„მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს აღარ აქვთ ფიზიკურ პირებზე უცხოურ ვალუტაში ფულის გასესხების უფლება“

რომან გოცირიძე - 17.01.2017

პოლიტიკოსის განცხადება

2017 წლის 13 იანვარს, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ ონლაინსესხების, მიკროსაფინანსოებისა და ბანკების ახალ რეგულაციებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე განაცხადა: „იკრძალება ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემა უცხოურ ვალუტაში 100 ათას ლარამდე ექვივალენტით. ასი ათას ერთი ლარი და მეტი არაა პრობლემა. ყველა გამსესხებელი შეიძლება მოიქცეს ასე, მაგრამ ამას ვერ გააკეთებს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რადგან სხვა კანონი უკრძალავს მას ერთ მსესხებელზე 50 ათას ლარზე მეტის გაცემას. გამოდის, რომ მხოლოდ მას ჩამოერთვა ფიზიკურ პირებზე უცხოურ ვალუტაში ფულის გასესხების უფლება“.

არგუმენტირებული შეფასება

პოლიტიკოსის მიერ გაკეთებული განცხადების სიზუსტის შესაფასებლად, ვნახოთ, ეკრძალებათ, თუ არა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს 50 ათას ლარზე მეტის გაცემა სესხად და მხოლოდ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ჩამოერთვათ, თუ არა სესხის დოლარში გაცემის უფლება.

ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის მთავრობის მიერ წარდგენილი იდეებიდან, ერთ-ერთი, დოლარში სესხების გაცემის შეზღუდვას გულისხმობს. კონკრეტულად კი, საქართველოს პარლამენტის მიერ 2016 წლის 29 დეკემბერს, სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ფიზიკურ პირზე 100 000 (ასი ათას) ლარამდე საბანკო კრედიტი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული მიკროკრედიტის მაქსიმალური ჯამური ოდენობა ერთ მსესხებელზე არ უნდა აღემატებოდეს 50 000 (ორმოცდაათი ათას) ლარს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები სესხს დოლარში ვეღარ გასცემენ. თუ კომერციულ ბანკებს შეუძლიათ სესხის დოლარში გაცემა იმ სემთხვევაში, თუ მისი ოდენობა 100 000 ლარს აღემატება, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ასეთი მასშტაბის სესხებს ვერ გასცემენ და შესაბამისად, ამ შეზღუდვით, მხოლოდ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს აეკრძალათ სესხის დოლარში გაცემის უფლება.

დასკვნა

რომან გოცირიძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ საკანონმდებლო ცვლილებით მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ჩამოერთვათ სესხის დოლარში გაცემის უფლება, რადგან მათ კანონი უკრძალავს ერთ პირზე 50 ათას ლარზე მეტი ოდენობის სესხის გაცემას, არის სიმართლე.