„ეროვნულმა ბანკმა 470 მლნ დოლარი გაყიდა“

რომან გოცირიძე - 19.07.2016

პოლიტიკოსის განცხადება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ, 2014 წლის 25 ნოემბერს ეკონომიკურ პორტალ, BPN.ge-სთან საუბრისას განაცხადა:  „შარშან, მას შემდეგ, რაც ლარის გაუფასურება დაიწყო, მისი მკვეთრი დაცემის თავიდან ასაცილებლად ეროვნულ ბანკს მხოლოდ დეკემბერ-იანვარში 470 მილიონი დოლარის გაყიდვა მოუწია - ეს მოხდა ფულის ზედმეტი მასის სტერილიზაციის მიზნით. თუ ეროვნული ბანკის რეზერვები 2013 წლის ზაფხულში 3,1 მილიარდი დოლარის ოდენობით განისაზღვრებოდა, მისი მოცულობა დღეისათვის 2,6 მილიარდ დოლარამდე შემცირდა“.

არგუმენტირებული შეფასება

ექსპერტის მიერ გაკეთებული განცხადების სიზუსტის შესაფასებლად, გადავამოწმოთ, მართლაც გაყიდა, თუ არა 2014 წლის დეკემბერ-იანვარში ეროვნულმა ბანკმა 470 მლნ დოლარი და რა ოდენობის იყო ეროვნული ბანკის რეზერვები 2013 წლის ზაფხულსა და 2014 წლის ნოემბერში.

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2013 წლის დეკემბერსა და 2014 წლის იანვარში ეროვნულმა ბანკმა, ჯამში, 360 მლნ აშშ დოლარი გაყიდა და არა 470 მლნ, როგორც ეს რომან გოცირიძის განცხადებაშია მოყვანილი.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის რეზერვებს, 2013 წლის ზაფხულში, სარეზერვო აქტივების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, აგვისტოს თვეში დაფიქსირდა და მან 3,094 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო 2014 წლის ნოემბერში -  2,607 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

დასკვნა

რომან გოცირიძის მიერ ეროვნული ბანკის მხრიდან აშშ დოლარის გაყიდვასა და მის რეზერვებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების პირველი ნაწილი შეიცავს მნიშვნელოვან ცდომილებას, ხოლო მეორე ნაწილში არსებული ცდომილება იმდენად მცირეა, რომ იგი სწორად უნდა მივიჩნიოთ. შესაბამისად, განცხადების პირველი ნაწილი 77%-ით არის სიმართლე, ხოლო მეორე ნაწილი - 100%-ით.

საბოლოო ჯამში, მთლიანი განცხადება, 88%-ით შეესაბამება სიმართლეს.

სააგენტოს მიერ შემუშავებული სისტემის მიხედვით, რომან გოცირიძის განცხადება არის ძირითადად სიმართლე.