„FED-ის განაკვეთის ზრდის მიუხედავად, ლარი მყარდებოდა“

რომან გოცირიძე - 30.01.2017

პოლიტიკოსის განცხადება

2016 წლის 3 დეკემბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ ლარის გაუფასურების პროცესთან დაკავშირებით განაცხადა: „2006-2007 წლებში Fed-ის განაკვეთი ჯერ იყო 4.75, შემდეგ გახდა 5.00, შემდეგ 5.25, მაგრამ ამ დროს ლარი მყარდებოდა“.

არგუმენტირებული შეფასება

პოლიტიკოსის მიერ გაკეთებული განცხადების სიზუსტის შესაფასებლად, ვნახოთ, რამდენი იყო ამერიკის ცენტრალური ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთი 2006-2007 წლებში და მყარდებოდა, თუ არა აღნიშნულ პერიოდში ლარი აშშ დოლართან მიმართებაში.

ამერიკის ცენტრალურმა ბანკმა, 2006 წლის 28 მარტს, რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით გაზარდა და 4.75% შეადგინა. ამის შემდეგ კიდევ 25-25 პუნქტით გაიზარდა რეფინანსირების განაკვეთი და იმავე წლის 10 მაისს და 29 ივნისს გამართულ ცენტრალური ბანკის მმართველთა საბჭოს სხომაზე, მან ჯერ 5%, ხოლო შემდეგ 5.25% შეადგინა.

2007 წლიდან რეფინანსირების განაკვეთმა შემცირება დაიწყო. 18 სექტემბრის სხდომაზე განაკვეთი 50 პუნქტით შემცირდა, ხოლო 31 ოქტომბრისა და 11 დეკემბრის სხდომებზე 25-25 პუნქტით და 2007 წლის ბოლოს განაკვეთმა 4,25%-ს მიაღწია.

განცხადების სიზუსტის შესაფასებლად, განვიხილოთ 2006 წლის პერიოდი, როდესაც განაკვეთი იზრდებოდა და ვნახოთ, როგორ იცვლებოდა ამ პერიოდში ლარი/აშშ დოლარის კურსი.

გრაფიკი 1

რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა 2006 წლის მარტის ბოლოს და ამ პერიოდიდან ლარს მართლაც გამყარების ტენდენცია ჰქონდა. მარტის ბოლოს, ლარი/აშშ დოლარის გაცვლითმა კურსმა 1.82, ხოლო 2006 წლის 31 დეკემბერს, 1.71 შეადგინა. 9 თვის განმავლობაში, ლარი დოლართან მიმართებაში მუდმივად გამყარებით ხასიათდებოდა (იხ. გრაფიკი 1).

გრაფიკი 2

უნდა აღინიშნოს, რომ 2015-2016 წლებში, ამერიკის ცენტრალური ბანკის მმართველი საბჭოს მიერ რეფინანსირების განაკვეთი ორჯერ გაიზარდა. 2015 წლის 16 დეკემბერს, 0.25%-დან 0,5%-მდე, ხოლო 2016 წლის 14 დეკემბერს, 0.5%-დან 0.75%-მდე. თუმცა ამ 1 წლის განმავლობაში, ლარი ძირითადად ხასიათდებოდა გაუფასურების ტენდენციით (იხ. გრაფიკი 2).

დასკვნა

რომან გოცირიძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ 2006-2007 წლებში Fed-ის განაკვეთი ჯერ იყო 4.75, შემდეგ გახდა 5.00, შემდეგ 5.25, მაგრამ ამ დროს ლარი მყარდებოდა, არის სიმართლე.