„2004-2012 წლებში, საშუალო ეკონომიკური ზრდა მეზობელ ქვეყანაში უფრო მაღალი იყო“

გიორგი კვირიკაშვილი - 29.11.2016

პოლიტიკოსის განცხადება

2016 წლის 25 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას განაცხადა: „2004-2012 წლების პერიოდში, როდესაც საშუალო ეკონომიკური ზრდა საქართველოში იყო 6.2 პროცენტი, მეზობელ ქვეყანაში უფრო მაღალი საშუალო ზრდა იყო“.

არგუმენტირებული შეფასება

გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების სიზუსტის შესაფასებლად ვნახოთ, რამდენი იყო საქართველოს ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 2004-2012 წლებში და ჰქონდა, თუ არა რომელიმე მეზობელ ქვეყანას ამ პერიოდში ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი საშუალო მაჩვენებელი.

საქსტატის ოფიაციალური ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2004-2012 წლებში შემდეგნაირად გამოიყურებოდა (იხ. გრაფიკი 1):

გრაფიკი 1

აღნიშნული მონაცემების საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 2004-2012 წლებში 6.2% იყო.

რაც შეეხება მეზობელი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებლებს, იმავე პერიოდში (იხ. ცხრილი 2).

ცხრილი 2

  2004 2005 2006 2007 2008 2009 2010 2011 2012 საშუალო
რუსეთი 6,7 6,4 6,7 8,1 5,6 -7,9 4 4,3 3,4 4,1%
აზერბაიჯანი 9,8 26,4 34,5 23,4 10,8 9,3 5 0,1 2,2 13,5%
სომხეთი 9 13,9 13,4 13,7 6,8 -14,2 2,6 4,4 7,2 6,3%
თურქეთი 8,2 7,4 5,3 4,5 1,1 -4,7 8,2 8,5 2,6 4,5%

როგორც მოცემული ცხრილიდან ჩანს, 2004-2012 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელზე მაღალი საშუალო მაჩვენებელი ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთში იყო.

დასკვნა

გიორგი კვირიკაშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ 2004-2012 წლების პერიოდში, როდესაც საშუალო ეკონომიკური ზრდა საქართველოში 6.2 პროცენტი იყო, მეზობელ ქვეყანაში უფრო მაღალი საშუალო ზრდა იყო, არის სიმართლე.