„ვარძიის გადარჩენის პროგრამა დაწყებულია“

გიორგი კვირიკაშვილი - 09.09.2016

პოლიტიკოსის განცხადება

2016 წლის 8 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ახალციხეში მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა: „მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, დაწყებულია სამცხე-ჯავახეთში ტურისტული პოტენციალის ამოქმედების პროგრამა, რომელიც 27მილიონიან ინვესტიციას ითვალისწინებს და რომელიც საგრძნობ შედეგებს გამოიღებს მთლიანად რეგიონისთვის და იქ მცხოვრები მოქალაქეებისთვის. ჩვენ, ქართუ“ ფონდის დახმარებით, დავიწყეთ ვარძიის გადარჩენის პროგრამა, უკვე უპრეცედენტოდ დიდი სამუშაოები შესრულდა და ახლაც ინტენსიურად მიმდინარეობს. ჩვენ გაგვყავს საფარის მონასტერთან მისასვლელი გზა“.

არგუმენტირებული შეფასება

პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების სიზუსტის გადასამოწმებლად, ვნახოთ, რამდენად შეესაბამება მის განცხადებაში მოყვანილი ფაქტები რეალობას.

მსოფლიო ბანკმა 2015 წელს სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში ტურისტული ინფრასტრუქტურის განსავითარებლად 60 მლნ აშშ დოლარი გამოყო.

სამუშაოები, რომელსაც „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი“ ახორციელებს, 2015 წელს დაიწყო და 2020 წელს დასრულდება. პროექტი  მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების  ურბანული, კომუნალური და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას,  კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიული ძეგლების პოპულარიზაციას, ამასთან, კერძო სექტორის ხელშეწყობას  ითვალისწინებს.

ფონდმა ქართუმ“ 2016 წელს მილიონ ლარამდე გამოყო ვარძიის კლდეში ნაკვეთ კომპლექსზე მიმდინარე ფიზიკური სამუშაოებისთვის, რომელიც დღემდე აქტიურად მიმდინარეობს.

ამასთან, 2016 წელს დაიწყო „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ მიერ საფარის მონასტერთან მისასვლელი გზის მშენებლობა, რომლის  სამუშაოების ნაწილი უკვე შესრულებულია და მისი დასრულება 2017 წელს იგეგმება.

დასკვნა

გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით დაწყებულია სამცხე-ჯავახეთში ტურისტული პოტენციალის ამოქმედების პროგრამა, რომელიც 27 მილიონიან ინვესტიციას ითვალისწინებს, „ქართუ“ ფონდის დახმარებით მიმდინარეობს ვარძიის გადარჩენის პროგრამა და ასევე, შენდება საფარის მონასტერთან მისასვლელი გზა, არის სიმართლე.