„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იზრდება“

გიორგი კვირიკაშვილი - 13.04.2016

პოლიტიკოსის განცხადება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 2016 წლის 11 აპრილს დუბაიში, ყოველწლიურ საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იზრდება. 2014 წელს დაფიქსირდა 80 - პროცენტიანი ზრდა და ინვესტიციების მოცულობამ შეადგინა 1.75 მილიარდი დოლარი. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თანახმად, გადასახადების სიმსუბუქის კუთხით ჩვენ მე-9 ადგილზე ვართ მსოფლიოში“.



არგუმენტირებული შეფასება

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2012 – 2015 წლებში საქართველოში შემოვიდა ინვესტიციების შემდეგი რაოდენობა (იხ. გრაფიკი 1):

გრაფიკი 1.


როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2014 წელს საქართველოში განხორციელდა 1.758.1 ათასი აშშ დოლარის ინვესტიცია, რაც 816.5 ათასი აშშ დოლარით აღემატება 2013 წლის მონაცემს. შესაბამისად, 2014 წელს, წინა წელთან შედარებით, დაფიქსირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის  86% - იანი ზრდა.

ასევე, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2015 – 2016 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს 140 ქვეყანას შორის, გადასახადების სიმარტივის კუთხით, საქართველო იკავებს მე-9 ადგილს, 16.4 სარეიტინგო ქულით.

დასკვნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ 2014 წელს დაფიქსირდა უცხოური ინვესტიციების 80 % - იანი ზრდა და ასევე, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგის მიხედვით, საქართველო, გადასახადების სიმსუბუქის კუთხით არის მე-9 ადგილზე მსოფლიოში, არის სიმართლე.