„ტურიზმი ჩვენი ქვეყნისთვის გახლავთ ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული დარგი“

გიორგი კვირიკაშვილი - 13.04.2016

პოლიტიკოსის განცხადება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 2016 წლის 5 მარტს საინფორმაციო გამოშვება „მოამბე“- სთან ინტერვიუში განაცხადა: „ტურიზმი ჩვენი ქვეყნისთვის გახლავთ ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული დარგი. ტურიზმი აგენერირებს ყველაზე მეტ შემოსავალს და ასაქმებს ყველაზე მეტ ადამიანს საქართველოში. ძალიან სასიხარულოა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში კვლავ დაიწყო ძალიან დიდი ზრდა ვიზიტორების და 23% გახლავთ უკანასკნელი თვეების განმავლობაში უკვე ვიზიტორების ზრდა შარშანდელ წელთან შედარებით“



არგუმენტირებული შეფასება

აღნიშნული განცხადების სიზუსტის გადასამოწმებლად, 2016 წლის ვიზიტორების რაოდენობა შევადაროთ 2015 წლის იგივე პერიოდის ვიზიტორების რაოდენობას.  

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის თებერვალში საქართველოში შემოვიდა 360 402 საერთაშორისო ვიზიტორი, ხოლო 2015 წლის თებერვალში  - 293 152.

გამომდინარე იქედან, რომ პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული განცხადება გააკეთა 2016 წლის 5 მარტს,  უნდა ვივარაუდოთ, რომ ერთმანეთს შეადარა 2016 და 2015  წლების თებერვლის თვის მაჩვენებლები.

2016 წლის თებერვლის თვეში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 22,9%-ით აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს.

დასკვნა

გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, იმასთან დაკავშირებით. რომ 23% გახლავთ უკანასკნელი თვეების განმავლობაში უკვე ვიზიტორების ზრდა შარშანდელ წელთან შედარებით, არის სიმართლე.