„საქართველოში არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნეს გარემო“

გიორგი კვირიკაშვილი - 13.03.2017

პოლიტიკოსის განცხადება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2017 წლის 8 მარტს იტალიაში ოფიციალური ვიზიტისას განაცხადა: „საქართველოში არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნეს გარემო, რომელიც ყოველწლიურად კიდევ უფრო უმჯობესდება“.

არგუმენტირებული შეფასება

გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების სიზუსტის გადასამოწმებლად, ვნახოთ რა პოზიციას იკავებს საქართველო ბიზნეს-გარემოს საერთაშორისო რეიტინგებში და უმბჯობესდებოდა თუ არა საქართველოს პოზიცია აღნიშნულ რეიტინგებში „ქართული ოცნების“ ხელისუფლაბაში ყოფნის პერიოდში.

მსოფლიო ბანკი ყოველწლიურ „ბიზნესის კეთების” (Doing Business) რეიტინგს ათი სხვადასხვა ინდიკატორით ადგენს და აფასებს იმ რეგულირებებს, რომელიც აძლიერებს ან აფერხებს ბიზნესის საქმიანობას. მათ შორის არის ბიზნესის დაწყების სიმარტივე, ინვესტიციების დაცვა, გადასახადების გადახდა, კრედიტის აღება, ქონების რეგისტრაცია, მშენებლობის ნებართვის გაცემა და სხვა. 2017 წელს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველო 8 პოზიციით დაწინაურდა და 190 ქვეყანას შორის მე-16-ე პოზიცია დაიკავა. 2016 წლის რეიტინგში ჩვენს ქვეყანას 24-ე, 2015 წელს მე-15-ე, 2014 წელს მე-8-ე, ხოლო 2013 წელს მე-9-ე პოზიცია ეკავა (იხ. ცხრილი 1).

ცხრილი 1

საქართველოს პოზიცია საერთაშორისო რეიტინგებში 2012-2017 წწ.
 
წელი ბიზნესის კეთების რეიტინგი გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიში ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი
2012 16 88 34
2013 9 72 21
2014 8 69 22
2015 15 66 22
2016 24 59 23
2017 16   13

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშში (The Global Competitiveness Report) შეფასებულია სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესგარემო და კონკურენტუნარიანობა. რეიტინგი ეყრდნობა 29 ინდიკატორს, მათ შორის, ინვესტორის წინაშე არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ფინანსურ რისკებს. 2016-2017 წლის ანგარიშში, საქათველომ 7 პუნქტით გაიუმჯობესა პოზიცია და 138 ქვეყანას შორის 66-ე ადგილიდან 59-ე ადგილზე გადაინაცვლა, რაც ნაწილობრივ იმით აიხსნება, რომ 2013-2014 წლის ანგარიშში გამოკვლეული რამდენიმე ქვეყანა 2016-2017 წლის ანგარიშში აღარ მონაწილეობდა ( იხ. ცხრილი 1).

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი უკვე 20 წელია რაც ყოველწლიურად ქვეყნდება The Wall Street Journal-ში The Heritage Foundation-ის კვლევის საფუძველზე. აღნიშნულ რეიტინგში საქართველო „უმეტესად თავისუფალი” ქვეყნების ჯგუფშია. 2017 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველომ 76 ქულიანი შეფასება მიიღო და რეიტინგში 174 ქვეყანას შორის მე-13-ე ადგილი დაიკავა. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ 2016 წლის დასაწყისში გამოქვეყნებულ რეიტინგში საქართველოს 23-ე პოზიცია ეკავა, ხოლო წინა წელს 22-ე (იხ. ცხრილი 1). როგორც აღნიშნული მონაცემებიდან ჩანს, მიმდინარე წელს საქართველომ რეიტინგში პროგრესი განიცადა და 10 პოზიციით დაწინაურდა, რაც გამოიწვია ინდექსში გათვალისწინებული იმ კომპონენტების გაუმჯობესებამ, როგორიცაა საკუთრების უფლება, მთავრობის ინტეგრირებულობა, ბიზნესის თავისუფლება და შრომის თავისუფლება. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის მონაცემები გაუარესდა შემდეგ კომპონენტებში: მონეტარული თავისუფლება, სამთავრობო ხარჯვა და საგადასახადო ტვირთი.

დასკვნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადების პირველი ნაწილი, რომელიც გულისხმობს საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნეს გარემოს არსებობას, 67%-ით შეესაბამება სიმართლეს, რადგან წარმოდგენილი სამი ცნობილი საერთაშორისო რეიტინგიდან მხოლოდ ორი (“ბიზნესის კეთების” რეიტინგი და “ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი”) იძლევა აღნიშნულის თქმის საფუძველს. რაც შეეხება განცხადების მეორე ნაწილს, სადაც საუბარია საქართველოში ბიზნეს გარემოს ყოველწლიურად გაუმჯობესებაზე, 33%-ით წარმოადგენს სიმართლეს, რადგან საქართველოს პოზიცია ყოველწლიურად უმჯობესდებოდა, წარმოდგენილი სამი საერთაშორისო რეიტინგიდან, მხოლოდ ერთში (“გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიში”). შესაბამისად, სრულ განცხადებაში სიმართლის წილი შეადგენს 50%-ს.

სააგენტოს მიერ შემუშავებული სისტემის მიხედვით, პოლიტიკოსის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.