ტრამპი, პრეზიდენტობა და პოლიტიკის შემუშავება

Administrator - 27.02.2017

11 იანვარი, 2017

პრეზიდენტს დიდებულს ის არ ხდის, რაც თქვენ გგონიათ.

ვაშინგტონში ოთხი კატეგორიის ხალხი არსებობს. არიან ისეთები, რომლებიც პოლიტიკურ დოკუმენტებს იკვლევენ. არიან ისეთები, რომლებიც პოლიტიკურ დოკუმენტებს წერენ. არიან ისეთები, რომლებიც პოლიტიკურ დოკუმენტებს წარმოადგენენ. და არიან ისეთები, რომლებიც პოლიტიკურ დოკუმენტებს იშორებენ. პოლიტიკური ძალაუფლება ამ უკანასკნელთა ხელშია. მათთვის, ვინც პოლიტიკის წარმოების ინდუსტრიის - ანალიტიკური ცენტრების, უნივერსიტეტებისა და სახელმწიფო დეპარტამენტების - იერარქიაზე ცოცდებიან, მმართველებისათვის პოლიტიკური დოკუმენტების წერა ღმა და ყოვლისმომცველი სახელმძღვანელოს შექმნის სერიოზული მცდელობაა. პოლიტიკის შემუშავებასა და პრეზიდენტობას შორის ურთიერთობა სადავო საკითხია. ზედაპირზე, ისინი ერთი და იგივეა. ჩემი აზრით კი, ისინი ყველაზე არაპირდაპირად უკავშირდებიან ერთმანეთს.

ახლადარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ერთ-ერთი ბრალდება არის ის, რომ იგი შეუფერებელია პოლიტიკის შექმნის სირთულისათვის. ალბათ, ასეც არის. თუმცა, ეს პოლიტიკის შექმნასა და ამერიკის პრეზიდენტობას შორის ურთიერთობის, და უფრო ფართოდ, სხვა პოლიტიკური სისტემების განხილვის საშუალებას მაძლევს. მე ვიტყოდი, რომ მცდარია იდეა, თითქოს პოლიტიკის ოპტიმიზაცია პრეზიდენტობის არსია. პრეზიდენტი შეერთებული შტატების უფროსი აღმასრულებელი არ არის. იგი პოლიტიკური პროცესის წინამძღოლი და მმართველია. მან თავისი ხედვა ისე უნდა გამოხატოს, როგორც რაღაც ესთეტიკური, და არა მოსაბეზრებელი. წარმატებულმა პრეზიდენტმა ეს იცის, და მალავს. ტრამპი არ ცდილობს დამალვას.

მმართველებისათვის მთავრობა ქაოსია. პრეზიდენტად გახდომა ნიშნავს უეცარ და ცვალებად ზეწოლას უამრავი მხრიდან. მმართველებს, ეფექტურები რომ იყვნენ, არ შეუძლიათ ჰქონდეთ მუდმივი და ყოვლისმომცველი პოზიციები იმ დაუსრულებელ საკითხებზე, რომელთაც უნდა გაუმკლავდნენ. შეერთებული შტატების არცერთ პრეზიდენტს არ აქვს უნარი, აღიქვას მის წინაშე არსებული უამრავი პოლიტიკური საკითხი, ჩაწვდეს მათ ან რომელიმეს სიღრმე გაიგოს. ზოგიერთი პრეზიდენტი ცდილობდა, მაგრამ მეტწილად, უშედეგოდ.

პრეზიდენტებს, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს, გარკვეული მახასიათებლები გააჩნიათ. მათ შეუძლიათ მართვა. ისინი საზოგადოებას აგრძნობინებენ, რომ ესმით, რა არის საჭირო, როგორ უნდა გაკეთდეს და ზრუნავენ მათზე, ვისაც პრობლემების გადაჭრის იმედი აქვთ. ამ უნარით თანამდებობას იშვიათად იკავებენ. ისინი ნელ-ნელა მოიპოვებენ ისეთი რაღაცეების დაბალანსებისას, რომლის დაბალანსებაც შეუძლებელია. ბევრ შემთხვევაში, მათი წინამძღოლობის უნარი თანამდებობის დატოვების შემდეგ მჟღავნდება ხოლმე.

ფრანკლინ დელანო რუზველტს, სანამ თანამდებობას დაიკავებდა, დასცინოდნენ და არასერიოზულ ადამიანად თვლიდნენ, რომელსაც პრეზიდენტობა მხოლოდ იმ მიზეზით სურდა, რომ პრეზიდენტი ყოფილიყო. როგორც ჩანს, რამდენიმე ინიციატივაზე, რომლის გამოც ხოტბას ასხამენ, თანამდებობის დაკავებამდე იფიქრა. რუზველტს ესმოდა, რომ პოლიტიკა ან იმუშავებს, ან არა, მაგრამ საზოგადოებას აგრძნობინებდა, რომ სათავეში ღირსეული პიროვნება იყო. პირველი ორი წლის განმავლობაში, რუზველტს უამრავი მტერი ესხმოდა თავს. მან ორი წყაროდან შეიმუშავა პოლიტიკა. პირველი იყო მის წინაშე არსებული რეალობა, სურვილი, რომ ხელახლა აერჩიათ და პოპულარობის მოსაპოვებლად ტაქტიკური ნაბიჯები. მეორე იყო მრჩეველთა ჯგუფიდან, რომლებსაც საკმაოდ დაუდევარი იდეები ჰქონდათ და ხშირად არ ჰქონდათ შედეგი. იგივე შეიძლება ითქვას ჰარი ტრუმენზე, დუაიტ ეიზენჰაუერზე, რონალდ რეიგანსა და სხვებზე. მათი არჩევა აღტაცების საგანს არ წარმოადგენდა, ისინი ცხოვრობდნენ ქაოტურ გასართობ სახლში, და მათი მიზანი გადარჩენა იყო. ყველა მათგანი ქმნიდა პოლიტიკას, მაგრამ ისე არა, როგორც მოეწონებოდა პოლიტიკის ინდუსტრიას.

მხედველობაში ყველა მათგანს ჰქონდა იდეა, თუ რა მიმართულებით სურდა წასვლა. ტრუმენს სურდა „ახალი ხელშეკრულების“ გაგრძელება. ეიზენჰაუერს ამერიკის საგარაო პოლიტიკის სტაბილიზება და ბირთვული ომის თავიდან აცილება. რეიგანს სტაგფლაციის დასრულება და ვიეტნამის შემდეგ ამერიკის ძალაუფლების აღდგენა. ეს იყო ზრახვები. პოლიტიკის შემუშავებამ, გეგმის კომპლექსურმა შედგენამ, პოლიტიკური ცხოვრების რეალობას ვერ გაუძლო. პოლიტიკის ავტორს, შესაძლოა, კარგი იდეა ჰქონდეს, მაგრამ ვერ ხვდებოდეს ან არ ადარდებდეს, რომ პრეზიდენტის გარეთ არიან ძლიერი ძალები, რომლებიც იდეის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში პოლიტიკურ წყობილებას გაანადგურებდნენ.

ვაშინგტონის მთავარი ინდუსტრია პოლიტიკის დოქტრინების წარმოებაა. ეს არის დემოკრატიული რესპუბლიკის ცენტრი და გადაწყვეტილებების მიმღებლებს ის ამომრჩეველი უფრო უნდა აინტერესებდეს, ვინც პრეზიდენტს ირჩევს, ვიდრე ბრწყინვალე მერიტოკრატია, ვისაც მისთვის რჩევის მიცემა სურს. იდეები, შესაძლოა, ტექნიკურად კარგი იყოს, მაგრამ საკითხავი ის არის, გადაურჩებიან თუ არა დემოკრატიის ქაოსს. მეორე საკითხია, მიაღწევს თუ არა წარმატებას პრეზიდენტი, რომელიც აქცენტს პოლიტიკაზე აკეთებს. ტექნოკრატიული თვალსაზრისით, საუკეთესო პოლიტიკა შესაძლოა იყოს კავშირის გაწყვეტა პოლიტიკურ რეალობასთან, რომელიც ამერიკულ საზოგადოებას ერთად აკავებს. პოლიტიკა ნაჩქარევად იქმნება, განსაკუთრებული ინტერესების ჭიდილში, რადგანაც ყველა ამერიკელი განსაკუთრებული ინტერესებისათვის იღწვის, სახელდობრ, საკუთარი ინტერესებისათვის.

ტრამპმა პოზირებაზე უარი თქვა. იგი თანამდებობას მისდამი ხალხის ზიზღის უფრო მაღალი ხარისხით იკავებს, ვიდრე რუზველტი ან რეიგანი. მაგრამ მან აშკარად მოიპოვა პოლიტიკური ლიდერის პოზიცია და ძალიან დიდი წარმატებით სარგებლობს მოსახლეობის ნახევართან. აგრეთვე, ნათლად გამოავლინა საკუთარი თავი. მისი მიზანია საგარეო პოლიტიკის შეცვლა, რათა ამერიკის შეერთებული შტატებისათვის უფრო სასარგებლო გახადოს.

ტრამპი არ ჩაუღრმავდა პოლიტიკის დეტალებს და ამის გამო კიცხავენ. მაგრამ იგი საჯაროდ ამბობს იმას, რაც ყველა პრეზიდენტმა იცის. თანამდებობის საძირკველი არის ხელმძღვანელობა და ფართო პოლიტიკური საფუძვლების ფორმულირება. შემდეგ, მან უნდა აირჩიოს ხალხი, რომელსაც ენდობა და რომელმაც იცის მასზე მეტი, თუ როგორ განახორციელოს ეს ფართო განზრახვა პრეზიდენტობისთვის ზიანის მიყენების გარეშე.

რეიგანს ბრალად სდებდნენ განცალკევებულად ყოფნას. ჯიმი კარტერს აქებდნენ მმართველობის დეტალებში ღრმად ჩართულობის გამო. კარტერი პირველი ვადის შემდეგ დამარცხდა. რეიგანმა ორი ვადით დაიკავა პრეზიდენტის თანამდებობა და საკულტო ფიგურა გახდა. ზოგიერთი რეიგანს იცავდა და ამბობდა, რომ იგი ბევრად უფრო ჩართული იყო პოლიტიკის შემუშავებაში, ვიდრე ეს ჩანდა. შესაძლოა ეს მართალია, მაგრამ რეიგანმა იცოდა ის, რაც არ იცოდა კარტერმა. პოლიტიკის შემუშავება პრეზიდენტის მთავარი ამოცანა არ არის, გარდა კრიზისული სიტუაციისა. კარტერმა შექმნა ენერგეტიკული პოლიტიკა. პრეზიდენტები უნდა იყვნენ მმართველები, რომლებიც ქმნიან მაცდურ სურათს, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყანა და ქვეყნის სიყვარულსა და სიძულვილს საშუალებას აძლევს, ამაზე გაამახვილოს ყურადღება. მას არ შეეძლო მართვა, ცდუნება, ან საკულტო ფიგურის როლის მიღება. იგი ვერ ჩაწვდა პრეზიდენტობის არსს.

როდესაც კენედიმ თქვა, რომ ჩვენ „ნებისმიერ მტერს დავუპირისპირდებოდით თავისუფლების გადასარჩენად და წარმატებისათვის,“ მან არ განმარტა, თუ რაზე საუბრობდა, რაც კარგია, ვინაიდან მისი ხედვა შემაძრწუნებელი იყო. იგი გულისხმობდა, რომ თავის პოლიტიკას საჯაროდ არ გამოაცხადებდა, არამედ საზოგადოებას წარუდგებოდა ამერიკის ძალისა და მორალური გამბედაობის ხედვით. კენედიმ იცოდა, რომ ორივეს ჰქონდა საზღვრები და დაინახა, რომ ეს იყო გასაღები ამერიკის მომავლისაკენ. იგი არ ქმნიდა პოლიტიკას. ეს მოგვიანებით მოხდებოდა, და პროცესი იმდენად საზიზღარი იქნებოდა, რამდენადაც სოსისის კეთებაა. ეს უნდა ყოფილიყო ხელოვნების ნიმუში.

ტრამპის სლოგანი, „გავხადოთ ამერიკა კვლავ დიდებული“, განკუთვნილი არ არის იმისათვის, რომ პოლიტიკა იყოს. ეს შეუძლებელია, რადგანაც კენედის პირობის მსგავსად, აზრი არ აქვს, როგორც პოლიტიკას. განკუთვნილია აღფრთოვანებისათვის, იმედის აღსადგენად და ტრამპის ძლიერ ლიდერად წარმოსაჩენად. ტრამპმა ქვეყნის აღტაცება და სიძულვილი თავის თავზე მიიმართა. ეს ყველაფერი ტრამპს ეხება, ისევე, როგორც ეხებოდა ყოფილ პრეზიდენტებს. იგი აქცენტს აკეთებს და ავლენს ქვეყანაში არსებულ წინააღმდეგობებს, რომლებიც მანამდე უკვე იყო.

ტრამპის ზოგადი მონახაზი საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით მარტივია. იგი ამტკიცებს, რომ საერთაშორისო სტრუქტურები და იდეოლოგიები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არსებობს, აღარ ემსახურება ეროვნულ ინტერესებს. თავისუფალი ვაჭრობა არ არის უდავოდ კარგი და მისი სარგებელი გარემოებებზეა დამოკიდებული. შეერთებული შტატების ვალდებულება მოკავშირეებთან უნდა განისაჯოს ამერიკის ინტერესების საფუძველზე და იმის მიხედვით, იქცეოდნენ თუ არა მოკავშირეები ისე, როგორც საჭირო იყო. ყველაფერი ეს უნდა შედარდეს ამერიკის სტრატეგიულ და ეკონომიკურ ინტერესებს.

ეს არის ფართო ხედვა, რომელიც მომდინარეობს სლოგანიდან, „გავხადოთ ამერიკა კვლავ დიდებული“. რაც ამას მოჰყვება, არ არის ნათელი პოლიტიკის ინიციატივები, რომელიც ხორცს შეასხამს ამას, არამედ პოლიტიკური ქაოსი. ტრამპმა ზღვა ცვლილებები წარადგინა ამერიკის საგარეო პოლიტიკაში, და მას დასჭირდება აშენება კონგრესში კოალიციების, კორპორაციებისა და ა.შ. მას დასჭირდება უცხოურ სახელმწიფოებთან გამკლავება და იმის გაცნობიერება, რომ ზოგიერთი მათგანი იმაზე მეტად გვჭირდება, ვიდრე მათ ჩვენ. ტრამპი უნდა გაუმკლავდეს ქვეყანას, რომელიც გრძნობს, რომ ვერ შეძლო პირობების შესრულება, და არც ერთ პრეზიდენტს არ ძალუძს ამდენი პირობის შესრულება.

პოლიტიკა, რომელიც საბოლოოდ გამოჩნდება, არ იქნება პრეზიდენტის მიერ დაგეგმვის შედეგი, არამედ ის, რაც დარჩა მას შემდეგ, რაც ამერიკაში ფრაქციებმა და უცხო სახელმწიფოებმა გაანადგურეს და ხელახლა ააშენეს. შეხედულებები მოდის პრეზიდენტისგან. დოკუმენტები მოდის ანალიტიკური ცენტრებიდან. რეალობას პოლიტიკური პროცესი ქმნის. შეერთებული შტატების დამფუძნებლებს ტექნოკრატიაზე არ უსაუბრიათ.

როგორც კენედიმ ვერ შეასრულა დაპირება, რომ ყველგან დაიცავდა თავისუფლებას და ვერ შეძლო იმ პრობლემების თავიდან აცილება, რომლების აცილებაც სურდა, ისევე მოუწევს ტრამპს დაპირისპირება არა მხოლოდ საკუთარი, როგორც პრეზიდენტის ძალაუფლების ლიმიტებთან, არამედ იმასთან, რაც უნდა მოხდეს ან რაც არ უნდა მოხდეს, მიუხედავად იმისა, თუ რა სურს მას.

ტრამპის მხარდამჭერები ელიან, რომ იგი განსაკუთრებული იქნება. მის ოპონენტებს კი სჯერათ, რომ კატასტროფა იქნება. ჩემი აზრით, ის იქნება შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი, 45-ე ადამიანი, რომელშიც ზოგმა მესიის ძალაუფლება დაინახა, ზოგმა კი ხორცშესხმული ეშმაკი. ვეჭვობ, ორივე გამართლდება. იგი პოლტიკის შექმნაში არ დაკარგავს დროს. ძალიან დაკავებული იქნება იმით, რასაც სხვა პრეზიდენტები აკეთებდნენ: ზარების განხორციელება უცნობ კონგრესმენთან თხოვნით, რომ მისი კანონპროექტი მიიღონ, ძალიან მცირე შეთავაზებით ან მუქარით. იგი ბევრ რამეს გასცემს ადვილად, სასურველის მცირედი მაინც რომ მიიღოს.


ავტორი: ჯორჯ ფრიდმანი