„მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს გაცემული აქვს 1.8 მილიარდი ლარის სესხი“

რომან გოცირიძე - 09.01.2017

პოლიტიკოსის განცხადება

2016 წლის 28 დეკემბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა: „დღეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს აქვს გაცემული 1.8 მილიარდი ლარის ოდენობის სესხი. ეს არის 70 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. 70 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, დღეს თავისი აქტივებით არის იმაზე დიდი, ვიდრე 2004 წელს 20 საქართველოს ყველა ბანკი ერთად აღებული“.

არგუმენტირებული შეფასება

პოლიტიკოსის მიერ გაკეთებული განცხადების სიზუსტის შესაფასებლად, ვნახოთ, რამდენად შეესაბამება განცხადებაში მოტანილი მონაცემები რეალურს. პოლიტიკოსის მიერ განცხადების გაკეთების მომენტისთვის, ცნობილი იყო 2016 წლის მესამე კვარტალის მონაცემები მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხების მოცულობისა და აქტივების შესახებ.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის მესამე კვარტალში, ქვეყანაში 71 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფუნქციონირებდა. ამასთან, იმავე პერიოდისთვის, ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხების ჯამური მოცულობა 1. 232. 367. 479 ლარს შეადგენდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის მესამე კვარტალში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მთლიანმა აქტივებმა 1. 719. 437 ათასი ლარი შეადგინა. რაც შეეხება კომერციული ბანკების ჯამური აქტივების მოცულობას 2004 წელს, ეროვნული ბანკის ინფორმაციის თანახმად, იმ დროისათვის საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ჯამური აქტივები 1. 696. 858 ათასი ლარი იყო. როგორც მოცემული მონაცემებიდან ჩანს, 2004 წელს, კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების მოცულობა ნაკლებია 2016 წლის მესამე კვარტალში მიკროსაფინანსო ინსტიტუტების მთლიან აქტივებზე. თუმცა 2016 წლის მესამე კვარტალისთვის მიკროსაფინანსო ინსტიტუტების მიერ გაცემული სესხების მოცულობა არა 1.8 მლრდ, არამედ 1.232 მლნ ლარია.

დასკვნა

რომან გოცირიძის მიერ გაკეთებული განცხადების ორი ნაწილიდან პირველი, რომლის თანახმადაც, დღეს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს აქვს გაცემული 1.8 მილიარდი ლარის ოდენობის სესხი, 68.44%-ით შეესაბამება სიმართლეს. ხოლო რაც შეეხება მეორე ნაწილს, რომლის მიხედვითაც, „70 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დღეს, თავისი აქტივებით, არის იმაზე დიდი, ვიდრე 2004 წელს, 20 საქართველოს ყველა ბანკი ერთად აღებული“, არის სიმართლე. შესაბამისად, მთლიან განცხადებაში სიმართლის წილი შეადგენს 82.22%-ს.

სააგენტოს მიერ შემუშავებული სისტემის მიხედვით, პოლიტიკოსის განცხადება არის ძირითადად სიმართლე.