„33%-ით არის გაზრდილი ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა“

გიორგი კვირიკაშვილი - 03.03.2017

პოლიტიკოსის განცხადება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, 2017 წლის 2 მარტს, იანვრის თვის ეკონომიკური ვითარება შეაფასა და განაცხადა: „იანვარში ექსპორტი 44.7%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ყველა პარამეტრი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად, 33%-ით არის გაზრდილი ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა. ბევრი დადებითი პარამეტრია. ტურიზმი გაზრდილია 30%-ზე მეტად, თუ არ ვცდები“.

არგუმენტირებული შეფასება

გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების სიზუსტის გადასამოწმებლად, ვნახოთ რა პოზიციას იკავებს საქართველო განცხადებაში აღნიშნულ ორ რეიტინგში.

საქსტატის ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2017 წლის იანვრის თვეში ექსპორტის მოცულობამ 176 770 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 122 161 ათასი აშშ დოლარი. შესაბამისად, 2017 წლის იანვრის თვის ექსპორტის მოცულობა 44,7%-ით აღემატება 2016 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს (იხ. გრაფიკი 1).

გრაფიკი 1

საქსტატის მონაცემების თანახმად, 2016 წლის იანვარში საქართველოში 2725 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, ხოლო 2017 წლის იანვარში 3625, რაც ნამდვილად 33%-იან ზრდას წარმოადგენს, როგორც ამას აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი (იხ. გრაფიკი 2).

გრაფიკი 2

რაც შეეხება ტურიზმის ზრდას, 2016 წლის იანვარში საქართველოში 323 159 საერთაშორისო ვიზიტორი დაფიქსირდა, ხოლო 2017 წლის იანვარში 387 070. წინა წელთან შედარებით მიმდინარე წლის იანვარში ვიზიტორთა რაოდენობა 19,8%-ითაა გაზრდილი და არა 30%-ზე მეტად, როგორც ეს პრემიერის განცხადებაშია ნათქვამი (იხ. გრაფიკი 3).

გრაფიკი 3

დასკვნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების პირველი ორი ნაწილი, რომელიც ეხება ექსპორტისა და ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა ზრდას, 100%-ით შეესაბამება სიმართლეს. თუმცა რაც შეეხება განცხადების იმ ნაწილს, სადაც საუბარია ტურიზმის ზრდაზე, 66%-ით წარმოადგენს სიმართლეს. საბოლოო ჯამში, პოლიტიკოსის განცხადებაში სიმართლის წილი შეადგენს 89%-ს.

სააგენტოს მიერ შემუშავებული სისტემის თანახმად, პოლიტიკოსის განცხადება არის ძირითადად სიმართლე.