ნაციონალიზმი და ლიბერალური დემოკრატია

Administrator - 09.03.2017

1 მარტი, 2017

ნაციონალიზმსა და ლიბერალურ დემოკრატიას შორის დაძაბულობა ის არ არის, რაც დღეს ჩვენ გვაშფოთებს

დასავლეთში ნაციონალიზმი იზრდება და ამას ბევრი ლიბერალური დემოკრატიისათვის საფრთხედ აღიქვამს. ეს ხედვა უსაფუძვლო არ არის, რადგან 1914 წლიდან 1945 წლამდე პერიოდი, ევროპული ომების ისტორიაში ყველაზე ბარბაროსული იყო. ეს ომები მიმდინარეობდა იმ ერებს შორის, რომელთა უმეტესობამ ლიბერალური დემოკრატიის პრინციპები უარყო. ზოგიერთს მიაჩნდა, რომ ერების ზრდა დესპოტიზმსა და ლიბერალური დემოკრატიის განადგურებას იწვევდა. გავრცელდა მოსაზრება, რომ ევროპის ომები ნაციონალიზმიდან წარმოიშობა და რომ ნაციონალიზმმა, ფაშიზმს მისცა დასაბამი და ლიბერალური დემოკრატიის შესანარჩუნებლად, მისი ჩახშობაა საჭირო.

ამიტომ, გაჩნდა მორალური პროექტი - ევროკავშირი, იმ იდეის საპირწონედ, რომ ნაციონალიზმის აღორძინება ევროპულსა და ევრო-ამერიკულ ცივილიზაციას კვლავ ბარბაროსობას უქადის. შესაძლოა, ისტორიულად დამაჯერებელი არგუმენტია, მაგრამ არ ითვალისწინებს, რომ ნაციონალიზმი - როგორც უნდა დამახინჯდეს, - არა მხოლოდ ისტორიულად, არამედ მორალურადაც, ლიბერალური დემოკრატიის ფესვებია. ეს ორი კონცეფცია ინტელექტუალურად განუყოფელია.

ლიბერალური დემოკრატია, როგორც პოლიტიკური დოქტრინა, მე-18 საუკუნეში გაჩნდა და მონარქიას დაუპირისპირდა. იმ დროს, მონარქია ეფუძნებოდა იდეას, რომ მეფეებსა და იმპერატორებს მართვის ღვთაებრივი უფლება ჰქონდათ. მე-18 საუკუნის და კიდევ უფრო ძველი ევროპის რუკები, ცხადყოფს ამ მიდგომის შედეგებს. თავის მხრივ, მრავალი ერი, სხვადასხვა მონარქიებს შორის იყო დაყოფილი. აქედან გამომდინარე, აუცილებელი არ იყო, რომ სამეფოები და ერები ერთმანეთს დამთხვეოდა და რეჟიმები, არც თეორიულად და არც პრაქტიკულად, არ იყო ხალხთან დაკავშირებული.

მე-19 და მე-20 საუკუნეში, ერები, მონარქებისა და იმპერიებისაგან გამოსაყოფად იბრძოდნენ, რათა თავიანთი ცალკეული ნაწილები გაემთლიანებინათ. 1848 წელს, ევროპის აჯანყება იმის შედეგი იყო, რომ ერები, იმპერიებიდან განთავისუფლებას ცდილობდნენ. უმეტესწილად, ამ მიზანს ვერ მიაღწიეს, მაგრამ წარმატებით შესძლეს სხვა რამ: ნაციონალიზმი მორალური იმპერატივი გახდა.

ერები მას შემდეგ გაჩნდა, რაც პირველ მსოფლიო ომს, ოთხი იმპერიის დაშლა მოჰყვა. დიდწილად, ეს ვუდრო ვილსონ ვერსალის ხელმძღვანელობამ განაპირობა.

1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მეტი ერი გამოჩნდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპული იმპერიების დაშლასთან ერთად ერები - და ჩვეულებრივი გაერთიანებები, რომლებიც თავს ერებად წარმოაჩენდნენ - ნანგრევებიდან გაჩნდნენ ეროვნული სიმტკიცის უფლების დასაცავად. რაც უნდა გაეკეთებინა ადოლფ ჰიტლერსა და ბენიტო მუსოლინს, ლიბერალური დემოკრატიის მომხრეები აღნიშნავდნენ ერების გლობალურ გამოჩენას, რომლებიც თვითონ მართავდნენ საკუთარ თავს.

ერი არის ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც აქვს საერთო ისტორია, კულტურა, ენა და სხვა დამახასიათებელი ნიშნები. საერთო იდენტობის არსებობა, საკუთარი თავისა და ეროვნულობის შეგრძნება, დამოუკიდებლობას მიღწევადს ხდის, რადგან საკუთარი თავის შეგრძნება იძლევა თვითმმართველობის შესაძლებლობას. საერთო ღირებულებების ძირითადი კომპლექტის გარეშე ხალხის არეულ-დარეული ჯგუფი ვერ შექმნის დალაგებულ რეჟიმს, რადგან ვერაფერი დააკავებს მას ერთად და ვერ ააცილებს შიდა ქაოსს.

ეროვნული თვითგამორკვევის უფლების პრინციპი შეიძლება უნივერსალური იყოს, მაგრამ მისი პრაქტიკა ერში უნდა იყოს დამკვიდრებული. ამის გარეშე, ერმა, შეიძლება საკუთარი თავი, თავადვე გაანადგუროს, ასე მოხდა იუგოსლავიაში. ჩეხები და სლოვაკები კი დელიკატურად დაშორდნენ.

ჩვენ ვნახეთ ყოფილი ევროპული იმპერიების ქაოსი, როდესაც ერები ერთმანეთს გამოეყვნენ იმპერიული საზღვრებითა და იძულებულნი იყვნენ, უცნობებთან ერთად ეცხოვრათ და ყველაფერი, მუდმივმა არეულობამ მოიცვა. თვით-იდენტურობის მქონე ხალხის გარეშე, თვითგამორკვევის უფლება ვერ იარსებებს. აქედან გამომდინარე, დემოკრატიის გარეშე, ლიბერალური დემოკრატია ვერ იარსებებს.

ლიბერალური დემოკრატია ორ ძირითად უფლებას აღიარებს:

  • ის, რომ არსებობს ეროვნული თვითგამორკვევის უფლება. 
  • ეს თვითგამორკვევა უნდა გახდეს პოპულარული და ხალხს, რომელიც მართავს თავის თავს, უნდა ჰქონდეს მთავრობის ფორმისა და შემადგენლობის არჩევისა და დამტკიცების უფლება. 

მნიშვნელოვანია ის, რომ დემოკრატია, გასაგებია მხოლოდ ერის პრიზმის მეშვეობით. ერის მზადყოფნა გამომდინარეობს ძველ რეჟიმთან მისი შეუსაბამობიდან. მონარქები, არ აღიარებდნენ ხალხის უფლებას, თავად ემართათ საკუთარი თავი და ხალხის აზრს მნიშვნელოვნად არ მიიჩნევდნენ. დესპოტიზმთან საბრძოლველად საჭირო იყო პოლიტიკური ინსტრუმენტის შექმნა, რომელიც ძლიერი იარაღი იქნებოდა.

პოლიტიკური თვალსაზრისით, მონარქიასთან დასაპირისპირებლად ერთადერთი დალაგებული პოლიტიკური ძალა იყო ერი. ამერიკის რევოლუცია იყო კოლონიებად ჩამოყალიბებული ერების აღმასვლა ინგლისის მონარქიის წინააღმდეგ. საფრანგეთის რევოლუცია კი საფრანგეთის დანაწევრებული ერების აღმასვლა საფრანგეთის მონარქის წინააღმდეგ.

ლიბერალურ დემოკრატიასაც ახასიათებს აშკარა საფრთხე: დემოკრატიისა და ლიბერალიზმის ღირებულებების სისტემას, რომელიც ინდივიდუალურობას განსაზღვრავს, როგორც მორალურ აუცილებლობას და მის თავისუფლებას უზრუნველყოფს. ეს არის ლიბერალური დემოკრატიის ძირითადი მოუქნელობა. ერთის მხრივ, ლიბერალური დემოკრატია მოითხოვს უფლებას, ხალხმა თავად აირჩიოს საკუთარი მთავრობა, მეორეს მხრივ კი ხალხისგან ლიბერალიზმის პატივისცემას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ლიბერალურ დემოკრატიას სურს, ხალხმა თავად მართოს, მაგრამ დაჟინებით ამტკიცებს, რომ თუ ხალხს ესმის იმ მორალური სამყაროსი, რომელშიც ცხოვრობს, ისინი ყოველთვის გარკვეულ გზას მისცემენ ხმას.

ლიბერალურ დემოკრატიაში ამჟამინდელი დაძაბულობა არა ერებთან მიმართებაშია, არამედ დემოკრატიასა და ლიბერალიზმს შორის. თუ ხალხს აქვს თვითგამორკვევის უფლება, მაშინ მათ აქვს უფლება, აირჩიონ ლიდერები იმ ღირებულებებით, რომლებსაც უპირატესობას ანიჭებენ ან იზიარებენ. პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ზოგიერთი ადამიანი დაუპირისპირდება იმ ლიდერებს, რომლებიც ლიბერალიზმის პრინციპებს არღვევენ.

ამერიკის დამფუძნებლებს ესმოდათ ეს პრობლემა და მის გადაჭრას დემოკრატიის შეზღუდვით ცდილობდნენ. ამ შეზღუდვებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო კონსტიტუცია, და მისი მიზანი იყო, გამოერკვია, როგორ მუშაობს და აკონტროლებს თავის თავს სახელმწიფო, რა ხელშეუხებელი უფლებები აქვს ყველა მოქალაქეს და რომელი სისტემა გაართულებდა კონსტიტუციის შეცვლას. კონსტიტუციასთან დაკავშირებული პრობლემა მუდმივად არის ის, სცემს თუ არა ხალხი პატივს და ხომ არ გააუქმებენ ტირანები.

დემოკრატიასა და ლიბერალიზმს შორის სახიფათო დაძაბულობაა. უმრავლესობის სურვილის შემთხვევაში, დემოკრატიას ლიბერალიზმის განადგურება შეუძლია. ლიბერალიზმს კი აქვს ტენდენცია, მოინდომოს დემოკრატიის შეზღუდვა, თუ მისთვის არასასიამოვნო გადაწყვეტილებებს მიიღებს. ლიბერალური დემოკრატიის გასაღები არის ძლიერი კონსტიტუცია - ძლიერი იმ გაგებით, რომ სხვადასხვა თაობის ხალხი მოკრძალებულად სცემდეს პატივს.

საქმე ის არის, რომ ნაციონალიზმსა და ლიბერალურ დემოკრატიას შორის დაძაბულობა ის არ არის, რაც დღეს ჩვენ შფოთვას გვგვრის. არამედ ლიბერალურ პრინციპებსა და დემოკრატიას შორის დაძაბულობა იწვევს ჩვენში ამ შეგრძნებას. ერთადერთი რამ, რასაც ამ დაძაბულობის შეკავება შეუძლია, არის კონსტიტუცია, რომელიც ყველა გამოწვევას გაუმკლავდება. ამის გარეშე ყველაფერი იშლება. დასასრულს, კონსტიტუციის შედგენა არის ფუნდამენტური გადაწყვეტილება, რომელიც თვითმმართველმა ერებმა უნდა მიიღონ.


ავტორი: ჯორჯ ფრიდმანი