"საბერძნეთიდან ფულადი გზავნილების პროცენტული მაჩვენებელი 19 - 20%-მდე ავიდა“

გიორგი კვირიკაშვილი - 06.07.2015

პოლიტიკოსის განცხადება

2015 წლის 6 ივლისს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სხვადასხვა ქვეყნებიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების შესახებ შემდეგი განცხადება გააკეთა: „16 პროცენტი არის საბერძნეთიდან ფულადი გზავნილების პროცენტული მაჩვენებელი მთლიან ფულად გზავნილებში, თუმცა რუსეთიდან ფულადი გზავნილების მნიშვნელოვნად შემცირების შემდეგ ეს პროცენტი 19 - 20%-მდე ავიდა“.

არგუმენტირებული შეფასება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2014 – 2015 წლებში, იანვარ - ივნისის თვეებში, საქართველოში რუსეთიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების კუთხით დაფიქსირდა შემდეგი მონაცემები (იხ. დანართი 1):

დანართი 1

როგორც ცხრილიდან ჩანს, 2015 წლის პირველ 6 თვეში რუსეთიდან განხორციელებული ფულადი გზავნილები წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნადაა შემცირებული. 2014 წლის პირველ 6 თვეში რუსეთიდან საქართველოში განხორციელდა 347 193,0 ათასი აშშ დოლარის, ხოლო 2015 წლის პირველ 6 თვეში 204 465,8 ათასი აშშ დოლარის ფულადი გზავნილი.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, საბერძნეთიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების რაოდენობის შესახებ განცხადება გააკეთა 2015 წლის ივლისის თვის დასაწყისში, შესაბამისად, განცხადების გადასამოწმებლად განვიხილავთ იანვარ-ივნისის მონაცემებს (იხ. დანართი 2).

ცხრილში მოცემულია 2015 წლის იანვარ - ივნისში საქართველოს მიმართულებით  მთლიანი  და ასევე,  მხოლოდ საბერძნეთიდან განხორციელებული ფულადი გადმორიცხვები.

როგორც ცხრილიდან ჩანს, 2015 წლის დასაწყისში საბერძნეთიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების პროცენტული წილი მთლიან გადმორიცხვებთან მიმართებაში მართლაც შეადგენდა 16%-ს, თუმცა შემდეგ თვეებში იგი შემცირდა და არათუ 19-20%, არამედ 16%-საც აღარ შეადგენდა.

ცხრილი

ზემოთ მოცემული მონაცემებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2015 წლის იანვარ - ივნისში საბერძნეთიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების პროცენტული წილი მთლიან გადმორიცხვებთან მიმართებაში 19 - 20%-მდე არ გაზრდილა.

დასკვნა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების შემცირების შედეგად გაიზარდა საბერძნეთიდან განხორციელებული ფულადი გზავნილები 16%-დან 19-20%-მდე. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, მსგავსი ცვლილება არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, სააგენტოს მიერ შემუშავებული სისტემის მიხედვით აღნიშნული განცხადება არის მცდარი.