„სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დაგვიანებით დააკორექტირა 2014 წლის ინვესტიციების მაჩვენებლები“

რომან გოცირიძე - 12.08.2016

პოლიტიკოსის განცხადება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ, 2015 წლის 10 დეკემბერს „ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა: „სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა შარშან, რატომღაც, ძალიან დაგვიანებით მოახდინა 2014 წლის ინვესტიციების მაჩვენებლების რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ოდენობით კორექტირება. ამის შედეგად, 2014 წლის მე-3 კვარტალში ინვესტიციების ოდენობამ 726 მილიონი დოლარი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ეს ყველაფერი ახალი მეთოდიკით ახსნა, თუმცა ბოლომდე არ განუმარტავს, თუ რამ გამოიწვია ასეთი მასშტაბის კორექტირება".

არგუმენტირებული შეფასება

პოლიტიკოსის მიერ გაკეთებული განცხადების სიზუსტის შესაფასებლად  გადავამოწმოთ, მართლაც, დაგვიანებით დაკორექტირდა, თუ არა რამდენიმე ასეული მლნ-ით  2014 წლის III კვარტალის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და არის, თუ არა 726 მლნ ინვესტიციების თითქმის ერთი წლის მოცულობის ტოლფასი.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული კვარტალური ანგარიშის თანახმად, 2014 წლის მესამე კვარტალში საქართველოში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 508 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (იხილეთ გრაფიკი 1).

გრაფიკი 1.


2015 წლის დასაწყისში გამოქვეყნებულ კვარტალურ (მეოთხე კვარტლის) ანგარიშში, მესამე კვარტლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობა კვლავ 508 მლნ აშშ დოლარი იყო მითითებული. იგივე მაჩვენებელია 2014 წლის 11 მარტს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წლიურ (წინასწარ) ანგარიშში.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) 2014 წლის საქმიანობის ანგარიშის თანახმად, გარკვეული ცვლილებები შევიდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების აღრიცხვის მეთოდოლოგიაში, თუმცა კონკრეტულად, რას გულისხმობს ეს ცვლილება ანგარიშში, არ არის განმარტებული. შედეგად, 2015 წლის 17 აგვისტოს, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაზუსტებული, წლიური ანგარიშის თანახმად, 2014 წლის მესამე კვარტალში ინვესტიციებმა 508 მლნ-ის ნაცვლად, 726 მლნ შეადგინა.

დასკვნა

რომან გოცირიძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დაგვიანებით დააკორექტირა 2014 წლის ინვესტიციების მაჩვენებლების რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი და ეს ყველაფერი ახალი მეთოდიკით ახსნა, არის სიმართლე.