„ეროვნული ბანკი ახორციელებს დიდძალ ინტერვენციას“

რომან გოცირიძე - 12.10.2016

პოლიტიკოსის განცხადება

2016 წლის 7 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ წინასაარჩევნო ვითარებასა და ლარის კურსთან დაკავშირებით განაცხადა: „ეროვნული ბანკი ახორციელებს დიდძალ ინტერვენციას, ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკვე გაიყიდა 160 მილიონი დოლარი და ბოლო ორ კვირაში განხორციელდა 120 მილიონი დოლარის ფარგლებში ინტერვენცია“.

არგუმენტირებული შეფასება

პოლიტიკოსის მიერ გაკეთებული განცხადების სიზუსტის შესაფასებლად, გადავამოწმოთ განცხადების გაკეთებამდე, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ინტერვენციების მოცულობა.

2016 წლის 8 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 2,305-დან 2,335-მდე გაუფასურდა.



საქართვველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის 8 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 4-ჯერ გაყიდა აშშ დოლარი.

22 სექტემბერი - 20 მლნ აშშ დოლარი;

27 სექტემბერი - 40 მლნ აშშ დოლარი;

3 ოქტომბერი - 40 მლნ აშშ დოლარი;

6 ოქტომბერი - 20 მლნ აშშ დოლარი.

ჯამში ამ 1 თვის განმავლობაში, სებ-მა 120 მლნ ინტერვენცია განახორციელა და ეს სწორედ ბოლო 2 კვირაში მოხდა.

დასკვნა

რომან გოცირიძის მიერ გაკეთებული განცხადების პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ეროვნული ბანკის მიერ არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში გაიყიდა 160 მილიონი დოლარი, 75%-ით შეესაბამება სიმართლეს, ხოლო მეორე ნაწილი, რომ ბოლო ორ კვირაში განხორციელდა ინტერვენცია 120 მილიონი დოლარის ფარგლებში, 100%-ით შეესაბამება სიმართლეს.

მთლიანობაში, განცხადებაში სიმართლის წილი შეადგენს 87,5%-ს.

სააგენტოს მიერ შემუშავებული სისტემის მიხედვით, პოლიტიკოსის განცხადება არის ძირითადად სიმართლე.