„კვლავ მილიარდ 270 მილიონი გასცა ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების სესხის სახით“

რომან გოცირიძე - 26.12.2016

პოლიტიკოსის განცხადება

2016 წლის 8 დეკემბერს, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა: „კვლავ მილიარდ 270 მილიონი გასცა ეროვნულმა ბანკმა დღეს რეფინანსირების სესხის სახით. ეს ერთი მილიარდით მეტია, ვიდრე ზაფხულის დასაწყისში იყო. რეფინანსირების სესხებს აქვს თავისი დადებითი ეფექტი, რაც ლიკვიდობის პრობლემის გადაჭრაში გამოიხატება, თუმცა როგორც ჩანს, ბანკებს ეს პრობლემა არ აქვთ, რადგან გუშინ სახაზინო ვალდებულებებზე (52 მილიონ ლარზე) განაცხადი შეიტანეს, ანუ მზად იყვნენ მთავრობა დაეფინანსებინათ ამ თანხით“.

არგუმენტირებული შეფასება

2008 წლის სექტემბრიდან, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აამოქმედა მონეტარული პოლიტიკის ახალი ინსტრუმენტი – ერთკვირიანი რეფინანსირების სესხები. აღნიშნული ინსტრუმენტის საშუალებით ხორციელდება საბანკო სექტორისთვის მოკლევადიანი ლიკვიდობის, საჭიროებისამებრ მიწოდება. რეფინანსირების ინსტრუმენტის მიზანია ბანკთაშორის ბაზარზე მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის მართვა.

2016 წლის 8 დეკემბერს, ეროვნულმა ბანკმა 1,270 მლრდ ლარის რეფინანსირების სესხი გასცა, რომელიც, როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, მართლაც, დაახლოებით, მილიარდი ლარით აღემატება 2016 წლის 23 ივნისს საქართველოს ეროვნულმა ბანკის მიერ გაცემულ ერთკვირიანი რეფინანსირების სესხის ოდენობას (250 მლნ ლარი) .

დეპუტატი ასევე საუბრობს ბანკებისთვის ლიკვიდობის პრობლემის არარსებობაზე და არგუმენტად სახაზინო ვალდებულებებს იშველიებს. სახაზინო ვალდებულება არის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული მოკლევადიანი დისკონტური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი, რომლის გამოშვებაც ხდება ერთ წლამდე დაფარვის ვადით, დისკონტით და იფარება ნომინალური ღირებულებით. 2016 წლის 7 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა და მოთხოვნამ შეადგინა 52 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.300 პროცენტით, მაქსიმალური 7.990 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი — 7.884 პროცენტით განისაზღვრა.

დასკვნა

რომან გოცირიძის მიერ გაკეთებული განცხადება, იმასთან დაკავშირებით, რომ 8 დეკემბერს ეროვნულმა ბანკმა მილიარდი ლარით მეტი რეფინანსირების სესხის გასცა, ვიდრე ეს იყო ზაფხულის დასაწყისში და ამასთან, 7 დეკემბერს კომერციულმა ბანკებმა სახაზინო ვალდებულებებზე 52 მილიონ ლარზე შეიტანეს განაცხადი, არის სიმართლე.