„საქართველო მსოფლიოში მე-13 ადგილზეა ეკონომიკური თავისუფლების კუთხით“

გიორგი კვირიკაშვილი - 21.02.2017

პოლიტიკოსის განცხადება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2017 წლის 18 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციის ფრგლებში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა: „სულ რამდენიმე დღის წინ Heritage Foundation-მა გამოაქვეყნა რეიტინგები, რომელთა თანახმად, საქართველო მსოფლიოში მე-13 ადგილზეა ეკონომიკური თავისუფლების კუთხით. მსოფლიო ბანკის თანახმად კი, ჩვენ ვართ მე-16 ადგილზე ბიზნესის წარმოების სიმარტივით“.

არგუმენტირებული შეფასება

გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების სიზუსტის გადასამოწმებლად, ვნახოთ რა პოზიციას იკავებს საქართველო განცხადებაში აღნიშნულ ორ რეიტინგში.

Heritage Foundation-ის 2017 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველომ 76 ქულიანი შეფასება მიიღო და რეიტინგში მე-13-ე ადგილი დაიკავა (იხ. ცხრილი 1). აღნიშნული ორგანიზაციის მიერ 2016 წლის დასაწყისში გამოქვეყნებულ რეიტინგში საქართველოს 23-ე პოზიცია ეკავა, ხოლო წინა წელს 22-ე. როგორც აღნიშნული მონაცემებიდან ჩანს, მიმდინარე წელს საქართველომ რეიტინგში პროგრესი განიცადა და 10 პოზიციით დაწინაურდა, რაც გამოიწვია ინდექსში გათვალისწინებული იმ კომპონენტების გაუმჯობესებამ, როგორიცაა საკუთრების უფლება, მთავრობის ინტეგრირებულობა, ბიზნესის თავისუფლება და შრომის თავისუფლება. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის მონაცემები გაუარესდა შემდეგ კომპონენტებში: მონეტარული თავისუფლება, სამთავრობო ხარჯვა და საგადასახადო ტვირთი.

ცხრილი 1

Heritage Foundation-ის მიერ გამოქვეყნებული 2017 წლის ქვეყნების რეიტინგი ეკონომიკური თავისუფლების კუთხით (პირველი ოცეული):
 
1. ჰონკონგი 11. ტაივანი
2. სინგაპური 12. გაერთიანებული სამეფო
3. ახალი ზელანდია 13. საქართველო
4. შვეიცარია 14. ლუქსემბურგი
5. ავსტრია 15. ნიდერლანდები
6. ესტონეთი 16. ლიტვა
7. კანადა 17. ამერიკის შეერთებული შტატები
8. არაბთა გაერთიანებული საამიროები 18. დანია
9. ირლანდია 19. შვედეთი
10. ჩილე 20. ლატვია

რაც შეეხება მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების სიმარტივის რეიტინგს, 2016 წელს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველო მე-16 პოზიციას იკავებს (იხ. ცხრილი 2). 2015 წლის რეიტინგში ჩვენს ქვეყანას მე-15, ხოლო 2014 წელს მე-8 პოზიცია ეკავა.

ცხრილი 2
მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული ქვეყნების რეიტინგი ბიზნესის წარმოების სიმარტივის მიხედვით (პირველი ოცეული):
 
1. ახალი ზელანდია 11. ტაივანი
2. სინგაპური 12. ესტონეთი
3. დანია 13. ფინეთი
4. ჰონკონგი 14. ლატვია
5. კორეა 15. ავსტრალია
6. ნორვეგია 16. საქართველო
7. გაერთიანებული სამეფო 17. გერმანია
8. ამერიკის შეერთებული შტატები 18. ირლანდია
9. შვედეთი 19. ავსტრია
10. მაკედონია 20. ისლანდია

დასკვნა

საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ Heritage Foundation-ის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში მე-13 ადგილზეა ეკონომიკური თავისუფლების კუთხით, ხოლო მსოფლიო ბანკის რეიტინგში, ბიზნესის სიმარტივის მიხედვით, მე-16 ადგილზე, არის სიმართლე.