„პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 100%-ით არის გაზრდილი“

გიორგი კვირიკაშვილი - 06.10.2016

პოლიტიკოსის განცხადება

2016 წლის 22 სექტემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიის მონაწილეებისადმი მიმართვისას განაცხადა: „მიუხედავად ჩვენ გარშემო მიმდინარე კრიზისისა, საქართველოს ეკონომიკა განაგრძობს ზრდას, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაზრდილია — თითქმის 100 პროცენტით, 2012 წელთან შედარებით“.

არგუმენტირებული შეფასება

პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების სიზუსტის გადასამოწმებლად ვნახოთ, რამდენად შეესაბამება რეალობას მის მიერ განცხადებაში მოყვანილი ინფორმაცია.

საქსტატის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2013-2016 წლებში, საქართველოს ეკონომიკა იზრდებოდა, თუმცა დაბალი ტემპით (იხ. ცრილი 1).

ცხრილი 1.

  2012 2013 2014 2015 2016 (I-IIკვ)
მშპ-ის რეალური ზრდა, პროცენტული ცვლილება 6.4 3.4 4.6 2.8 2.8
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (მლნ. აშშ დოლარი) 911,6 941,9 1758,4 1564,5 833,9

რაც შეეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, 2013-2016 წლებში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მართლაც მნიშვნელოვნად აღემატება 2012 წლის მაჩვენებელს. გამომდინარე იქიდან, რომ პრემიერმა განცხადების გაკეთებისას არ დააკონკრეტა, თუ რომელი წლის მაჩვენებელს ადარებდა 2012-ისას, ამიტომ ბოლო 4 წელში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (2014 წლის) შევადაროთ მას.

ზემოთ მოცემული ცხრილიდან გამომდინარე, 2014 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 92,8%-ით აღემატება 2012-ისას.

დასკვნა

გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადების პირველი ნაწილი არის სიმართლე, ხოლო მეორე ნაწილი შეიცავს გარკვეულ ცდომილებას. საერთო ჯამში, განცხადებაში, რომ საქართველოს ეკონომიკა განაგრძობს ზრდას, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თითქმის 100 პროცენტით არის გაზრდილი 2012 წელთან შედარებით, სიმართლის წილი 96,4%-ს შეადგენს.

სააგენტოს მიერ შემუშავებული სისტემის მიხედვით, პოლიტიკოსის განცხადება არის სიმართლე.