურკვევლობის პირობებში. პუტინმა იცის, რომ მოულოდნელ მოვლენებს შეუძლიათ და შეცვლიან საშინაო და საგარეო პოლიტიკის სვლას. მოულოდნელობასთან გამკლავების გასაღები არის იმის გათვალისწინება, რომ ყოველთვის იარსებებს წინააღმდეგობები. ეს ნიშნავს, რომ იგი ყურადღებას ამახვილებს გაუთვალისწინებელ მდგომარეობაზე და მათთან გასამკლავებლად ადაპტირებულ დაგეგმვაზე. მას სჭირდება სათადარიგო გეგმები და რესურსები, როდესაც ისინი წამოიჭრება. სათადარიგო გეგმის ქონა ნიშნავს წარსულის შეცდომებზე და წარმატებებზე სწავლას. ეს ნიშნავს მომავალში რისკისა და დაუცველობის შემცირებას. პუტინი გამუდმებით გვაჩვენებს, რომ შეუძლია სახლში და საზღვარგარეთ დაშვებულ პოლიტიკურ და ტაქტიკურ შეცდომებზე სწავლა. თავის განცხადებებსა და ქმედებებში პუტინი ხაზს უსვამს ოპერატიული მოქნილობის მნიშვნელობას და ვარიანტების მაქსიმალურად გაზრდას, რათა შეძლოს რუსეთის შიდა და გარე გარემოში მიმდინარე ცვლილებებზე მორგება.

პუტინის სტრატეგიული მიდგომის კიდევ ერთი ასპექტი არის საკუთარი ხელმძღვანელობის გამარტივება და რაციონალიზაცია სახლში და საზღვარგარეთ ურთიერთობებში. იმ სისტემის შექმნით, სადაც მონაწილე პირების მხოლოდ მცირე რაოდენობასთან აქვს ურთიერთობა, პუტინი დეტალებსა და ბინძურ დინამიკას იცილებს თავიდან. ის პოულობს და ასაქმებს ხალხს, ვისაც შეუძლია შედეგების მიღება და შესაბამისად, დიდ იმედებსაც ამყარებს მათზე, როგორც სახლში, ისე საზღვარგარეთ.

„რუსეთის კორპორაციაში“ პუტინი აწესებს ჯილდოებსა და წესებს მთავარი გუნდის ერთიანობის შესანარჩუნებლად. იგი არ მართავს, არამედ აკონტროლებს. პერიოდულად ამოწმებს, რომ მის მთავარ გუნდში და შედარებით დაბალ ოპერატიულ დონეებზე ყველამ იცის, რასაც აკეთებს; მხოლოდ მაშინ ერევა, თუ რაიმე არასწორად ვითარდება და თავის გზაზე უნდა დააბრუნოს. იგი მოითხოვს ერთობასა და შეთანხმებულობას - რითაც ოპონენტებს თავის „დიდ კარავში“ აჩერებს. მათ მიმართ პატივისცემას ამჟღავნებს, რეგულარულად ისმენს მათ იდეებს და სისტემაში აქციებს აძლევს. მაგრამ როგორც კი ვინმე საშინაო და საგარეო პოლიტიკაში მის მიერ დამყარებულ წესებს დაარღვევს, მკაცრად ისჯება - მიხაილ ხოდორკოვსკიდან დაწყებული, მიხეილ სააკაშვილით დამთავრებული.

იმ სისტემის შექმნით, სადაც მონაწილე პირების მხოლოდ მცირე რაოდენობასთან აქვს საქმე, პუტინი დეტალებსა და ბინძურ დინამიკას იცილებს თავიდან

ეს, ისევ და ისევ, საგარეო პოლიტიკაზე ახდენს გავლენას. პუტინმა 2007 წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციამდე აშკარად გადაწყვიტა, რომ საბოლოოდ ამერიკის შეერთებულ შტატების გაზრდილ რიტორიკას პროვოკაციული საქციელის შესახებ, უფრო ძლიერი რამით დაუპირისპირდებოდა. საქართველოს შემთხვევაში, პუტინმა იცოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი აპირებდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რესპუბლიკებზე კონტროლის მოსაპოვებლად ბრძოლას, მათ შორის, ძალით დაბრუნებას, თუკი იგრძნობდა, რომ ასე იყო საჭირო ან შეეძლო. სააკაშვილი არასდროს მალავდა ამ განზრახვას და ხშირად განიხილავდა თავის მოსაუბრეებთან, მათ შორის ავტორებთანაც. სააკაშვილმა აგრეთვე ნათელყო, რომ გააგრძელებდა ნატოს წევრობის დაჟინებით მოთხოვნას. ასე რომ, პუტინი მზად იყო გაუთვალისწინებელი მდგომარეობისათვის. საქართველოს ომის შემდეგ, პუტინმა და მისმა გუნდმა გადახედეს კონფლიქტს და დეტალურად განიხილეს, რა მოხდა არასწორად. მათ შეხედეს რუსეთის ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციებს ჯერ ჩეჩნეთში, შემდეგ საქართველოში და დასავლეთის რეაქციებს. მათ გადაწყვიტეს, რომ შემდეგისთვის რაღაც განსხვავებულის გაკეთება არის საჭირო.

შემდეგი იყო უკრაინა. თავდაპირველად პუტინმა 2011-2012 წლის საპროტესტო აქციები მიიღო როგორც ნიშანი, რომ დასავლეთმა კიდევ ერთი თავდასხმის ფრონტი გახსნა და მას დაუყოვნებელი მოსამზადებელი მოქმედებები დასჭირდებოდა. პუტინმა 2012 წლის ბოლოს გერასიმოვი (შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი) და შოიგუ (თავდაცვის მინისტრი) მოიწვია სამუშაოდ, რათა დასავლეთთან ოცდამეერთე საუკუნის ახალ ომში საბრძოლველად რუსეთის მობილიზება მოეხდინათ. პუტინის მეორე ნიშანი იყო 2013 წელს ევროპის ასოციაციის ხელშეკრულებები, მესამე ენერგეტიკული პაკეტის ინიცირებასთან დაკავშირებული ევროკავშირის გადაწყვეტილებასა და 2013 წლის მარტში კვიპროსში ფინანსურ კრიზისთან ერთად. ამ ყველაფერმა გამოამჟღავნა, რომ ბრიუსელსა და ბერლინში რუსეთის მიმართ დამოკიდებულება უარყოფითი გახდა. თავდაპირველად პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინაში ყველაფერი კონტროლს ექვემდებარებოდა მოსყიდული ვიქტორ იანუკოვიჩის წყალობით. მაგრამ ფსონი არასწორ ცხენზე დადო. იანუკოვიჩს შესაძლოა შანტაჟი მოუწყო, მაგრამ იგი ვერ შეინარჩუნებდა უკრაინაზე კონტროლს. მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, რომ იანუკოვიჩს „პოლიტიკური მომავალი არ ჰქონდა“ - დაახლოებით 2013 წლის დეკემბერში, როდესაც კიევში საპროტესტო აქციები გაძლიერდა, ან 2014 წლის თებერვალში, როდესაც სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა - პუტინი უნდა დარწმუნებულიყო, რომ მისი სათადარიგო გეგმები ადგილზე იყო. ყირიმის ანექსია და დანარჩენი ურკაინის ცეცხლში მოქეცვა გაუთვალისწინებელი ვარიანტები იყო. ისინი წინასწარ იყო დაგეგმილი, საჭიროების შემთხვევაში გამოსაყენებლად მზად - მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საჭირო იქნებოდა.

განხილული უნდა ყოფილიყო მომავალი მოულოდნელი მოვლენებიც. 2014 წლის ივლისში აღმოსავლეთ უკრაინაში მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავი MH17-ის ჩამოგდება ერთ-ერთი მათგანი იყო: ეს იყო გეგმების არევის განსაკუთრებულად ტრაგიკული მაგალითი. მალაიზიური ავიახაზების კატასტროფამდე, ევროკავშირი გულგრილად განიხილავდა ყირიმის ანექსიის საპასუხოდ რუსეთისათვის სანქციების დაწესებას. ევროპისათვის MH17-მა თამაშის წესები შეცვალა. მსხვერპლთა დიდი ნაწილი იყვნენ ევროპელები, რუსეთის ერთ-ერთი უახლოესი სავაჭრო პარტნიორის (და როგორც აღმოჩნდა, ერთ დროს პუტინის ერთ-ერთი ქალიშვილის სახლის), ნიდერლანდების მოქალაქეები. თუმცა, ეს მოვლენა პუტინისათვის არ ცვლიდა თამაშის წესებს. იგი თავისი სტრტეგიის ერთგული დარჩებოდა. მაგრამ თავის ტაქტიკას ახალ გარემოებებს შეუსაბამებდა. პუტინი უკვე ელოდა სანქციებს - რაც შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის გამორჩეული სადამსჯელო ინსტრუმენტი იყო, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს არ სურდა საქათველოში გამოეყენებინა. პუტინმა წინასწარ დაიწყო ამ გარდაუვალი შემთხვევისათვის მზადება. იგი პრეზიდენტად დაბრუნების შემდეგ ენერგიულად შეუდგა დასავლეთთან რუსეთის ეკონომიკური ბერკეტების გაზრდას და ვაჭრობის განვითარებას. ახლა პუტინს სანქციების გაძლიერებულ დონესთან გამკლავების გზები უნდა ეპოვა - მათ შორის არაეკონომიკური საშუალებები. MH17-ის შემთხვევაში, პუტინმა წინააღმდეგობა გაუწია რუსეთის (ასიმეტრიული) სანქციებით, რომლებსაც თან ახლდა პროპაგანდის ბლოკადა და დეზინფორმაცია საკითხის გასართულებლად, ეჭვის დასათესად, და ყურადღების გადასატანად, თუ რეალურად ვინ ჩამოაგდო თვითმფრინავი და რატომ. სამხრეთ უკრაინაში გააფართოვა კონფლიქტის სამხედრო ასპექტები. ის არცერთი გზით არ დანებდა.

პუტინს ამერიკისა და ევროპის მხოლოდ რამდენიმე წევრთან აქვს კონტაქტი და შესაბამისად, არასრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ამოძრავებს დასავლეთის ლიდერებს. რადგანაც მათი პოლიტიკური პერსპექტივები და ურთიერთკავშირები მისთვის მიუწვდომელია, პუტინი თავის (და რუსეთის) საფრთხის აღქმის უძველს მეთოდებს უბრუნდება. იგი ეძებს და პოულობს შეთქმულებებს. ეს შეთქმულებები მის ლოგიკას შეესაბამება. ეს ყველაფერი მისთვის საზრიანია ცივი ომის, კგბ-ს, დრეზდენში გატარებული დროისა და კონსერვატიული და პატრიოტული რუსეთის წრეებში გაბატონებული პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით. ეს არ ნიშნავს, რომ შეთქმულებები არსებობს ან მისი შეხედულებები სწორია. ამ შემთხვევაში პუტინის „სხვა სამყაროსეული“ შეხედულება სისუსტის წყაროა, და არა სიძლიერის. ვლადიმერ პუტინმა თავისი პროფესიული ცხოვრების დიდი ნაწილი სიმართლის დამალვაში, ფაქტებით მანიპულირებაში და გამოგონილი ამბებით თამაშში გაატარა. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ყოველთვის არ შეუძლია ერთი მეორისგან განასხვავოს და მისი ინსტუმენტები ხშირად აარაადეკვატურია. ეს საფრთხეს წარმოადგენს დასავლეთთან რუსეთის ურთიერთობებისათვის.

ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა საგარეო პოლიტიკაში პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცვლილებებს მნიშვნელოვნად უწყობენ წელს. დასავლური პოლიტიკური სისტემის არსი საზღვარგარეთ დემოკრატიისა და თვისუფალი ბაზრების გავრცელებაშია. ამას დასავლელი ლიდერები და მათი მოსახლეობა კეთილმოსურნეობად მიიჩნევენ. პუტინის გადმოსახედიდან კი ეს ყველაფერი კეთილმოსურნეობა არ არის. დასავლეთის სტილი - დემოკრატია და ღია ბაზარი აშკარა საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის პოლიტიკური სისტემისათვის, რომელიც კარგად ვითარდება, როგორც ერთი ბიჭის დახურული სტრუქტურა და ეკონომიკური დაცვის რაკეტა. როგორც პუტინი ვარაუდობს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს არ გადაუწყვეტიათ მისი რეჟიმის ფერადი რევოლუციით გადატრიალება. მაგრამ, ბევრმა დასავლელმა პოლიტიკოსმა და ავტორიტეტმა ნათელყო, რომ რუსეთში პოლიტიკური სისტემის შეცვლა სურთ, ხოლო პუტინის ადგილას სხვა, შედარებით „დასავლური მსოფლმხედველობის“ მქონე ლიდერი. დასავლურ პრესაში რუსეთის პუტინის გარეშე ხშირად განხილვისა და პუტინის განწყობის გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, დარწმუნებული იყოს, რომ შეერთებულ შტატებსა და ევროპას მისი „თავიდან მოცილება არ სურთ.“ 2014 წელს უკრაინაში ამბების მიმდინარეობის გაძლიერებამ - დასავლეთის წარმატებული სანქციებით, ნატოს გაძლიერებული თავდაცვით და უკრაინაში სამხედრო დახმარების მოწოდებით, პუტინის შეხედულებები დასავლეთთან დაკავშირებით კიდევ უფრო გაამუქა.

როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ბევრმა მეცნიერმა და ფსიქოლოგმა აღნიშნა, აღქმები და არასწორი წარმოდგენები ისეთივე ძლიერია, როგორც რეალური ფაქტები. მას შემდეგ, რაც მცდარი შეხედულებები ჩნდება, რთულია მათი უარყოფა ან შეცვლა. პუტინის შემთხვევაში, მისი დამოკიდებულება ღრმად არის ფესვგადგმული. დასავლეთს გაუჭირდება მისი შეხედულებების შეცვლა. პუტინის აზრით, მას დასავლეთში საიმედო თანამოსაუბრეები არ ჰყავს, მხოლოდ რამდენიმე შუამავალი. ის, უბრალოდ, არავის ენდობა. მისი დარწმუნების ნებისმიერი მცდელობა, რომ მან არასწორად გაიგო სიტუაცია, ხაფანგად აღიქმება. ნდობის ხარისხის აღდგენა შეუძლებელი არ არის, მაგრამ უკიდურესად რთული იქნება. ამასობაში, დასავლეთმა პუტინის შეხედულებების უტყუარობას უნდა გაუსწოროს თვალი: ფაქტს, რომ იგი ამერიკელი და ევროპელი კოლეგებისაგან განსხვავებულად არ ფიქრობს. პუტინი არ თვლის, რომ დასავლეთი მისთვის და მისი სისტემისათვის საფრთხეს წარმოადგენს.

მისი დამოკიდებულება ღრმად არის ფესვგადგმული. დასავლეთს გაუჭირდება მისი შეხედულებების შეცვლა

რაც შეეხება უკრაინაში კონფლიქტს, რომელიც პუტინმა გამოიწვია 2014 წელს - რა სურდა მას და რა შეიძლება გააკეთოს შემდეგ? როგორც 2014 წლის აგვისტოში ყირიმში გამოსვლისას თავად აღნიშნა, პუტინი პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით დასავლეთთან „ახალ იალტას“ ეძებს. ვინაიდან ამ ახალ შეთანხმებაში იგი განსაზღვრავს მოსკოვის გავლენის სფეროს, ეს სფერო ევროპასა და ევრაზიაში მოიცავს ყველა იმ ტერიტორიას, რომელიც ოდესღაც რუსეთის იმპერიის და საბჭოთა კავშირის უზარმაზარ ფარგლებში იყო მოქცეული, პუტინსა და რუსეთს აქვთ ინტერესები, რომლებიც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, ინტერესები, რომლებიც სხვა დანარჩენს ფეხქვეშ თელავს. პუტინისათვის, სამეზობლოში რუსეთი ერთადერთი სუვერენული სახელმწიფოა. მისი აზრით, არც ერთ სხვა სახელმწიფოს არ აქვს ნამდვილად დამოუკიდებელი მდგომარეობა - ყველა მათგანს პირობითი სუვერენიტეტი აქვს. პუტინისათვის ერთადერთი საკითხი ის არის, თუ რომელი სუვერენული სახელმწიფო (რუსეთი თუ შეერთებული შტატები) გადაწყვეტს, სად დამთავრდეს ახალი იალტის საზღვრები 2014 წლის შემდეგ. მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საბჭოთა კავშირის ძველი იალტისაგან განსხვავებით, პუტინის ახალი იალტა ეკონომიკებზე არ ვრცელდება. პუტინს რუსეთის ეკონომიკისათვის პრივილეგირებული, პროტექციონისტული პირობები სურს, მაგრამ მხარს არ უჭერს რიგიდული საპირისპირო ეკონომიკური ბლოკების ან ავტარკიის შექმნას. ამას დღევანდელ გლობალურ ეკონომიკაში, უბრალოდ, შედეგი არ ექნება. პუტინს არ უნდა რუსეთი საერთაშორისო იზოლაციის გზაზე დაყენება. როგორც თვითონ ამბობს, სურს, რომ რუსეთი ეკონომიკურად და გეოპოლიტიკურად „მოთხოვნადი“ იყოს. მას არ უნდა, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეის მსგავსად გარიყული აღმოჩნდეს. პუტინი დარწმუნდა, რომ რუსეთს ამ ბედის თავიდან ასაცილებლად საგარეო პოლიტიკის და ვაჭრობის ვარიანტები აქვს. მან მრავალფეროვანი გახადა საგარეო პოლიტიკა და ევრო-ატლანტიკის სისტემის გარეთ ახალი მრავალმხრივი და ორმხრივი ურთიერთობები შეთხზა. ამავდროულად, პუტინს არ სურს, რომ ამერიკასთან და ევროპასთან რუსეთის კავშირები მთლიანად გაწყვიტოს. ეს არც მიზანშეწონილია და არც შესაძლებელი, სასურველიც კი არ არის, ბოლო ორი ათწლეულის ურთიერთკავშირისა და ინტეგრაციის გათვალისწინებით. პუტინს კვლავ აქვს გერმანიის დარწმუნების იმედი, რომ ყველაფერი არ არის დაკარგული და ბერლინს შეუძლია მოსკოვთან უკრაინის კრიზისამდე არსებული მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების აღდგენა.

მოკლედ, 2008 წელს საქართველოში და 2014 წელს უკრაინაში ომის მიუხედავად, პუტინს კვლავ სურს დასავლეთთან საქმიანი ურთიერთობა. პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს ნიშნავს თანამშრომლობას, როდესაც უსაფრთხოების ინტერესები რეალურად მნიშვნელოვანია. მას და რუსეთს შეუძლიათ შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან მუშაობა ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის ირანი და მისი ბირთვული იარაღების სისტემის შეზღუდვა, სირიის ქიმიური იარაღის დაშლა ან მთელს ახლო აღმოსავლეთსა და ავღანეთში ისლამისტი ექსტრემისტების სამხედრო მოქმედებების შეკავება. მისი აზრით, არ უნდა შეწყვიტონ თანამშრომლობა ისეთ საკითხებზე, სადაც ორმხრივი სტრატეგიული ინტერესი არსებობს. მართლაც, პუტინს რუსეთის პოზიციის დაცვა ამ და სხვა საკითხებზე საერთაშორისო დიპლომატიურ მაგიდაზე ადგილის ქონით შეუძლია. პუტინი არ გაწყვეტს დიპლომატიურ კავშირებს, თუ ეს რუსეთისათვის საზიანო იქნება. მაგრამ ყველაზე მეტად პუტინი ეკონომიკაზე ზრუნავს. მას დასავლეთთან საქმის წარმოება სურს - ვაჭრობისა და ინვესტიციის. იგი კვლავ აკონტროლებს რუსეთის ეკონომიკურ ურთიერთობებს. პუტინს საბოლოოდ სურს უკრაინაში ომის გვერდზე გადადება, ცალკე გამოყოფა - ომი ომია, მაგრამ ბიზნესი ბიზნესია. დასავლელ პოლიტიკოსებს ჩემთან ბრძოლა სურთ, მაგრამ მათ ბიზნესმენებს რუსეთთან მუშაობის შენარჩუნება.

ამასობაში, სანამ „ახალი იალტაზე“ ფიქრს არ შეეშვებიან, რუსეთსა და დასავლეთს შორის ომის მდგომარეობა იქნება. ისინი იბრძოლებენ ახალ ომში, რომელიც მიმდინარეობს ყველგან, არასამხედრო თუ სამხედრო საშუალებებით. საბოლოო ჯამში, თავისი მიზნების განხორციელებისას... პუტინი პრაგმატულად მოაზროვნე რჩება. ამ ომში გამარჯვების გზების ძიებაში, პუტინმა იცის, რომ რუსეთს არ აქვს ეკონომიკური და სამხედრო რესურსები ძველი საბჭოთა კავშირის (და რუსეთის) მასობრივი არმიისათვის, თავისი ინტერესებისათვის სრული მობილიზაციის საშუალება. ძალების ამჟამინდელი ბალანსის გათვალისწინებით, რუსეთი მსგავს კონფლიქტში დამარცხდება. ამერიკის შეერთებულ შტატებს, ნატოს წევრებსა და ამერიკის სხვა დე ფაქტო მოკავშირეებს ერთობლივად რუსეთზე ათჯერ მეტი მშპ აქვთ, ისევე, როგორც ჩვეულებრივი შეიარაღება. პუტინმა თავიდან უნდა აიცილოს მეოცე საუკუნის მოძველებული ომი (თუნცად პატარა) და საკუთარი მიზნები სრული მობილიზაციის გარეშე განახორციელოს. ოცდამეერთე საუკუნის ომები მოიცავს არასამხედრო ძალისხმევას. ისინი რუსეთის ეკონომიკის ნორმალურ ფუნქციონირებისათვის ნაკლებად დამანგრეველია, თუმცა შესაძლოა, ძალიან საზიანოც აღმოჩნდეს. პუტინს სურს, რომ დასავლეთმა უკრაინაში და რუსეთის სხვა მეზობელ ქვეყნებში მშვიდობა პირდაპირ სამხედრო ომის ფაზაზე გადახტომის გარეშე მოითხოვოს. 2014 წლის ომი არსებითად დიდი „ქათმის“ თამაშია. საქართველოში დასავლეთის წარსულ ქცევაზე დაყრდნობით, პუტინმა განჭვრიტა, რომ დასავლეთი უკრაინაში თავდაპირველად თვალებს დახუჭავდა და დაპირისპირების მაღალი ხარჯები შეაჩერებდა, რაც ნათლად გამოჩნდა მის აგრესიული თავდაცვაში. უკრაინის აღმოსავლეთი ნაწილი დაიწვებოდა და ალი უფრო და უფრო შორს გავრცელდებოდა. ცივი ომის ათწლეულები დასრულდებოდა კიდევ ერთი ცხელი ომით და არა ცივი მშვიდობით.

ხანგრძლივი იქნება ეს თამაში... და არ არსებობს გადამწყვეტი პარტია 

ხანგრძლივი იქნება ეს თამაში. პუტინის მიზანი რუსეთისა და მისი სისტემის უსაფრთხოებაა, რაც ნიშნავს, რომ ამ მიზნის მიღწევა პრევენცია იქნება. როგორც ხშირად აღნიშნულა, რუსული სიტყვა უსაფრთხოებისათვის, "безопасность", სიტყვასიტყვით ნიშნავს „საშიშროების ან საფრთხის არარსებობას.“ შედეგად, არ არსებობს გადამწყვეტი პარტია. იგი გააგრძელებს თამაშს მანამ, სანამ საფრთხეს დასრულებულად არ ჩათვლის. მაშინაც კი, თუ გარკვეული ფორმით უზრუნველყოფს „ახალი იალტის“ გარიგებას, მას არანაირი განზრახვა არ აქვს ახალი ომის მისატოვებლად, რადგანაც ეს არის საფრთხის შეკავების მისი მეთოდი. ვლადიმერ პუტინისა და მისი გუნდის მიერ გაგებულ ოცდამეერთე საუკუნის ომში არ არსებობს ომის რეალური გამოცხადება და შესაბამისად, რეალური სამშვიდობო მოლაპარაკებები - მხოლოდ ნაწილობრივი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე. პუტინს ყველა ვარიანტი მზად ექნება. იგი რუსეთის შესაძლებლობების გაზრდას გააგრძელებს. მისი მოქმედებები დამოკიდებული იქნება ოპონენტების პასუხებსა და რეაქციებზე. პუტინი დარწმუნდება, რომ რუსეთის სამხედრო მოქმედებების მუქარა დამაჯერებელი იყოს. ვლადიმერ პუტინი არ არის ბორის ელცინი და დიდი ხანია, პუტინის რუსეთი არ ჰგავს ელცინის რუსეთს და არ იმართება ელცინის რუსეთის მსგავსად.

1990-იან წლებში, როდესაც ელცინმა ძლიერი რეაგირება არ მოახდინა რუსეთის ინტერესებისათვის საზიანო საკითხებზე, ამერიკისა და ევროპის ლიდერები მუდმივად ვარაუდობდნენ, რომ ეს ელცინის სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო. როდესაც ელცინი ნატოს გაფართოებას ან ნატოს იუგოსლაიაში ინტერვენციას ეწინააღმდეგებოდა, მისი სიტყვიერი საჩივარი ზედაპირულად განიხილებოდა. დასავლეთის ლიდერებმა დაასკვნეს, რომ ელცინისათვის, ყველაფრის მიუხედავად, პრიორიტეტული იყო დასავლეთთან კარგი ურთიერთობები. მაგრამ ელცინი და რუსეთი დასავლეთთან დიდ ვალში იყვნენ. ეკონომიკა ნანგრევებში იყო, პოლიტიკური სისტემა ქაოსური იყო, უსაფრთხოების სტრუქტურები კი გამოშიგნული. ბევრ რამეში, 1990-იან წლებში ელცინს არ შეეძლო მოქმედება, რადგანაც რუსეთი შეზღუდული იყო. ელცინის მუქარა ცარიელი იყო. მას არ ჰქონდა რესურსები და არ იყო საკმარისად ძლიერი.

ვლადიმერ პუტინს მსგავსი შეზღუდვები არ აქვს. სანქციები მტკივნეულია, მაგრამ ისე არ უშლიან ხელს, როგორც ელცინს. პუტინს მოქმედების საშუალება აქვს და სანაცვლოდ დასავლეთის შეზღუდვის გამწვავების სურვილი აქვს. პუტინმა მაგიდაზე ბირთვული იარაღის ვარიანტიც კი განიხილა, რათა დასავლეთი „ჯოჯოხეთურად შეაშინოს“... პუტინმა იცის, რომ დასავლეთს უნდა აფიქრებინოს, თითქოს ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, თუ ომი სამხედრო ფაზაში გადავა. ეს არის საბოლოო წინააღმდეგობა. პუტინს სასტიკად არ სურს რუსეთის ან მისი პრეზიდენტობის და სისტემის განადგურება. პუტინს ბირთვული იარაღის გამოყენების გარემოება ექნება, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის... მას სურს, რომ რუსეთის სახელმწიფო მისი მეთაურობით გადარჩეს, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატებისა და ევროპის რუსეთისაგან და მისი სამეზობლოსგან ჩამოცილება სურს.

საკმაოდ ნათელია, რომ პუტინი კვლავ გააგრძელებს უკრაინის გაბრაზებას და სამეზობლოში საგანგებო ოპერაციების მომზადებას. პუტინი მაქსიმალური ეფექტისათვის ტაქტიკური მოულოდნელობის ასიმეტრიასა და ელემენტს დაეყრდნობა, ნებისმიერ ადგილასა და დროს. უკრაინის გარდა, მთელს აღმოსავლეთ ევროპას, ყოფილი საბჭოთა კავშირის ბლოკს, ხარვეზები აქვთ... ესტონეთის მსგავს ბალტიისპირეთის ქვეყნებს რუსეთთან საზღვრების არამტკიცე შეთანხმებები აქვთ; აგრეთვე ჰყავთ რუსი ორატორები, რომელთაც მოქალაქეობა არ აქვთ. ორივეს გამოყენება შეიძლება კარგი ეფექტის მისაღებად. შესაძლოა, რუსეთის წყლებთან გემები აიკრძალოს, საჰაერო თავდაცვაში შეაღწიონ, იარაღების სისტემები და სამხედრო არმიების მანევრები, უფრო და უფრო მიუახლოვდნენ მიწისა და ზღვის დაუცველ საზღვრებს. თუ არალეგალურები კვლავ მოქმედებდნენ გერმანიაში, არსებობს შანსი, რომ სხვა უამრავი რუსი აგენტი მოქმედებს ძველი საბჭოთა ბლოკის მასშტაბით, აგროვებენ კომპრომისულ და ოპერატიულ ინფორმაციას და იცდიან მთავრობის დასამხობად, იმ ინდივიდუალური ლიდერების ავტორიტეტს არყევენ, რომლებიც რუსეთისათვის გამოწვევას წარმოადგენენ, და ბლოკავენ ნებისმიერ მოქმედებას, რომელიც რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოა. ხოლო მთელს ევროპაში, უცხოელი ბიზნესმენები, ჟურნალისტები, მუდმივი მოქალაქეები, აქტივისტები და აგენტები შესაძლოა სხვადასხვა ბრალდებით დააკავონ რუსეთის საზღვრების ან კანონის დარღვევისათვის. ეს მეთოდები ის ინსტრუმენტებია, რომლების გამოყენებაც შეუძლია, თუ ნატო ან ევროკავშირი განიზრახავს გაფართოების მორიგ რაუნდს და უკრაინაში წარმატების მიღწევას გააგრძელებენ.

პუტინის ოპერაციული მიზნები კვლავ იქნება სისუსტეების პოვნა, წაქეზება, დაშინება და უზრუნველყოფა იმისა, რომ ყველამ იცის მისი საფრთხეების რეალურად არსებობის შესახებ. ახლა დასავლეთმა უნდა გააძლიეროს საკუთარი თავდაცვა, შეამციროს ეკონომიკური და პოლიტიკური ხარვეზები და შექმნას საკუთარი საპასუხო გეგმები, თუ პუტინის ოცდამეერთე საუკუნის ახალ ომთან წინააღმდეგობის გაწევა სურს.


ავტორები: ფიონა ჰილი და კლიფორდ გადი