„ეს არ არის 2013, 2014 წლის ან 2015 წელზე უკეთესი მაჩვენებელი“

რომან გოცირიძე - 01.03.2017

პოლიტიკოსის განცხადება

2017 წლის 27 თებერვალს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ ბოლო პერიოდში ლარის გამყარების პროცესთან დაკავშირებით, განაცხადა: „ლარის კურსის გამყარების ტენდენცია რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. ეს არის პერიოდი, როდესაც ექსპორტი მომატებულია. ეს არ არის 2013, 2014 წლის ან 2015 წელზე უკეთესი მაჩვენებელი, იმ პერიოდს მნიშვნელოვნად ჩამორჩება, მაგრამ წინა წლის ამ პეროდთან შედარებით ექსპორტი აშკარად მომატებულია“.

არგუმენტირებული შეფასება

პოლიტიკოსის მიერ გაკეთებული განცხადების სიზუსტის შესაფასებლად, 2017 წლის იანვრის თვის ექსპორტის მაჩვენებელი შევადაროთ 2013-2016 წლების ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.

საქსტატის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2013 წლის იანვარში საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის მოცულობამ 196 280 ათასი დოლარი, 2014 წლის იანვარში - 223 630 ათასი დოლარი, 2015 წელს - 155 073 ათასი დოლარი, 2016 წელს - 122 161 ათასი დოლარი, ხოლო 2017 წელს 176 770 ათასი დოლარი შეადგინა (იხ. გრაფიკი 1).

გრაფიკი 1

არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, 2017 წლის იანვარში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა აღემატება 2015-2016 წლების მაჩვენებელს, თუმცა ჩამორჩება 2013-2014 წლების მონაცემებს.

დასკვნა

პოლიტიკოს რომან გოცირიძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ 2017 წლის იანვარში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა აღემატება 2013-2015 წლების მაჩვენებელს, ხოლო ჩამორჩება 2016 წლისას, 75%-ით შეესაბამება სიმართლეს.

სააგენტოს მიერ შემუშავებული სისტემის თანახმად პოლიტიკოსის განცხადება არის ძირითადად სიმართლე.