„სომხეთში ექსპორტმა იმატა, არადა, ქვეყანა ჩიხშია მოქცეული“

რომან გოცირიძე - 03.08.2016

პოლიტიკოსის განცხადება

2016 წლის 29 ივლისს, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ, საკუთარ „Facebook“ გვერდზე შემდეგი განცხადება გაავრცელა: 2016 წლის პირველ ნახევარში, სომხეთში, ეკონომიკური ზრდის ტემპმა შეადგინა 4,8 პროცენტი, მრეწველობა გაიზარდა 10 პროცენტით, ექსპორტმა იმატა 16,7 პროცენტით, ინფლაცია არის 1,5 პროცენტი, ხოლო ეროვნული ვალუტა გამყარდა 12 პროცენტით. არადა, ქვეყანა ჩიხშია მოქცეული და ორი კვირა ლარსზე ჩამოწოლილი ზვავის გამო, რუსეთიდანაც კი იყო მოწყვეტილი“.

არგუმენტირებული შეფასება

პოლიტიკოსის მიერ გაკეთებული განცხადების სიზუსტის შესაფასებლად, გადავამოწმოთ, განცხადებაში მოყვანილი მაჩვენებლები რამდენად ემთხვევა რეალურს.

2016 წლის იანვარ-ივნისში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, სომხეთის ეკონომიკის ზრდამ 4,8% შეადგინა.

წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 8,9%-ით გაიზარდა მრეწველობა, ხოლო ინფლაციამ -1,5% შეადგინა.

23 ივნისიდან, ლარსის სასაზღვრო გამშვები პუქნტის დაკეტვის მიუხედავად, რომელიც სომხეთისთვის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო გზაა, სომხეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის პირველ 6 თვეში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, სომხეთის ექსპორტი 16,7%-ით გაიზარდა.

2016 წლის იანვარ-ივნისის ექსპორტი (მლნ. აშშ დოლარი)
 
თვე ზრდა წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით
იანვარი 111,4%
თებერვალი 134,5%
მარტი 131,3%
აპრილი 115,3%
მაისი 111,9%
ივნისი 101,2%
წლის დასაწყისიდან 116,7%

თვეზრდა წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით რაც შეეხება დრამი/აშშ დოლარის გაცვლით კურსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, მის გადასამოწმებლად მიმდინარე წლის დასაწყისიდან 30 ივნისამდე პერიოდში შევადაროთ დრამი/აშშ დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალური და მინიმალური მაჩვენებლები. სომხეთის ცენტრალური ბანკის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დრამი/აშშ დოლარის გაცვლითმა კურსმა მაქსიმალურ მაჩვენებელს 16 თებერვალს მიაღწია, როცა 1 აშშ დოლარი 496,11 სომხური დრამი იყო, ხოლო მინიმალურ მაჩვენებელს - 22 ივნისს - 475,98.

გრაფიკი 1.


ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ვადგენთ, რომ 2016 წლის პირველ ნახევარში, სომხური დრამი აშშ დოლართან მიმართებაში 4%-ით გამყარდა.

დასკვნა

რომან გოცირიძის მიერ გაკეთებულ განცხადებაში, მშპ-ს ზრდასთან, ინფლაციასთან და ექსპორტის ზრდასთან დაკავშირებული მაჩვენებლები 100%-ით ემთხვევა რეალურს, მრეწველობის ზრდასთან დაკავშირებული მონაცემი შეიცავს გარკვეულ ცდომილებას (10%-ის ნაცვლად, 8,9%), ხოლო, რაც შეეხება ეროვნული ვალუტის გამყარებასთან დაკავშირებით მოყვანილ მაჩვენებელს, იგი 33%-ით შეესაბამება რეალობას. მთლიან განცხადებაში სიმართლის წილი შეადგენს 84,4%-ს. სააგენტოს მიერ შემუშავებული სისტემის მიხედვით, პოლიტიკოსის განცხადება არის ძირითადად სიმართლე.