„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აქტივები 1,5-ჯერ აღემატება საბანკო სექტორებისას“

რომან გოცირიძე - 11.07.2016

პოლიტიკოსის განცხადება

2016 წლის 8 ივლისს, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ, საკუთარ “Facebook” გვერდზე, შემდეგი განცხადება გამოაქვეყნა: „ვარდების რევოლუციამდე ყველა ბანკის აქტივი, ერთად აღებული, შეადგენდა 1,16 მილიარდ ლარს. რას წარმოადგენს ქვეყანაში დღეს არსებული 70 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სადაც 5 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული? საფინანსო სისტემის სწრაფად მზარდ, ჯანსაღ ნაწილს, რომელიც სერიოზულ კონკურენციას უწევს საბანკო სექტორს და რომლის აქტივები ერთნახევარჯერ მეტია (1,65 მილიარდი ლარი), ვიდრე ეს ჰქონდათ შევარდნაძის დროინდელ ბანკებს“.

არგუმენტირებული შეფასება

ექსპერტის მიერ გაკეთებული განცხადების სიზუსტის შესაფასებლად, ცალ-ცალკე გადავამოწმოთ მის მიერ გაკეთებულ განცხადებაში მოყვანილი მონაცემები.

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2002 წელს ქართული საბანკო სექტორის მთლიანი აქტივები 1 116 მლნ ლარი იყო.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციის თანახმად, 2015 წლის 31 დეკემბრისთვის საქართველოში 69 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო ლიცენზირებული და მათ მიერ დასაქმებულთა რაოდენობა 4901 ადამიანს შეადგენდა.

რაც შეეხება მიკროსაფინანსოების აქტივების მოცულობას, 2016 წლის I კვარტალში საქართველოში მოქმედი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ჯამურმა აქტივებმა 1 646 მლნ ლარი შეადგინა, რაც 1,47-ჯერ აღემატება 1 116-ს.

ცდომილება განცხადებაში მოყვანილ რიცხვებსა და რეალურს შორის იმდენად მცირეა, რომ იგი სიმართლედ უნდა ჩაითვალოს.

დასკვნა

რომან გოცირიძის მიერ გაკეთებული განცხადება, იმასთან დაკავშირებით, რომ დღეისათვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ჯამური აქტივები 1,5-ჯერ აღემატება ვარდების რევოლუციამდე საბანკო სექტორის აქტივებს, არის სიმართლე.