„სიღარიბის დონე საქართველოში 10 პროცენტით შემცირდა“

გიორგი კვირიკაშვილი - 06.10.2016

პოლიტიკოსის განცხადება

2016 წლის 22 სექტემბერს,  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიის მონაწილეებისადმი მიმართვისას განაცხადა: „მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, რომელიც სულ ახლახან გამოქვეყნდა, 2012-2014 წლებში სიღარიბის დონე საქართველოში 10 პროცენტით შემცირდა“.

არგუმენტირებული შეფასება

პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების სიზუსტის გადასამოწმებლა, ვნახოთ მსოფლიო ბანკის შეფასება 2012-2014 წლებში სიღარიბის მაჩვენებლის ცვლილებასთან დაკავშირებით.

მსოფლიო ბანკის მიერ 2016 წლის აგვისტოში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2012 წელს საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი 42,5% იყო, ხოლო 2014 წელს მან 32,3% შეადგინა. ანგარიშის თანახმად, 2012-2014 წლების მანძილზე იმ ადამიანთა რაოდენობა, ვისაც საკუთარ თავზე დღეში $2.5 მეტის დახარჯვა არ შეუძლიათ (უკიდურესად ღარიბები), 10,3%-ით შემცირდა.



როგორც გრაფიკიდან ჩანს, სიღარიბის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი თბილისშია (17,2%), ხოლო საერთო ეროვნულ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სიღარიბის მაჩვენებელი.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 37% საშუალოდ ღარიბია.

საშუალო სიღარიბედ ითვლება მდგომარეობა, როდესაც ადამიანებს საკუთარ თავზე, დღეში, $5 დოლარზე მეტის დახარჯვა არ შეუძლიათ. ასეთი კი ქვეყანაში მოსახლეობის 37%-ია.

დასკვნა

გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ 2012-2014 წლებში საქართველოში სიღარიბის დონე 10%-ით შემცირდა, არის სიმართლე.