„იანვარში უკვე კლება იყო ისეთ მნიშვნელოვან დარგებში, როგორიც არის: აზოტის გატანა, ფეროშენადნობები“

რომან გოცირიძე - 02.07.2016

პოლიტიკოსის განცხადება

2015 წლის 19 თებერვალს, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას  განაცხადა: ,,თუკი 5 თვის განმავლობაში ექსპორტის კლება, ძირითადად, გამოწვეული იყო რუსეთისა და უკრაინის ბაზრით და შეიძლება, მთავრობას, ამ შემთხვევაში, თავის მართლების რაღაც საბაბი ჰქონდა, ეს სხვა თემაა, მაგრამ იანვარში უკვე კლება იყო ისეთ მნიშვნელოვან დარგებში, როგორიც არის: აზოტის გატანა, ფეროშენადნობები და ის დარგები, რომლებიც ტრადიციულად, არარუსულ ბაზრებზე გადიოდა".

არგუმენტირებული შეფასება

რომან გოცირიძის განცხადების სიზუსტის დასადგენად, ერთმანეთს შევადაროთ 2014 წლის აგვისტო - დეკემბრის  ექსპორტი რუსეთისა და უკრაინის ბაზარზე 2013 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2014 წელს რუსეთთან ექსპორტის აგვისტო - დეკემბრის მაჩვენებელი იყო 113 984 200 $, ხოლო უკრაინასთან - 49 418 000 $.

2013 წლის იმავე, აგვისტო-დეკემბრის, პერიოდში რუსეთთან ექსპორტი შეადგენდა 126 983 600 $, ხოლო უკრაინასთან - 107 819 400 $.

მოცემული ციფრებიდან ნათლად ჩანს, რომ ექსპორტი რუსეთთან და უკრაინასთან 2014 წელს მკვეთრად შემცირდა, წინა წელთან შედარებით.

რაც შეეხება განცხადების მეორე ნაწილს, 2015 წლის იანვარში აზოტოვანი სასუქების ექსპორტის მაჩვენებელი იყო 2 288 000 $, ხოლო ფეროშენადნობების - 10 832 000$.

2014 წლის იმავე პერიოდში, იანვარში, აზოტოვანი სასუქების ექსპორტის მაჩვენებელმა შეადგინა 19 321 000$, ფეროშენადნობებისამ კი  - 31 866 000$.

დასკვნა

რომან გოცირიძის განცხადება ექსპორტის კლებასთან დაკავშირებით არის სიმართლე.