„სავაჭრო ურთიერთობები ევროკავშირთან და უცხოური ინვესტიციების ნაკადი გაიზარდა”

გიორგი კვირიკაშვილი - 26.04.2016

პოლიტიკოსის განცხადება

2016 წლის 2 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ევროკომისართან ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანთან და ევროკომისართან მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსთან ერთობლივად გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები ევროკავშირთან და უცხოური ინვესტიციების ნაკადი გაიზარდა. ვიმედოვნებთ, ეს ტენდენცია გაგრძელდება“.

არგუმენტირებული შეფასება

აღნიშნული განცხადების სიზუსტის გადასამოწმებლად, ვნახოთ გაიზარდა თუ არა ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვის მოცულობა და უცხოური ინვესტიციები ბოლო წელიწადნახევარის განმავლობაში (2014 წლის მეორე ნახევარსა და 2015 წელს). უნდა ვივარაუდოთ, რომ პრემიერ-მინისტრი განცხადებაში გულისხმობდა ევროკავშირის ქვეყნებიდან გაკეთებულ უცხოურ ინვესტიციებს.

აღნიშნული განცხადება დავყოთ ორ ნაწილად. პირველ რიგში ვნახოთ, თუ როგორ შეიცვალა საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა 2014 წლის მეორე ნახევარსა და 2015 წელს 2012-2013 წლებთან შედარებით, ხოლო შემდეგ  ევროკავშირიდან განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობები შევადაროთ იმავე პერიოდებში.

ეროვნული ბანკის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა (ექსპორტი/იმპორტი) 2014 წლის მეორე ნახევარსა და 2015 წელს, წინა პერიოდთან შედარებით, მართლაც გაიზარდა. 2014-2015 წლებში საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა აღემატება 2012-2013 წლების მაჩვენებლებს (იხ. გრაფიკი 1).

გრაფიკი 1

რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში განხორციელებულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, ქვემოთ მოცემულია ტენდენცია, რომელიც ფიქსირდებოდა 2012-2015 წლებში. როგორც ცხრილიდან ჩანს, 2014-2015 წლებში ევროკავშირიდან საქართველოში განხორციელებული უცხოური ინვესტიციები აღემატება 2012-2013 წლების მაჩვენებლებს (იხ. გრაფიკი 2):

გრაფიკი 2

დასკვნა

გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები ევროკავშირთან და უცხოური ინვესტიციების ნაკადი გაიზარდა, არის სიმართლე.