ტრამპი და რუსეთი: ურთიერთობების მართვის სწორი გზა

Administrator - 06.03.2017

13 თებერვალი, 2017

რეზიუმე: ტრამპის ადმინისტრაციის წინაშე არსებული გამოწვევა მოსკოვთან დაძაბულობის ოსტატურად მართვაა და არა სამუდამოდ მოგვარება.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა განიხილოს რუსეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი დამახასიათებელი თვისება: თავისი მეზობლების უსაფრთხოების, ეკონომიკის და პოლიტიკური ორიენტაციის დე-ფაქტო კონტროლის სურვილი. ორივე, დემოკრატიული და რესპუბლიკური ადმინისტრაციებიც, ამას დიდი ხანია მიუღებლად მიიჩნევენ, თუმცა უსაფრთხოებისათვის რუსეთის რეჟიმის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა.

ამ ფუნდამენტურ რეალობებში, რთული იქნება ამერიკისა და რუსეთის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი გაუმჯობესების დანახვა მკვეთრი ცვლილების გარეშე. უკრაინაში ქვეყნის ჩარევამ გაანადგურა ცივი ომის შემდომი უსაფრთხოების ზომების დიდი ნაწილი და ამასთან ერთად, ორივე მხარის ნდობის ნებისმიერი სახე. უპასუხისმგებლობა იქნება, თუ ვაშინგტონი თვალს დახუჭავს კრემლის ჰაკერობაზე, დეზინფორმაციასა და ცივი ომის სტილის დივერსიაზე, რისი მიზანიც არის შეერთებული შტატების საერთაშორისო რეპუტაციის შერყევა და ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ დემოკრატიულ პროცესებში ჩარევა. ამერიკისათვის მოქმედების საუკეთესო წესი არის მყარად დგომა მაშინ, როდესაც მის სასიცოცხლო ინტერესებს საფრთხე ემუქრება, არარეგულარული ტაქტიკისაკენ მოსკოვის მისწრაფების გამოაშკარავება და დაპირისპირება და ორმხრივი ურთიერთობის გულში არსებული მეტოქეობის ფრთხილად მართვა.

დიდი სურათი

ბოლო წლების განმავლობაში, რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობა ცივი ომისკენ მიემართება. ამ დაპირისპირებას, თავდაპირველად, შესაძლოა გეო-პოლიტიკური და იდეოლოგიური ჩარჩოები აკლდეს, მაგრამ მაინც არსებობს რეალური კონფლიქტის რისკი. შეტაკებები, რომელიც რუსეთის რეაქტიულ თვითმფრინავებთან ნატოს თვითმფრინავებსა და სამხედრო გემებს ჰქონდათ, შემთხვევითობა არ არის. ისინი კრემლის საგანგებოდ მოფიქრებული სტრატეგიის ნაწილია მოსკოვის მოწინააღმდეგეების დასაშინებლად.

ახლა, სავარაუდოდ, ამერიკის ახალ პრეზიდენთან და მის გუნდთან მეგობრული შეხვედრის მოსამზადებლად, კრემლი დაძაბულობის წყაროების შემცირებას ეცდება. თუ დავუშვებთ, რომ მოსკოვი ამ მიმართულებით მოქმედებს, მაშინ ვაშინგტონი კვლავ ფრთხილად უნდა იყოს, რადგანაც პუტინი, სრულყოფილი მომლაპარაკებელი, ახალი ურთიერთობების პირობების განსაზღვრას ცდილობს. ამ პირობების მოლაპარაკებისას, ტრამპის ადმინისტრაცია ხუთ ძირითად პრინციპს უნდა მიჰყვეს.

პირველ რიგში, უნდა ნათელყოს, რომ აბსოლუტური და უპირობოა ამერიკის შეერთებული შტატების ვალდებულება დაიცვას ნატოს მოკავშირეები. ამისათვის, ამერიკამ უნდა გააძლიეროს შეკავება დაცვის გაუმჯობესებისა და ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე გაზრდილი სამხედრო განლაგების მიმდინარე სერიების მეშვეობით. აგრეთვე ზეწოლა უნდა გაზარდოს ნატოს წევრებზე თავდაცვაზე მეტის დახარჯვის მოთხოვნით.

მეორე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მტკიცედ უნდა დაიცვას 1975 წლის „ჰელსინკის დასკვნითი აქტისა“ და 1990 წლის „პარიზის ქარტია ახალი ევროპისათვის“ პრინციპები - ორივე მათგანი ავალდებულებს მოსკოვს, აღიაროს არსებული საზღვრები და ყველა ქვეყნის უფლება, აირჩიოს საკუთარი მოკავშირეები. შესაძლოა, რთულია სცენარის წარმოდგენა, სადაც ყირიმი უკრაინას უბრუნდება, მაგრამ ანექსია საერთაშორი სამართლის უხეშ დარღვევად რჩება, რაც არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა აღიაროს ან დაასაჩუქროს. ეს ნიშნავს, რომ ადგილზე უნდა დარჩეს შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის სანქციები, რომლებიც კრძალავს ტრანსაქციასა და ეკონომიკურ თანამშრომლობას რუსეის მიერ ოკუპირებულ ყირიმთან.

მესამე, ვაშინტონგმა მოსკოვთან ურთიერთობის განახლებისას უყურადღებოდ არ უნდა დატოვოს რუსეთის მეზობლები. მათთვის დამახასიათებელი სისუსტე რუსეთს ინტერვენციისათვის ბევრ გზას გაუხსნის, ასე რომ, შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ფხიზლად უნდა იყვნენ და უფრო ღრმად ჩაერთონ ასეთ რთულ რეგიონში.

მეოთხე, ვაშინგტონმა და მისმა პარტნიორებმა ევროკავშირში, მოხერხებული დიპლომატიითა და რესურსების სიუხვით მხარი უნდა დაუჭირონ უკრაინის პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს. სავარაუდოდ, თაობა ან უფრო დიდი ხანი იქნება საჭირო, რომ ეს ცენტრალური ქვეყნა წარმატებული, ევროპული სტილის ქვეყანა გახდეს. ნაკლები დრო არა, რადგანაც რუსეთს დაუფარავი სურვილი აქვს, უკრაინის რეფორმისტული ექსპერიმენტი არ შესრულდეს. თუ უკრაინა მიიღებს მკაფიო და მიღწევად პირობებზე დამყარებულ დასავლეთის მყარ მხარდაჭერას , მის წარმატებას ხანგრძლივი დადებითი გავლენა ექნება რუსეთის ტრაექტორიაზე.

მეხუთე, შეერთებულმა შტატებმა რუსეთსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში დემოკრატიის მხარდაჭერის მცდელობისას გონივრულად უნდა შეაფასოს ადგილობრივების მოთხოვნა და შეზღუდული რესურსები საუკეთესოდ გამოიყენოს. რუსეთის დემოკრატიის დეფიციტი ხელს შეუშლის დასავლეთთან უკეთეს ურთიერთობებს. იგივე პრობლემა გაართულებს შეერთებული შტატების კავშირებს რუსეთის ბევრ მეზობელთან. მაგრამ ძალიან ხშირად, ვაშინგტონმა გადაჭარბებულად შეაფასა თავისი უნარი, გარდაქმნას ეს საზოგადოებები ფუნქციონირებად დემოკრატიებად.

ამ პრინციპების დაცვისას, შეერთებული შტატები ყურადღებით უნდა იყოს, რომ არ გადააჭარბოს. ეს ნიშნავს, რომ მკაფიო ზღვარი უნდა არსებობდეს აუცილებელს, სასურველსა და რეალისტურს შორის.

საჭიროებები და სურვილები

გაუმჯობესებული კომუნიკაცია პირველ კატეგორიას ეკუთვნის. უკრაინაში რუსეთის მოქმედების საპასუხოდ, ობამას ადმინისტრაციამ რუსეთის ხელისუფლებასთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობის ყველაზე რუტინული საკომუნიკაციო არხები შეაჩერა და ამერიკის მოკავშირეებსაც იგივესკენ მოუწოდა. კრიზისის გაგრძელებასთან ერთად, გართულდა განსხვავებებთან გამკლავება, გაუგებრობების თავიდან აცილება და თანამშრომლობის აზრის იდენტიფიცირება სხვადასხვა დონეზე რეგულარული ურთიერთქმედების არარსებობაში. ტრამპის ადმინისტრაციამ უნდა გაითვალისწინოს ფართო დიალოგის გაგრძელების შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ რუსები, შესაძლოა, ცუდად განწყობილნი აღმოჩნდნენ სერიოზულ ურთიერთდათმობებში ჩასარევად, ისევე, როგორც ჯორჯ ბუშისა და ობამას ადმინისტრაციის დროს, ან აირჩიოს მოლაპარაკებების გამოყენება მხოლოდ პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად. მაგრამ მაშინაც კი, თუ კრემლი მზად არ არის, გულახდილად ჩაერთოს, ტრამპის ადმინისტრაციამ რუსეთის მთავრობასთან მოლაპარაკებებისას ორი ძირითადი პრიორიტეტი უნდა დააყენოს ყველაფერზე მაღლა.

პირველ რიგში, ტრამპის ადმინისტრაციამ ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ინტერვენციას ისე უნდა უპასუხოს, რომ რუსეთის ყურადღება მიიპყროს. ობამამ რუსეთის პირების ჰაკერობის გამო სანქციები დააწესა და 35 რუსი დიპლომატი გაასახლა შეერთებული შტატებიდან. მიუხედავად ამისა, კიდევ ბევრია გასაკეთებელი. კიბერსივრცეში ფრთხილად შერჩეული ფარული პასუხი იქნება გზავნილი, რომ შეერთებული შტატები მზად არის კრემლსა და მის მარიონეტებს მიუღებელი ქმედებების გამოვსამაგიერო გადაუხადოს. ტრამპმა შეერთებულ შტატებში აგრეთვე უნდა დაიცვას მთავრობისა და კერძო სექტორის ქსელები და ინფრასტრუქტურა, რაც ძალიან დაუცველია კიბერ-თავდასხმების წინაშე. რუსეთის შეტევაზე შეთანხმებული პასუხის ნაკლებობა ნამდვილად არასწორი სიგნალი იქნება, რომელიც კრემლს ეპატიჟება საფრანგეთსა და გერმანიაში, ისინი კი ამ წელს საკუთარ არჩევნებს მართავენ. ამასობაში, შეერთებულმა შტატებმა უნდა გამოიკვლიოს, შეუძლია თუ არა მუშაობა კიბერ სფეროში ჩინეთისა და რუსეთის მსგავს ძირითად მოღვაწეებთან, რათა შეიმუშავოს ახალი წესები თავდასხმითი ოპერაციების ზოგიერთი ყველაზე საშიში სახეების შესაზღუდად.

მეორეც, ტრამპის ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს, რომ სამხედრო არხები ღია და პროდუქტიულია. შეცდომით გათვლის გამო, რუსეთის პროვოკაციებს თან სდევს სამხედრო დაპირისპირების ძალიან რეალური რისკი. ვაშინგტონისთვის პრიორიტეტული უნდა იყო, რომ რუსეთმა პატივი სცეს შეთანხმებულ კანონთა კრებულს მოქმედების შესახებ მშვიდობიანი სამხედრო ოპერაციებისათვის, რამდენად რთულიც არ უნდა იყოს ეს. სიტუაცია განსაკუთრებით საშიშია სირიის ცაზე, სადაც რუსი პილოტები ხშირად უგულვებელყოფენ პროცედურების კომპლექტს, რომლებზეც 2015 წელს შეთანხმდნენ ამერიკის და სხვა თვითმფრინავებთან საჰაერო შეტაკებების თავიდან ასაცილებლად.

მესამეც, უკრაინაში ტრამპმა აქცენტი უნდა გააკეთოს დიპლომატიური საშუალებების გამოყენებაზე, რათა კონფლიქტის სამხედრო მხარე განმუხტოს და მინსკის შეთანხმებებში ახალი ცხოვრება შთაბეროს, უსაფრთხოებისა და პოლიტიკური ნაბიჯების ფართო ჩარჩო, რომლის მიღებაზეც ორივე მხაემ უარი განაცხადა. შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის სანქციების არსებული პაკეტი მოსკოვზე ბერკეტების სისტემის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს და, ამიტომ, არ უნდა შეიცვალოს ან შემცირდეს უკრაინაში რუსეთის ქცევის მნიშვნელოვანი ცვლილების არარსებობის გამო. ამავდროულად, შეერთებული შტატებმა და ევროკავშირის მოკავშირეებმა უნდა იმუშაონ, რომ უკრაინა რეფორმისტულ გზაზე დარჩეს.

ტრამპის ადმინისტრაციისათვის მეოთხე და საბოლოო პრიორიტეტი არის ის, რომ რუსეთში ტრანსფორმაციული ცვლილების ხელშეწყობის პერსპექტივასთან დაკავშირებით ობიექტური დარჩეს. როგორც ბოლო 25 წელი გვიჩვენებს, რუსეთი გარე ძალებს მოდერნიზაციაში ეწინააღმდეგება. სხვა სიტყვებით, ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს არ უნდა მოექცეს როგორც პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ პროექტს.

აგრეთვე არსებობს მიზნები, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ არ არის აუცილებელი, მაინც სასურველად რჩება. ამ კატეგორიაში არის ის საკითხები, რომლებზეც ვაშინგტონსა და მოსკოვს აქვთ თანამშრომლობის კარგი გამოცდილება, თანმხვედრი, თუ არა იდენტური, ინტერესების წყალობით. ეს მოიცავს თანამშრომლობას ბირთვული იარაღის გავრცელების თავიდან აცილებაზე, ბირთვული ტერორიზმის საფრთხის შემცირებასა და არქტიკაზე სუსტი გარემოს დაცვაზე. ეს საკითხები არ მოითხოვს მაღალჩინოსნების ყურადღებას, ვინაიდან დიდწილად ტექნიკური ხასიათისაა. დაბალ დონეზე ძალიან დიდი პროგრესის მიღწევაა შესაძლებელი.

თუმცა, შეიარაღების კონტროლის უფრო ამბიციური მცდელობისას, პროგრესი მოითხოვს მაღალი დონის გადაწყვეტილებებს, რისი მოსურნეც არც ერთი მხარე არ არის. ასეთი შემთხვევა არის საშუალო და ნაკლები რადიუსის ბირთვული რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ჩიხიდან გამოსვლა, რომელზეც შეერთებული შტატები აცხადებს, რომ რუსეთმა დაარღვია, და ორივე ქვეყნის სტრატეგიული და ტაქტიკური ბირთვული არსენალის ზომის შემდგომი შემცირების უზრუნველყოფა.

ამ შემთხვევაშიც, ტრამპის ადმინისტრაციამ შეიარაღების კონტროლის პროგრესს გზა უნდა დაუთმოს. აშშ-რუსეთის შეიარაღების კონტროლის შენობას, დაშლის საფრთხე ემუქრება: ანტისარაკეტო თავდაცვის ხელშეკრულება და ევროპაში ჩვეულებრივი ძალების შესახებ ხელშეკურილება ძალაში აღარ არის, საშუალო და ნაკლები რადიუსის ბირთვული რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულება შესაძლოა მალე დაიშალოს, და „სტარტის“ ახალი შეთანხმების ვადა 2021 წელს იწურება. არც რუსეთი და არც შეერთებული შტატები არ არის მზად შეიარაღების კონტროლის ახალი ხელშეკრულებისათვის, პირველ რიგში, საწინააღმდეგო გეგმების გამო. მოსკოვს სურს შეერთებული შტატების ანტისარაკეტო სისტემებისა და მაღალტექნოლოგიური იარაღების შეზღუდვა, ხოლო ვაშინტონს კვლავ სურს რუსეთის სტრატეგიული და ტაქტიკური ბირთვული იარაღების შემცირება. როგორც მინიმუმ, ორივესთვის სასარგებლო იქნება თავიანთ სტრუქტურებსა და ბირთვულ დოქტრინებზე მეტი მოლაპარაკებებით, სტაბილურობის უზრუნვეყოფისაკენ სწრაფვა, განსაკუთრებით, კრიზისისას.

ფაქტი და ფანტაზია

რა თქმა უნდა, ვაშინგტონის უნარს, მიაღწიოს აუცილებელსა და სასურველს, რეალობა შეზღუდავს. სრულყოფილ სამყაროში, ტრამპი ყურადღებას გაამახვილებდა ურთიერთობის შენარჩუნებაზე. ამის ნაცვლად, როგორც ჩანს, ის და მისი გუნდo დიდ გარღვევასა და გარიგებას ელიან.

მართლაც, ტრამპის რუსეთთან დაკავშირებული იმედები, რბილად რომ ვთქვათ, არარეალურია. პირველ რიგში, მან გააკეთა საეჭვო არჩევანი - სასაცილოდ აიგდო შეერთებული შტატების საზოგადოების აღმოჩენა, რომ დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტისა და კლინტონის კამპანიის ელექტრონული ფოსტების გატეხვის უკან რუსეთი იყო. თუ ტრამპისა და მისი მრჩევლების განცხადებებს დავუჯერებთ, რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი დონიდან მომავალი თავხედური მცდელობაც კი, ძირი გამოუთხარონ ამერიკელების ნდობას ქვეყნის დემოკრატიული პროცესებისადმი, არის იმაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი, ვიდრე ეროვნული დემოკრატიული კომიტეტის და კლინტონის მრჩევლები.

ტრამპს, როგორც ჩანს, არარეალური შეხედულება აქვს უკრაინის კრიზისთან დაკავშირებითაც - კამპანიის დროს, პუტინზე თქვა - „ის არ აპირებს უკრაინაში შესვლას, კარგით?“ - მიუხედავად იმისა, რომ ათასობით სამხედრო უკვე იქ იყო. როდესაც მაიკლ ფლინს, ტრამპის არჩეულ მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, The New York Times-მა არჩევნებამდე უკრაინასა და სირიაში პუტინის ქცევასა და პუტინის პოლიტიკური ოპონენტების შეზღუდვასთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა, ამ საკითხებს „უმნიშვნელო“ უწოდა. მან დასძინა, „ჩვენ ვერ გავაკეთებთ იმას, რაც გვსურს, თუ რუსეთთან არ ვიმუშავებთ, ეს გარდაუვალია.“

მაგრამ, ტრამპი, სავარაუდოდ, აღმოაჩენს, რომ რეალობა ხელს უშლის მოსკოვთან ურთიერთობების შეცვლის მცდელობებს. შეერთებული შტატების ყველა პრეზიდენტი, დაწყებული ბილ კლინტონით, თანამდებობის დაკავებისას სწორედ ამას შეეცადა, და ყველა მათგანის ძალისხმევა წარუმატებელი აღმოჩნდა. კლინტონის მცდელობას, შეემსუბუქებინა დაძაბულობა, ხელი შეუშალა ნატოს გაფართოებამ, ბალკანეთის ომებმა და ჩეჩნეთში რუსეთის ინტერვენციამ; ჯორჯ ბუშმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მარცხი განიცადა; ობამა უკრაინაში დაეცა. თითოეული ადმინისტრაცია ერთსა და იმავე დაბრკოლებებს აწყდებოდა: რუსეთის ცვალებადი მიდგომა საგარეო პოლიტიკასთან, მისი პრეტენზია გავლენის სფეროში. მისი ღრმა უიმედობა მასსა და ამერიკის შეერთებული შტატების ძალებს შორის არსებულ უფსკრულთან დაკავშირებით და დაპირისპირება იმასთან, რასაც დასავლეთის მიერ ხელყოფად აღიქვამს. ამ საკითხებზე საერთო ენის გამონახვა რთული იქნება.

როგორც ჩანს, ტრამპის ხედვით, ურთიერთობების გაუმჯობესებისათვის აუცილებელია რუსეთთან კავშირი ისლამური სახელმწიფოების წინააღმდეგ - რომ, როგორც თვითონ თქვა, „ISIS სასტიკად დაამარცხოს.“ თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მსგავსი თანამშრომლობა განხორციელდეს. რუსეთს არ გამოუხატავს რაიმე ინტერესი, სირიაში ISIS დაესუსტებინა და ნაცვლად ამისა, აირჩია ასადის რეჟიმის წინააღმდეგი მთავარი ოპოზიციური ძალები. რუსეთისა და ირანის მხრიდან ასადის მხარდაჭერამ, შესაძლოა, სირიაში სამოქალაქო ომი ფუნდამენტურად შეცვალა, მაგრამ მათმა უხეშმა მეთოდებმა და სამოქალაქო მსხვერპლის უგულვებელყოფამ, ალბათ, რადიკალ ჯიჰადისტებს მხოლოდ გამბედაობა შეჰმატა. ISIS-ის წინააღმდეგ ამერიკის მიერ მართული კოალიციისათვის რუსეთის სამხედროს დახმარება ნაწილობრივ იქნება წყალობა, თუ გავითვალისწინებთ ორივე მხარეს არსებულ ნდობის ღრმა ნაკლებობას და ძალიან რეალურ საფრთხეს, რომ სწრაფი რეაგირების მქონე დაზვერვა და მიზნობრივი ინფორმაცია ხელში ჩაუვარდება მოსკოვის მოკავშირეებს დამასკოსა და თეირანში.

ტრამპა აგრეთვე ინტერესი გამოხატა რუსეთთან ძლიერი ეკონომიკური კავშირების განვითარებასთან დაკავშირებით, როგორც გაუმჯობესებული დიპლომატიური ურთიერთობების საფუძველთან (ყოველ შემთხვევაში, კრეკმლის მიერ შეჯამებული არჩევნების შემდეგ პუტინის ტრამპთან განხორციელებული მისალოცი ზარის მიხედვით.) ამ შემთხვევაშიც, სავარაუდოა, რომ იმედგაცრუებული დარჩება. კლინტონი, ბუში და ობამა - ყველა ამყარებდა იმედებს ვაჭრობაზე, როგორც რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების საშუალებაზე. ყველა იმედგაცრუებული იყო იმ ფაქტით, რომ ორი ქვეყანა, მეტწილად, არ არიან ბუნებრივი სავაჭრო პარტნიორები, რომ არაფერი ვთქვათ რუსეთის კაპიტალიზმის, სუსტი კანონის უზენაესობისა და ყაჩაღური საინვესტიციო კლიმატის ეფექტებზე.

სიფრთხილით გაგრძელება

ტრამპმა მემკვიდრეობით ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა მიიღო, 25 წლიანი ცვალებადი იმედებისა და იმედგაცრუებების კულმინაცია. როგორც კანდიდატმა, და როგორც ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, არაერთხელ მოითხოვა ახალი მეთოდი. „რატომაც არ უნდა დავუახლოვდეთ რუსეთს?“ კითხულობს ის. პასუხი არის ის, რომ შუაგულში არის ისეთ საკითხებზე უთანხმოება, რომლებსაც თითოეული ქვეყანა თავისი ინტერესებისათვის ფუნდამენტურად მიიჩნევს. ამას დრო და სამიტის რამდენიმე შეხვედრა ადვილად ვერ დაძლევს. ასე რომ, ახალი ადმინისტრაციის გამოწვევა არის ამ ურთიერთობის ოსტატურად მართვა და გაუარესებისაგან დაცვა.

თუ ამის ნაცვლად, ტრამპი მოსკოვთან დაახლოებას ეცდება, ყველაზე მოსალოდნელი შედეგი იქნება ის, რომ პუტინი ჩაიჯიბებს ვაშინგტონის ცალმხრივ დათმობებს და ახალი გეგმების განცხორციელებას დაიწყებს ან სხვა არეებში წარადგენს მოთხოვნებს. ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ ამერიკის გავლენისა და საიმედოობის საბოლოო გაფუჭება მნიშვნელოვანი აღმოჩნდება. წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, რომელსაც შეერთებული შტატები იცავს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ისედაც საფრთხეშია, და მთელს ევროპაში, აზიასა და მის მიღმა იზრდება შეშფოთება, რომ ტრამპი ამას არ მიიჩნევს შენარჩუნების ღირსად. უფრო მეტიც, შეუძლებელია თქმა, თუ როგორი რეაგირება ექნება ტრამპს, თუ და როდესაც პირველი დაპირისპირება ექნება პუტინთან, მიუხედავად იმისა, რომ მისი ქცევა მათ მიმართ, ვინც გზას უღობავს, მიგვანიშნებს, რომ ყველაფერი კარგად არ დასრულდება. უდავოა, რომ რუსეთთან შემცირებული დაძაბულობა შეერთებული შტატების ბევრ პოლიტიკურ და უსაფრთხოების პრიორიტეტებს გამოადგება. მაგრამ პოლიტიკოსებმა არ უნდა დაივიწყონ, რომ მუდმივი მიზანი უნდა იყოს შეერთებული შტატების ინტერესების პროგრესი, მსოფლიოში შეერთებული შტატების მოკავშირეების მხარდაჭერა და ამერიკის შეერთებული შტატების პრინციპების დაცვა - თავიანთი გულისათვისვე არ გააუმჯობესონ რუსეთთან ურთიერთობა. მართლაც, შესაძლებელია ამერიკის ინტერესებისა და პრინციპების დაცვა რუსეთთან ნაკლებად სახიფათო ურთიერთობის დამყარებასთან ერთად. ნიქსონის ადმინისტრაცია ნაღმებს ამონტაჟებდა საბჭოთა მოკავშირესთან, ჩრდილოეთ ვიეტნამში, მაშინ, როდესაც მოსკოვთან ურთიერთობის განმუხტვას ცდილობდა. რეიგანის ადმინისტრაცია აგრესიულად უტევდა საბჭოთა კავშირის მხარდაჭერილ რეჟიმებსა და ჯგუფებს აღმოსავლეთ ევროპაში, აფრიკაში და ლათინურ ამერიკაში მაშინ, როდესაც მოსკოვთან შეიარაღების კონტროლის შეთანხმებებს აწერდა ხელს.

ტრამპის ადმინისტრაციას, გარდა ამისა, მაგალითად, შეუძლია უკრაინაში რუსეთის აგრესიას დაუპირისპირდეს, მაშინ, როდესაც თანამშრომლობის გზებს ეძებენ მასობრივი განადგურების იარაღის არასწორი ხელებისგან დასაცავად. მსგავს მიდგომას წარმატების ბევრად დიდი შანსი აქვს, ვიდრე უბრალო დაპირისპირებას ან დათმობას. რუსეთის ლიდერებმა დიდი ხანია გამოხატეს, რომ რეალპოლიტიკას ანიჭებენ უპირატესობას. ისინი პატივს სცემენ ქვეყანას, რომელიც საკუთარი პრინციპების ერთგული რჩება, იცის თავისი ინტერესები და ესმის ძალაუფლების.


ავტორები: იუჯინ რუმერი, რიჩარდ სოკოლსკი, ენდრიუ ვაისი