„ტურისტული ნაკადებიდან მიღებულმა შემოსავლებმა ზრდის პიკს მიაღწია"

რომან გოცირიძე - 05.09.2016

პოლიტიკოსის განცხადება

2016 წლის 27 ივნისს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ, განცხადება გააკეთა, რომელშიც ბოლო პერიოდში, ლარის გაუფასურების მიზეზებზე ისაუბრა: „ტურისტული ნაკადებიდან მიღებულმა შემოსავლებმა მიაღწია ზრდის პიკს და იგი ვერ ფარავს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს”.

არგუმენტირებული შეფასება

განცხადების სიზუსტის დასადგენად, გადავამოწმოთ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების დინამიკა და ვნახოთ, ფარავდა, თუ არა იგი მიმდინარე დეფიციტს.

გამომდინარე იქიდან, რომ რომან გოცირიძემ აღნიშნული განცხადება ივნისში გააკეთა, ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი 2016 წლის მონაცემებზე საუბრისას, პირველ კვარტალს გულისხმობდა და მას წინა წლების იმავე პერიოდს ადარებდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 354,467 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია (იხ.გრაფიკი 1).

გრაფიკი 1.
ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2012-2016 წლების პირველ კვარტალში
0 50 100 150 200 250 300 350 400 2012 2013 2014 2015 2016
რაც შეეხება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს, 2016 წლის პირველ 3 თვეში მან 395,138 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ვერ ფარავს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს.

დასკვნა

რომან გოცირიძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ტურისტული ნაკადებიდან მიღებულმა შემოსავლებმა მიაღწია ზრდის პიკს და იგი ვერ ფარავს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს არის სიმართლე.