„2015 წლის მესამე კვარტალში ინვესტიციების რაოდენობა მნიშვნელოვნად ნაკლებია 2014 წლის რაოდენობაზე“

რომან გოცირიძე - 02.07.2016

პოლიტიკოსის განცხადება

2015 წლის 10 დეკემბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა: „2015 წლის მესამე კვარტალში ინვესტიციების რაოდენობა არის 489 მილიონი აშშ დოლარი, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია 2014 წლის 726 მილიონ დოლართან შედარებით, მაგრამ 2015 წლის მესამე კვარტლის ეს მაჩვენებელი, თავისთავად, ცუდი არ არის". 

არგუმენტირებული შეფასება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციაში მოცემულია მონაცემები 2005-2016 წლებში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ, კვრატლების მიხედვით (იხ. ცხრილი 1).

ცხრილი 1.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები
მლნ აშშ დოლარი
წელი სულ I კვ II კვ III კვ IV კვ
2005 449.8 89.4 105.9 75.6 178.9
2006 1 190.4 146.0 306.9 280.7 456.7
2007 2 014.8 421.4 401.5 489.1 702.9
2008 1 564.0 537.7 605.4 134.7 286.2
2009 658.4 114.0 177.2 173.2 194.0
2010 814.5 166.5 208.3 225.6 214.1
2011 1 117.2 209.7 248.3 316.6 342.6
2012 911.6 261.2 217.7 199.0 233.7
2013 941.9 252.3 207.9 254.8 226.9
2014 1 758.4 309.5 196.2 726.0 526.7
2015* 1 351.1 185.2 370.1 527.9 267.9
2016* 376.4 376.4      

ცხრილში მოცემული ინფორმაციის თანახმად, 2014 წლის III კვარტალში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობამ საქართველოში 726 მლნ აშშ დოლარი შეადგინა,ხოლო 2015 წლის III კვარტლის მონაცემებით -  527.9 მლნ აშშ დოლარი.

რომან გოცირიძის მიერ მოყვანილი რიცხვებიდან, 2014 წლის მონაცემები ემთხვევა მის მიერ დასახელებულს, ხოლო 2015 წლის - 489 მლნ აშშ დოლარი - არა, თუმცა 2014 წლის მონაცემები მაინც აღემატება 2015-ისას.

დასკვნა

რომან გოცირიძის განცხადება, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 2015 წლის მე-3 კვარტლის რაოდენობა მნიშვნელოვნად ნაკლები იყო 2014 წლის ამავე პერიოდის რაოდენობაზე, არის სიმართლე.