„2014 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლით საქართველომ დააფიქსირა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2007 წლის შემდეგ“

გიორგი კვირიკაშვილი - 07.05.2015

პოლიტიკოსის განცხადება

ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2015 წლის 7 მაისს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა: „2014 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლით საქართველომ დააფიქსირა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2007 წლის შემდეგ“.

არგუმენტირებული შეფასება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2007 წელს საქართველოში განხორციელდა 2 014,8 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია. მას შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 2014 წელს, როდესაც ქვეყანაში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა შეადგინა 1 758,4 მლნ აშშ დოლარი (იხ. ცხრილი 1).

ცხრილი 1

პირდაპირი უცხოური ანვესტიციები მლნ. აშშ დოლარი
წელი სულ I კვ. II კვ. III კვ. IV კვ.
2005 449.8 89.4 105.9 75.6 178.9
2006 1 190.4 146.0 306.9 280.7 456.7
2007 2 014.8 421.4 401.5 489.1 702.9
2008 1 564.0 537.7 605.4 134.7 286.2
2009 658.4 114.0 177.2 173.2 194.0
2010 814.5 166.5 208.3 225.6 214.1
2011 1 117.2 209.7 248.3 316.6 342.6
2012 911.6 261.2 217.7 199.0 233.7
2013 941.9 252.3 207.9 254.8 226.9
2014 * 1 758.4 309.5 196.2 726.0 526.7

როგორც ცხრილიდან ჩანს, 2014 წელს ქვეყანაში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ძირითადი ნაწილი III-IV კვარტალზე მოდის. ქვემოთ მოცემულია ის სექტორები, სადაც 2014 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა (იხ. ცხრილი 2).

ცხრილი 2
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში ეკონომიკის სექტორების მიხედვით
 
სულ: 1 758 422.9
მათ შორის:
სოფლის მეურნეობა, თევზჭერა 12 290.3
სამთომოპოვებითი მრეწველობა 42 781.5
დამამუშავებელი მრეწველობა 205 417.4
ენერგეტიკა 189 945.0
მშენებლობა 316 588.1
სასტუმროები და რესტორნები 124 851.8
ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა 433 654.7
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება -9 507.6
უძრავი ქონება 138 654.8
საფინანსო სექტორი 115 322.6
დანარჩენი სექტორები 188 424.2

დასკვნა

გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ 2014 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლით საქართველომ 2007 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, არის სიმართლე.