„სახეზეა ექსპორტის კლება და სავარაუდოდ, იმატა იმპორტმა“

რომან გოცირიძე - 01.07.2016

პოლიტიკოსის განცხადება

2016 წლის 27 ივნისს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა: „კვლავინდებურად სახეზეა ექსპორტის კლება და სეზონური სამუშაოების გააქტიურების გამო, სავარაუდოდ, იმატა იმპორტმა“.

არგუმენტირებული შეფასება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალურ ინფორმაციაში მოცემულია ექსპორტ-იმპორტის მონაცემები. რომან გოცირიძის განცხადების გადასამოწმებლად, ერთმანეთს შევადაროთ 2015 წლის იანვარ - მაისისა და 2016 წლის, ამავე პერიოდის, ექსპორტი (იხ. გრაფიკი 1) და იმპორტი (იხ. გრაფიკი 2).

გრაფიკი 1.



I გრაფიკში მოცემული ინფორმაციის თანახმად, 2015 წლის იანვარ - მაისის თვეებში, ექსპორტის მთლიანმა რაოდენობამ შეადგინა 883 673 600 $, ხოლო 2016 წლის იმავე პერიოდში - 780 378 500 $. გამოდის, რომ ექსპორტმა იკლო 2016 წელს, წინა წელთან შედარებით.

გრაფიკი 2.



ზემოთ მოცემული გრაფიკის თანახმად, 2015 წლის იანვარ - მაისის თვეებში, იმპორტის მთლიანი რაოდენობა იყო 3 053 406 600 $, ხოლო 2016 წლის იმავე პერიოდში - 3 289 546 300 $. შესაბამისად, იმპორტმა 2016 წელს მოიმატა.

დასკვნა

რომან გოცირიძის განცხადება, 2016 წელს ექსპორტის კლებასა და იმპორტის მატებასთან დაკავშირებით, არის სიმართლე.