"საქართველომ შეასრულა ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზით იყო გათვალისწინებული".

გიორგი კვირიკაშვილი - 22.06.2016

პოლიტიკოსის განცხადება

2015 წლის 13 სექტემბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა [აწ. უკვე პრემიერ-მინისტრმა] „მოამბესთან“ ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობაზე საუბრისას განაცხადა: „პრემიერ-მინისტრის [ირაკლი ღარიბაშვილის] დავალება იყო, რომ ზედმიწევნით შეგვესრულებინა ყველა მითითება და ჩვენ ყველა შევასრულეთ. მიზეზი რაიმე სახის, ასე ვთქვათ, ოფიციალური, რომ საქართველოს ჰქონდეს ესა თუ ის დანაკლისი ამ მიმართულებით, ჩვენ ვერ გვექნება, უბრალოდ“.

არგუმენტირებული შეფასება

აღნიშნული განცხადების გადასამოწმებლად შევაფასოთ, ნამდვილად შეასრულა  თუ  არა საქართველომ ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზით იყო გათვალისწინებული.

2015 წლის 18 დეკემბერს ევროპული კომისიის მიერ გამოქვეყნებული შეფასებით, საქართველომ შეასრულა ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზით იყო გათვალისწინებული:

ბლოკი 1: დოკუმენტების, მათ შორის, ბიომეტრიული დოკუმენტების უსაფრთხოება;
ბლოკი 2: საზღვრების ინტეგრირებული მართვა, მიგრაციის მართვა, ლტოლვილთა საკითხებზე პოლიტიკა;
ბლოკი 3: საზოგადოებრივი წესრიგი და კონტროლი: ორგანიზებული დანაშაულის, ტერორიზმისა და კორუფციის პრევენცია და ბრძოლა, მათ შორის, ადამიანებით ვაჭრობა, ფულის გათეთრება და ტერორიზმის დაფინანსება, ნარკოტიკები, სამართლებრივი თანამშრომლობა სისხლის სამართლის საქმეებსა და თანამშრომლობა სამართალდამცავ ორგანოებს შორის, ასევე, მონაცემთა დაცვა;
ბლოკი 4: საგარეო ურთიერთობა და ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის, გადაადგილების თავისუფლება საქართველოს შიგნით, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სამგზავრო დოკუმენტების გაცემის პირობები და პროცედურები, მოქალაქეების უფლებები, მათ შორის, უმცირესობათა დაცვა.

დასკვნა

გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ საქართველომ შეასრულა ყველა მოთხოვნა, რომელიც ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზით იყო გათვალისწინებული, შეესაბამება სიმართლეს.