„ყველა ძირითადი ვალუტის გაუფასურება 100%-ზე მეტია“

გიორგი კვირიკაშვილი - 16.12.2016

პოლიტიკოსის განცხადება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, ლარის გაცვლით კურსთან დაკავშირებით, მთავრობის 2016 წლის 15 დეკემბრის სხდომაზე განაცხადა: „100%-ზე მეტია გაუფასურება ყველა ძირითადი ვალუტის. მე საუბარი მაქვს თურქული ლირაზე, ასევე უკრაინული გრივნა, რომელიც 200%-ზე ზევით არის. 2012 წლის შემდეგ ქართული ლარი არის გაუფასურებული დაახლოებით 60-65%-მდე ფარგლებში“.

არგუმენტირებული შეფასება

გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების სიზუსტის შესაფასებლად, ვნახოთ შეესაბამება თუ არა თურქული ლირის, უკრაინული გრივნისა და ქართული ლარის გაუფასურების მაჩვენებელები განცხადებაში მოყვანილ მონაცემებს.

2013 წლის 2 იანვრისთვის ერთი აშშ დოლარი 1.77 თურქული ლირა იყო, ხოლო 2016 წლის 15 დეკემბერს (განცხადების გაკეთების დროს) 3.53 ლირა, რაც 99.4%-იან გაუფასურებას ნიშნავს.

2013 წლის 2 იანვრისთვის 1 ამერიკული დოლარი 8 უკრაინულ გრივნას შეადგენდა, ხოლო 2016 წლის 15 დეკემბრისთვის კი 26 გრივნას. ანუ უკრაინული გრივნა დოლართან მიმართებაში, ამ ხნის განავლობაში, 225%-ით გაუფასურდა.

რაც შეეხება აშშ დოლარი/ლარის გაცვლით კურსს, 2013 წლის 2 იანვრისთვის კურსი 1.65, ხოლო 2016 წლის 15 დეკემბრისთვის - 2.66 იყო. 4 წლის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებაში 61%-ით გაუფასურდა.

დასკვნა

გიორგი კვირიკაშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ 2012 წლის შემდეგ თურქული ლირა 100%-ზე მეტით გაუფასურდა დოლართან მიმართებაში, უკრაინული გრივნა 200%-ზე მეტით, ქართული ლარი კი დაახლოებით 60-65%-მდე, არის სიმართლე.